გადაწყვეტილება № 26081/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 26081/2/2025
24 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“- ის 27.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26081/2/2025).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 10.07.2025 წლის №006-251 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 6.10.2025 წლის №21446 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 446 987,2 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 261 758,62
დღგ - 100 003,83
საშემოსავლო გადასახადი - 161 754,79
ჯარიმა - 130 879,40
საურავი - 54 349,18
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 24.06.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 18.04.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში ----- და ----- შემოტანილი აქვს ავტომობილის სხვადასხვა ნაწილები და ავტომობილის ელ. ტექნიკა სულ ღირებულებით 1 117 213 ლარი. გადასახადის გადამხდელთან ვერ ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა, ვინაიდან გადამხდელის მოძიება და მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ეკონომიკური საქმიანობასთან დაკავშირებული აღრიცხვა არ გააჩნია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის შემოსავალი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით, შესაბამისი საქმიანობით დაკავებულ მეწარმეებთან დადგენილი და აუდირებული ფასნამატის გამოყენებით, რის შედეგადაც საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი განისაზღვრა სულ 1 678 580 ლარით.
დეკლარირებულ მონაცემსა და შემოწმების შედეგად განსაზღვრულ მონაცემს შორის სხვაობა 555 580 ლარი დამატებით დაიბეგრა დღგ-ს 18%-იანი განაკვეთით, ხოლო საგადასახადო დეკლარაციაში თანხის შემცირების გამო გადასახადის გადამხდელს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების პროცესში დამუშავდა ერთიანი ელექტრონული ბაზებიდან მოპოვებული ინფორმაცია. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საქონლის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა სულ შეადგინა დღგ-ის გარეშე 1 678 580 ლარი, ასევე დამუშავდა გადამხდელის მიერ დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების მოცულობა, მათზე გადახდილი თანხის ოდენობა, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, იმპორტირებული საქონლის ღირებულებისთვის ანაზღაურებული თანხები. ზემოაღნიშნული შემოსავლის და გაწეული ხარჯების მიხედვით განისაზღვრა გადახდილი და მიღებული ფულის მოცულობა, რის შედეგადაც გაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში ნაშთად არსებული თანხის მოცულობა სულ 647 019 ლარი, რაც გადამხდელს ფაქტობრივად არ გააჩნდა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და გროს თანხა სულ 808 773 ლარი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 10.07.2025 წლის №006-251 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 6.10.2025 წლის №21446 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2025 წლის 18 სექტემბერს 12:50 სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადამხდელს ეკონომიკური საქმიანობასთან დაკავშირებული აღრიცხვა არ გააჩნია და შესაბამისად, შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. კერძოდ, შესაბამისი საქმიანობით დაკავებულ მეწარმეებთან დადგენილი და აუდირებული ფასნამატის გამოყენებით, გაანგარიშდა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო განკარგვადი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე ფასნამატის გავრცელებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ გადამხდელს იმპორტით შემოტანილი 1 117 213 ლარის საქონლიდან საბაჟო დეპარტამენტის მიერ მხოლოდ 2 114 ლარის საქონელია აფასებული 1,1 კოეფიციენტით და 5 259 ლარის საქონელი 3,66 კოეფიციენტით, რაც არაარსებითობის გამო არ იქნა გათვალისწინებული. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ არის მიწოდებული საქონლის ინვოისები. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელა მის ხელთ არსებული ინფორმაციით და საქონლის თვითღირებულება განსაზღვრა საბაჟო დოკუმენტების მიხედვით. ამასთან, შემოწმების შედეგად გამოყენებული ფასნამატი აღებულია მსგავსი საქმიანობით დაკავებული მეწარმეებთან (აუდირებული კომპანიების) დაფიქსირებული მარჟიდან და შეადგინა ავტომობილის სხვადასხვა ნაწილებზე 44%, ხოლო ავტომობილის სხვადასხვა ტექნიკაზე (მაგნიტოფონი) 59%. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
სადავო აქტების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ შემმოწმებელმა ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე, რაც დაუშვებელია, ვინაიდან საქონლის თვითღირებულება არის მისი საინვოისო ღირებულება და არა აფასებული ღირებულება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ საბაჟო მიზნებისათვის, იმპორტის გადასახდელების განსაზღვრისათვის. შემოწმებამ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები და დამატებით დაერიცხათ საშემოსავლო და დღგ-ის გადასახადები, კერძოდ, აღებულ იქნა სხვა მსგავსი საწარმოს მიერ მიღებული ბრუნვები. მომჩივნისთვის უცნობია რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული, რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობად მათი იდენტური, ვისგან იძენს და რა ხარისხის საქონელს ყიდის აღნიშნული კომპანია და ა.შ. სამწუხაროდ შემოწმების პროცესში და არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე აღნიშნული ინფორმაცია მათთვის არ მიუწოდებიათ, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება, რაც ბუნებრივია აბსურდია. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად: 2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარება, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ასევე მომჩივნისთვის გაუგებარია თუ რატომ აიღო შემმოწმებელმა სხვა კომპანიის ფასნამატი და არ გამოიყენა საცალო რეალიზაციაზე მათი დოკუმენტური ფასნამატი. ასევე ზოგადად არსებობს არაერთი გადაწყვეტილება, სადაც გაცილებით ნაკლები აუდირებული ფასნამატი იქნა გამოყენებული, მაგალითად შპს .------ის საგადასახადო შემოწმებისას, რომელიც ვაჭრობს იდენტური საქონლით, შემოწმებით ამ უკანასკნელზე გავრცელდა ფასნამატი 26%. ისმის კითხვა თუ ერთი და იგივე პერიოდში ერთი და იგივე საქონლის ვაჭრობისას ერთ გადასახადის გადამხდელზე ვრცელდება 26%-იანი ფასნამატი, მაშინ რატომ ვრცელდება მეორე გადამხდელზე გაცილებით უფრო მაღალი ფასანამტი? არსებობს ასევე სხვა არაერთი გადაწყვეტილება, სადაც აუდირებული ფასნამატი შეადგენს 12%. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად: საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. შემოწმების პროცესში ფულის ნაშთი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი, ხარჯში კი ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი და ბიუჯეტში გადახდები, ხოლო დარჩენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. არასწორად იქნა გაანგარიშებული საწარმოს ფასნამატი, რამაც განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთის დადგენა. ასევე არასწორი ვირტუალური ფულის ნაშთის ე.წ „გროსვა“ და არსებული ფულის 20% ნაცვლად 25% დაბეგვრა. მომჩივანი ითხოვს გაუქმებულ იქნა შემოსავლების სამსახურის 6.10.2025 წლის №21446 ბრძანება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში ------ და ----- შემოტანილი აქვს ავტომობილის სხვადასხვა ნაწილები და ავტომობილის ელ. ტექნიკა სულ ღირებულებით 1 117 213 ლარი. გადასახადის გადამხდელს ჩატარებული აქვს საკონტროლო შესყიდვა, თუმცა გადამხდელის მოძიება ვერ მოხერხდა. გადასახადის გადამხდელს ეკონომიკური საქმიანობასთან დაკავშირებული აღრიცხვა არ გააჩნია, მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების შედეგად გადამხდელის შემოსავალი გაანგარიშდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდით, შესაბამისი საქმიანობით დაკავებულ მეწარმეებთან დადგენილი და აუდირებული ფასნამატის გამოყენებით, რის შედეგადაც საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი განისაზღვრა სულ 1 678 580 ლარით.
შემოწმების პროცესში დამუშავებული ინფორმაცის შედეგად გაირკვა, რომ გადამხდელი 2024 წლის ივნისის თვის შემდგომ შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე არ იყო შესული. გადამხდელს იმპორტით შემოტანილი 1 117 213 ლარის საქონლიდან საბაჟოზე მხოლოდ 2 114 ლარის საქონელი აქვს აფასებული 1,1 კოეფიციენტით და 5 259 ლარის საქონელი 3,66 კოეფიციენტით, რაც არაარსებითობის გამო არ იქნა გათვალისწინებული. შემოწმების შედეგად გამოყენებული ფასნამატი აღებულია მსგავსი საქმიანობით დაკავებული მეწარმეებთან (აუდირებული კომპანიების) დაფიქსირებული მარჟიდან და შეადგინა ავტომობილის სხვადასხვა ნაწილებზე 44%, ხოლო ავტომობილის სხვადასხვა ტექნიკაზე (მაგნიტოფონი) 59%
საბჭო მიუთითებს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს დასაბეგრი შემოსავალი, სადაც სადავო შემთხვევაში ჩართული იქნა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გამოკლებით. აღნიშნული წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ მიღებულ შემოსავალს. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრება საშემოსავლო გადასახადის და ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის დარიცხვამდე აყვანილი თანხიდან განხორციელდა მართლზომიერად.
დავების განხილვის საბჭოში დავის განხილვისას, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელი არ დაესწრო დავის განმხილველ სხდომას.
მომჩივანი არ წარმოადგენს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს და საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელს ეკონომიკური საქმიანობასთან დაკავშირებული აღრიცხვა არ გააჩნია და შესაბამისად, შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა. კერძოდ, შესაბამისი საქმიანობით დაკავებულ მეწარმეებთან დადგენილი და აუდირებული ფასნამატის გამოყენებით, გაანგარიშდა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო განკარგვადი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე ფასნამატის გავრცელებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ გადამხდელს იმპორტით შემოტანილი 1 117 213 ლარის საქონლიდან საბაჟო დეპარტამენტის მიერ მხოლოდ 2 114 ლარის საქონელია აფასებული 1,1 კოეფიციენტით და 5 259 ლარის საქონელი 3,66 კოეფიციენტით, რაც არაარსებითობის გამო არ იქნა გათვალისწინებული.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 73(5);158(1);159(1);163(1,2);164(1);101(1);154(1)