გადაწყვეტილება №23586/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 01.10.2024
№ დოკუმენტი 23586/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23586/2/2024

01 ოქტომბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ის 29.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23586/2/2024).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 20.05.2024 წლის №056-20 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 24.07.2024 წლის №17345 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

209 954,08 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 130 214

დღგ - 75 079

საშემოსავლო გადასახადი - 54 307

ქონების გადასახადი - 828

ჯარიმა - 58 297

საურავი - 21 443,08

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადამხდელის ძირითადი საქმიანობაა ქალის, მამაკაცის და ბავშვის საცვლების იმპორტი და შემდგომი საბითუმო რეალიზაცია შიდა ბაზარზე, ე.წ. ,,--- ბაზრობაზე“. აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 1.03.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: გადამხდელმა შემოწმების მიმდინარეობისას წარმოადგინა იმპორტის სასაქონლო ინვოისები და საბანკო ამონაწერები. დეკლარირებული ფასნამატია 12% და საქონლის ასორტიმენტის ზოგიერთი დოკუმენტური ფასნამატი უარყოფითი ნიშნულისაა.

სალარო აპარატით საანგარიშო პერიოდში ამორტყმული ჩეკების ღირებულებით გაანალიზებული შემოსავლები მნიშვნელოვნად განსხვავდება დეკლარირებული შემოსავლისგან. გაირკვა, რომ გადამხდელი არ აწარმოებს საქმიანობის საბუღალტრო აღრიცხვას და შესაბამისად, ვერ ხერხდება რეალიზაციის შედეგად სალაროს აპარატის ჩეკებში დაფიქსირებული თანხისა და რეალიზებული საქონლის რაოდენობის და ასორტიმენტის იდენტიფიცირება (დაკავშირება).

შეუძლებელია არადოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატის განსაზღვრა. საგადასახადო შემოწმების მიზნებისთვის გადამხდელთან სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 28.02.2024 წლის №4343 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სრული ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის შესაბამისად დადგენილი საქონლის სარეალიზაციო ფასი თვითღირებულებაზე ნაკლებია. შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდი გაიზარდა 4.04.2024 წლამდე და გადამხდელს მოეთხოვა შესაბამისი პერიოდის საბანკო ანგარიშების ამონაწერების წარმოდგენა მომსახურე ბანკებიდან. ვინაიდან იმპორტირებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება ნაწილობრივ ხორციელდება ნაღდი ანგარიშსწორებით (აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მეწარმეს არ გააჩნდა), დოკუმენტურად დადასტურებული დანახარჯების შემოწმებით დაკორექტირდა დეკლარირებული დანახარჯები.

მეწარმეს აგრეთვე მოეთხოვა, დამოწმებული ინვოისების ან შედარების აქტის წარმოდგენა. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დადგინდა სარეალიზაციო საქონლის საშუალო შეწონილი ფასნამატი (აუდიტის დეპარტამენტში გადამხდელის ანალოგიური საქმიანობის, საქონლის იმპორტიორი და ე.წ. ,,---ზე“ საბითუმო რეალიზაციის მქონე კომპანიების საშუალო 52%) აუდირებული ფასნამატიდან. დეკლარირებული 2021- 2022 და 2023 წლების შემოსავალი 1 809 325 ლარი გაიზარდა 2 217 052 ლარამდე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა მეწარმის წლიური საშემოსავლო გადასახადი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80, მე-100, 102-ე, 159-ე, 160-ე და 164-ე მუხლების თანახმად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დამატებული ღირებულების გადასახადი, ასევე, განესაზღვრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 20.05.2024 წლის №056-20 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 24.07.2024 წლის №17345 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე100 მუხლის პირველ ნაწილზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინდივიდუალურ აღრიცხვას, შემოსავლები არ იდენტიფიცირდება საქონლის ერთეულისა და სახეობის მიხედვით და სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად.

კერძოდ, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად შემოწმების მიერ, დაჯგუფდა ერთი დასახელების საქონელი და განისაზღვრა იმპორტის თვითღირებულება. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი არგუმენტაცია/ მტკიცებულებები, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი .

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, სხვა საწარმოს მიერ მიღებული ბრუნვების/საშუალო ფასნამატის გათვალისწინებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას. აცხადებს, რომ უცნობია, რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული, რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობა მათი საქმიანობის იდენტური, ვისგან აქვს შეძენილი და რა ხარისხის საქონელს ყიდის. გადამხდელი მიუთითებს, რომ შემოწმებულ პერიოდში გამოწერილი აქვს სასაქონლო ზედნადებები 563 000 ლარის საქონელზე. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშება პრობლემას არ წარმოადგენდა. გადამხდელი აცხადებს, რომ რადგან მეწარმე ახორციელებს საბითუმო ვაჭრობას, შემმოწმებელი ვალდებული იყო, მათ შორის საგადასახადო ორგანოში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, მხოლოდ ჩეკით რეალიზებულ საქონელზე გაევრცელებინა მეწარმის დოკუმენტური ფასნამატი. ასევე აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმება არ ითვალისწინებს ინვენტარიზაციის ფასნამატს. გადამხდელი ითხოვს, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, ფასნამატის გაანგარიშებისას იხელმძღვანელოს მის მიერ რეალიზებული საქონლის დოკუმენტური ფასნამატით ან ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატით. საჩივარს ერთვის დოკუმენტური ფასნამატის ცხრილი, რომლითაც დასტურდება, რომ დოკუმენტური ფასნამატი ბევრად ნაკლებია, ვიდრე საცალოდ რეალიზებული ფასნამატი, შესაბამისად გაუგებარია, რატომ არ ეყრდნობა შემმოწმებელი გადამხდელის მონაცემებს, რომელიც სავსებით ლოგიკურია და ეყრდნობა მესამე პირიდან მიღებულ ინფორმაციას, რომლის ფასნამატი ყოველგვარ ლოგიკას არის მოკლებული. მათ შორის თუ შედარებას მოვახდენთ მეწარმის დოკუმენტურ ფასნამატთან, ანუ დოკუმენტური ფასნამატი არ უნდა იყოს ალოგიკურად დაბალი საცალო ფასნამატთან მიმართებაში.

ასევე მომჩივანი აღნიშნავს, რომ მეწარმეს შემოწმებულ პერიოდში ბიუჯეტში აქვს გადახდილი 413 653,89 ლარი, რაც ასევე მიუთითებს მის კეთილსინდისიერებაზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის 4 საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით და შესაბამისად, მეწარმის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 აგვისტოს №74677-21-14 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელმა შემოწმების მიმდინარეობისას წარმოადგინა იმპორტის სასაქონლო ინვოისები და საბანკო ამონაწერები.

დეკლარირებული ფასნამატია 12% და საქონლის ასორტიმენტის ზოგიერთი დოკუმენტური ფასნამატი უარყოფითი ნიშნულისაა. სალარო აპარატით საანგარიშო პერიოდში ამორტყმული ჩეკების ღირებულებით გაანალიზებული შემოსავლები მნიშვნელოვნად განსხვავდება დეკლარირებული შემოსავლისგან. გაირკვა, რომ გადამხდელი არ აწარმოებს საქმიანობის საბუღალტრო აღრიცხვას და შესაბამისად, ვერ ხერხდება რეალიზაციის შედეგად სალაროს აპარატის ჩეკებში დაფიქსირებული თანხისა და რეალიზებული საქონლის რაოდენობის და ასორტიმენტის იდენტიფიცირება (დაკავშირება).

შეუძლებელია არადოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატის განსაზღვრა. ვინაიდან იმპორტირებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება ნაწილობრივ ხორციელდება ნაღდი ანგარიშსწორებით (აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მეწარმეს არ გააჩნდა), დოკუმენტურად დადასტურებული დანახარჯების შემოწმებით დაკორექტირდა დეკლარირებული დანახარჯები.

მეწარმეს აგრეთვე მოეთხოვა, დამოწმებული ინვოისების ან შედარების აქტის წარმოდგენა. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დადგინდა სარეალიზაციო საქონლის საშუალო შეწონილი ფასნამატი (აუდიტის დეპარტამენტში 5 გადამხდელის ანალოგიური საქმიანობის, საქონლის იმპორტიორი და ე.წ. ,,---ს ბაზრობაზე“ საბითუმო რეალიზაციის მქონე კომპანიების საშუალო 52%) აუდირებული ფასნამატიდან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მართლზომიერია.

მომჩივანმა, როგორც წარმოდგენილ საჩივარში, ასევე საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ შემოწმებულ პერიოდში გამოწერილი აქვს სასაქონლო ზედნადებები 563 000 ლარის საქონელზე. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშება პრობლემას არ წარმოადგენდა. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ რადგან მეწარმე ახორციელებს საბითუმო ვაჭრობას, შემმოწმებელი ვალდებული იყო, მათ შორის საგადასახადო ორგანოში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, მხოლოდ ჩეკით რეალიზებულ საქონელზე გაევრცელებინა მეწარმის დოკუმენტური ფასნამატი.

ასევე აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმება არ ითვალისწინებს ინვენტარიზაციის ფასნამატს და აცხადებს, რომ დოკუმენტური ფასნამატი არის დაახლოებით 6%, ინვენტარიზაციის ფასნამატი არის 10% და მეწარმეს დეკლარირებული აქვს 12% ფასნამატი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 24.07.2024 წლის №17345 ბრძანება;

3. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დამადასტურებელი მტკიცებულებები;

4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბართზე;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა მეწარმის წლიური საშემოსავლო გადასახადი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80, მე-100, 102-ე, 159-ე, 160-ე და 164-ე მუხლების თანახმად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დამატებული ღირებულების გადასახადი, ასევე, განესაზღვრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 20.05.2024 წლის №056-20 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 24.07.2024 წლის №17345 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მომჩივანს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დამადასტურებელი მტკიცებულებები;

აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 102.