გადაწყვეტილება №21112/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21112/2/2023
15 დეკემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "-------" (პ/ნ "-------")
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-----"-ის 19.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21112/2/2023).
დავის საგანი:
საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 30.05.2023 წლის №EL211309 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 6.10.2023 წლის №24683 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 1 638.46 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
2022 წლის 25 ივნისს შპს "-------"-ის (ს/ნ "-------" ) მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე "-------"-ის სახელზე დამისამართებული №"-------" საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, რომელიც საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილი იყო დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხით.
საბაჟო პროცედურების განხორციელებისას აღნიშნული გზავნილი ღირებულების დადგენის მიზნით, შეჩერდა მებაჟე-ოფიცრის მიერ.
2022 წლის 4 აგვისტოს შპს "-------"-მა №"-------" განცხადებით საბაჟო დეპარტამენტს და აცნობა, რომ "-------"-ის ნაცვლად, გზავნილის მიმღებს წარმოადგენდა მომჩივანი , რომელმაც მოითხოვა №"-------"საფოსტო გზავნილზე ექსპერტიზის ჩატარება. საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2022 წლის 5 აგვისტოს №006578/2022 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საქონლის (9 ცალი მ/მ გიტარა, 1 ცალი მ/მ რბილი სათამაშო, 1 ცალი სინტიფონი) საბაჟო ღირებულება განისაზღვრა 3 525 აშშ დოლარით.
საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე, აღნიშნული გზავნილი დაექვემდებარა სავალდებულო დეკლარირებას.
შპს "-------"-ის 2023 წლის 11 მაისის №"-------" განცხადებით ცნობილი გახდა, რომ №"-------"საფოსტო გზავნილი მომჩივანს ჩაბარდა დეკლარირების გარეშე.
გამოვლენილი ფაქტზე საბაჟო დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 30 მაისის №EL211309 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შპს "-------"-თან ერთად სოლიდარულად დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა - ჯარიმა 1 638.46 ლარის ოდენობით. ამასთან, 2023 წლის 30 მაისის №EL11114/31 საგადასახადო მოთხოვნით, მომჩივანს იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა 1 697.44 ლარი (მათ შორის დღგ 1 638.46 ლარი და საურავი 58.98 ლარი).
აღნიშნული ოქმი 15.09.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 6.10.2023 წლის №24683 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მითითებს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლზე, 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, 163-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 172-ე მუხლზე და დადგინდა, რომ 2022 წლის 25 ივნისს შპს "-------"-ის მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე №"-------"საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, რომელიც საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილი იყო დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხით. შპს "-------"-ის №"-------" განცხადებით ცნობილი გახდა, რომ № "-------" საფოსტო გზავნილი მომჩივანს ჩაბარდა დეკლარირების გარეშე. შესაბამისად, ადგილი აქვს ისეთ ქმედებას, რამაც საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა გამოიწვია, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამდენად, მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 172-ე მუხლის შესაბამისად, პასუხისმგებლობის სოლიდარულად დაკისრება მართლზომიერია. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ არ განხორციელებულა ისეთი ქმედება, რამაც მისი უკანონო განკარგვა გამოიწვია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო ორგანომ არ დააკმაყოფილა მისი საჩივარი, ამიტომ მომართავს საბჭოს და განმარტავს, რომ როდესაც ჩაბარდა სადავო ბრძანება, ორი ფურცელი იმის განმარტებას ეთმობოდა, თუ რომელი საბაჟო ტერმინი რას ნიშნავს, რაც მისთვის არასაჭირო და არასაინტერესოა. ჩამოუვიდა ნივთები, გადაიხადა განბაჟების თანხა, მივიდა ოპერატორთან, წამოიღო ნივთები სახლში და ვერ ხვდება, თუ რატომ დაეკისრა ჯარიმა. მებაჟე ოფიცრის მიერ დადგინდა საქონლის საბაჟო ღირებულება, რაც გადაიხადა და საბაჟოს დეპარტამენტის მიმართ არანაირი დავალიანება არ გააჩნდა. აცხადებს, რომ როგორც შემოსავლების სამსახურის ბრძანებაშია მითითებული, თუკი საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ნივთი განკარგა შპს"-------"-მა , თავად არაფერ შუაშია, უბრალოდ ნივთები ჩამოუტანა ფოსტამ, საბაჟო ღირებულება დადგინდა, დღგ გადაიხადა და ამით დაასრულა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, დეკლარანტი არის პირი, რომელიც საბაჟო ორგანოს თავისი სახელით წარუდგენს საბაჟო დეკლარაციას, დროებით შენახვის დეკლარაციას, საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციას, საქონლის გატანის ზოგად დეკლარაციას, რეექსპორტის დეკლარაციას ან რეექსპორტის შეტყობინებას, ან პირი, რომლის სახელითაც საბაჟო ორგანოს წარედგინება შესაბამისი დეკლარაცია ან შეტყობინება.
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1.საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
2.საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
დადგენილია, რომ გადამზიდავი კომპანიის მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მომჩივნის (მის ნაცვლად თავდაპირველად მითითებული "-------"-ის ) სახელზე დამისამართებული №"-------" საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, რომელიც საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილი იყო დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხით. საბაჟო პროცედურების განხორციელების შედეგად საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრა 3 525 აშშ დოლარი. შესაბამისად, გზავნილი დაექვემდებარა სავალდებულო დეკლარირებას.
2023 წლის 11 მაისის შპს "-------"-ის № "-------" განცხადებით ცნობილი გახდა, რომ № "-------"საფოსტო გზავნილი მომჩივანს ჩაბარდა დეკლარირების გარეშე.
მომჩივანი მიუთითებს, რომ ჩამოუვიდა ნივთები, გადაიხადა განბაჟების თანხა, მივიდა ოპერატორთან, წამოიღო ნივთები სახლში და ვერ ხვდება, თუ რატომ დაეკისრა ჯარიმა. მებაჟე ოფიცრის მიერ დადგინდა საქონლის საბაჟო ღირებულება, რაც გადაიხადა და საბაჟოს დეპარტამენტის მიმართ არანაირი დავალიანება არ გააჩნდა. აცხადებს, რომ როგორც შემოსავლების სამსახურის ბრძანებაშია მითითებული, თუკი საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ნივთი განკარგა შპს "-------"-მა , თავად არაფერ შუაშია, უბრალოდ ნივთები ჩამოუტანა ფოსტამ, საბაჟო ღირებულება დადგინდა, გადაიხადა დღგ და ამით დაასრულა.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის არგუმენტზე საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მომჩივანს გადახდილი აქვს 5.09.2022 წელს დღგ-ის თანხა, თუმცა საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე სავალდებულო დეკლარირება არ განხორციელებულა.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მომჩივანი საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს საბაჟო დეპარტამენტის 30.05.2023 წლის №EL211309 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისაგან;
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მომჩივანის სახელზე დამისამართებული საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, რომელიც საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილი იყო დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხით.
საბაჟო პროცედურების განხორციელებისას აღნიშნული გზავნილი ღირებულების დადგენის მიზნით, შეჩერდა მებაჟე-ოფიცრის მიერ.
საწარმომ განცხადებით საბაჟო დეპარტამენტს და აცნობა, რომ სხვა ფიზიკური პირის ნაცვლად, გზავნილის მიმღებს წარმოადგენდა მომჩივანი , რომელმაც მოითხოვა საფოსტო გზავნილზე ექსპერტიზის ჩატარება.საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე, აღნიშნული გზავნილი დაექვემდებარა სავალდებულო დეკლარირებას.გამოვლენილი ფაქტზე საბაჟო დეპარტამენტის მიერ მომჩივანს საწარმოსთან ერთად სოლიდარულად დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა - ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მომჩივანი საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისგან.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
70,163(11),172.