ბრძანება N 7143
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7143
02 აპრილი 2024
ბრძანება
შპს „------ -ის “ (ს/ნ "------")
(მის.: "------")
2024 წლის 24 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 თებერვლის (ოქმი №15), 29 თებერვლის (ოქმი №21) და 28 მარტის (ოქმი №33) სხდომებზე განიხილა შპს „------- -ის “ (ს/ნ "------") №87112/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 დეკემბრის №127-40 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კომპანიის დირექტორისა და ამავდროულად დამფუძნებლისგან შეძენილი მიწის ნაკვეთის შემოწმებით განსაზღვრულ საბაზრო ღირებულებას, სარეალიზაციო და საბაზრო ფასს შორის სხვაობის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვას და აღნიშნულის გათვალისწინებით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება,რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის პირველი ნოემბრის №26996 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა მომჩივანის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი "------") შეძენის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 5 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 21 დეკემბრის №32276 ბრძანება და ამავე თარიღის №127-40 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 380 439 ლარი, მათ შორის გადასახადი 182 000 ლარი, ჯარიმა 91 000 ლარი და საურავი 107 439 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
მომჩივანის საქმიანობას წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით დადგინდა, რომ კომპანიის დამფუძნებელსა და დირექტორს, "------"-ს, 2016 წლის 30 ნოემბერს შეძენილი აქვს მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით: "------"), რომლის ღირებულებაც შეადგენდა 83 000 დოლარს (ექვივალენტი 210 073 ლ.). 2020 წლის 24 აგვისტოს"------"-მ აღნიშნული მიწის ნაკვეთი მიჰყიდა მისსავე დაფუძნებულ კომპანია მომჩივანს 1 382 000 ლარად. შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის საფუძველზე განისაზღვრა აღნიშნული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 2020 წლის აგვისტოს მდგომარეობით და დადგენილი იქნა საბაზრო ფასი 654 000 ლარის ოდენობით. სარეალიზაციო და საბაზრო ფასს შორის გამოვლენილი სხვაობა, 728 000 ლარის ოდენობით განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დარიცხული თანხა 910 000 ლარის ოდენობით დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს მისთვის არ მიუწოდებია ექსპერტიზის შეფასების დოკუმენტაცია, რის გამოც არ მიეცა კონტრარგუმენტების წარდგენის საშუალება. გარდა ამისა, შემოწმების პროცესში კომპანიის მიერ წარდგენილი იქნა სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ გაცემული საშემფასებლო დასკვნა, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ სადავო მიწის სარეალიზაციო და საბაზრო ფასის ერთმანეთთან შესაბამისობის დასადასტურებლად მიმართა კიდევ ერთ შემფასებელს, შპს „------ -ს “, აღნიშნული შემფასებლის დასკვნა წარმოდგენილია საჩივრის დანართად.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად მტკიცებულების სახით წარმოდგენილი შპს „------- -ს “ შეფასების დასკვნა, რომლითაც განისაზღვრა 2020 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით კომპანიის დირექტორისგან შეძენილი მიწის ნაკვეთის (ს/კ"------") საბაზრო ღირებულება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს "------“ (ს/ნ "------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად მტკიცებულების სახით წარმოდგენილი შპს „----- - ს“ შეფასების დასკვნა, რომლითაც განისაზღვრა 2020 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით კომპანიის დირექტორისგან შეძენილი მიწის ნაკვეთის (ს/კ:"------") საბაზრო ღირებულება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კომპანიის დირექტორისა და ამავდროულად დამფუძნებლისგან შეძენილი მიწის ნაკვეთის შემოწმებით განსაზღვრულ საბაზრო ღირებულებას, სარეალიზაციო და საბაზრო ფასს შორის სხვაობის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვას და აღნიშნულის გათვალისწინებით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის დამფუძნებელსა და დირექტორს,შეძენილი აქვს მიწის ნაკვეთი,რომლის ღირებულებაც შეადგენდა 83 000 დოლარს.2020 წლის 24 აგვისტოს კომპანიის დირექტორმა აღნიშნული მიწის ნაკვეთი მიჰყიდა მისსავე დაფუძნებულ კომპანიას.შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის საფუძველზე განისაზღვრა აღნიშნული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 2020 წლის აგვისტოს მდგომარეობით და დადგენილი იქნა საბაზრო ფასი 654 000 ლარის ოდენობით. სარეალიზაციო და საბაზრო ფასს შორის გამოვლენილი სხვაობა,განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დარიცხული თანხა 910 000 ლარის ოდენობით დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად მტკიცებულების სახით წარმოდგენილი მეორე საწარმოს შეფასების დასკვნა, რომლითაც განისაზღვრა 2020 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით კომპანიის დირექტორისგან შეძენილი მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
12,73(9),101,154.