ბრძანება N 4062

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.02.2026
№ დოკუმენტი 4062
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 4062

23 თებერვალი 2026

ბრძანება

შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

(ფაქტ. მის.: „-------“)

2026 წლის 23 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 20 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №17) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“ ) 2026 წლის 23 იანვრის №100306/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 დეკემბრის №007-374 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1.გადასახადის გადამხდელი ითხოვს 2024 წლის ივლისის „ეა -------“ და აგვისტოს „ეა --------“ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჩათვლაში გათვალისწინებას.

2. გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ დღგ-ის ჩასათვლელი თანხის კორექტირების საფუძვლით საწარმოს დაერიცხა 28 485 ლარი და შესაბამისი ჯარიმა-საურავი. განმარტავს, რომ აღნიშნული დარიცხვა გამოიწვია უძრავ ქონებასთან დაკავშირებულმა მოთხოვნის დათმობის ოპერაციამ. ოპერაციის მონაწილე მეორე მხარემ, სამშენებლო კომპანიამ, არ გამოწერა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. მათი მხრიდან არაერთგზის მოთხოვნისა და უდიდესი ძალისხმევისა, შედეგს ვერ მიაღწიეს. კორექტირების ფაქტურის გარეშე კი ტექნიკურად ვერ შეძლეს ჩათვლის კორექტირება. აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს ჩათვლიდან ამოღებულ თანხაზე დარიცხული ჯარიმა-საურავის გაუქმებას/შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 25 ივნისის №13463 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 18 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 19 დეკემბრის №27896 ბრძანება და ამავე თარიღის №007-374 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 274 918 ლარი, მათ შორის, გადასახადი 195 453 ლარი, ჯარიმა 42 133 ლარი, საურავი 37 332 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „-------“ (ს/ნ „-------“ ) 2021 წლის 21 მაისს გააფორმა უძრავი ქონების ნასყიდობის წინასწარი ხელშეკრულება სამშენებლო კომპანიასთან (ს/ნ „-------“ ). ხელშეკრულების პირობების მიხედვით, კომპანიის მიერ შესაძენ ქონებად განისაზღვრა შენობის მე-16 სართულზე მდებარე ბინა №146, საერთო ფართით 112.9 კვ.მ. აღნიშნული წინასწარი ხელშეკრულების საფუძველზე კომპანიამ გადაიხადა საავანსო თანხები, რომლის საფუძველზე მიღებულია ავანსის ანგარიშ-ფაქტურები და ასახულია შესაბამისი დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებში. შემდგომში, 2022 წლის 15 სექტემბერს, გაფორმდა მოთხოვნის დათმობისა და ვალის გადაკისრების ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოთხოვნის დამთმობად განისაზღვრა შპს „------“, ხოლო მოთხოვნის მიმღებად – ფიზიკური პირი „-------“ (პ/ნ „-------“ ). აღნიშნული ხელშეკრულებით შეიცვალა ქონების მიმართ მოთხოვნის უფლების მფლობელი და შესაბამისი ვალდებულებების მატარებელი პირი. თუმცა, გადასახადის გადამხდელს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არ მოუხდენია შესაბამისი რეაგირება საგადასახადო აღრიცხვაში, არ განხორციელებულა დამატებული ღირებულების გადასახადის კორექტირება.

შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებით შეიცვალა ქონების მიმართ მოთხოვნის უფლების მფლობელი და შესაბამისი ვალდებულებების მატარებელი პირი, ხოლო, გადასახადის გადამხდელს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არ მოუხდენია შესაბამისი რეაგირება საგადასახადო აღრიცხვაში, არ განხორციელებულა დამატებული ღირებულების გადასახადის კორექტირება, შემოწმებით მოთხოვნის დათმობის თარიღის შესაბამისად (2022 წლის სექტემბრის თვე) განხორციელდა ჩათვლების კორექირება/შემცირება იმ თანხით რა თანხაც ქონდა ჩათვლილი გადასახადის გადამხდელს ზემოაღნიშნულ ოპერაციაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ხოლო, მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ხოლო, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:

ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;

ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.

გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასა და ზეპირ განმარტებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს ჩათვლილი აქვს მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით გათვალისწინებული დღგ, ხოლო სადავო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მისაღები ჩათვლები გადამხდელის მიერვე არ ყოფილა ჩათვლილი და არც შემოწმებით განხორციელებულა ჩასათვლელ თანხებში მათი გათვალისწინება თანხის არაარსებითობიდან (12 ლარი) გამომდინარე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება,− იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“ ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი ითხოვს 2024 წლის ივლისის და აგვისტოს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჩათვლაში გათვალისწინებას.

2. გადამხდელი ითხოვს ჩათვლიდან ამოღებულ თანხაზე დარიცხული ჯარიმა-საურავის გაუქმებას/შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანმა გააფორმა უძრავი ქონების ნასყიდობის წინასწარი ხელშეკრულება სამშენებლო კომპანიასთან.ხელშეკრულების პირობების მიხედვით, კომპანიის მიერ შესაძენ ქონებად განისაზღვრა შენობის მე-16 სართულზე მდებარე ბინა №146, საერთო ფართით 112.9 კვ.მ. აღნიშნული წინასწარი ხელშეკრულების საფუძველზე კომპანიამ გადაიხადა საავანსო თანხები, რომლის საფუძველზე მიღებულია ავანსის ანგარიშ-ფაქტურები და ასახულია შესაბამისი დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებში. შემდგომში, გაფორმდა მოთხოვნის დათმობისა და ვალის გადაკისრების ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოთხოვნის დამთმობად განისაზღვრა მომჩივანი, ხოლო მოთხოვნის მიმღებად – ფიზიკური პირი.აღნიშნული ხელშეკრულებით შეიცვალა ქონების მიმართ მოთხოვნის უფლების მფლობელი და შესაბამისი ვალდებულებების მატარებელი პირი. თუმცა, გადამხდელს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არ მოუხდენია შესაბამისი რეაგირება საგადასახადო აღრიცხვაში

შემოწმებით მოთხოვნის დათმობის თარიღის შესაბამისადგანხორციელდა ჩათვლების კორექირება/შემცირება იმ თანხით რა თანხაც ქონდა ჩათვლილი გადამხდელს ზემოაღნიშნულ ოპერაციაზე.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2.შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

175,176,275.