გადაწყვეტილება №18534/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 18534/2/2022
5.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: :აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 5.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 26.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18534/2/2022).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 16 მარტის №6631 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 22.09.2022 წლის №006-412 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 6.12.2022 წლის №30660 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 158 640 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 75 632
დღგ - 8 329
საშემოსავლო გადასახადი - 67 140
ქონების გადასახადი - 163
ჯარიმა - 37 144
საურავი - 45 864
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება და 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე 2021 წლის 29 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები, ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს პროგრამა ორისში, ხოლო, საქონლის მოძრაობის აღრიცხვას (შეძენა/რეალიზაცია) დასახელების მიხედვით აწარმოებს პროგრამა „-------------“ და ჯამური შედეგები გადააქვს ორისში.
შემოწმებით დადგინდა, რომ სასაქონლო-მატერიალური მარაგების აღრიცხვის პროგრამისა და ორისის მონაცემები (საწყისი და საბოლოო ნაშთი, შეძენა და რეალიზებული საქონლის თვითღირებულება) განსხვავდება ერთმანეთისგან.
საბუღალტრო პროგრამაში რეალიზაცია და შესაბამისი თვითღირებულების ჩამოწერა გადასახადის გადამხდელს განხორციელებული აქვს ჯამურად წლის ბოლოს, შეძენილი და რეალიზებული საქონლის დაკავშირება, შესაბამისად დაბეგვრის ობიექტის დადგენა წარდგენილი სააღრიცხვო ინფორმაციით ვერ განხორციელდა.
შესამოწმებელი პერიოდის დეკლარირებული ფასნამატი (19%) განსხვავდება დოკუმენტური რეალიზაციის მიხედვით დადგენილი ფასნამატისგან (31%). გარდა ამისა, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელთან ჩატარებულია საკონტროლო შესყიდვის პროცედურები, რომლის მიხედვითაც დადგენილი ფასნამატები ბევრად აღემატება იმავე საქონელზე გადასახადის გადამხდელის დეკლარირებულ ფასნამატებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით.
კერძოდ, საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა შესაბამისი პერიოდების მიხედვით დადგენილი დოკუმენტური (მათ შორის საკონტროლო შესყიდვის) ფასნამატი. შედეგად, გაიზარდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ამასთან, არაპირდაპირი მეთოდის არადოკუმენტური რეალიზაციის ნაწილში გაზრდილი შემოსავალი, რომლის შესაბამისი საკომპენსაციო თანხის მიღება არ აღირიცხება გადასახადის გადამხდელის მიერ, ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად.
გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად;
გადასახადის გადამხდელს, 2018 წლის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციებში ჩათვლილი აქვს 2015, 2016, 2017 წლების საანგარიშო პერიოდებში მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით გაანგარიშებული დღგ-ის თანხა.
შემოწმებით, 2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დაკორექტირდა (შემცირდა) კომპანიის მიერ დეკლარირებული ჩასათვლელი დღგ-ის თანხები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად;
გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო ინფორმაციისა და საბანკო ამონაწერების მიხედვით დადგენილი განაცემები განსხვავდება გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი მონაცემებისგან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2021 წლის №42292 ბრძანება და №006-1098 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 16 მარტის №6631 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მასალების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება;
გ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დეკლარირებულ და შემოწმებით გამოვლენილ მონაცემებს შორის სხვაობის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განიხლვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, 2019 წლის 28 ივნისის №4906-IIს კანონით საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტში განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით, შესაბამის საანგარიშო პერიოდებზე მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განხორციელებული ჩათვლის გაუქმების საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირება;
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით სადავო საკითხის დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება; - დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 16.03.2022 წლის №6631 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 7 სექტემბრის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 7 823 ლარის ოდენობით.
დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.09.2022 წლის №006-412 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 6.12.2022 წლის №30660 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, აღნიშნავს, რომ შემოწმებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით განხორციელდა დამატებით წარდგენილი ინფორმაციის შესწავლა, თუმცა შემოწმებამ არ ჩათვალა სარწმუნოდ გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ფასნამატის გაანგარიშება.
გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული, საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებებზე გავრცელებული იქნა 2018 წლის საშუალო დოკუმენტური ფასნამატი 19.5%-ის ოდენობით, რის შედეგად, შემცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 27 810 ლარით, ხოლო დაუბეგრავი ბრუნვა გაიზარდა 62 392 ლარით. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო ინფორმაციის/არგუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლენილი სხვაობით გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა და ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები.
2019 წლის 28 ივნისის №4906-IIს კანონით საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტში განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით, შესაბამის საანგარიშო პერიოდებზე მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განხორციელებული ჩათვლის გაუქმების საფუძვლით დარიცხული თანხები დაექვემდებარა გაუქმებას.
საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხულ თანხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, გადაანგარიშების შედეგად საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა შემცირდა 8 440 ლარით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს წარდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი
შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების აქტით თანხების დარიცხვა გამოწვეულია იმ მიზეზით, რომ შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისათვის იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73 მუხლით და დასაბეგრი შემოსავლები გაანგარიშებული იქნა არაპირდაპირი მეთოდით. მიუხედავად იმისა, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების არც სამართლებრივი საფუძვლები არსებობდა და შემოწმებით დადგენილი ფასნამატის ოდენობებიც აღემატებოდა რეალურად მიღებულ შემოსავლებს, შემოწმების მიერ არ მოხდა მათი არგუმენტაციის ბოლომდე გათვალისწინება აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშების შესახებ დასკვნაში. სწორედ ამ მიზეზით მოხდა როგორც გადასახადის თანხის, ასევე ჯარიმა-საურავების დარიცხვაც. არადა, საქმიანობის მთელ პერიოდში კომპანიის მიზანს წარმოადგენდა მოწესრიგებული აღრიცხვის წარმოება და ყველა საგადასახადო ვალდებულებების სრულად შესრულება. ვინაიდან აღრიცხვაში დაშვებული ცალკეული არაარსებითი და ტექნიკური ხარვეზების გამო მათ მიერ წარდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინება არ მოხდა არაპირდაპირი მეთოდის არ გამოყენების ნაწილში, მათი თხოვნაა დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლება, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 სექტემბრის №006-412 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის ნაწილობრივ ბათილად ცნობას და დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 16 მარტის №6631 ბრძანებით საჩივარი, ყველა სადავო საკითხი ნაწილში, ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 7 823 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 16 მარტის №6631 ბრძანების აღსრულების საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 7 სექტემბრის დასკვნიდან ირკვევა შემდეგი:
1. გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი და რეალიზებული საქონლის დაკავშირება კონკრეტული დასახელებების მიხედვით და დოკუმენტური ფასნამატის გაშიფვრა. ასევე, სააღრიცხვო პროგრამა „----------“ აღრიცხული საცალო რეალიზაცია საქონლის ჭრილში, სადაც ოპერაციები იდენტიციფირდება საქონლის დასახელების, თარიღის, შეძენის ფასებისა და სარეალიზაციო ღირებულებების მიხედვით. დამატებით წარდგენილი ინფორმაციის შესწავლა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით.
კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ გაშიფრულ საქონლის რეალიზაციაზე დადგენილი ფასნამატის შესწავლა განხორციელდა იგივე პერიოდებში, იდენტურ საქონელზე, პირველადი საგადასახადო დოკუმენტით რეალიზებული ფასნმატის შედარებით და დადგინდა, რომ:
იგივე საქონელზე, იმავე პერიოდში (უმეტეს შემთხვევებში იგივე დღე) და იმავე აფთიაქში, დოკუმენტური ფასნამატი ბევრად აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ გაშიფრულს;
გადასახადის გადამხდელის მიერ დაკავშირებული შეძენა-რეალიზაციის ცხრილით საშუალო ფასნამატი შეადგენს 13%-ს, ხოლო, შემოწმებით, დოკუმენტურად დადასტურებული (ინდივიდუალური დაკავშირებით) საშუალო დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს 19.5%-ს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ:
გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ფასნამატის გაანგარიშება არ ჩაითვალა სარწმუნოდ; - გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებებზე გავრცელდა 2018 წლის საშუალო დოკუმენტური ფასნამატი 19.5%, შედეგად, შემცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 27 810 ლარით, ხოლო დაუბეგრავი ბრუნვა გაიზარდა 62 392 ლარით; - გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო ინფორმაციის/არგუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლენილი სხვაობით გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა და ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები 2 737 ლარით;
2. 2019 წლის 28 ივნისის №4906-IIს კანონით საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტში განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით, შესაბამის საანგარიშო პერიოდებზე მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განხორციელებული ჩათვლის გაუქმების საფუძვლით დარიცხული თანხები დაექვემდებარა გაუქმებას;
3. გადასახადის გადამხდელმა დამატებით წარადგინა მომსახურების გამწევი ფიზიკური პირების მონაცემები, რომლებიც წარმოადგენენ ინდ. მეწარმეებს. შედეგად, აღნიშნულ ნაწილში შემოწმებით გაანგარიშებული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა შემცირდა 8 440 ლარით. მომჩივანს მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების არც სამართლებრივი საფუძვლები არსებობდა და შემოწმებით დადგენილი ფასნამატის ოდენობებიც აღემატებოდა რეალურად მიღებულ შემოსავლებს. მიუხედავად ამისა, არ მოხდა გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის ბოლომდე გათვალისწინება აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშების შესახებ დასკვნაში. ვინაიდან, აღრიცხვაში დაშვებული ცალკეული არაარსებითი და ტექნიკური ხარვეზების გამო, წარდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინება არ მოხდა არაპირდაპირი მეთოდის არ გამოყენების ნაწილში, ითხოვს დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. ამგვარად, მომჩივანი წარმოადგენს არგუმენტებს საკითხებზე, რომელიც შემოსავლების სამსახურმა არ დააკმაყოფილა, შესაბამისად იგი ასახვას ვერ ჰპოვებდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში, ხოლო 2022 წლის 7 სექტემბრის დასკვნიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ინფორმაცია/მტკიცებულებები, რომელიც გარკვეულ ნაწილში (ფასნამატის გაანგარიშების ნაწილში) არ ჩაითვალა სარწმუნოდ, გარკვეულ ნაწილის გათვალისწინება მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, მაგრამ მომჩივანს არც შემოსავლების სამსახურში არ წარუდგენია და არც ამჟამად არ წარმოადგენს არგუმენტებს, თუ რა ნაწილში მიიჩნევს აღსრულებას შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შეუსაბამოდ, კონკრეტულად მის მიერ წარდგენილ რომელი გარემოებების ნაწილში მიიჩნევს გადაანგარიშებას მის მიერ წარდგენილი ინფორმაციის, კონკრეტული გაანგარიშების, მონაცემის გაუთვალისწინებლად. ამდენად, მომჩივნის არგუმენტები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია. საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 16 მარტის №6631 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე, ამდენად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 სექტემბრის №006-412 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლების თაობაზე, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 16 მარტის №6631 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 16 მარტის №6631 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები.შემოწმებით დადგინდა, რომ სასაქონლო-მატერიალური მარაგების აღრიცხვის პროგრამისა და ორისის მონაცემები (საწყისი და საბოლოო ნაშთი, შეძენა და რეალიზებული საქონლის 2 თვითღირებულება) განსხვავდება ერთმანეთისგან.შესამოწმებელი პერიოდის დეკლარირებული ფასნამატი განსხვავდება დოკუმენტური რეალიზაციის მიხედვით დადგენილი ფასნამატისგან.გარდა ამისა, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელთან ჩატარებულია საკონტროლო შესყიდვის პროცედურები, რომლის მიხედვითაც დადგენილი ფასნამატები ბევრად აღემატება იმავე საქონელზე გადასახადის გადამხდელის დეკლარირებულ ფასნამატებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;
304(1გ).