გადაწყვეტილება №27522/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27522/2/2026
18 ივნისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ის“ 7.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27522/2/2026).
დავის საგანი:
საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 25 მარტის №006-98 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 22 მაისის №11369 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
15 589 420.17 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 9 619 052
ჯარიმა - 4 809 526
საურავი - 1 160 842.17
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22511 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2023 წლის 1 ნოემბრიდან 2025 წლის 1 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2026 წლის 24 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს რეალიზებული აქვს 70 108 271 ლარის ჯართი, ხოლო დოკუმენტურად უფიქსირდება 519 990 ლარის ჯართის შეძენა. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგინდა არადოკუმენტურ შეძენებზე ხარჯების ოდენობა.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 1333, 154-ე მუხლების, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, უდოკუმენტოდ შეძენილი საქონლის ღირებულებაზე - 36 542 669 ლარზე (გროს თანხა) მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. გადასახადის გადამხდელმა შესამოწმებელ პერიოდზე წარადგინა საბანკო ამონაწერები. კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არ გააჩნია დებიტორულ-კრედიტორული დავალიანება და სალაროში ნაღდი ფული არის 0 ლარი.
საგადასახადო ორგანოს მიერ შედგა ფულადი ნაკადების მოძრაობის ანგარიშგება, სადაც შემოსულ თანხად აღებულ იქნა პროდუქციის რეალიზაციიდან შემოსული ფულადი საშუალებები, გაწეულ ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტური შეძენები, ბანკის მეშვეობით გადახდილი საკომისიო ხარჯები, ასევე ბიუჯეტში გადახდები და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ხარჯების ოდენობა.
შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას შემოწმების პერიოდის ბოლოს უნდა გააჩნდეს ფულის ნაშთი 42 613 910 ლარი (გროს თანხა). გამოვლენილი ფულის ნაშთი, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 25 მარტის №6600 ბრძანება და №006-98 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 15 589 420.17 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 23 აპრილს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 22 მაისის №11369 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 1333 , 43-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლზე, საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად, ჯართის მიწოდების შედეგად ფიზიკური პირების მიერ მიღებული შემოსავლის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა. ასევე, მართლზომიერად განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშებისას, საქონლის რეალიზაციიდან მიღებული ფულადი საშუალებების, გაწეულ ხარჯებში დოკუმენტური შეძენების, აგრეთვე, ბანკის მეშვეობით გადახდილი საკომისიო ხარჯების, ბიუჯეტში გადახდილი თანხებისა და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ხარჯების გათვალისწინება და აღნიშნული შემოსავლებისა და ხარჯების გაანგარიშების შედეგად გამოვლენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა. ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიას შავი ლითონის შეძენის დოკუმენტები არ ჰქონდა. აღნიშნული შეძენები ჩაითვალა ფიზიკური პირებიდან განხორციელებულ შესყიდვად. აუდიტის დეპარტამენტმა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრა, რომ ასეთი სახის შეძენის ღირებულება შეადგენს 36 542 669 ლარს. აღნიშნული გაანგარიშება არასწორია, ვინაიდან საწარმოს მოგების პროცენტი შეადგენს 20-25%-ს. აქედან გამომდინარე, ფიზიკური პირებიდან განხორციელებული შეძენები იქნება 54 207 425 ლარი, რის გამოც გადასაანგარიშებელი იქნება 1333 მუხლით დასაბეგრი თანხა, ხოლო სალაროს ნაშთის გამოყვანის დროს 70 108 271 ლარს უნდა გამოაკლდეს შეძენების ღირებულება - 54 207 425 ლარი, 20%-იანი საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხა იქნება 15 900 844,86 ლარი, ნაცვლად შემოწმების აქტში დაფიქსირებული 36 542 669 ლარისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს გათვალისწინებული იქნას მომჩივნის არგუმენტები და განხორციელდეს შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული გადასახადის გადაანგარიშება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 22 მაისის №11369 ბრძანება;
3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული აქვს 70 108 271 ლარის ჯართი, ხოლო დოკუმენტურად უფიქსირდება 519 990 ლარის ჯართის შეძენა. შემოწმებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგინდა არადოკუმენტურ შეძენებზე ხარჯების ოდენობა. გადამხდელს უდოკუმენტოდ შეძენილ საქონლის ღირებულებაზე 36 542 669 ლარზე (გროს თანხა) დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. შემოწმებით, ასევე გაანგარიშდა ფულის ნაშთი, რომელიც დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადაწყვეტილება:
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1,ბ).