გადაწყვეტილება №24328/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24328/2/2024
27 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 22.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24328/2/2024).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 1.10.2024 წლის №086-32 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 5.11.2024 წლის №23589 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 121 695,49 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 70 157
დღგ - 27 107
საშემოსავლო გადასახადი - 43 050
ჯარიმა - 34 174
საურავი - 17 364,49
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ბოსტნეულის იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის 30.09.2024 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.07.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 251 586 ლარს. შემოწმების მიმდინარეობისას საწარმოს უფლებამოსილ პირთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, საწარმოს იმპორტის სასაქონლო რეჟიმით შეძენილი ჰქონდა 201 063 ლარის საქონელი. ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით, 2021 წლის დასაწყისში გააჩნდა 10 578 ლარის ღირებულების საქონელი. ვინაიდან გადამხდელთან ვერ მოხერხდა დაკავშირება, შემოწმების მიმდინარეობისას არ ყოფილა წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ. შესაბამისად, შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, სარეალიზაციო საქონლის ჯამურ თვითღირებულებას გამოაკლდა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, ხოლო დანარჩენი საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად დადგენილი ფასნამატი. აღნიშნულის საფუძველზე დადგინდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლისგან მიღებული შემოსავალი, რომელსაც დაემატა დოკუმენტებით დადგენილი შემოსავალი. სულ შემოწმებით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 402 184 ლარი (დღგ-ის გარეშე). შემოწმების შედეგად გამოვლენილი სხვაობა 150 597 ლარი, საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე მუხლების შესაბამისად, დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, გადამხდელს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დადგენილ შემოსავალს გამოაკლდა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული და დეკლარირებული ხარჯი. შედეგად, დადგინდა 172 200 ლარის ნაღდი ფულის ნაშთი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). შემოწმების პროცესში საწარმოს უფლებამოსილ წარმომადგენელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. 2021 წლის შემდეგ საწარმოს არ უფიქსირდებოდა ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილისა და შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების მიხედვით დამატებით დადგენილი შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 1.10.2024 წლის №086-32 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 5.11.2024 წლის №23589 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, და 97-ე მუხლზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
სრულად აქვს აღრიცხული ყველა ოპერაცია. მის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ყველა საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაცია. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ მოხდა გათვალისწინება წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის და ფასნამატის. შემმოწმებელმა იმ არგუმენტით მიიჩნია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება სამართლიანად, რომ ვერ მოხერხდა გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაცია. აუდიტორის მიერ გადასახადის გადამხდელთან პორტალზე შეტყობინებები გამოგზავნილ იქნა 12.08.2024 წელს. როგორც ცნობილია, ამ პერიოდისთვის საწარმოს სტატუსი იყო უმოქმედო 1 წელზე მეტი დროის განმავლობაში. შესაბამისად, მომჩივანს არ შეეძლო შეტყობინებები ნახვა პორტალზე. ამასთან, საკონტაქტო ინფორმაციაში მითითებული იყო ბუღალტერი ტელეფონის ნომერი თუმცა, აუდიტორის მიერ კომუნიკაციის მცდელობას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული განხორციელების შემთხვევაში შეძლებდა აუდიტის პროცესში ჩართვას და დოკუმენტაციის მიწოდებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
შემოსავლების სამსახურის 5.11.2024 წლის №23589 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 5.11.2024 წლის №23589 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ბოსტნეულის იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია.
ვინაიდან შემოწმების მიმდინარეობისას საწარმოს უფლებამოსილ პირთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, არ ყოფილა წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ, შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, სარეალიზაციო საქონლის ჯამურ თვითღირებულებას გამოაკლდა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, ხოლო დანარჩენი საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად დადგენილი ფასნამატი. აღნიშნულის საფუძველზე დადგინდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლისგან მიღებული შემოსავალი, რომელსაც დაემატა დოკუმენტებით დადგენილი შემოსავალი. შემოწმების შედეგად გამოვლენილი სხვაობა, დაიბეგრა დღგ-ით და ასევე, გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა.
შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დადგენილ შემოსავალს გამოაკლდა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული და დეკლარირებული ხარჯი. შედეგად, დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი. შემოწმებით, დამატებით დადგენილი შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურის 5.11.2024 წლის №23589 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159;