გადაწყვეტილება №23369/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.10.2024
№ დოკუმენტი 23369/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23369/2/2024

22 ოქტომბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ "-------" (ს/ნ "-------" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,11.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "-------" -ის 25.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23369/2/2024).

 

დავის საგანი:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

2.საქონლის თვითღირებულების ფიზიკურ პირებზე ანაზღაურებულ ჯართის ღირებულებად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;

3. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 19.07.2023 წლის №063-15 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 21.05.2024 წლის №11521 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 37 110.99 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 23 951

ჯარიმა - 9 549

საურავი - 3 610.99

 

პროცედურული გარემოებები

გადამხდელის საქმიანობაა ჯართითა და ფერადი ლითონებით ვაჭრობა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.04.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 19.07.2023 წლის №17566 ბრძანება და ამავე თარიღის №063-15 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 5.10.2023 წლის №24548 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც 20.11.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 15.02.2024 წლის №21367/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 5.10.2023 წლის №24548 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 21.05.2024 წლის №11521 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

1. პირველ დავის საგანთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (ჯართი) შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შესყიდვის აქტები)). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეესწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი შესყიდვის დოკუმენტაცია (მათ შორის, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გამოითხოვოს საგამოძიებო სამსახურში არსებული ინფორმაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დასტურდება ხარჯის გაწევის ავთენტურობა, საგადასახადო დოკუმენტები, რომლებიც აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს სრულად გათვალისწინდეს და აღნიშნულის შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება (შემცირება).

2. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გაანგარიშებული საქონლის თვითღირებულების ფიზიკურ პირებზე ანაზღაურებულ ჯართის ღირებულებად ჩათვლისა და საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მიხედვით, გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხის დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 21.05.2024 წლის №11521 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით

ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტში მითითებულია, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად ვერ მოხდა გადასახადის გადამხდელისგან საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიღება. ასევე, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდზე (RS.GE) და რეგისტრირებულ იურიდიულ მისამართზე გაგზავნილი იქნა მოთხოვნა საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოდგენის თაობაზე. აღნიშნულ მოთხოვნას გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2023 წლის 29 მარტს, თუმცა მისი მხრიდან დოკუმენტაციის წარმოდგენას ადგილი არ ქონია, რაზეც შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (№187873).

იმის გათვალისწინებით, რომ შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ვებგვერდის მეშვეობით ვერ მოხდა მის მიერ რეალიზებული საქონლის თვითღირებულების დოკუმენტურად განსაზღვრა (გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია შესყიდვაზე მიღებული ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები) და ამავდროულად გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა დაბეგვრასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენა, მისი საგადასახადო ვალდებულებების, კერძოდ, გამოსაქვითი ხარჯის განსაზღვრა მოხდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად. გადასახადის გადამხდელის რეალიზებული საქონლის თვითღირებულება განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს საფუძველზე, რეალიზებული საქონლის ღირებულების 75%-ის ოდენობით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მიხედვით, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-80 მუხლის პირველი ნაწილით, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 72-ე მუხლის პირველი ნაწილით, ყურადღება გაამახვილა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტა, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომ სრულად აქვს შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და სრულყოფილად აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. დარიცხვა გამოწვეულია იმით, რომ შემმოწმებლებთან კომუნიკაციის არქონის ფონზე ვერ მოახერხა მის ხელთ არსებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის შემმოწმებლებისთვის მიწოდება.

შემოსავლების სამსახურმა ასევე აღნიშნა, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან შემოწმების ხელთ არსებული დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა, შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (ჯართი) შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შესყიდვის აქტები)). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეესწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი შესყიდვის დოკუმენტაცია (მათ შორის, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გამოითხოვოს საგამოძიებო სამსახურში არსებული ინფორმაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დასტურდება ხარჯის გაწევის ავთენტურობა, საგადასახადო დოკუმენტები, რომლებიც აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს სრულად გათვალისწინდეს და აღნიშნულის შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემმოწმებლებთან არა ერთხელ სცადა კომუნიკაციის დამყარება წარმომადგენელმა, რომელიც გარკვეული იყო აღრიცხვიანობისა და დაბეგვრის საკითხებში. მეწარმეს ჰქონდა კითხვები წარსადგენი ინფორმაციის ფორმასა და შინაარსთან დაკავშირებით, სწორედ ამ შეკითხვებზე პასუხების მიღების მიზნით ცდილობდა შემმოწმებლებთან კომუნიკაციას მეწარმის წარმომადგენელი პირი, თუმცა მათთან კომუნიკაცია ვერ მოხერხდა, რადგან წარმომადგენელ პირს არ პასუხობდნენ შემმოწმებლები. შედეგად, ინფორმაციის 5 სამუშაო დღეში ვერ წარდგენის გამო მეწარმეს დაერიცხა ჯარიმა, რაც მეწარმემ გადაიხადა. ამის შემდეგ კი მეწარმემ მის პირად საგადასახადო პორტალზე პირდაპირ მიიღო აქტი, ანუ აქტის პროექტის გაცნობა, დარიცხვებთან და გაანგარიშებასთან დაკავშირებით შემმოწმებლების მიერ არანაირი ინფორმაციის მოწოდება და კომუნიკაცია მეწარმესთან არ მომხდარა. შედეგად კი, შემმოწმებლებთან კომუნიკაციის არქონის ფონზე, მივიღეთ ის, რომ მეწარმემ ვერ მოახერხა მის ხელთ არსებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის შემმოწმებლებისათვის მიწოდება. კერძოდ, მეწარმე აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და აქვს ასევე ყველა შესყიდვის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (შესყიდვის აქტები) სრულად, შესაბამისად დარიცხვის საფუძველი არ არსებობს და ეს გამოწვეულია მხოლოდ შემმოწმებლების მიერ გადამხდელთან არასაკმარისი კომუნიკაციით.

ამასთან, შემოსავლების სამსახურმა სხდომაზე დასწრების საშუალება არ მისცა გადამხდელის წარმომადგენლებს და ყოველმხრივ უსაფუძვლოდ, არ დააკმაყოფილა გადამხდელის საჩივარი, რომელსაც მტკიცებულების სახით თანდართული ჰქონდა რამდენიმე შაბლონური დოკუმენტი. შესაბამისად გადამხდელს არ მიეცა საშუალება სრულად წარედგინა შემოწმებისთვის სააღრიცხვო დოკუმენტაცია.

შესაბამისად, მოითხოვს, მიეცეს საშუალება წარმოადგინოს მის ხელთ არსებული სააღრიცხვო მონაცემები და დოკუმენტაცია. ნიმუშად ამავე საჩივარს თან ურთავს სამ შესყიდვის აქტს, თუმცა, როგორც აღნიშნავს მეწარმეს სრულად აქვს შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლის წარდგენასაც შემმოწმებლებისათვის სრულად შეძლებს. თავის მხრივ, ითხოვს, რომ შემმოწმებლებს დაევალოს მის მიერ წარდგენილი აღრიცხვის მონაცემებისა და დოკუმენტაციის სიღრმისეულად შესწავლა და შესაბამისად მათ მიერ განხორციელებული დარიცხვების კორექტირება, რაც მთავარია, აუდიტორის მხრიდან მოხდეს მასთან სრულფასოვანი თანამშრომლობა და მის მიერ წარდგენილი ინფორმაციის თანმიმდევრულად და მისი ჩართულობით შესწავლა.

ზემოხსენებული არგუმენტებიდან გამომდინარე, მოითხოვს შესამოწმებელ პერიოდში დარიცხული წლიური საშემოსავლო გადასახადისა და შესაბამისი სანქციის თანხების საკითხი ხელახლა და გაცილებით უფრო სიღრმისეულად იქნას შესწავლილი შემოსავლების სამსახურის მიერ და შედეგად შემცირდეს არასწორად დარიცხული გადასახადისა და სანქციის თანხები. ასევე, შესაბამისად შემცირდეს მიმდინარე საშემოსავლო გადასახადი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

შემოსავლების სამსახურის 21.05.2024 წლის №11521 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების (ჯართი) შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შესყიდვის აქტები)). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეესწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი შესყიდვის დოკუმენტაცია (მათ შორის, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გამოითხოვოს საგამოძიებო სამსახურში არსებული ინფორმაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დასტურდება ხარჯის გაწევის ავთენტურობა, საგადასახადო დოკუმენტები, რომლებიც აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს სრულად გათვალისწინდეს და აღნიშნულის შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება (შემცირება).

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი იმავე არგუმენტებს წარმოადგენს, რაც თავის დროზე 20.11.2023 წელს №21367/2/2023 (თავდაპირველი) საჩივრის დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენისას ჰქონდა დაფიქსირებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 21.05.2024 წლის №11521 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

2. საქონლის თვითღირებულების ფიზიკურ პირებზე ანაზღაურებულ ჯართის ღირებულებად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია დოკუმენტურად დადასტურებული საქონლის შეძენები, რეალიზებული საქონელი ჩაითვალა ფიზიკური პირებისგან შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებად. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გაანგარიშებული საქონლის თვითღირებულება ჩაითვალა ფიზიკურ პირებზე ანაზღაურებულ ჯართის ღირებულებად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მიხედით, რაზეც მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 1333 მუხლის პირველი ნაწილით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი ნაწილის და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტით და დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გაანგარიშებული საქონლის თვითღირებულების ფიზიკურ პირებზე ანაზღაურებულ ჯართის ღირებულებად ჩათვლისა და საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მიხედვით, გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ პირველ ნაწილში არის აღწერილი, რომ არ ეთანხმება 73-ე მუხლისა და N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს საფუძველზე რეალიზებული საქონლის თვითღირებულების გაანგარიშებას, ვინაიდან მეწარმეს სრულად აქვს შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და სრულყოფილად აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, თუმცა აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენის საშუალება მეწარმეს არ მიეცა, შემმოწმებლების მიერ განხორციელებული არასწორი კომუნიკაციის გამო.

გარდა ამისა, მეწარმისათვის არ მომხდარა არც აქტის პროექტის და არც გაანგარიშების ცხრილების გაცნობა და წარდგენა. შესაბამისად გაუგებარია, თუ როგორც მოხდა ფიზიკური პირებისათვის გადახდილ თანხად ჩათვლილი და შესაბამისად საშემოსავლო გადასახადის 3%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშება. თვლის, რომ აღნიშნული გაანგარიშებული შეცდომით და შესაბამისად შეცდომით არის გაანგარიშებული შემმოწმებლების მიერ დარიცხული გადახდის წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადისა და სანქციის თანხები.

ამასთან, რომ შემოსავლების სამსახურმა სხდომაზე დასწრების საშუალება არ მისცა გადამხდელის წარმომადგენლებს და ყოველმხრივ უსაფუძვლოდ, არ დააკმაყოფილა გადამხდელის საჩივარი, რომელსაც მტკიცებულების სახით თანდართული ჰქონდა რამდენიმე შაბლონური დოკუმენტი. შესაბამისად გადამხდელს არ მიეცა საშუალება სრულად წარედგინა შემოწმებისთვის სააღრიცხვო დოკუმენტაცია.

შესაბამისად, მოითხოვს, რომ მეწარმეს მიეცეს საშუალება წარმოადგინოს მის ხელთ არსებული სააღრიცხვო მონაცემები და დოკუმენტაცია. ნიმუშად ამავე საჩივარს თან ურთავს სამ შესყიდვის აქტს, თუმცა როგორც აღნიშნა მეწარმეს სრულად აქვს შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლის წარდგენასაც შემმოწმებლებისათვის სრულად შეძლებს. თავის მხრივ, ითხოვს, რომ შემმოწმებლებს დაევალოს მის მიერ წარდგენილი აღრიცხვის მონაცემებისა და დოკუმენტაციის სიღრმისეულად შესწავლა და შესაბამისად მათ მიერ განხორციელებული დარიცხვების კორექტირება. რაც მთავარია, აუდიტორის მხრიდან მოხდეს მასთან სრულფასოვანი თანამშრომლობა, მათი გაანგარიშებების ცხრილების მისთვის მიწოდება და მის მიერ წარდგენილი ინფორმაციის თანმიმდევრულად და მისი ჩართულობით შესწავლა.

ზემოხსენებული არგუმენტებიდან გამომდინარე, მოითხოვს შესამოწმებელ პერიოდში დარიცხული გადახდის წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადისა და შესაბამისი სანქციის თანხების საკითხი ხელახლა და გაცილებით უფრო სიღრმისეულად იქნას შესწავლილი შემოსავლების სამსახურის მიერ და შედეგად შემცირდეს არასწორად დარიცხული გადასახადისა და სანქციის თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის თანახმად:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3 პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.

3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების 393 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან 3- პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:

ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;

ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.

შემოსავლების სამსახურის 21.05.2024 წლის №11521 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გაანგარიშებული საქონლის თვითღირებულების ფიზიკურ პირებზე ანაზღაურებულ ჯართის ღირებულებად ჩათვლისა და საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მიხედვით, გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხის დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი იმავე არგუმენტებს წარმოადგენს, რაც თავის დროზე 20.11.2023 წელს №21367/2/2023 (თავდაპირველი) საჩივრის დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენისას ჰქონდა დაფიქსირებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 21.05.2024 წლის №11521 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

3. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 19.07.2023 წლის №063-15 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 9 549 ლარი და საურავი - 3 610 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველის ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, თანახმად, 272-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე.

შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას), ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირი მოქმედებდა თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით, არ შეიძლება გათავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ შემოწმების შედეგად თანხების დარიცხვა მოხდა პირველად და მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია მიზანმიმართულად გადასახადებისგან თავის არიდებას ითხოვს შემცირდეს ზემოთ ხსენებული თანხის მოხსნის შემდეგ დარჩენილი სანქციის თანხები, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი მოითხოვს შესამოწმებელ პერიოდში დარიცხული წლიური საშემოსავლო გადასახადისა და შესაბამისი სანქციის თანხების საკითხი ხელახლა და გაცილებით უფრო სიღრმისეულად იქნას შესწავლილი შემოსავლების სამსახურის მიერ და შედეგად შემცირდეს არასწორად დარიცხული გადასახადისა და სანქციის თანხები. ასევე, შესაბამისად შემცირდეს მიმდინარე საშემოსავლო გადასახადი.

2.მომჩივანი ითხოვს შესამოწმებელ პერიოდში დარიცხული გადახდის წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადისა და შესაბამისი სანქციის თანხების საკითხი ხელახლა და გაცილებით უფრო სიღრმისეულად იქნას შესწავლილი შემოსავლების სამსახურის მიერ და შედეგად შემცირდეს არასწორად დარიცხული გადასახადისა და სანქციის თანხები.

3.ითხოვს შემცირდეს ზემოთ ხსენებული თანხის მოხსნის შემდეგ დარჩენილი სანქციის თანხები, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.გადამხდელის რეალიზებული საქონლის თვითღირებულება განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს საფუძველზე, რეალიზებული საქონლის ღირებულების 75%-ის ოდენობით. შედეგად, გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მიხედვით, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

2.გადამხდელს არ გააჩნია დოკუმენტურად დადასტურებული საქონლის შეძენები, რეალიზებული საქონელი ჩაითვალა ფიზიკური პირებისგან შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებად. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გაანგარიშებული საქონლის თვითღირებულება ჩაითვალა ფიზიკურ პირებზე ანაზღაურებულ ჯართის ღირებულებად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მიხედით, რაზეც მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

3.აუდიტის დეპარტამენტის 19.07.2023 წლის №063-15 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 9 549 ლარი და საურავი - 3 610 ლარი.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

2.საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

3.საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5,9),100,102,105,1333,269(7).