ბრძანება N 31096

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.12.2023
№ დოკუმენტი 31096
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 31096

12 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2023 წლის 6 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №122) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 6 ნოემბრის №84701/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ოქტომბრის №086-52 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით და აღნიშნავს, რომ შემოწმებას არ გაააჩნდა საფუძველი ეხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმებისთვის მიწოდებულ იქნა პროგრამა ორისი, რომელიც სრულ თანხვედრაში იყო საგადასახადო პორტალ RS.GE-ზე ასახულ ინფორმაციებთან, კერძოდ სასაქონლო ზედნადებებთან, ამორტყმულ ჩეკებთან და დეკლარაციებთან, ასევე ბანკისა და სალაროს მოძრაობასთან, რომლითაც გამოკვეთილი იყო სმფ-ს ნაშთები, ბას სტანდარტების მიხედვით ნაწარმოები იყო ბუღალტერია, ასევე კომპანია არ ყოფილა დაჯარიმებული ჩეკის გარეშე რეალიზაციისთვის. გადამხდელი აცხადებს, რომ შემმოწმებლებმა იგნორირება გაუკეთეს 2023 წლის 8 აგვისტოს აღიარებულ დანაკლისს დღგ-ის და მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციებში. ასევე, არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ საწარმო საქონლის რეალიზაციას ახდენდა ფიზიკურ პირებზე მნიშვნელოვანი ფასდაკლებით, ხოლო ჩეკის ამორტყმა ხდებოდა პერიოდულად. ამასთან, შპს „----------“ სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია განხორციელდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 21 სექტემბრის №23278 ბრძანების შესაბამისად, რომლის საფუძველზეც დანაკლისი ან ზედმეტობა არ გამოვლინდა. გადამხდელი აღნიშნავს, რომ კვერცხი არის სპეციფიკური პროდუქტი, რაზედაც შემოსავლების სამსახურის №3375 ბრძანებით დადგენილია კვეცხის საწარმოო დანაკარგი 3%-ის ოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას არ აქვს მეფრინველეობის ფერმა და არ არის კვერცხის მწარმოებელი, საქმიანობის სპეციფიკა მოიცავს ყველა იმ რგოლს, რომელსაც გადის კვერცხი მაღაზიის დახლამდე. აღნიშნული დანაკარგი აუდიტორების მიერ არ ყოფილა გათვალისწინებული. მიღებული შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, გადამხდელი აღნიშნავს, რომ კომპანია საქმიანობას ახორციელებდა დამფუძნებლის სახსრებით, რომელიც აღირიცხებოდა როგორც ვალდებულება დირექტორის მიმართ თანხით 627 589 ლარი. შესაბამისად, შემოსული თანხით მოხდა კრედიტორის გასტუმრება, რაც პროგრამა ორისში ასახულია შესაბამისი ბუღალტრული გატარებით. შედეგად, გადამხდელი ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას, მათ შორის საწარმოო დანაკარგის (3%) გათვალისწინებას და მიღებული შემოსავლის ჩათვლას კრედიტორული ვალის დაფარვად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 აგვისტოს №21310 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 7 მაისიდან 2023 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 9 ოქტომბრის №24921 ბრძანება და 10 ოქტომბრის №086-52 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 423 004 ლარი, მათ შორის, გადასახადი 265 963 ლარი, ჯარიმა 131 807 ლარი და საურავი 25 234 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს კვერცხით ვაჭრობა (ადგილობრივ ბაზარზე შეძენა და რეალიზაცია). შემოწმების მსვლელობისას შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა ორისი და სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია, ასევე, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ფულადი სახსრების მოძრაობა. შესწავლის შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს სრულად არ აქვს ასახული შემოსავლები შესაბამის დეკლარაციებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმების მიერ დადგენილ იქნა დღგ-ით დასაბეგრი დამატებითი ბრუნვები, ხოლო გამოვლენილი მიღებული შემოსავლები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, ჩათვლილ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად. გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილ იქნა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა და სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია, თუმცა გადამხდელის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ხორციელდებოდა ბუღალტრული აღრიცხვა (მათ შორის, არასწორად იქნა ასახული სმფ-ების ნაშთები), შესაბამისად, შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა ორისი და სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია, ასევე, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ფულადი სახსრების მოძრაობა, რომლითაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სრულად არ აქვს ასახული შემოსავლები შესაბამის დეკლარაციებში. კერძოდ, შემოწმებით გამოვლენილ იქნა დამატებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, რომელიც განხილულ იქნა რეალიზებულად პერიოდების მიხედვით პროპორციულად და მასზე გავრცელებულ იქნა დეკლარირებული ფასნამატი. ამასთან, გამოვლენილი მიღებული შემოსავლები ჩათვლილ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილ იქნა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა და სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია, თუმცა გადამხდელის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ხორციელდებოდა ბუღალტრული აღრიცხვა (მათ შორის, არასწორად იქნა ასახული სმფ-ების ნაშთები), შესაბამისად, შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა ორისი და სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია, ასევე, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ფულადი სახსრების მოძრაობა, რომლითაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სრულად არ აქვს ასახული შემოსავლები შესაბამის დეკლარაციებში. კერძოდ, შემოწმებით გამოვლენილ იქნა დამატებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, რომელიც განხილულ იქნა რეალიზებულად პერიოდების მიხედვით პროპორციულად და მასზე გავრცელებულ იქნა დეკლარირებული ფასნამატი. ამასთან, გამოვლენილი მიღებული შემოსავლები ჩათვლილ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა“„ბ“); 163(1); 164(1); 275.