ბრძანება N1289

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.01.2024
№ დოკუმენტი 1289
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 1289

26 იანვარი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -----)

(მის.: ------)

2024 წლის 12 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 23 იანვრის სხდომაზე (ოქმი №5) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის 12 იანვრის №21943/2/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 დეკემბრის №081-311 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებას. მიუთითებს, რომ მყიდველსა და გამყიდველს შორის გაფორმებულია ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები შესრულებული სამუშაოების შესახებ, რომელთა ასლების ნაწილი მიწოდებულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 ოქტომბრის №26804 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება შპს „----------“ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტორების სერია -------№------; სერია ----------; სერია ---------- და სერია --------- დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 6 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 12 დეკემბრის №31219 ბრძანება და ამავე თარიღის №081-311 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 14 794 ლარი, მათ შორის, შეუმცირდა გადასახადი 14 794 ლარი, დაერიცხა ჯარიმა 29 588 ლარი, საურავი 0 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

საგადასახადო შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2020 წლის საანგარიშო პერიოდში გამოწერილი და მყიდველისადმი წარდგენილია: --------- №-------- --------; სერია ---------- და ----------ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა მიხედვითაც განხორციელებულმა ჯამურმა დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 82 204 ლარი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოდგენილი მასალების შესწავლისას, ირკვევა, რომ აღნიშნული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე, 160-ე და 161-ე მუხლების გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განსაზღვრული დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დაექვემდებარა შემცირებას. შედეგად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა გადასახადი და დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

ამავე მუხლი მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწეროს და მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ან გაწეული/გასაწევი მომსახურების მიმღებს წარუდგინოს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს.

შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ოპერაცია უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ოპერაცია ან გარიგება არ განხორციელებულა იმ პირებს შორის, რომლებიც აღნიშნულია ოპერაციის ან გარიგების დამადასტურებელ დოკუმენტებში (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები ან სხვა).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

ამავე კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2020 წლის საანგარიში პერიოდში გამოწერილი და მყიდველისადმი წარდგენილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (----------№-------- და---------) არის ყალბი, რის საფუძველზეც შესაბამის საანგარიშო პერიოდში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განსაზღვრული დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დაექვემდებარა შემცირებას და პირს განესაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრული ჯარიმა.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ყალბი/ფიქტიური ოპერაციის ამსახველი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირება და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრული ჯარიმის შეფარდება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ---------2) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ.ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილიწესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2020 წლის საანგარიშო პერიოდში გამოწერილი და მყიდველისადმი წარდგენილია ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა მიხედვითაც განხორციელებულმა ჯამურმა დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 82 204 ლარი. ირკვევა, რომ აღნიშნული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი.საანგარიშო პერიოდში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განსაზღვრული დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დაექვემდებარა შემცირებას. შედეგად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა გადასახადი და დაერიცხა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:160;161(1);175(1,2);282(3);

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 50-ე მუხლის პირველი ნაწილი