გადაწყვეტილება №19774/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19774/2/2023
04 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ ------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ს 24.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19774/2/2023).
დავის საგანი:
1. 2019 წლამდე წარმოქმნილი დებიტორული დავალიანების, საწესდებო კაპიტალში არსებული თანხების გათვალისწინებით, დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2.12.2022 წლის №002-217 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9899 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 601 026 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 291 899
მიწა-არასასოფლო - 63
მოგების გადასახადი - 66 381
საშემოსავლო გადასახადი - 225 355
ქონების გადასახადი - 100
ჯარიმა - 155 168
საურავი - 153 959
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა - რეალიზაცია.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 29 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 2 დეკემბრის №30379 ბრძანება და №002-217 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9899 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. 2019 წლამდე წარმოქმნილი დებიტორული დავალიანების, საწესდებო კაპიტალში არსებული თანხების გათვალისწინებით, დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელს აშენებული აქვს რვასართულიანი საცხოვრებელი კორპუსი -----ში, -----ის ქ. №---ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ------). მშენებლობა დასრულებულია და ნაგებობა შესულია ექსპლუატაციაში, საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია დაწყებულია 2017 წლიდან, რომლის ძირითადი ნაწილი რეალიზებულია შესამოწმებელ პერიოდამდე. გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს პროგრამა ინფო ბუღალტერიაში. შემოწმებით, საჯარო და სამეწარმეო რეესტრის მონაცემების, საბანკო ამონაწერების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, ხელშეკრულებების და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული სხვა ინფორმაციის შესწავლით გაირკვა, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას რეალიზებული აქვს საცხოვრებელი ბინები და ავტოფარეხები დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე, აღნიშნული ოპერაციები ასახულია როგორც საჯარო რეესტრში, ასევე ბუღალტერიაში (ინფო ბუღალტერია), რაც დაბეგრილია შესაბამის პერიოდებში დღგ-ით. შემოწმებით გაირკვა, რომ დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე რეალიზებულია ბინები, რომელთა ღირებულება კომპანიას უფიქსირდება დებიტორულ დავალიანებად 1 446 900 ლარის ოდენობით, მათ შორის, 990 300 ლარი წარმოშობილია შესამოწმებელ პერიოდამდე (2018 წლიდან), ხოლო 456 600 ლარი შესამოწმებელ პერიოდში.
საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი განმარტებებისა და კრების ოქმების თანახმად, ზემოაღნიშნული დებიტორული დავალიანება დაკვალიფიცირდა კომპანიის მიერ განაწილებულ მოგებად და შესაბამისად, გაცემულ დივიდენდებად. ასევე, დებიტორული დავალიანების ნაწილი განხილული იქნა პასუხისმგებელ პირზე ხელფასის სახით განაცემად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა შესაბამისი გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-19 მუხლის პირველ ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 491 მუხლზე, 73-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე 2019 წლამდე ბინების მიწოდებით წარმოქმნილი დებიტორული დავალიანების შესაბამის პერიოდში სრულად დაფარვასთან მიმართებით, ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას. რომელიც ძირითადად ეყრდნობა შემდეგ არგუმენტებს:
1. აღნიშნული თანხები გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საბუღალტრო პროგრამასა და ხელმოწერილ ბრუნვით უწყისებში დაფიქსირებულია, როგორც დებიტორული დავალიანება;
2. დივიდენდების გაცემა არ დასტურდება არც საბანკო ამონაწერებში და არც თავდაპირველად შემოწმებისათვის წარმოდგენილ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში;
3.აღნიშნული თანხები გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის დაბეგრილი კანონმდებლობის შესაბამისად.
პირველ არგუმენტთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ბრუნვითი უწყისები ამოკრეფილია საბუღალტრო პროგრამიდან, ხოლო თავად საბუღალტრო პროგრამაში სამეურნეო ოპერაციები სრულად არ იყო ასახული. აღნიშნული მათთვის ცნობილი გახდა შემოწმების დასრულების შემდეგ, რის გამოც მიიღეს გადაწყვეტილება ბუღალტრისათვის მთავარი ბუღალტრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ხოლო შემოწმებას მაშინვე მიაწოდეს საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, რაც გამორჩენილი იყო ბუღალტრულ პროგრამაში.
მე-2 არგუმენტთან დაკავშირებით შენიშნავს, რომ დივიდენდები არ გატანილა საბანკო გადარიცხვით, შესაბამისად ის ვერ გამოჩნდებოდა საბანკო ამონაწერში. დივიდენდები სრულად გაიცა სალაროს გასავლის ორდერებით შესაბამის პერიოდებში, რაც ასევე წარედგინა შემოწმებას.
რაც შეეხება მე-3 არგუმენტს, ხანდაზმულ პერიოდში საგადასახადო შემოწმებას ადგილი არ ჰქონია. ამდენად, გაუგებარია რის საფუძველზე აცხადებს შემოსავლების სამსახური, თითქოს აღნიშნული თანხები დაბეგრილი არ არის. ამასთან, თუნდაც თუ დავუშვებთ, რომ გაცემული თანხები ხანდაზმულ პერიოდში არ დაბეგრილა, მაშინ ამ თანხებისთვის დასაბეგრი პერიოდის შეცვლა ერთის მხრივ არღვევს ხანდაზმულობის შესახებ საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მოთხოვნებს, ამასთან ასევე არღვევს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილისა (დივიდენდების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან) და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებსაც, რომლის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: ზ) რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
ამდენად, ვერ შევა იმის განხილვაში, იყო თუ არა ეს განაცემები დაბეგრილი ხანდაზმულ პერიოდში, რამდენადაც ხანდაზმულ პერიოდთან დაკავშირებით, როგორც მათი მხრიდან ზედმეტად გადახდილი გადასახადის, ასევე სახელმწიფოს მხრიდან არასრულად დეკლარირებული თანხების მოთხოვნა მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს.
დამატებით აღნიშნავს, რომ დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე 2019 წლამდე ბინების მიწოდებით წარმოქმნილი დებიტორული დავალიანება სრულად დაიფარა შესაბამის პერიოდში და მიღებული თანხები, ფინანსური შედეგების გათვალისწინებით, განაწილდა დივიდენდად დამფუძნებლებზე. აღნიშნულს ადასტურებს უძრავი ქონების დამფუძნებლებზე მიწოდების ხელშეკრულებები, სადაც მითითებულია ვალდებულების დაფარვის ვადები და პირობები, სალაროს შემოსავლის ორდერები, რაც ადასტურებს დამფუძნებელი ფიზიკური პირებისგან ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად ვალდებულებების დაფარვას, დამფუძნებელთა კრების ოქმები დივიდენდის გატანის შესახებ და სალაროს გასავლის ორდერები, რითაც დასტურდება დივიდენდების გატანა 2019 წლამდე პერიოდში.
ასევე, ვერ დაეთანხმება შემოსავლების სამსახურს იმ ნაწილშიც, რომ თითქოს „გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება“.
მიაჩნია, რომ შემოწმებას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი ხანდაზმული პერიოდის განაცემების მიმდინარე პერიოდში დასაბეგრად და ასეთად განხორციელების შემთხვევაშიც კი თვლის, რომ იმსახურებს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო სანქციებისგან გათავისუფლებას, ვინაიდან საქმე ეხება წარსული პერიოდის განაცემების მიმდინარე პერიოდში დაბეგვრას, რის შესახებაც არ ქონდა და ვერც ექნებოდა მოლოდინი წარსული პერიოდის განაცემების მიმდინარე პერიოდში დაბეგვრის აუცილებლობის შესახებ.
ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს ხანდაზმული პერიოდის დივიდენდების შესამოწმებელ პერიოდში ხელფასად დაკვალიფიცირებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას. ამასთან აღნიშნავს, რომ მიზნად არასდროს დაუსახავს გადასახადებისგან თავის არიდება, ყველა შესაძლო დარღვევა გამოწვეულია აღრიცხვაში არსებული ტექნიკური ხარვეზებით, რის გამოც ითხოვს, დაკისრებული სანქციის გაუქმებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგებისას შემოსავლები და ხარჯები ისე უნდა განაწილდეს, როგორც დამოუკიდებელ პირებს შორის დადებული გარიგების დროს. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო, მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს როგორც შესამოწმებელ პერიოდამდე, ასევე შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული აქვს საცხოვრებელი ბინები და ავტოფარეხები დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე, აღნიშნული ოპერაციები ასახულია როგორც საჯარო რეესტრში, ასევე ბუღალტერიაში (ინფო ბუღალტერია), რაც დაბეგრილია შესაბამის პერიოდებში დღგ-ით. შემოწმებით გაირკვა, რომ დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე რეალიზებული ბინების ღირებულება კომპანიას უფიქსირდება დებიტორულ დავალიანებად, მათ შორის ნაწილი შესამოწმებელ პერიოდამდე (2018 წლიდან), ხოლო ნაწილი შესამოწმებელ პერიოდში. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი განმარტებებისა და კრების ოქმების თანახმად, ზემოაღნიშნული დებიტორული დავალიანება დაკვალიფიცირდა კომპანიის მიერ განაწილებულ მოგებად და შესაბამისად, გაცემულ დივიდენდებად. ასევე, დებიტორული დავალიანების ნაწილი განიხილა პასუხისმგებელ პირზე ხელფასის სახით განაცემად.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ შემოწმების აქტის პროექტის გაცნობის შემდეგ, კომპანიის მიერ წარდგენილ იქნა კრების ოქმები აღნიშნული დებიტორული თანხის დივიდენდებად განაწილების შესახებ, ნაწილის შესამოწმებელ პერიოდში, ნაწილის კი ხანდაზმულ პერიოდში, თუმცა გადასახადის გადამხდელის წარდგენილი ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ დივიდენდების გაცემა არ დასტურდება არც საბანკო ამონაწერებში და არც თავდაპირველად შემოწმებისათვის წარდგენილ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში. ამასთან, აღნიშნული თანხები გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის დაბეგრილი კანონმდებლობის შესაბამისად.
მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და მასში ჩამოყალიბებულ პოზიციებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ დივიდენდები არ გატანილა საბანკო გადარიცხვით, შესაბამისად ის ვერ გამოჩნდებოდა საბანკო ამონაწერში. დივიდენდები სრულად გაიცა სალაროს გასავლის ორდერებით შესაბამის პერიოდებში, რაც ასევე წარედგინა შემოწმებას. დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე 2019 წლამდე ბინების მიწოდებით წარმოქმნილი დებიტორული დავალიანება სრულად დაიფარა შესაბამის პერიოდში და მიღებული თანხები, ფინანსური შედეგების გათვალისწინებით, განაწილდა დივიდენდად დამფუძნებლებზე. აღნიშნულს ადასტურებს უძრავი ქონების დამფუძნებლებზე მიწოდების ხელშეკრულებები, სადაც მითითებულია ვალდებულების დაფარვის ვადები და პირობები, სალაროს შემოსავლის ორდერები, რაც ადასტურებს დამფუძნებელი ფიზიკური პირებისგან ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად ვალდებულებების დაფარვას, დამფუძნებელთა კრების ოქმები დივიდენდის გატანის შესახებ და სალაროს გასავლის ორდერები, რითაც დასტურდება დივიდენდების გატანა 2019 წლამდე პერიოდში.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ხანდაზმულ კერძოდ, 2019 წლამდე პერიოდში დამფუძნებლებს მიეწოდათ ბინები და შესაბამის პერიოდში აღნიშნული მიწოდება დაიბეგრა დღგ-ით, აქტში აღნიშნული მოხსენიებულია, რომ 2019 წლის 1 იანვრამდე გადასახადის გადამხდელს ერიცხება დებიტორული დავალიანება, მოთხოვნა დამფუძნებლების მიმართ. დამფუძნებელმა გადაიხადა, მაგრამ ბუღალტრულად არ იყო აღრიცხული თანხები, შემოწმებამ რომ დაინახა თანხის ნაწილი ფიქსირდებოდა მოთხოვნებში, განიხილა გასტუმრებულად, ჩათვალა 2019 წლის 1 იანვრამდე მიღებულად და დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნული რომ დაბეგრილია წინა პერიოდში, ადასტურებს მათ მიერ წარდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერები, რაც ადასტურებს დამფუძნებელი ფიზიკური პირების მიერ ხელშეკრულების შესაბამისად ვალდებულებების დაფარვას და გასავლის ორდერები, რაც ადასტურებს დივიდენდის 2019 წლამდე გატანას, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომელშიც დაფიქსირებულია საბოლოოო ანგარიშის თარიღები და კრების ოქმები დივიდენდის გატანის შესახებ.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შემოწმების პერიოდში წარდგენილი იქნა მხოლოდ ბუღალტრული პროგრამა, რომლის შესწავლით დადგინდა დამფუძნებლებზე ბინების მიწოდება, რომელიც დღგ-ით დაბეგრილია, დაფიქსირებული იყო მხოლოდ დებიტორული დავალიანება. შემოწმების აქტის პროექტის გაცნობის შემდგომ წარმოადგინა მომჩივანმა კრების ოქმები და ყველა ის დოკუმენტი, რაზეც აპელირებს წარმომადგენელი, აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე მიიჩნევენ, რომ გამოვლენილი თანხა იყო ძველ პერიოდში დაბეგრილი, თუმცა არანაირი დოკუმენტი ან დასაყრდენი რასაც აღნიშნულს დაადასტურებდა არ წარდგენილა შემოწმებისათვის, ამდენად ნაწილი დივიდენდად ჩაითვალა, ხოლო გამოვლენილი სხვაობა, რომელიც არც ძველ პერიოდში და არც მომდევნო პერიოდში არ იყო დეკლარირებული, აღნიშნული დივიდენდად ვერ ჩაითვლებოდა, რადგან რამდენიმე დამფუძნებელი იყო, აღნიშნულზე არ გააჩნდა არც მათი თანხმობა, ასევე მტკიცებულება, ამიტომ 805 300 ლარი ჩაითვალა ხელფასად (ამასთან, რაც კაპიტალში შენატანი იყო გათვალიწინებულ იქნა), ხოლო 456 000 ლარი (ბინების ღირებულებას და გადახდილ თანხებს შორის სხვაობა) ჩაითვალა დივიდენდად, მათი წერილობითი ახსნა- განმარტების საფუძველზე. თანხებზე არ დავობს მომჩივანი, ეთანხმება, მაგრამ აღნიშნავს, რომ 805 000 ლარი 2019 წლის 1 იანვრამდე პერიოდშია დაბეგრილიო, მაგრამ არანაირი მტკიცებულება, ბანკის ამონაწერი რაც აღნიშნულს დაადასტურებდა არ იქნა წარმოდგენილი არც დავის ეტაპზე და არც ამჟამად.
საქმესთან არსებული მასალებისა, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მხარეთა არგუმენტაციის შეფასების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა 155 168 ლარი და საურავი 153 959.49 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-7 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
დაფიქსირებულია პირველი სადავო საკითხის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.
ვინაიდან სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული საფუძვლები, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. 2019 წლამდე წარმოქმნილი დებიტორული დავალიანების, საწესდებო კაპიტალში არსებული თანხების გათვალისწინებით, დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელს აშენებული აქვს რვასართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. მშენებლობა დასრულებულია და ნაგებობა შესულია ექსპლუატაციაში, საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია დაწყებულია 2017 წლიდან, რომლის ძირითადი ნაწილი რეალიზებულია შესამოწმებელ პერიოდამდე. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას რეალიზებული აქვს საცხოვრებელი ბინები და ავტოფარეხები დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე, აღნიშნული ოპერაციები ასახულია როგორც საჯარო რეესტრში, ასევე ბუღალტერიაში (ინფო ბუღალტერია), რაც დაბეგრილია შესაბამის პერიოდებში დღგ-ით. შემოწმებით გაირკვა, რომ დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე რეალიზებულია ბინები, რომელთა ღირებულება კომპანიას უფიქსირდება დებიტორულ დავალიანებად 1 446 900 ლარის ოდენობით, მათ შორის, 990 300 ლარი წარმოშობილია შესამოწმებელ პერიოდამდე (2018 წლიდან), ხოლო 456 600 ლარი შესამოწმებელ პერიოდში. შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი განმარტებებისა და კრების ოქმების თანახმად, ზემოაღნიშნული დებიტორული დავალიანება დაკვალიფიცირდა კომპანიის მიერ განაწილებულ მოგებად და შესაბამისად, გაცემულ დივიდენდებად. ასევე, დებიტორული დავალიანების ნაწილი განხილული იქნა პასუხისმგებელ პირზე ხელფასის სახით განაცემად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა შესაბამისი გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა 155 168 ლარი და საურავი 153 959.49 ლარის ოდენობით.
ზემოთ აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9899 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 19(1), 61(3), 73(4)(6)(9"ბ"), 101(1), 154(1"ა"), 269(7).