ბრძანება N 23366
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23366
16 ოქტომბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“-ის (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის პირველი და 18 აგვისტოს საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 20 აგვისტოს, 10 და 24 სექტემბრის სხდომებზე (ოქმები №75; №82; №88) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2026 წლის პირველი აგვისტოს №103824/1/2026 და 18 აგვისტოს №104113/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 3 ივლისის №068-21 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. შემოწმებით გამოვლენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ბუღალტრულ ნაშთსა და ფაქტობრივ ნაშთს შორის სხვაობის რეალიზებულად განხილვა.
2. შემოწმებით გამოვლენილი ფულის განკარგვადი ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვა.
3. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელში განსაზღვრული ვალდებულებები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 13 მარტის №5554 და 26 ივნისის №14085 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 3 ივლისის №15004 ბრძანება და ამავე თარიღის №068-21 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა 4 387 313 ლარი:
მათ შორის:
გადასახადი - 2 727 208 ლარი
დღგ - 1 029 579
მიწა - არასასოფლო - 2 450
საშემოსავლო გადასახადი - 1 687 374
ქონების გადასახადი - 2 341
მიწა - არასასოფლო - 2 588 (გადახდის სავადო 16.11.2026)
ბუნებ. რესურს. სარგებ. მოსაკრებელი - 5 464
ჯარიმა - 1 362 905
საურავი - 297 200
საკითხი №1.
აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:
საგამოძიებო სამსახურის დადგენილების საფუძველზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 12 მარტის №5529 ბრძანებით დაინიშნა შპს „-------“-ის სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის ჩატარება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის დაწყების მომენტისათვის, სასაქონლომატერიალური ფასეულობების განთავსების და ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებელი ობიექტების ან/და სასაწყობო მეურნეობის შესახებ. აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით, გადამხდელის ელექტრონული გვერდიდან იმავე დღეს ეცნობათ, რომ ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის დაწყების მომენტისათვის შპს „-------“-ის ობიექტი განთავსებულია -------, -------, აქვეა განთავსებული მისი კუთვნილი სმფ-ები. ამავე წერილით შპს „-------“-ის მიერ კომისიის წევრად წარმოდგენილ იქნა -------.
შპს „-------“-ის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთის აღრიცხვა განხორციელდა ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტების მიერ, ჩატარებული აღწერის მონაცემები შეტანილ იქნა ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 16.03.2026 წლის №62636/03/26 ექსპერტიზის დასკვნაში, სადაც აღნიშნულია რომ შპს „-------“-ის კუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა წარმოადგენს ინერტულ მასალას. აზომვების შედეგად მთლიანმა მოცულობამ შეადგინა 36 520 მ3 , მსგავსი 1 კუბ.მ. ინერტული მასალის (ბალასტი) საბაზრო ღირებულება შეადგენს 15 ლარს დღგ-ის ჩათვლით. შესაბამისად, ინერტული მასალის საბაზრო ღირებულება შეფასების თარიღისათვის შეადგენს (36520 X 15) 547 800 ლარს დღგ-ის ჩათვლით. დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ რაოდენობების დასადგენად გამოყენებული იქნა გეომეტრიული აზომვების მეთოდი. ასეთი მეთოდის სიზუსტე მნიშვნელოვნად დაბალია შემდეგი ფაქტორების გამო: საზომი ინსტრუმენტების ცდომილება, ხაზოვანი გაზომვის ცდომილება, გეომეტრიული აგებების ცდომილება, გამოთვლის შედეგების დამრგვალების ცდომილება, ნაყარის შემადგენლობის და შესაბამისად მასის დამოკიდებულება სხვადასხვა ფაქტორებზე (მაგალითად ტენიანობა) და სხვა. ჩატარებული აზომვების ცდომილებად მიღებულია 15%.
ვინაიდან, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2026 წლის 13 მარტის №5554 ბრძანების საფუძველზე მიმდინარეობდა შპს „-------“-ის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, შედეგების სრულყოფილად გამოყვანის მიზნით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის მასალები გადმოგზავნილი იქნა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში. საგადასახადო შემოწმების მსვლელობისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მიერ ელექტრონულად მოწოდებული იქნა ბუღალტრული რეგისტრები, სადაც ბუღალტრულ ნაშთად დაფიქსირებულია 491 965 კუბ.მ „ბალასტი“.
შემოწმების პროცესში შესწავლილი იქნა შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სისტემაში ასახული ინფორმაცია, მონიტორინგის დეპარტამენტიდან გადმოგზავნილი ფაქტიური აღწერის შედეგები შედარებული იქნა საბუღალტრო პროგრამაში არსებულ მონაცემებს, რის მიხედვითაც გამოვლინდა არსებითი სხვაობა, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 449 967 კუბ.მ (491 965 - 36 520 * 115%) დანაკლისი საბაზრო ღირებულებით 6 749 500 ლარის ოდენობით (449 967*15), რომლის ჩამოწერა და დეკლარირება გადამხდელის მიერ არ განხორციელებულა.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან და საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ასევე „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითებით (დანართი 10) და შპს „-------“-ის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ნაშთი პერიოდების გათვალისწინებით განხილული იქნა რეალიზაციად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების თანახმად, მიღებული შედეგით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი განმარტავს, კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ინერტული მასალის მოპოვება (შესაბამისი ლიცენზიით), ასევე ადგილობრივ ბაზარზე შეძენა-რეალიზაცია. საქონლის შეძენაზე და რეალიზაციაზე სრულად გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები, რაც იმას ნიშნავს, რომ დოკუმენტის გარეშე საქონლის შესყიდვას ან/და რეალიზაციას ადგილი არ ჰქონია. ადგილობრივ ბაზარზე ბალასტის შეძენის შემთხვევაში გამყიდველის მიერ საქონლის გადმოწერა შპს „-------“-ზე ხდებოდა მთლიანად სასაქონლო ზედნადებით (ტრანსპორტირების გარეშე) სრულ მოცულობაზე, ხოლო საქონლის გადმოზიდვას კომპანია ახორციელებდა და კვლავ განახორციელებს პერიოდულად, ფაქტობრივად გადაზიდვის დროს გამოიწერება „შიდა გადაზიდვის“ სასაქონლო ზედნადებები, რითაც ინაშთება შესყიდული საქონლის რაოდენობა. შემოწმების დროს წარდგენილ ინფორმაციაში, მათ შორის ბუღალტრულ ჩანაწერებში, სასაქონლო ნაშთში 491 965 მ3 „ბალასტი“ მოიცავს ისეთ შესყიდვებსაც, რომელიც ფაქტობრივად მიღებული არ არის და მომავალში მისაღებია. კერძოდ, 2025 წლის საანგარიშო პერიოდში ი/მ „-------“ შეძენილია სულ 335 500 მ3 ბალასტი (შეძენა განხორციელებულია სამ ეტაპად: 75000 მ3 , 210500 მ3 და 50000 მ3 ), რომელიც შეძენისთანავე აღრიცხულია ბუღალტრულად სასაქონლო მარაგებში, მაგრამ რეალურად აღნიშნული საქონლის გადმოტვირთვა ხდებოდა შპს „-------“-ის ეკონომიკური საქმიანობის ადგილზე პერიოდულად „შიდა გადაზიდვის“ ზედნადებებით. ------- გაფორმებული ხელშეკრულებების 3.1.5 პუნქტში წერია, რომ გამყიდველი ვალდებულია საქონელი დაასაწყობოს მის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე (ოსიაურში) და მყიდველის მიერ მითითების შემთხვევაში მოხდეს მისი ტრანსპორტირება შესაბამის მისამართზე. ------- შეძენილი ბალასტის ტრანსპორტირება დაწყებულია 2026 წელს და იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეებში გადმოზიდულია სულ 124 250 მ3 ბალასტი, შესაბამისად, დამატებით გადმოსაზიდია 211 250 მ3 .
გადამხდელი ასევე არ ეთანხმება ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტების მიერ დათვლილ საქონლის რაოდენობას და აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ მიმართულ იქნა სსიპ „-------“, რათა დადგენილიყო საქონლის რეალური ნაშთი. კომპანიას ინვენტარიზაციის პერიოდში ჰქონდა დადებული ლუქი, რომელიც აიხსნა 2026 წლის პირველ აპრილს, ხოლო სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში განაცხადი შევიდა ამავე წლის 21 აპრილს. გადამხდელი აქვე ადასტურებს, რომ ამ დროის განმავლობაში შპს „-------“-ის მიერ ბალასტის მოპოვებას ან/და შესყიდვას ადგილი არ ჰქონია და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ტერიტორიაზე არ მომხდარა არც ერთი კუბური მეტრი ბალასტის გადაზიდვა, შესაბამისად ექსპერტიზა მოთხოვნილ იქნა იმ საქონლის მოცულობაზე, რომლის აზომვაც განახორციელა ვალის მართვის დეპარტამენტმა, აღნიშნულ დასკვნას წარმოადგენს დამატებით და ითხოვს მის გათვალისწინებას.
გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ შპს „-------“-ის ეკონომიკური საქმიანობის განხორციებელის ტერიტორიაზე, სადაც მოწყობილია კარიერი, საჭირო იყო გზის მოწყობა (ამაღლება), რაზეც გამოყენებულ იქნა საკუთრებაში არსებული დაახლოებით 25000-30000 მ3 ბალასტი, რაც ბუღალტრულად არ არის ჩამოწერილი. გზის მოსწორების, ამაღლების საჭიროება გამოწვეული იყო უამინდობაში მდინარის ამაღლების და ტერიტორიაზე გადმოსვლის გამო. აღნიშნულ ტერიტორიაზე გამოყენებული ბალასტის ოდენობაზე გადამხდელი აღნიშნავს, რომ დამატებით წარმოვადგენთ ლიცენზირებული ექსპერტის მიერ გამოცემულ დასკვნას და ითხოვს მის გათვალისწინებას, რათა გახარჯული ბალასტი არ იქნეს გათვალისწინებული ნაშთში და არ მოხდეს მისი დანაკლისად განხილვა.
შემოსავლების სამსახური:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადისგადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, საგადასახადო შემოწმების მსვლელობისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მიერ შემოწმებისთვის მიწოდებული იქნა ბუღალტრული რეგისტრები, სადაც ბუღალტრულ ნაშთად დაფიქსირებულია 491 965 კუბ.მ „ბალასტი“. შემოწმების პროცესში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტიდან შემოწმებისთვის გადაგზავნილი ფაქტიური აღწერის შედეგები შედარებული იქნა საბუღალტრო პროგრამაში არსებულ მონაცემებს, რის მიხედვითაც გამოვლინდა არსებითი სხვაობა, კერძოდ, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 449 967 კუბ.მ (491 965 - 36 520 * 115%) დანაკლისი საბაზრო ღირებულებით 6 749 500 ლარის ოდენობით (449 967*15), რომლის ჩამოწერა და დეკლარირება გადამხდელის მიერ არ განხორციელებულა. აღნიშნული ნაშთი პერიოდების გათვალისწინებით განხილული იქნა რეალიზაციად და მიღებული შედეგით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, რის საფუძველზეც პირს დაერიცხა დღგ.
გადამხდელის არგუმენტთან, კერძოდ, ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტების მიერ დათვლილი საქონლის რაოდენობასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ------- რეგიონალური სამმართველოს 2026 წლის 12 მარტის №4305/15-04-07 წერილის და დადგენილების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 12 მარტის №5529 ბრძანებით დაინიშნა შპს „-------“-ის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის ჩატარება. შემოწმება დაეყრდნო ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 16.03.2026 წლის №62636/03/26 ექსპერტიზის დასკვნას, სადაც აღნიშნულია, რომ შპს „-------“-ის კუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა წარმოადგენს ინერტულ მასალას. აზომვების შედეგად მთლიანმა მოცულობამ შეადგინა 36 520 კუბ.მ. მსგავსი 1 კუბ.მ. ინერტული მასალის (ბალასტი) საბაზრო ღირებულება შეადგენს 15 ლარს დღგ-ის ჩათვლით შესაბამისად, ინერტული მასალის საბაზრო ღირებულება შეფასების თარიღისათვის შეადგენს (36520 X 15) 547 800 ლარს დღგ-ის ჩათვლით.
დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ რაოდენობების დასადგენად გამოყენებული იქნა გეომეტრიული აზომვების მეთოდი. ასეთი მეთოდის სიზუსტე მნიშვნელოვნად დაბალია შემდეგი ფაქტორების გამო: საზომი ინსტრუმენტების ცდომილება, ხაზოვანი გაზომვის ცდომილება, გეომეტრიული აგებების ცდომილება, გამოთვლის შედეგების დამრგვალების ცდომილება, ნაყარის შემადგენლობის და შესაბამისად მასის დამოკიდებულება სხვადასხვა ფაქტორებზე (მაგალითად ტენიანობა) და სხვა. ჩატარებული აზომვების ცდომილებად მიღებულია 15%.
დავის ეტაპზე, გადასახადის გადამხდელმა დამატებით წარმოადგინა სსიპ „-------“ 2026 წლის 4 აგვისტოს დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ -------, -------, №-------; №------- და №------- საკ. კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე ნაყარის სახით დასაწყობებული ქვიშახრეშის (ბალასტის) მოცულობა, 2026 წლის 29 აპრილის მდგომარეობით შეადგენს 111 411 კუბურ მეტრს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმება ვერ დაეყრდნობა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას, ვინაიდან ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნა ეფუძნება 2026 წლის 12 მარტის მდგომარეობით არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივ ნაშთს, ხოლო სსიპ „-------“ დასკვნა — 2026 წლის 29 აპრილის მდგომარეობით არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივ ნაშთს.
შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი დასკვნები ასახავს სხვადასხვა თარიღისთვის არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას, რაც არ იძლევა მათი მონაცემების უშუალოდ ურთიერთშედარებისა და შემოწმების მიზნებისთვის ერთგვაროვან საფუძვლად გამოყენების შესაძლებლობას.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლების და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკითხი №2.
აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:
დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე 6 749 500 ლარი, რომელიც უნდა ფიქსირდებოდეს სალაროში, ბუღალტრულად და არსებული ინფორმაციით არ ფიქსირდება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, ფულის ნაშთი 6 749 500 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) ჩაითვალა დირექტორზე ------- გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
მომჩივნის პოზიცია:
მომჩივანი მიუთითებს, რომ პირველ სადავო საკითხში მითითებული აღმოჩენილი დანაკლისი საქართველოს კანონმდებლობით უნდა დაბეგრილიყო მისი გამოვლენის მომენტში დღგ-ით და მოგების გადასახადებით. შემოწმების მიერ დანაკლისი მიწოდებულად ჩაითვალა 2025 წლის აგვისტოს თვიდან შემოწმების ბოლომდე დღგ-ში დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად და დანაკლისად აღიარებული საქონლიდან პოტენციურად მიღებული შემოსავალი დაიბეგრა როგორც დირექტორის ხელფასი, რაც კიდევ უფრო ამძიმებს გადასახადების და საურავის დარიცხვის ოდენობას.
შემოსავლების სამსახურის პოზიცია:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადისგადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად შემოწმების პროცესში გამოვლინდა ფულის განკარგვადი ნაშთი 6 749 500 ლარი, რომელიც არ ფიქსირდება სალაროში. აღნიშნული ნაშთის ჩაითვალა დირექტორზე ------- გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლების და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკითხი №3.
აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:
აუდიტის დეპარტამენტში შემოსულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ------- რეგიონალური სამმართველოს №9626/15-04-07 წერილი, საიდანაც ირკვევა შემდეგი: საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2025 წლის აგვისტოდან 2026 წლის მარტამდე პერიოდში შპს „-------“-ის სალიცენზიო ტერიტორიაზე, -------, -------, საწარმოს ხელმძღვანელმა პირებმა სარგებლობის მიზნით, სათანადო ლიცენზიის გარეშე მოიპოვეს ჯამში 9 108,3 მ3 ინერტული მასალა (ქვიშა-ხრეში) და ისარგებლეს აღნიშნული წიაღით, კერძოდ, მოაწყეს კარიერიდან ქვიშა-ხრეშის გადამამუშავებელ საამქრომდე მისასვლელი საავტომობილო გზა.
შემოწმების მსვლელობისას, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის კუთვნილი მოსაკრებლის ოდენობა, ასევე საწარმო დაჯარიმდა ამავე კანონის მე-10 მუხლის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი აცხადებს, რომ კომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან ბუნებრივი რესურსების უკანონო მოპოვებას ადგილი არ ჰქონია, ამასთან, საგადასახადო შემოწმების აქტში არ არის დაკონკრეტებული კერძოდ, რომელ ხელმძღვანელ პირებს ედებათ ბრალი და არიან თუ არა ის პირები კომპანიის ხელმძღვანელი პირები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით დარიცხული თანხები უნდა დაექვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას).
შემოსავლების სამსახური:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელია პირი, რომლის საქმიანობა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ლიცენზირებას.
ამავე კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე (ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) არსებული ბუნებრივი რესურსების მოცულობა (რაოდენობა), კერძოდ სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა (რაოდენობა).
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სასარგებლო წიაღისეულისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება სასარგებლო წიაღისეულის ძირითადი სახეობებისა და მოცულობის (რაოდენობის) მიხედვით, კერძოდ, ქვიშა-ხრეში - 0,2 ლარი.
ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება არა უგვიანეს საანგარიშოს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, გარდა შემდეგი ბუნებრივი რესურსებისა: სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის - სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, სასარგებლო წიაღისეულის (გარდა მინერალური წყლებისა, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებისა და ნახშირორჟანგისა) შემთხვევაში - 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მინერალური წყლებისა და მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლების შემთხვევაში - არა უგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ნახშირორჟანგის (გაზი CO2) შემთხვევაში − ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, - ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 106-ე მუხლის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გაანგარიშებას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს №VI-12 დანართის ფორმით. ხოლო, ამავე ინსტრუქციის 107-ე მუხლით განსაზღვრულია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების შევსების წესი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, 2025 წლის აგვისტოდან 2026 წლის მარტამდე პერიოდში, შპს „-------“-ის სალიცენზიო ტერიტორიაზე, -------, -------, საწარმოს ხელმძღვანელმა პირებმა სარგებლობის მიზნით, სათანადო ლიცენზიის გარეშე მოიპოვეს ჯამში 9 108,3 მ3 ინერტული მასალა (ქვიშა-ხრეში) და ისარგებლეს აღნიშნული წიაღით, კერძოდ, მოაწყეს კარიერიდან ქვიშა-ხრეშის გადამამუშავებელ საამქრომდე მისასვლელი საავტომობილო გზა. შემოწმებით, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი მოსაკრებელი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლების და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელში ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. შემოწმებით გამოვლენილ სმფ-სს ბუღალტრულ ნაშთსა და ფაქტობრივ ნაშთს შორის სხვაობის რეალიზებულად განხილვა.
2. შემოწმებით გამოვლენილი ფულის განკარგვადი ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვა.
3. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელში განსაზღვრული ვალდებულებები.
ფაქტობრივი გარემოებები
1. საგადასახადო შემოწმების მსვლელობისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მიერ შემოწმებისთვის მიწოდებული იქნა ბუღალტრული რეგისტრები, სადაც ბუღალტრულ ნაშთად დაფიქსირებული ნაშთი შედარებული იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტიდან შემოწმებისთვის გადაგზავნილი ფაქტიური აღწერის შედეგები საბუღალტრო პროგრამაში არსებულ მონაცემებს, რის მიხედვითაც გამოვლინდა არსებითი სხვაობა, კერძოდ, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რომლის ჩამოწერა და დეკლარირება გადამხდელის მიერ არ განხორციელებულა. აღნიშნული ნაშთი პერიოდების გათვალისწინებით განხილული იქნა რეალიზაციად და მიღებული შედეგით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, რის საფუძველზეც პირს დაერიცხა დღგ.
2. შემოწმების პროცესში გამოვლინდა ფულის განკარგვადი ნაშთი, რომელიც არ ფიქსირდება სალაროში. აღნიშნული ნაშთის ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
3. აუდიტის დეპარტამენტში შემოსულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ საწარმოს ხელმძღვანელმა პირებმა სარგებლობის მიზნით, სათანადო ლიცენზიის გარეშე მოიპოვეს ინერტული მასალა (ქვიშა-ხრეში) და ისარგებლეს აღნიშნული წიაღით, კერძოდ, მოაწყეს კარიერიდან ქვიშა-ხრეშის გადამამუშავებელ საამქრომდე მისასვლელი საავტომობილო გზა.
შემოწმებით განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის კუთვნილი მოსაკრებლის ოდენობა, ასევე საწარმო დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159; 163; 164;
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შემდეგ ნორმებს: 5(ა)