ბრძანება N 2939
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 2939
19 თებერვალი 2025
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )
(მის.:„-------“ )
2025 წლის 11, 24 და 28 იანვრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 30 იანვრის სხდომაზე (ოქმი №8) განიხილა შპს „------- -ის“ (ს/ნ „-------“ ) №93615/1/2025, №93898/1/2025 და №11474/21 საჩივრები, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ნოემბრის N28666 ბრძანებით დანიშნული შპს „-------” (ს/ნ „-------“) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმების განახლების და მასში ცვლილების შეტანის შესახებ 2024 წლის 13 დეკემბრის №26286 ბრძანებასთან და აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 დეკემბრის №006-546 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ნოემბრის N28666 ბრძანებით დანიშნული შპს „--------“ (ს/ნ „-------“) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმების განახლების და მასში ცვლილების შეტანის შესახებ 2024 წლის 13 დეკემბრის ბრძანებას. გადამხდელი მიიჩნევს, რომ მათ მიერ წარდგენილი 2020 წლის მაისის თვის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის 75 ლარიანი გადასახადის თანხის გაზრდა გახდა ფორმალური საფუძველი შემოწმების პერიოდის გაზრდისა. გადამხდელი მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიეცა შემოწმების ხანდაზმულობის ვადის დამატებით 1 წლით გაზრდის შესაძლებლობა, მაგრამ არა ყველაფერზე, არამედ იმ საკითხებზე რაზედაც გადასახადის გადამხდელმა გააკეთა დეკლარაციის დაზუსტება. აცხადებს, რომ გასვლითი საგადასახადო შემოწმება შესაძლებელია გრძელდებოდეს არაუმეტეს 3 თვისა, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 264-ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო შემოწმება უნდა დაიწყოს გასვლითი საგადასახადო შემოწმების შესახებ შეტყობინების ჩაბარებიდან არაუგვიანეს 30 დღისა. ხოლო მოცემულ შემთხვევაში გასვლითი საგადასახადო შემოწმების ბრძანება გამოცემულია გადასახადების დარიცხვის მოთხოვნის გამოცემამდე 1 წელზე მეტი ხნის წინ, ხოლო შეჩერებულია ბრძანება ყოველგვარი საფუძვლების გარეშე. ამასთან, მომჩივანი მიუთითებს ხანდაზმულობის ვადებზე, რომლის მიხედვითაც ვადები განსაზღვრულია 3 წლით, ხოლო მოცემულ შემთხვევაში 2024 წლის 25 დეკემბრის მოთხოვნის შესაბამისად შესამოწმებელი პერიოდი გამოდის 3 წელზე მეტი. გადამხდელი მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება გასაჩივრებული ბრძანების გაუქმება, შეტანილ იქნეს მასში ცვლილება და შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვროს 2021 წლის 1 იანვრიდან.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შპს „------ -ის “ წილის შეძენისას მის გამსხვისებელ ფიზიკურ პირზე გადახდილი თანხების გაცემულ დივიდენდად კვალიფიკაციას იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ფიზიკური პირი წარმოადგენს ურთიერთდამოკიდებულ პირს, შპს „-------" დამფუძნებელს. კერძოდ, გადამხდელი არ ეთანხმება ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლას. გადამხდელი მიუთითებს, რომ მომჩივანის შპს „------- -ის “ დამფუძნებლებისაგან წილების შეძენით ოპერაციას ახორციელებს და გარიგებას დებს, როგორც ურთიერთდამოკიდებულ ("-------"), ისე არა ურთიერთდამოკიდებულ პირთან ("-------"), მაგრამ აღნიშნული მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ოპერაციის განხორციელებამდე მოხდა წილების შეფასება საბაზრო ფასად და ნასყიდობის ღირებულება გადახდილი იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ფასის შესაბამისად. მიიჩნევს, რომ აღნიშნული ოპერაცია არ უნდა ჩაითვალოს მოგების განაწილებად. აღნიშნავს, რომ მომჩივანის მხრიდან განხორციელებულია ზუსტად ერთი და იგივე ოპერაციები: 50%-იანი წილის შეძენა "-------"-სგან და 50%-იანი წილის შეძენა "-------"-სგან. გადამხდელი არ ეთანხმება ოპერაციის კვალიფიკაციას სხვადასხვანაირად, როდესაც ფორმაც და შინაარსიც ერთი და იგივეა. ზემოაღნიშნულ დარიცხვასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება, აგრეთვე, 2020 წელში განხორციელებულ ოპერაციაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 28 ივლისის N20231 ბრძანების გამოყენებას „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ნოემბრის №28666 და 2024 წლის 13 დეკემბრის №26286 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის (ს/ნ „-------“) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 13 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 25 დეკემბრის №27231 ბრძანება და ამავე თარიღის №006-546 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 3 967 391 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 797 170 ლარი, ჯარიმა 898 250 ლარი, საურავი 1 271 971 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების მიმდინარეობისას დამუშავებულია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ მომჩივანი საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებულია 2018 წლის 18 ოქტომბერს. საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარით გაცემა. 2020 წლის 30 ოქტომბერს მოხდა შპს „------ -ის“ (ს/ნ „-------“) შერწყმა მომჩივანთან. შერწყმის მომენტში კომპანიის გაუნაწილებელი მოგების ნაშთი შეადგენდა 5 022 224 ლარს. 2021 წლის 24 მარტამდე კომპანიის დამფუძნებელი და 100 %იანი წილის მფლობელი იყო "-------", რომელიც ასევე ფლობდა შპს „„-------“-ის“ 50 %-იან წილს. 2020 წლის 11 სექტემბერს "-------"-ს შპს „-------“-ის“ წილის სანაცვლოდ მომჩივანმა გადაუხადა 7 535 271 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემოწმებამ იხელმძღვანელა შემდეგი პრინციპებით:
ა) სამეურნეო ოპერაცია გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისთვის ექვემდებარება ანალიზს, შეფასებას და კვალიფიცირებას მისი შინაარსის (ნამდვილი ნების/მიზნის) მიხედვით და არა გაცხადებული ფორმის შესაბამისად, რათა აღმოიფხვრას გადასახადებისგან თავის არიდება, დამალვა ან/და შეღავათით არამართლზომიერად სარგებლობა.
ბ) სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის არსი და მიზანი, აგრეთვე, სხვა თანმდევი პროცესები და ქმედებები უნდა იყოს მკაფიო და ორმხრივად განჭვრეტადი (იგულისხმება საგადასახადო ორგანო და გადასახადის გადამხდელი). მოცემულ პირობებში, ვინაიდან წილის გამსხვისებელი ფიზიკური პირი ირიბად კვლავ სრულად ფლობს მომჩივანის 100%- იან წილს, რეალურად არ ხდება განხილული ქონების (წილის) მესაკუთრის ცვლილება. შემოწმების მიერ აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა, როგორ ფიზიკურ პირზე გაცემული დივიდენდი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 -ე და 130-ე მუხლების შესაბამისად დაექვემდებარა დაბეგვრას მოგების და საშემოსავლო გადასახადებით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3, მე-5 და მე-7 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
7. ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები გრძელდება 1 წლით, თუ ამ ვადების გასვლამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები და გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში წარადგინა შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაცია (მათ შორის, შესწორებული დეკლარაცია) ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი-მე-6 და მე-9 ნაწილების შესაბამისად:
1. გასვლითი საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. გადასახადის გადამხდელს შემოწმების დაწყებამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღისა ეგზავნება შეტყობინება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
3. შემოწმება უნდა დაიწყოს გადასახადის გადამხდელისათვის შეტყობინების ჩაბარებიდან არა უგვიანეს 30 დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში შემოწმება ვერ დაიწყო, შეტყობინება ძალადაკარგულად ითვლება.
4. გასვლითი საგადასახადო შემოწმებით შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სრული ან თემატური შემოწმება.
5. გასვლითი საგადასახადო შემოწმება შეიძლება მოიცავდეს გადასახადის გადამხდელის საქმიანობის მიმდინარე კონტროლის პროცედურებსაც.
6. გასვლითი საგადასახადო შემოწმების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 3 თვისა. საჭიროების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით შესაძლებელია შემოწმების ვადის დამატებით გაგრძელება არა უმეტეს 2 თვისა.
9. თუ დაწყებული საგადასახადო შემოწმების გაგრძელება ვერ ხერხდება დაუძლეველი ძალის ან სხვა გარემოების გამო, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას საგადასახადო შემოწმების შეჩერების შესახებ. საგადასახადო შემოწმება განახლდება დაუძლეველი ძალის ან სხვა გარემოების აღმოფხვრისთანავე. საგადასახადო შემოწმების ვადის დინება განახლდება აღნიშნული შემოწმების გაგრძელების დღიდან.
საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ნოემბრის №28666 ბრძანებით დაინიშნა მოჩივანის(ს/ნ „-------“) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. ხოლო 2024 წლის 13 დეკემბრის №26286 ბრძანების საფუძველზე განახლდა შემოწმების მიმდინარეობა და ცვლილება შევიდა 2023 წლის 21 ნოემბრის N28666 ბრძანებაში. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდები.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, 2020 წლის ხანდაზმულობასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, კომპანიამ 2023 წლის დეკემბრის თვეში დააზუსტა 2020 წლის მაისის თვის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია, ამდენად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, შემოწმებამ მოიცვა 2020 წლის საანგარიშო პერიოდიც.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ნოემბრის N28666 ბრძანებით დანიშნული მომჩივანის (ს/ნ „-------“) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმების განახლების და მასში ცვლილების შეტანის შესახებ 2024 წლის 13 დეკემბრის №26286 ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგებისას შემოსავლები და ხარჯები ისე უნდა განაწილდეს, როგორც დამოუკიდებელ პირებს შორის დადებული გარიგების დროს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე; რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5 პროცენტიანი განაკვეთით.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ 2020 წლის 30 ოქტომბერს მოხდა შპს „------ - ის“ (ს/ნ „-------“) შერწყმა მომჩივანთან. შერწყმის მომენტში კომპანიის გაუნაწილებელი მოგების ნაშთი შეადგენდა 5 022 224 ლარს. 2021 წლის 24 მარტამდე კომპანიის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი იყო "-------", რომელიც ასევე ფლობდა შპს „------- - ის“ 50%-იან წილს. 2020 წლის 11 სექტემბერს "-------"-ს შპს „------ - ის“ წილის სანაცვლოდ მომჩივანმა გადაუხადა 7 535 271 ლარი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას, რომლის თანახმად, ვინაიდან, წილის გამსხვისებელი ფიზიკური პირი სრულად ფლობდა მომჩივანს 100%-იან წილს, რეალურად არ მომხდარა განხილული ქონების (წილის) მესაკუთრის ცვლილება და აღნიშნული წილის შეძენას არ გააჩნდა ეკონომიკური გავლენა ან/და ეკონომიკური შინაარსი. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წილის ნასყიდობის საფუძვლით გადახდილ თანხებზე კვალიფიკაციის შეცვლა და დივიდენდად განხილვა მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------- -ის “ (ს/ნ „-------“) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებით დანიშნული საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმების განახლების და მასში ცვლილების შეტანის შესახებ ბრძანებას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება ერთ-ერთი შპს-ს წილის შეძენისას მის გამსხვისებელ ფიზიკურ პირზე გადახდილი თანხების გაცემულ დივიდენდად კვალიფიკაციას.
ფაქტობრივი გარემოებები
სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემოწმებამ იხელმძღვანელა შემდეგი პრინციპებით:
ა) სამეურნეო ოპერაცია გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისთვის ექვემდებარება ანალიზს, შეფასებას და კვალიფიცირებას მისი შინაარსის (ნამდვილი ნების/მიზნის) მიხედვით და არა გაცხადებული ფორმის შესაბამისად, რათა აღმოიფხვრას გადასახადებისგან თავის არიდება, დამალვა ან/და შეღავათით არამართლზომიერად სარგებლობა.
ბ) სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის არსი და მიზანი, აგრეთვე, სხვა თანმდევი პროცესები და ქმედებები უნდა იყოს მკაფიო და ორმხრივად განჭვრეტადი (იგულისხმება საგადასახადო ორგანო და გადასახადის გადამხდელი).
მოცემულ პირობებში, ვინაიდან წილის გამსხვისებელი ფიზიკური პირი ირიბად კვლავ სრულად ფლობს საწარმოს 100%- იან წილს, რეალურად არ ხდება განხილული ქონების მესაკუთრის ცვლილება. შემოწმების მიერ აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა, როგორ ფიზიკურ პირზე გაცემული დივიდენდი და საქართველოს სსკ-ის 981 -ე და 130-ე მუხლების შესაბამისად დაექვემდებარა დაბეგვრას მოგების და საშემოსავლო გადასახადებით.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ნოემბრის N28666 ბრძანებით დანიშნული საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმების განახლების და მასში ცვლილების შეტანის შესახებ 2024 წლის 13 დეკემბრის №26286 ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9),981,130,154.