გადაწყვეტილება №25785/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.11.2025
№ დოკუმენტი 25785/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25785/2/2025

26 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------”-ის 3.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25785/2/2025).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით;

2. ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად დარჩენილი ფულის ნაშთის, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 16 ივნისის N086-18 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 6.08.2025 წლის №17764 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 214 587,08 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 129 094,03

დღგ - 49 426,23

საშემოსავლო გადასახადი - 79 667,80

ჯარიმა - 64 547,10

საურავი - 20 945,95

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2024 წლის 30 აპრილიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 13 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 2025 წლის 16 ივნისის №12515 ბრძანება და ამავე თარიღის №086-18 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 6.08.2025 წლის №17764 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით

ფაქტების აღწერა

მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2024 წლის 30 აპრილს. ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს. 2024 წლის მაისში, ივნისსა და ივლისში განხორციელებული აქვს ფეხსაცმლისა და ფეხსაცმლის შესაკერი მასალების ------- იმპორტი, სულ ღირებულებით 415 643.17 ლარი. წარდგენილი აქვს დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციები, სადაც საქონლის რეალიზაციით დასაბეგრი 18%-იანი ბრუნვა დაფიქსირებული აქვს 416 210.77 ლარის ოდენობით. ასევე წარმოდგენილია მოგების გადასახადის ნულოვანი დეკლარაციები, ხოლო გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციებით დეკლარირებული და დაბეგრილი აქვს გაცემული ხელფასი სულ 1 550 ლარის ოდენობით.

გადასახადის გადამხდელის განმარტებით, საქონლის რეალიზაციას ახდენდა სოფელ ------- და თბილისში, ტრანსპორტიდან, საცალოდ 5%-დან 7%-მდე ფასნამატით. რეალიზაცია ხდებოდა სრულად ნაღდი ანგარიშსწორებით, თუმცა არ ჰქონდა რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატი. მისივე განმარტებით, საქონლის, ძირითადი საშუალებების, დებიტორ-კრედიტორებისა და ნაღდი ფულის საწყისი და საბოლოო ნაშთები 0-ის ტოლია.

შემოწმებით დადგინდა, რომ სმფ-ების ჩამოწერა/რეალიზაცია არ არის აღრიცხული საქონლის სახეობებისა და რაოდენობის ჭრილში, ვერ ხერხდება კონკრეტული ოპერაციების მიმდინარეობის კონტროლი. საწარმოს არ აქვს გამოწერილი რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ან/და სხვა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა დოკუმენტური ფასნამატის დადგენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა და შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის შემოსავლები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელთან საცალო რეალიზაციაზე დაფიქსირებული აუდირებული ფასნამატის გამოყენებით, ხოლო იმ საქონელზე, რაზეც არ მოიპოვება იდენტური საქონლის ფასნამატი, გამოყენებული იქნა მსგავსი სპეციფიკაციის მქონე სხვა ჯგუფის ფასნამატი.

შედეგად, დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით გამოვლენილი სხვაობაზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე. 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე. 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

------- შემოტანილია 415 643,17 ლარის ღირებულების საქონელი, რომლის რეალიზაცია ხდებოდა ზედნადებების და სალარო აპარატის ქვითრების გარეშე, რაც კომპანიის მხრიდან დარღვევაა, თუმცა შემოსავლების სამსახურის მიერ უსამართლოდ დიდი გადასახადი იქნა დაკისრებული 199 705 ლარი, გაუგებარია რა მეთოდით იქნა არაპირდაპირი გზით ფასნამატის განსაზღვრა, ბაზარზე არსებული რამდენი მსგავსი საქმიანობის მქონე ორგანიზაცია იქნა მოკვლეული, ან საერთოდ რამდენი პროცენტით განისაზღვრა ფასნამატი. შპს ფაქტიურად არ უნახია მოგება და მხოლოდ 5 პროცენტიანი ფასნამატით ახდენდა რეალიზაციას.

შესაბამისად გამოყენებული უნდა იქნას აღნიშნული ფასნამატი და აქედან გამოანგარიშდეს ყველა სახის გადასახადი, ჯარიმა და საურავი, ბრძანებაში აღნიშნული არ არის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის რომელი ნაწილი იქნა დაჯარიმებული კომპანია. სრულიად უკანონოა და მიუღებელია 398 339 ლარის დირექტორის ხელფასად განსაზღვრა, მაშინ როდესაც 415 643,17 ლარის წარმოადგენს ორგანიზაციის ხარჯს, რაც რატომღაც არ არის გათვალისწინებული შემოსავლების სამსახურის მიერ.

ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 16 ივნისის საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის, კერძოდ, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელთან საცალო რეალიზაციაზე დაფიქსირებული აუდირებული ფასნამატის გამოყენებით, ხოლო იმ საქონელზე, რაზეც არ მოიპოვება იდენტური საქონლის ფასნამატი, გამოყენებული იქნა მსგავსი სპეციფიკაციის მქონე სხვა ჯგუფის ფასნამატი.

მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, არ ჰქონდა საკონტროლო-სალარო აპარატი. ამასთან, საინვოისო ღირებულების გათვალისწინებით მოხდა ფასნამატის გაანგარიშება და შესაბამისად რეალიზებულ საქონელზე გაავრცელა აღნიშნული ფასნამატი.

იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ რაიმე სახის მტკიცებულებას, რითაც საგადასახადო ორგანოს მიერ დასახელებული არგუმენტების და შემოწმების აქტით დადგენილი გარემოებების შეცვლის, დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია.

 

2. ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად დარჩენილი ფულის ნაშთის, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა

შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და სხვა მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ერთიანი ანგარიში. გადამხდელის ახსნაგანმარტებისა და საგადასახადო მონიტორინგის მიერ მასთან ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციის შედეგად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დებიტორული და კრედიტორული დავალიანების, ასევე ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. გამომდინარე აქედან, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად გაანგარიშებული ფულის ნაშთი, 398 339 ლარის ოდენობით, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე შეეფარდა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის არგუმენტები მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგენილია, რომ ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად გაანგარიშებული ფულის ნაშთი, 398 339 ლარის ოდენობით, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

მომჩივანს მიაჩნია, რომ გამოყენებული უნდა იქნეს მის მიერ მითითებული ფასნამატი (5%) და აქედან გამოანგარიშდეს ყველა სახის გადასახადი, ჯარიმა და საურავი. დირექტორის ხელფასად განისაზღვრა 398 339 ლარი, მაშინ როდესაც 415 643,17 ლარი წარმოადგენს ორგანიზაციის ხარჯს, რაც არ არის გათვალისწინებული შემოსავლების სამსახურის მიერ.

მომჩივნის არგუმენტი, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, ხელფასად განხილული თანხის ხარჯად განსაზღვრასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა, ვინაიდან მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე განაცხადა, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გათვალისწინებულია საქონლის საინვოისო ღირებულება ხარჯებში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, ვინაიდან არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავალი მომჩივანს არ ჰქონდა აღრიცხული და შესაბამისად დეკლარირებული, ამასთან არც ფაქტიურად გააჩნდა, მართლზომიერად ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.