ბრძანება N 3208

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 24.02.2025
№ დოკუმენტი 3208
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 3208

24 თებერვალი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“(ს/ნ ------)

(მის.:---------)

2025 წლის 23 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 6 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №11) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ ------) 2025 წლის 23 იანვრის №9008/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 დეკემბრის №081-264 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ შემმოწმებლისთვის ვერ მოხერხდა სრული და ზუსტი კალკულაციების გაგზავნა და რეალური სურათის ამსახველი ციფრების გამოყვანა, თუ რამდენი ნედლეული იხარჯებოდა ამა თუ იმ მზა საკვების მისაღებად, ამასთან, გადამხდელის განმარტებით საჩივარზე თანდართულია აღნიშნული კალკულაციის დაზუსტებული ვერსია, რომლის გათვალისწინებაც მნიშვნელოვნად შეამცირებს შემოწმების მიერ განსაზღვრულ დასაბეგრ ბრუნვას. გადამხდელი ასევე მიუთითებს საქმიანობის სპეციფიკასა და სხვა რესტორნებისგან განსხვავეული მომსახურების მომხმარებლებისთვის შეთავაზებაზე და განმარტავს, რომ კომპანიის მიერ ოპერირებადი რესტორანი მთელი სამუშაო დღის განმავლობაში ამზადებს კერძებს, ათავსებს დახლში, რომლის მეშვეობით რესტორანს აქვს შესაძლებლობა მომხმარებელს მცირე დროში მიაწოდოს მზა კერძი, თუმცა სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნებისა და მითითებების გათვალისწინებით, დღის ბოლოს ხდება მზა კერძების გატანა დახლიდან და გადაყრა ნაგავსაყრელზე, რაც გასათვალისწინებელია რეალიზებულად განხილულ საქონელთან მიმართებაში.

2. გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმება განხორციელდა იმ პერიოდზე, რომელზეც ნულოვანი საგადასახადო დეკლარაცია იყო წარდგენილი, შესაბამისად ვერ მოხერხდა დეკლარაციის დაზუსტება, თუმცა ბიუჯეტში თანხები უკვე გადახდილი იყო. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული ჯარიმა/საურავის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 8 აგვისტოს №18414 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 25 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 27 დეკემბრის №27605 ბრძანება და ამავე თარიღის №081-264 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 050 419 ლარი, მათ შორის გადასახადი 605 450 ლარი, ჯარიმა 303 954 ლარი და საურავი 141 015 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის დამუშავების შედეგად დგინდება, რომ შპს „-------“ საქმიანობის საგანია სარესტორნო საქმიანობა. გადასახადის გადამხდელი საქმიანობას ეწევა -------, ------ იჯარით აღებულ ფართში (საიჯარო ფართი 300 კვ.მ), რომელიც სრული დატვირთვის შემთხვევაში გათვლილია 150 მომხმარებელზე. საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებით შემოწმების მიერ დამუშავებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციები და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, რომლის ანალიზის თანახმადაც დგინდება, რომ საწარმოს მიერ დეკლარირებული ფასნამატი შესამოწმებელ პერიოდში შეადგენს 90%-ს. საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებულია ორი ბუღალტრული პროგრამა, 2023 წლის მაისის თვის საანგარიშო პერიოდამდე „------“ და 2023 წლის მაისის საანგარიშო პერიოდიდან შესამოწმებელი პერიოდის დასრულებამდე „-------“. აღნიშნულის ანალიზის თანახმად, შემოწმებისათვის შეუძლებელი გახდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა და დეკლარირებული ბრუნვების გადამოწმება, რადგან წარმოდგენილი ინფორმაცია არ იძლეოდა შესაძლებლობას შემოწმებას განესაზღვრა რეალიზებული მზა საკვების რაოდენობა და მათ წარმოებაზე პირდაპირ მიკუთვნებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობა და თვითღირებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას დამატებით წარმოუდგინა ძირითადი სარეალიზაციო კერძების რეცეპტები და მის წარმოებაზე საჭირო კალკულაციები. ამასთანავე, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ დამუშავებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობები და დაყოფილ იქნა სახეობების მიხედვით, კერძოდ: საკვების საწარმოებლად საჭირო სახეობები, სასმელები, ტკბილეული. აღნიშნულის ანალიზის თანახმად, გაანგარიშდა გადამხდელის მიერ კერძების რეალიზაციის ფასნამატი პირდაპირი დანახარჯების მიხედვით (ხორცი, ბოსტნეული, ბურღულეული, ნახევარფაბრიკატები, სუნელები და სხვა). ამასთან, აღნიშნულ პერიოდში გადასახადის გადამხდელს, გარდა კერძებისა, გააჩნია გამაგრილებელი სასმელების, ლუდის და ტკბილეულის (ბაქლავა) რეალიზაცია, რომელზეც შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის საფუძველზე გაანგარიშდა ფასნამატი. აღნიშნული ფასნამატები შემოწმების მიერ გავრცელებულ იქნა წინა საანგარიშო პერიოდებში შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე შესაბამისი კატეგორიების მიხედვით და გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ბრუნვები შესამოწმებელ პერიოდში. ყოველივე ზემოაღნიშნულის გადამოწმების მიზნით, შემოწმების მიერ მოძიებულ იქნა აუდიტის დეპარტამენტში არსებული ინფორმაცია მეწარმეების შესახებ, რომელთაც გააჩნიათ ანალოგიური საქმიანობა და შემოწმებით გაანგარიშებული მონაცემები შედარებულ იქნა მათ აუდირებულ მონაცემებთან, რომლებიც ერთმანეთთან თანხვედრაში მოვიდა. შედეგად, შემოწმების მიერ, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის (რეცეპტების) თანახმად. შედეგად, შემოწმებით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და პირს დაერიცხა დღგ.

აღნიშნულის გათვალისწინებით, გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის განკარგვადი თანხები, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე, დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, შემოწმებისთვის წარდგენილი ინფორმაცია არ იძლევა რეალიზებული მზა საკვების რაოდენობის და მათ წარმოებაზე პირდაპირ მიკუთვნებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობის და თვითღირებულების განსაზღვრის შესაძლებლობას, შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.

შემოწმებით ასევე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმების მიერ დამუშავებული გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციების და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით, საწარმოს მიერ დეკლარირებული ფასნამატი შესამოწმებელ პერიოდში შეადგენს 90%-ს. გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას დამატებით წარუდგინა ძირითადი სარეალიზაციო კერძების რეცეპტები და მის წარმოებაზე საჭირო კალკულაციები. ამასთანავე, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით შემოწმების მიერ დამუშავებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობები და დაყოფილ იქნა სახეობების მიხედვით, კერძოდ: საკვების საწარმოებლად საჭირო სახეობები, სასმელები, ტკბილეული. გაანგარიშდა გადამხდელის მიერ კერძების რეალიზაციის ფასნამატი პირდაპირი დანახარჯების მიხედვით (ხორცი, ბოსტნეული, ბურღულეული, ნახევარფაბრიკატები, სუნელები და სახვა). ამასთან, აღნიშნულ პერიოდში გადასახადის გადამხდელს, გარდა კერძებისა, გააჩნია გამაგრილებელი სასმელების, ლუდის და ტკბილეულის (ბაქლავა) რეალიზაცია, რომელზეც შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის საფუძველზე გაანგარიშდა ფასნამატი. აღნიშნული ფასნამატები შემოწმების მიერ გავრცელებულ იქნა წინა საანგარიშო პერიოდებში შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე შესაბამისი კატეგორიების მიხედვით და გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ბრუნვები შესამოწმებელ პერიოდში. შედეგად, შემოწმების მიერ, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის (რეცეპტების) თანახმად.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომ შემმოწმებლისთვის ვერ მოხერხდა სრული და ზუსტი კალკულაციების გაგზავნა და რეალური სურათის ამსახველი ციფრების გამოყვანა თუ რამდენი ნედლეული იხარჯებოდა ამა თუ იმ მზა საკვების მისაღებად. მიწოდებულია ინფორმაცია მხოლოდ იმის თაობაზე, თუ მზა საკვებში/კერძში რამდენია ინგრენდიენტის სუფთა წონა, თუმცა სანამ ინგრედიენტი სუფთა წონაზე ჩამოვა, ის განიცდის დანაკარგს. შემოწმების დროს წარდგენილ კალკულაციებში ასევე არ იყო შეყვანილი სხვადასხვა სახის პროდუქტების წილი სხვადასხვა კერძების დამზადებისას, მაგალითად, კალკულაციაში არ არის ასახული ნიორის, ყველის და ცომეული კერძების შესახებ ინფორმაციები. მისი ცალკე გამოყოფა და განცალკევებით კალკულაციის მიყენება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც აღნიშნულ ცომეულ კერძებზე გავრცელებულ იქნება ახალი კალკულაციით განსაზღვრული შესაბამისი ფასნამატი. ამასთან, გადამხდელის განმარტებით, წარმოდგენილ საჩივარზე თანდართული აქვს კალკულაციის დაზუსტებული ვერსია, რომლის მიხედვითაც საწარმოს მიერ გახარჯული ნედლეულიდან მიღებული მზა კერძების რეალური ციფრის დადგენა გახდება შესაძლებელი. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელი ითხოვს შემოწმებით დარიცხული თანხები კორექტირებას. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, კალკულაციები). თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, კალკულაციები);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2.ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული ჯარიმა/საურავის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შპს-ს საქმიანობის საგანია სარესტორნო საქმიანობა. შემოწმებისათვის შეუძლებელი გახდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა და დეკლარირებული ბრუნვების გადამოწმება, რადგან წარმოდგენილი ინფორმაცია არ იძლეოდა შესაძლებლობას შემოწმებას განესაზღვრა რეალიზებული მზა საკვების რაოდენობა და მათ წარმოებაზე პირდაპირ მიკუთვნებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობა და თვითღირებულება. შემოწმების მიერ დამუშავებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობები და დაყოფილ იქნა სახეობების მიხედვით, კერძოდ: საკვების საწარმოებლად საჭირო სახეობები, სასმელები, ტკბილეული. აღნიშნულის ანალიზის თანახმად, გაანგარიშდა გადამხდელის მიერ კერძების რეალიზაციის ფასნამატი პირდაპირი დანახარჯების მიხედვით. ამასთან, აღნიშნულ პერიოდში გადასახადის გადამხდელს, გარდა კერძებისა, გააჩნია გამაგრილებელი სასმელების, რეალიზაცია, რომელზეც გაანგარიშდა ფასნამატი. აღნიშნული ფასნამატები შემოწმების მიერ გავრცელებულ იქნა წინა საანგარიშო პერიოდებში შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე შესაბამისი კატეგორიების მიხედვით და გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ბრუნვები შესამოწმებელ პერიოდში. შემოწმებით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და პირს დაერიცხა დღგ. აღნიშნულის გათვალისწინებით, გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის განკარგვადი თანხები, რომელიც ე განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე, დაერიცხა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, კალკულაციები). თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5,9);159(1);163(1,2);101(1);154(1);275(2);