გადაწყვეტილება №17524/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.11.2022
№ დოკუმენტი 17524/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№17524/2/2022

25.11.2022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ---------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 25.11.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------- 16.08.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17524/2/2022).

 

დავის საგანი:

1. სალაროს უძრავი ნაშთის დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვა და შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2021 წლის №067-58 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 26.07.2022 წლის №19812 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 62 705 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 27 254

დღგ - 12 934

მოგების გადასახადი - 10 917

საშემოსავლო გადასახადი - 3 403

ჯარიმა - 27 354

საურავი - 8 097

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.07.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 22 მარტის №6203 ბრძანებით მოცული საკითხებისა. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, მის საფუძველზე გამოიცა 28.12.2021 წლის №41562 ბრძანება და №067-58 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 26.07.2022 წლის №19812 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. სალაროს უძრავი ნაშთის დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვა და შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები

ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა ბუღალტრული პროგრამა, რომლის შესწავლით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2018 წლის თებერვლიდან რეგულარულად უფიქსირდება ფულადი სახსრების ნაშთი სალაროში. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, მე-100, 101-ე, 982 მუხლებისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის №34 ბრძანების შესაბამისად, შემოწმების მიერ გაანგარიშდა სალაროს ანგარიშზე არსებული მინიმალური ფულადი ნაშთი ყოველი საანგარიშო პერიოდისთვის (თვე), რომელსაც გამოაკლდა სალაროს წლიური საკასო ხარჯის 10%. აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებული უძრავი ნაშთი დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო სესხის სარგებლის თანხა (წლიური 20%-ის ოდენობით) ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, იმ საანგარიშო პერიოდებში, სადაც ხდებოდა სალაროს უძრავი ნაშთის შემცირება, აღნიშნული ჩაითვალა სესხის დაბრუნებად და დაექვემდებარა მოგების გადასახადის ჩათვლას. შემოწმებამ გაითვალისწინა სალაროს უძრავი ნაშთის დაბეგვრის შესახებ მეთოდური მითითების დანართი №3. შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადი, ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-8 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველ პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომ შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა, რაც გამოწვეულია იმით, რომ იმ პერიოდში, სადაც სესხი ითვლებოდა გაცემულად და იწვევდა მოგების გადასახადის დარიცხვას, ჯარიმის თანხა შეადგენდა შემცირებული გადასახადის 50%-ს, ხოლო იმ პერიოდში, სადაც სესხი ითვლებოდა დაბრუნებულად, იწვევდა გადასახადის შემცირებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბოლოო შედეგი მხოლოდ მოგების გადასახადის კუთხით იწვევს უფრო მეტი ოდენობით ჯარიმის დარიცხვას, რაც შეეხება საგადასახადო შემოწმების აქტის საბოლოო შედეგს, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დარიცხული ჯარიმის თანხა არ აღემატება საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულ გადასახადს.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად, დირექტორზე უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმებით, დამატებით დარიცხული გადასახადის დიდი წილი მოდის სალაროში არსებულ თანხებზე, საიდანაც, შემმოწმებლის მიერ „გონივრულად“ განსაზღვრული სალაროს კრედიტორული ბრუნვის შედეგად მიჩნეულ მინიმალურ 10%-სა და სალაროში არსებულ ნაშთს შორის სხვაობა, განისაზღვრა „ახალი“ მოგების გადასახადით დასაბეგრ ობიექტად, ასევე, დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და გაანგარიშებული სარგებელი 20%-ის ოდენობით, განხილული იქნა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ობიექტად.

ამ შემთხვევაში არსებობს რამდენიმე ფაქტობრივი გარემოება, რომელიც შემმოწმებლის მიერ იქნა იგნორირებული, ხოლო აქტში ფაქტები არასწორად გადმოცემული. კერძოდ: შემმოწმებელი საკითხის განხილვისას მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, აქცენტს აკეთებს შინაარსის ფორმაზე აღმატებულობაზე და ცვლის სალაროს ნაშთის კვალიფიკაციას. შემოწმების პროცესში ამ საკითხის გავლისას, შემმოწმებლებს არაერთხელ შეთავაზა, რომ მომხდარიყო სალაროში არსებული თანხების ინვენტარიზაცია, რათა მომხდარიყო შემმოწმებლის დარწმუნება გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერებაში. მიუხედავად ამისა, შემმოწმებლების მიერ არ ჩატარდა სალაროში არსებული თანხების ინვენტარიზაცია, მათი განმარტებით - კამერალური შემოწმებისას, არ ხდება სალაროს ინვენტარიზაცია. შესაბამისად, არ არის შედგენილი სალაროს ინვენტარიზაციის ოქმი, რომელშიც იქნებოდა გამართლებული ან გადასახადის გადამხდელის და/ან შემმოწმებლის პოზიციები. გამომდინარე აქედან, გაუგებარია რა ინფორმაციაზე დაყრდნობით ცვლის შემმოწმებელი კომპანიაში არსებული ფინანსური ოპერაციების კვალიფიკაციას და სალაროში არსებულ ნაშთს განიხილავს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად. შემმოწმებელს უნდა ეხელმძღვანელა მეთოდური მითითებით (დანართი №4), სალაროს უძრავი ნაშთის დაბეგვრის შესახებ დანართი №3- ით, სადაც პირველი მაგალითის ფაქტობრივ გარემოებაში, ნათლად არის დაფიქსირებული მოთხოვნა, რომ შემოწმების პროცესში სალაროს ინვენტარიზაციით უნდა დაფიქსირდეს სალაროს ფიქტიური ნაშთის არსებობა, რაც მათ შემთხვევაში, როგორც უკვე აღნიშნა, შემმოწმებლის მხრიდან არ განხორციელებულა და შესაბამისად, შემმოწმებლის მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით, არარელევანტური და არაშესაბამისია კომპანიის ფაქტობრივ მოცემულობასთან.

მათ პოზიციას ამყარებს ის გარემოება, რომ შემოწმების პერიოდში, არ წარმოქმნია არანაირი სესხი ან მასთან გათანაბრებული არც მოკლევადიანი და არც გრძელვადიანი ვალდებულება, მ.შ. დამფუძნებლის მიერ კაპიტალის გაზრდა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა გარკვეული კითხვის ნიშნების არსებობა მათი პოზიციის გასაქარწყლებლად. ამასთანავე, კომპანიას ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით, მოგების გადასახადში დაერიცხა გადასახადი 10 917 ლარი, ხოლო ჯარიმა ამავე გადასახადში ამ გადასახადის შემცირებისთვის 19 923 ლარი. რაზეც ვერ მიიღეს დეტალური ინფორმაცია აქტში მოცემული დამატებით დარიცხვებისა და ჯარიმების გაანგარიშების შესახებ. შესაბამისად, ფიქრობს, რომ ამ კონკრეტულ საკითხში, შესაძლოა დაშვებულია მექანიკური შეცდომა და შესაბამისად, ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გადასახადის (10 917 ლარი) 50%-ს, რომელსაც რა თქმა უნდა, ასევე არ ეთანხმება.

გარდა ამისა, წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებას (2016 წლის 16 მარტის საქმე №3/5450-15), მიუთითებს მასში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სალაროს ანგარიშზე არსებული ყოველთვიური მინიმალური ფულადი ნაშთი შემოწმებით განხილული იქნა სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო სარგებლის თანხა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ სარჩელი დაკმაყოფილდა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

ამავე კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა. ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს 2018 წლის თებერვლიდან რეგულარულად სალაროში უფიქსირდება ფულადი სახსრების ნაშთი. ამდენად, იმ საანგარიშო პერიოდებში, სადაც ხდებოდა სალაროში არსებული ფულის უძრავი ნაშთების ზრდა, ნაზარდი თანხები ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო სესხზე დარიცხული სარგებლის თანხა განიხილა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, ცალკეულ საანგარიშო პერიოდებში სალაროს უძრავი ნაშთის შემცირება ჩაითვალა სესხის დაბრუნებად და მოგების გადასახადი დაექვემდებარა ჩათვლას

მომჩივანი არ ეთანხმება სალაროს ნაშთის კვალიფიკაციას, სალაროში არსებული ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას, შედეგად მოგების და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას და აღნიშნავს, რომ სალაროს ინვენტარიზაციით უნდა დაფიქსირებულიყო სალაროს ფიქტიური ნაშთის არსებობა, რაც მათ შემთხვევაში, არ განხორციელებულა. კომპანიას დამატებით, მოგების გადასახადში დაერიცხა გადასახადი 10 917 ლარი, ხოლო ჯარიმა ამავე გადასახადში, გადასახადის შემცირებისთვის 19 923 ლარი და რომ ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გადასახადის 50%-ს, რომელსაც ასევე არ ეთანხმება.

შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე განმარტებულია, ხოლო საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტზე დამატებით აღნიშნა, რომ შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი 10 917 ლარი, ხოლო ჯარიმა 19 923 ლარი, რაც გამოწვეულია იმ პერიოდში, სადაც სესხი ითვლებოდა გაცემულად და იწვევდა მოგების გადასახადის დარიცხვას, ჯარიმის თანხა შეადგენდა შემცირებული გადასახადის 50%-ს, ხოლო იმ პერიოდში სადაც სესხი ითვლებოდა დაბრუნებულად, იწვევდა გადასახადის შემცირებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბოლოო შედეგი მხოლოდ მოგების გადასახადის კუთხით იწვევს უფრო მეტი ოდენობით ჯარიმის დარიცხვას, რაც შეეხება საგადასახადო შემოწმების აქტის საბოლოო შედეგს, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დარიცხული ჯარიმის თანხა არ აღემატება საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულ გადასახადს. ამასთან, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის საფუძველზე.

საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ დირექტორზე უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამასთან, გასაზიარებელია შემოსავლების სამსახურის პოზიცია მოგების გადასახადის ნაწილში დაკისრებულ ჯარიმასთან დაკავშირებით. ამდენად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტის მიხედვით, გარდა პირველ სადავო საკითხთან მიმართებით განხორციელებული დარიცხვისა, გადასახადის გადამხდელზე სხვა საკითხებთან მიმართებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგ გარემოებათა გამო:

- 2018 წლის დეკემბრის თვეში შეძენილ მომსახურებაზე (დღგ-ის თანხით 31 417.73 ლარი) მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით განხორციელებულია დღგ-ის ჩათვლა, თუმცა, იმავე პერიოდში გამყიდველმა გამოწერა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა მიხედვითაც, შეძენილ მომსახურებაზე ჩასათვლელმა დღგ-ის თანხამ შეადგინა 22 265.19 ლარი. შესაბამისად, შესამცირებელმა დღგ-ის თანხამ შეადგინა 9 152.54 ლარი. ასევე, 2018 წლის აგვისტოს და 2020 წლის ივნისის თვეების საანგარიშო პერიოდებზე შეძენილ სხვადასხვა სახის პროდუქციაზე მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განხორციელებულია დღგ-ის ჩათვლები, რის შემდეგაც გამოიწერა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თუმცა გადასახადის გადამხდელს, შესაბამისი თვეების დღგ-ის დეკლარაციებში, არ განუხორციელებია დღგ-ის ჩათვლილი თანხების შემცირება. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა;

- საბანკო ანგარიშების ანალიზით დადგინდა, რომ 2019 წლის ოქტომბრის, დეკემბრისა და 2020 წლის აგვისტოს თვეებში დირექტორზე გაცემულია ხელფასი, მაგრამ დეკლარირება არ არის განხორციელებული. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე, 291-ე მუხლებით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს გადასახადებთან ერთად დაეკისრა ჯარიმა 27 354 ლარი და განესაზღვრა საურავი 8 907.37 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 270- ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 291-ე მუხლზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების აქტის თანახმად, დღგ-ში ფაქტობრივად მინიმალური დარიცხვაა განხორციელებული, ისიც მექანიკური შეცდომებიდან გამომდინარე. კერძოდ, 2018 წლის დეკემბრის თვის დეკლარაციაში №29744206, კორექტირების შედეგად შესამცირებელი თანხების გრაფაში ჩასმულია 9 152 ლარი, დარწმუნებულნი იყო, რომ პროგრამულად მოხდებოდა ჩასათვლელი თანხის შემცირება ამ თანხით, არ ეგონა, რომ დეკლარაციაში უნდა მოეხდინა მექანიკური ჩარევა და უნდა დაეკორექტირებინა ჩასათვლელი თანხა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ეთანხმება ჩასათვლელი თანხის 9 152 ლარით შემცირებას, თუმცა, ვინაიდან, რეალურად სახეზეა მექანიკური შეცდომა, ითხოვს ამ თანხაზე ჯარიმის არ დარიცხვას.

კომპანია ცდილობდა ზედმიწევნით სრულად და ზუსტად აღერიცხა მისი შემოსავლები და არ აერიდებინა თავი კუთვნილი გადასახადის გადახდისთვის. იგივე მოცემულობაა საშემოსავლო გადასახადის ნაწილშიც, სადაც ასევე ფაქტობრივად სრულად არის განაცემები ასახული და გადახდილი კუთვნილი გადასახადი, მხოლოდ 450 ლარია დარიცხული, ისიც მექანიკური, ბუღალტრული შეცდომების გამო. ამასთან, არ ეთანხმება სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრულ საურავს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

ამავე კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ დღგ-ში დარიცხვა გამოწვეულია მექანიკური შეცდომებიდან გამომდინარე. დარწმუნებულნი იყო, რომ პროგრამულად მოხდებოდა ჩასათვლელი თანხის შემცირება, არ ეგონა, რომ დეკლარაციაში უნდა მოეხდინა მექანიკური ჩარევა და ჩასათვლელი თანხის კორექტირება, ეთანხმება ჩასათვლელი თანხის შემცირებას, სახეზეა მექანიკური შეცდომა, ამდენად ითხოვს ამ ნაწილში ჯარიმის არ დარიცხვას. მიიჩნევს, რომ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განხორციელებული დარიცხვაც მექანიკური, ბუღალტრული შეცდომების გამოა გამოწვეული, ამასთან არ ეთანხმება განსაზღვრულ საურავს.

საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი გამოყოფს ორ შემთხვევას, როდესაც შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერად მიჩნევა და მისი დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება, უფრო კონკრეტულად გადასახადის გადამხდელი უნდა იყოს კეთილსინდისიერი ზოგადად და სამართალდარღვევის ფაქტის მიმართაც, ხოლო თავად სამართალდარღვევა გამოწვეული უნდა იყოს არცოდნით ან შეცდომით.

მომჩივანმა უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით და უხეში გაუფრთხილებლობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. თუ გადასახადის გადამხდელის ქმედება გამოწვეულია დაუდევრობით ან უხეში გაუფრთხილებლობით, აღნიშნული ვერ იქნება სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს დაუდგინდა საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულება, ხოლო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, წარმოდგენილი არგუმენტებით კი არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული საფუძვლები, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.