გადაწყვეტილება №21002/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21002/2/2023
27 დეკემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, შემადგენლობით, 22.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ის 6.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21002/2/2023).
დავის საგანი:
1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატი;
2. შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ სარგებლად განხილვა;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 ივნისის №002-126 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 სექტემბრის №23793 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 50 417 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 28 626
დღგ - 8 904
საშემოსავლო გადასახადი - 19 722
ჯარიმა - 13 827
საურავი - 7 964
პროცედურული გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა სასურსათო პროდუქტებით ვაჭრობა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის №6710 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 მარტამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 26 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 ივნისის №15421 ბრძანება და №002-126 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 50 417 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 25 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 28 სექტემბრის №23793 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატი
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატია 2020 წელს 4%, 2021 წელს - 6,1%, 2022 წელს - 5,4% და 2023 წელს - 8%. ამასთან, დოკუმენტური რეალიზაცია, დაახლოებით, შეადგენს მთლიანი რეალიზაციის 88%-ს. გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს საბუღალტრო პროგრამა „ორისი“, რომელშიც მონაცემები ასახულია ჯამური შედეგებით, არ არის ჩაშლილი საქონელი, დებიტორ-კრედიტორები. შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა და დასაბეგრი ბრუნვის სისწორის დადგენა. საგადასახადო კოდექსის 49-ე, 61-ე მუხლებისა და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. სმფ-ები ჩაიშალა კატეგორიებად და თითოეულ კატეგორიას მიესადაგა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი. შედეგად, 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი 159-ე და 160-ე მუხლების თანახმად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, მე-2, 160-ე, 161-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე მუხლებზე, ეყრდნობა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს მთლიანი რეალიზაციის დაახლოებით 88%-ს, მართლზომიერია შემოწმების მიერ სმფ-ების კატეგორიებად ჩაშლა და თითოეულ კატეგორიაზე გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატის მისადაგება. ასევე, მართლზომიერია შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით მიღებულ შემოსავალსა და გამოსაქვით ხარჯს შორის სხვაობის, ბიუჯეტში გადახდილი თანხების, ბანკის ნაშთის, საქონლისა და მომსახურების და სხვა ხარჯის გათვალისწინებით, საწარმოს დირექტორზე გაცემულ სარგებლად განხილვა.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საწარმოს საშუალო ფასნამატი წლების მიხედვით მერყეობს 4%-დან 5%-მდე, რაც დასტურდება შეძენის და რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებებში საქონლის რაოდენობრივი ანალიზით. შესაბამისად, არ ეთანხმება შემოწმების მიერ გავრცელებულ ფასნამატს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს საბუღალტრო პროგრამა „ორისი“, რომელშიც მონაცემები ასახულია ჯამური შედეგებით, არ არის ჩაშლილი საქონელი და დებიტორ-კრედიტორები. შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერად განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
ამასთან, საწარმოს დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს მთლიანი რეალიზაციის დაახლოებით 88%-ს. შესაბამისად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების კატეგორიებად ჩაშლა და თითოეულ კატეგორიაზე გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება მართლზომიერია.
მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ სარგებლად განხილვა
ფაქტების აღწერა
ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია დებიტორ-კრედიტორული დავალიანების ნაშთი, შემოწმების მიერ დადგენილ შემოსავალსა და ხარჯს შორის სხვაობა (დადგენილ შემოსავალს გამოაკლდა ბიუჯეტში გადახდილი თანხები, ბანკის ნაშთი, საქონლისა და მომსახურების და სხვა ხარჯი) დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ სარგებლად. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის დირექტორის და დამფუძნებლის მიმართ საწარმოს გააჩნდა დავალიანება. ნამეტი შემოსავლის ხელფასად განხილვა მიაჩნიათ უსამართლოდ. ნამეტი შემოსავლიდან უნდა მოხდეს დავალიანების თანხის გაქვითვა და დარჩენილი თანხა დაკვალიფიცირდეს გაცემულ დივიდენდად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდით მიღებულ შემოსავალსა და გამოსაქვით ხარჯს შორის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სარგებლად. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 ივნისის №002-126 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 50 417 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 28 626 ლარი, ჯარიმა - 13 827 ლარი და საურავი - 7 964 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით სანქცია განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად შეფარდებული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო შემოწმების დროს გამოვლენილი დარღვევები ძირითადად გამოწვეულია შესამოწმებელ პერიოდში არსებული მექანიკური შეცდომებით, რაზეც მიუთითებს ის ფაქტი, რომ შემმოწმებლის მიერ გამოთვლილი და დეკლარირებული ფასნამატი ერთმანეთისგან განსხვავდება არაარსებითად. შესაბამისად, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლი მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატი;
2. შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ სარგებლად განხილვა;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
1. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატია 2020 წელს 4%, 2021 წელს - 6,1%, 2022 წელს - 5,4% და 2023 წელს - 8%. ამასთან, დოკუმენტური რეალიზაცია, დაახლოებით, შეადგენს მთლიანი რეალიზაციის 88%-ს. გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს საბუღალტრო პროგრამა „ორისი“, რომელშიც მონაცემები ასახულია ჯამური შედეგებით, არ არის ჩაშლილი საქონელი, დებიტორ-კრედიტორები. შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა და დასაბეგრი ბრუნვის სისწორის დადგენა. საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. სმფ-ები ჩაიშალა კატეგორიებად და თითოეულ კატეგორიას მიესადაგა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი. შედეგად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.
2. ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია დებიტორ-კრედიტორული დავალიანების ნაშთი, შემოწმების მიერ დადგენილ შემოსავალსა და ხარჯს შორის სხვაობა (დადგენილ შემოსავალს გამოაკლდა ბიუჯეტში გადახდილი თანხები, ბანკის ნაშთი, საქონლისა და მომსახურების და სხვა ხარჯი) დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ სარგებლად. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.
3. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 ივნისის №002-126 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 50 417 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 28 626 ლარი, ჯარიმა - 13 827 ლარი და საურავი - 7 964 ლარი.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4)(5"ა")(9"ბ"), 159(1"ა"), 163(1)(2), 164(1), 101(1), 154(1"ა"), 269(7).
2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 161(1"ა").