გადაწყვეტილება №21213/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 17.04.2024
№ დოკუმენტი 21213/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21213/2/2023

17 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 2.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21213/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საბანკო ანგარიშებიდან გადარიცხული თანხების ნაწილის დოკუმენტურად დაუდასტურებელ, ხოლო ნაწილის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად ჩათვლა;

2. მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირებზე ანაზღაურებული მომსახურების ღირებულების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 10.08.2023 წლის №002-190 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 19.10.2023 წლის №25869 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 186 065 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 108 682

მოგების გადასახადი - 5 525

საშემოსავლო გადასახადი - 103 157

ჯარიმა - 54 341

საურავი - 23 042

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 4.09.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 4.08.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 10.08.2023 წლის №19750 ბრძანება და №002-190 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.10.2023 წლის №25869 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საბანკო ანგარიშებიდან გადარიცხული თანხების ნაწილის დოკუმენტურად დაუდასტურებელ, ხოლო ნაწილის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად ჩათვლა

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 4.08.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმოს მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების ანალიზის შედეგად გამოვლინდა სავაჭრო, კვების და სხვა ობიექტებში გადახდილი თანხები, რომლის გამოყენება ეკონომიკურ საქმიანობაში არ დასტურდება. ასევე, ფიქსირდება ისეთი გადარიცხვები, რომელზეც გადამხდელს არ გააჩნია საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად შედგენილი დოკუმენტაცია. შემოწმების შედეგად, მოგების გადასახადით დაიბეგრა ზემოაღნიშნული გადახდები. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურმა არ გაითვალისწინა წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. ამ ხარჯებიდან ყველაზე მსხვილი 10,090 ლარი ელექტრონული ტენდერი ---------- მიზნებისათვის სიღნაღის მუნიციპალიტეტისთვის წარდგენილი ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიაა, რაზედაც შპს „----------“ და შპს „----------“-ს შორის გაფორმებულია ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულება. საჩივარს თან ჰქონდა დართული ხარჯის პირველადი დოკუმენტაცია. გაუგებარია რატომ არ გაითვალისწინა დავების განხილვის საბჭომ წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიეკუთვნება საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობას და აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

შემოწმების აქტში მითითებული 30,009 ლარის ოდენობის გადარიცხვებიდან 24,932 ლარი პირდაპირ მიეკუთვნება კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობას. მაგალითად, ხსენებული 24,932 ლარიდან 10,090 ლარი ელექტრონული ტენდერი ---------- მიზნებისათვის სიღნაღის მუნიციპალიტეტისთვის წარდგენილი ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიაა, რაზედაც შპს „----------“ და შპს „----------“-ს შორის გაფორმებულია ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულება (იხ. დანართი N1). გაუგებარია, რატომ ჩათვალა შემოწმებამ აღნიშნული ხარჯი დოკუმენტურად დაუდასტურებლად. დარჩენილ 14,842 ლარზე გადარიცხვის დანიშნულებებით იკითხება, რომ გაწეული ხარჯები პირდაპირ მიეკუთვნება კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობას (მაგ: ქვის ავანსი, ქვის საბოლოო გადახდა, ტოპოგრაფიული მომსახურება, აზომვითი და საკადასტრო მომსახურება, ქვიშა, ხის მასალა, პერფერატორის ქირავნობა, სანოტარო ხარჯი და ა.შ.). კომპანიის ხელმძღვანელობა განმარტავს, რომ მათი არაერთი მცდელობის მიუხედავად მომწოდებლებისგან ვერ მოხერხდა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიღება.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ითხოვს, აღნიშნული გარემოების გათვალისწინებას და ითხოვს დანართი 2-ში (დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი) მითითებული გადახდებიდან 14,842 ლარი, გადარიცხვის დანიშნულებებიდან გამომდინარე, მიეკუთვნოს კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობას, ხოლო 10,090 ლარზე პირდაპირ არსებობს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

2. მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირებზე ანაზღაურებული მომსახურების ღირებულების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, საწარმოს მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების მიხედვით, ირკვევა, რომ საწარმოს მიერ დაქირავებული ფიზიკური პირები 2021 წლის ბოლოდან რეგისტრირებულნი არიან მცირე მეწარმეებად. აღნიშნული პირების მიერ წარმოდგენილი მცირე მეწარმის დეკლარაციით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, ზუსტად შეადგენს კომპანიისაგან მიღებულ თანხას. ე.ი. აღნიშნულ მცირე მეწარმეებს არ უფიქსირდებათ სხვა სახის შემოსავლები. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საბანკო ამონაწერებში ამ პირებისთვის გადარიცხულ თანხებს დამატებით დანიშნულებაში ხშირ შემთხვევაში უწერია ხელფასი. შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, ზემოხსენებულ პირებზე გადახდილი თანხები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით და გადამხდელი დაჯარიმდა დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს და შესაბამის სანქციას შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის თანახმად:

1. მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.

2. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, აკრძალოს ცალკეული საქმიანობის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მცირე ბიზნესის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.

3. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, განსაზღვროს შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური რეჟიმით და არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას.

სსკ-ის 89-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილ პირობებს, უფლებამოსილია მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც გასცემს მცირე ბიზნესის სერტიფიკატს.

ი/მ „----------“ მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი 2022 წლის თებერვლიდან. ი/მ „----------“ მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი 2021 წლის დეკემბრიდან, ი/მ „----------“ მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი 2021 წლის აგვისტოდან. სამივე მათგანი შპს „----------“ ურთიერთობისას სრულად აკმაყოფილებდა კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. კერძოდ, ისინი არ ახორციელებდნენ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის N415 დადგენილებით განსაზღვრულ აკრძალულ საქმიანობებს და შპს „----------“ მიღებული შემოსავალი არ განეკუთვნებოდა ამავე დადგენილებით განსაზღვრულ ისეთი შემოსავლის სახეებს, რომლებზეც არ ვრცელდება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი. შპს „----------“ სამივე მეწარმე ფიზიკური პირი უწევდნენ შემდეგი ტიპის მომსახურებას: ბეტონის ჩასხმა, არმატურის დაწვნა, სახურავის აწყობა, გრუნტის მომზადება კედლების აშენება, ლესვა და ღებვა, იატაკის სამუშაოები, ჭერის და ფასადის სამუშაოები, სკვერების და სტადიონების მოწყობა და ა.შ. შესრულებულ სამუშაოებზე ფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტები (იხ. დანართი N3. თვალსაჩინოებისთვის, დანართად ელექტრონული ფორმით საჩივარს თან ერთვის მეწარმე ფიზიკურ პირებთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების ნაწილი. ფაილის დიდი ზომიდან გამომდინარე მიღება-ჩაბარებების სრული დოკუმენტაცია წარმოდგენილი იქნება დავის განხილვის დღეს), რის საფუძველზეც შპს „----------“ აღნიშნულ მეწარმე ფიზიკურ პირებთან ახდენდა ანგარიშსწორებას. როგორც „ფაქტობრივი გარემოების“ ნაწილშია აღნიშნული, ხსენებულ მეწარმე ფიზიკურ პირებთან ანგარიშსწორება ხორციელდებოდა თვეში რამოდენიმეჯერ შესრულებული სამუშაოების მიხედვით. თვის ჭრილში შპს „----------“ მიღებული შემოსავლები იყო ცვალებადი და არც ერთ თვეში არ იყო იდენტური. ეს ცალსახად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აღნიშნული პირები შპს „----------“ უწევდნენ მომსახურებას და არანაირად მათ შორის ურთიერთობა არ იყო შრომითი.

ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია შპს „----------“ აღნიშნული მეწარმე ფიზიკურ პირებზე ანგარიშსწორებებისთვის ხელფასის კვალიფიკაციის მინიჭება მხოლოდ იმ მიზეზით, რომ სამიდან ორი მეწარმე ფიზიკური პირისთვის (ი/მ „----------“ და ი/მ „----------“) შპს „----------“ ჩარიცხული თანხები არის მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო (კანონმდებლობა არ ზღუდავს ამას), ხოლო რამოდენიმე შემთხვევაში გადარიცხვის დანიშნულებაში წერია ხელფასი (ეს იყო გადარიცხვის შემსრულებლის მიერ დაშვებული ტექნიკური შეცდომა). როგორც წესი, ხელფასი გადაიხდება თვეში ერთხელ თანაბარი თანხებით და დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის არ ფორმდება შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტები.

ი/მ „----------“ შპს „----------“ ანაზღაურება მიიღო 2021 წლის დეკემბერში, 2022 წლის იანვარ-აპრილში და სექტემბერ-დეკემბერში (2022 წლის მაისი-აგვისტოში არ მიუღია ანაზღაურება) და 2023 წლის იანვარ-თებერვალში.

ი/მ „----------“ შპს „----------“ ანაზღაურება მიიღო 2022 წლის თებერვალ-ნოემბერში. 2022 წლის იანვარში და დეკემბერში და ასევე 2023 წელს არ მიუღია ანაზღაურება.

ი/მ „----------“ შპს „----------“ ანაზღაურება მიიღო 2021 წლის სექტემბერდეკემბერში, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში. 2022 წლის დეკემბერში და 2023 წელს არ მიუღია ანაზღაურება.

ზემოთხსენებული გარემოებებითაც ცალსახად დასტურდება, რომ შპს „----------“ ხსენებული მეწარმე ფიზიკური პირებისგან იძენდა მომსახურებას და ეს არ იყო სახელფასო ანაზღაურება. უფრო მეტიც, შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე www.rs.ge განთავსებულია ე.წ. კითხვარი „დაქირავებით მუშაობა თუ მომსახურების გაწევა“. თავად ეს კითხვარიც შპს „----------“ და ზემოთხსენებული მეწარმე ფიზიკურ პირებს შორის ურთიერთობას ანიჭებს მომსახურების და არა დაქირავებით მუშაობის კვალიფიკაციას. ეს ხდება იმ შემთხვევაშიც, როცა იძლევა დადებით პასუხს კითხვაზე: „სამუშაოს შემსრულებელი ფიზიკური პირის საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალში სამუშაოს შემკვეთისგან ანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი შეადგენს თუ არა ამ ფიზიკური პირის წლიური შემოსავლის 85% ან მეტს?“, რაზეც აპელირებას აკეთებს აუდიტის დეპარტამენტი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 19.10.2023 წლის №25869 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საბანკო ანგარიშებიდან გადარიცხული თანხების ნაწილის დოკუმენტურად დაუდასტურებელ, ხოლო ნაწილის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად ჩათვლა;

2. მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირებზე ანაზღაურებული მომსახურების ღირებულების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. შემოწმების აქტში მითითებული 30,009 ლარის ოდენობის გადარიცხვებიდან 24,932 ლარი პირდაპირ მიეკუთვნება კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობას. მაგალითად, ხსენებული 24,932 ლარიდან 10,090 ლარი ელექტრონული ტენდერი მიზნებისათვის სიღნაღის მუნიციპალიტეტისთვის წარდგენილი ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიაა, რაზედაც მომჩივანსა და კომპანიას შორის გაფორმებულია ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულება (იხ. დანართი N1). გაუგებარია, რატომ ჩათვალა შემოწმებამ აღნიშნული ხარჯი დოკუმენტურად დაუდასტურებლად. დარჩენილ 14,842 ლარზე გადარიცხვის დანიშნულებებით იკითხება, რომ გაწეული ხარჯები პირდაპირ მიეკუთვნება კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობას (მაგ: ქვის ავანსი, ქვის საბოლოო გადახდა, ტოპოგრაფიული მომსახურება, აზომვითი და საკადასტრო მომსახურება, ქვიშა, ხის მასალა, პერფერატორის ქირავნობა, სანოტარო ხარჯი და ა.შ.). კომპანიის ხელმძღვანელობა განმარტავს, რომ მათი არაერთი მცდელობის მიუხედავად მომწოდებლებისგან ვერ მოხერხდა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიღება.

2. ერთ მეწარმე ფიზიკურ პირს მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი 2022 წლის თებერვლიდან. მეორე მეწარმე ფიზიკურ პირს მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი 2021 წლის დეკემბრიდან, მესამე მეწარმე ფიზიკურ პირს მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი 2021 წლის აგვისტოდან. სამივე მათგანი მომჩივანთან ურთიერთობისას სრულად აკმაყოფილებდა კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. კერძოდ, ისინი არ ახორციელებდნენ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის N415 დადგენილებით განსაზღვრულ აკრძალულ საქმიანობებს და მომჩივანისგან მიღებული შემოსავალი არ განეკუთვნებოდა ამავე დადგენილებით განსაზღვრულ ისეთი შემოსავლის სახეებს, რომლებზეც არ ვრცელდება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი. მომჩივანს სამივე მეწარმე ფიზიკური პირი უწევდნენ შემდეგი ტიპის მომსახურებას: ბეტონის ჩასხმა, არმატურის დაწვნა, სახურავის აწყობა, გრუნტის მომზადება კედლების აშენება, ლესვა და ღებვა, იატაკის სამუშაოები, ჭერის და ფასადის სამუშაოები, სკვერების და სტადიონების მოწყობა და ა.შ. შესრულებულ სამუშაოებზე ფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტები (იხ. დანართი N3. თვალსაჩინოებისთვის, დანართად ელექტრონული ფორმით საჩივარს თან ერთვის მეწარმე ფიზიკურ პირებთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების ნაწილი. ფაილის დიდი ზომიდან გამომდინარე მიღება-ჩაბარებების სრული დოკუმენტაცია წარმოდგენილი იქნება დავის განხილვის დღეს), რის საფუძველზეც მომჩივანი აღნიშნულ მეწარმე ფიზიკურ პირებთან ახდენდა ანგარიშსწორებას. ხსენებულ მეწარმე ფიზიკურ პირებთან ანგარიშსწორება ხორციელდებოდა თვეში რამოდენიმეჯერ შესრულებული სამუშაოების მიხედვით. თვის ჭრილში მომჩივანისგან მიღებული შემოსავლები იყო ცვალებადი და არც ერთ თვეში არ იყო იდენტური. ეს ცალსახად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აღნიშნული პირები მომჩივანს უწევდნენ მომსახურებას და არანაირად მათ შორის ურთიერთობა არ იყო შრომითი.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 97; 982; 101(1); 154(1„ა“); 275.