გადაწყვეტილება №23339/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 31.07.2024
№ დოკუმენტი 23339/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 23339/2/2024

31 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------- 22.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23339/2/2024).

 

დავის საგანი:

სალაროს განკარგვადი თანხის ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 10.04.2024 წლის №002-58 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 28.05.2024 წლის №12280 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 37 485,22 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 23 797

ჯარიმა - 11 899

საურავი - 1 789,22

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის საქმიანობას წარმოადგენდა წყლის გამაცხელებლების იმპორტი ---------, დახერხილი ხის მასალის იმპორტი ---------- და შემდგომ მათი საბითუმო რეალიზაცია.

აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 4.11.2022 წლიდან 1.11.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზისას, შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა კომპანიის მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზაცია, ვინაიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს სმფ-ების ნაშთი არ გააჩნდა, ხოლო გადახდილ თანხებში საბაჟო დეკლარაციებში დაფიქსირებული საინვოისო ღირებულება ტრანსპორტირების გათვალისწინებით, გარდა ---------- იმპორტირებული საქონლისა, ვინაიდან გადამხდელის მიერ არ იყო წარმოდგენილი შეძენილი საქონლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და აგრეთვე საბანკო ამონაწერები.

ხარჯის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა 0256 მანუალი და გათვალისწინებულ იქნა ინვოისით შეძენილი საქონლის ღირებულების 75%, ადგილობრივი შეძენები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, გაცემული ხელფასები, სსიპ-გან მიღებული მომსახურებები და სხვა. განკარგვადი თანხა ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 81-ე, 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 10.04.2024 წლის №002-58 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 28.05.2024 წლის №12280 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის მეორე ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ მომზადდა კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობის ცხრილი. კერძოდ, შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა კომპანიის მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზაცია, ვინაიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს სმფ-ების ნაშთი არ გააჩნდა, ხოლო, გადახდილ თანხებში - საბაჟო დეკლარაციებში დაფიქსირებული საინვოისო ღირებულება ტრანსპორტირების გათვალისწინებით, გარდა ---------- იმპორტირებული საქონლისა, ვინაიდან გადამხდელის მიერ არ იყო წარმოდგენილი შეძენილი საქონლის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და საბანკო ამონაწერები. ხარჯისთვის გამოყენებული იქნა 0256 მანუალი და ინვოისით შეძენილი საქონლის ღირებულების 75%, ადგილობრივი შეძენები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, გაცემული ხელფასები, სსიპ-გან მიღებული მომსახურებები და სხვა. შემოწმების მიერ, განკარგვადი თანხა ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება სალაროს განკარგვადი თანხის ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. ამასთან, არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის საქონლის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის მხოლოდ 75%-ის ანაზღაურებულად მიჩნევასთან მიმართებით განმარტავს, რომ აუდიტისთვის წარდგენილი ჰქონდა მომწოდებლების ცნობები იმის შესახებ, რომ კომპანიას დავალიანება არ გააჩნდა და აღნიშნავს, რომ შეუძლია წარმოადგინოს ცნობები იმ სახით, რა სახითაც მისაღები იქნება აუდიტის დეპარტამენტისათვის.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შემოწმების შედეგად მომზადდა კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობის ცხრილი. კერძოდ, შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა კომპანიის მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზაცია, ვინაიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს სმფ-ების ნაშთი არ გააჩნდა, ხოლო გადახდილ თანხებში - საბაჟო დეკლარაციებში დაფიქსირებული საინვოისო ღირებულება ტრანსპორტირების გათვალისწინებით, გარდა ----------- იმპორტირებული საქონლისა, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ იყო წარმოდგენილი შეძენილი საქონლის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და საბანკო ამონაწერები. ხარჯისთვის გამოყენებული იქნა 0256 სიტუაციური სახელმძღვანელო და ინვოისით შეძენილი საქონლის ღირებულების 75%, ადგილობრივი შეძენები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, გაცემული ხელფასები, სსიპ-გან მიღებული მომსახურებები და სხვა. შემოწმების შედეგად, განკარგვადი თანხა ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

მომჩივანი არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის საქონლის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის მხოლოდ 75%-ის ანაზღაურებულად მიჩნევასთან მიმართებით განმარტავს, რომ აუდიტისთვის წარდგენილი ჰქონდა მომწოდებლების ცნობები იმის შესახებ, რომ კომპანიას დავალიანება არ გააჩნდა და აღნიშნავს, რომ შეუძლია წარმოადგინოს ცნობები იმ სახით, რა სახითაც მისაღები იქნება აუდიტის დეპარტამენტისათვის.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 28.05.2024 წლის №12280 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სალაროს განკარგვადი თანხის ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგად მომზადდა კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობის ცხრილი. კერძოდ, შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა კომპანიის მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზაცია, ვინაიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს სმფ-ების ნაშთი არ გააჩნდა, ხოლო გადახდილ თანხებში - საბაჟო დეკლარაციებში დაფიქსირებული საინვოისო ღირებულება ტრანსპორტირების გათვალისწინებით, გარდა იმპორტირებული საქონლისა, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ იყო წარმოდგენილი შეძენილი საქონლის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და საბანკო ამონაწერები. ხარჯისთვის გამოყენებული იქნა 0256 სიტუაციური სახელმძღვანელო და ინვოისით შეძენილი საქონლის ღირებულების 75%, ადგილობრივი შეძენები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, გაცემული ხელფასები, სსიპ-გან მიღებული მომსახურებები და სხვა. შემოწმების შედეგად, განკარგვადი თანხა ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;

73(5,9);101(1);154(1);