გადაწყვეტილება №23810/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23810/2/2024
08 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,17.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ს 27.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23810/2/2024).
დავის საგანი:
ადმინისტრაციის ოფისის ფუნქციონირებისთვის საქონლის შესაძენად გადახდილი თანხის არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევა და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 7 ივნისის №002-106 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 6 აგვისტოს №18206 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 188 072,6 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 107 606
დღგ - 25 288
საშემოსავლო გადასახადი - 82 318
ჯარიმა - 53 076
საურავი - 27 390,6
ფაქტების აღწერა
გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით, საღებავებით, შამპუნებით, ჰიგიენური საფენებითა და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინებით.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი მარტის №4684 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდების, გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 3 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს სხვადასხვა ტიპის საქონელი, რომელიც არ უკავშირდება საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობას, კერძოდ: სათამაშო კონსოლის - სონი ფლეისთეიშენის დისკები/კონტროლერი, მარშალის ყურსასმენები, შოკოლადები, კანფეტები, სურსათი, ავიაბილეთები, გამაგრილებელი სასმელები, მობილური ტელეფონები, ლეგოს კონსტრუქტორები, სუნელები, ჭიქები და ა.შ. უმეტეს შემთხვევაში აღნიშნული საქონელი შეძენილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და საწარმოს მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა. საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის საფუძველზე ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ საქონელზე მიღებული დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა გაუქმებას, ხოლო ბანკით და ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებულ შესყიდვებში გადახდილი თანხა, რომელიც არ იყო დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან და არც საგადასახადო დოკუმენტი იყო გამოწერილი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე.
ამასთან, საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელი მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ტენდერებში და გამარჯვების შემთხვევაში ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს (ფარმაცევტული საქონლის, საღებავების, შამპუნების, ჰიგიენური საფენებისა და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდებას). გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარადგინა საბუღალტრო პროგრამა, რომლის მიხედვითაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (2023 წლის 31 დეკემბერი) სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენდა 78 520 ლარს. 2021-2023 წლებში საწარმოს დამფუძნებელზე/დირექტორზე ხელფასების ან/და დივიდენდების გაცემა არ ფიქსირდებოდა. სალაროში ნაღდი ფულის ნაშთთან დაკავშირებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად, შემოწმების მიერ გაანგარიშდა სალაროს გონივრული ნაშთი (სალაროს საკასო ხარჯის 10%-ს დამატებული საკასო შემოსავლების 10%).
შემოწმებით, აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებული სალაროს არაგონივრული ნაშთი - დარიცხული 95 689 ლარი (საბუღალტრო პროგრამაში დაფიქსირებულ სალაროს ნაშთსა და მეთოდური მითითების მიხედვით გაანგარიშებულ გონივრულ ნაშთს შორის სხვაობა) შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე.
შემოწმების შედეგად, საწარმოს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ხოლო საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 2024 წლის 7 ივნისის №13530 ბრძანება და ამავე თარიღის №002-106 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 6 აგვისტოს №18206 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
- პირველ, მე-2 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 6 აგვისტოს №18206 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური პირველ, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-9 მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, მომჩივანი არ ეთანხმება შპს „N1-სთვის“ (ს/ნ "-------") საქონლის შესაძენად გადახდილი 25 435 ლარის არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევას. აცხადებს, რომ ხარჯი დასტურდება ინვოისებითა და გადახდებით, ხოლო შესყიდული საქონელი რეალიზებულია სასაქონლო ზედნადებებით. ასევე, საქონლის შესყიდვა ასახული იყო ბუღალტრულ აღრიცხვაში. დაზუსტებულ საჩივარში აცხადებს, რომ შპს „N1-მა" გამოუწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები 2021 წლის მარტის თვეში შესყიდულ საქონელზე და ითხოვს მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე 4 678 ლარის ჩათვლას, ვინაიდან 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე ჩათვლის მიღებას დამოუკიდებლად ვერ შეძლებს. საჩივარს დანართად ერთვის შპს „N1-სგან“ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეესტრი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება იჯარით აღებული ფართის რემონტის პროცესში შესყიდული მასალებისა და ინვენტარის არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევას და აღნიშნულის საფუძველზე დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებს. აცხადებს, რომ იჯარით აღებული ფართის პირველი სართული განკუთვნილია სილამაზის სალონისთვის და ეს მითითებულია თავად საიჯარო ხელშეკრულებაში. ნათლად ფიქსირდება სილამაზის სალონის მოწყობისათვის აუცილებელი ინვენტარის შეძენა (მაგ.: თავსაბანი ნიჟარა; თავსაბანი ონკანი; ეპილაციის აპარატი, წყლის გამათბობელი ქვაბი და ა.შ.). ასევე, ფიქსირდება სარემონტო მასალები, განათებასა და სანტექნიკასთან დაკავშირებული მასალები. საჩივარზე გადამხდელს დამატებით წარმოდგენილი აქვს სალონისთვის განკუთვნილი ფართის ფოტოები, სტილისტებთან და მანიკურის/პედიკურის სპეციალისტებთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებები (ფართის იჯარით გაცემა დაიწყო 2024 წლის თებერვლიდან), ასევე, შესყიდვის სასაქონლო ზედნადები მასალებისა და ინვენტარის დასახელებით. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული შესყიდვებისას ტრანსპორტირების დასრულების გრაფაში მკაფიოდაა მითითებული კომპანიის ფართის მისამართი.
საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საჩივრებზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივანი არ ეთანხმება ადმინისტრაციის ოფისის ფუნციონირებისთვის საქონლის შესაძენად გადახდილი თანხის არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევას. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საჩივრებზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება მხოლოდ ერთ ნაწილში. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში გაწეულია ხარჯები, რომელთა საჭიროებაც გააჩნია ნებისმიერ კომპანიას ადმინისტრაციის ოფისის ფუნქციონირებისთვის. მაგალითად ასეთი ხარჯებია: ტანსაცმლის საკიდი, ელემენტები, ნათურები, ყავის მარცვლები და ყავის კაფსულები, ჭურჭელი ოფისის სამზარეულოსთვის, სკამები, სავარძელი, მონიტორები და ა.შ.
შემოსავლები სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საწარმოს წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით, საწარმოს არ ჰყავდა დაქირავებული თანამშრომლები. შესაბამისად, ადმინისტრაციის ოფისის ფუნქციონირებისათვის საქონლის შესაძენად გადახდილი თანხა დაკვალიფიცირდა არაეკონომიკურ ხარჯად, რამაც გამოიწვია დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში ვალდებულებების განსაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ შემოწმებითვე სალაროს ნაშთი განხილულ იქნა ხელფასად, რაც იმას ნიშნავს შემოწმებითვე დადასტურებულია დასაქმებული პირის არსებობა, რომელიც საჭიროებდა ელემენტარულ პირობებს. ამასთან შემოწმებითვე დადასტურებულია ოფისის არსებობა და შესაბამისად სავსებით ბუნებრივია საოფისე ხარჯების გაწევა. მით უფრო ისეთი ხარჯების როგორიცაა სავარძლის, მონიტორისა და ჰიგიენის ხარჯები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აღნიშნული ხარჯების გათვალისწინებით საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
მომჩივნის საქმიანობის სახეს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით, საღებავებით, შამპუნებით, ჰიგიენური საფენებით და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინებით.
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ შემოწმების შედეგად სალაროს ნაშთი განხილულ იქნა ხელფასად, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოწმებითვე დადასტურებულია დასაქმებული პირის არსებობა, რომელიც საჭიროებდა ელემენტარულ პირობებს. ამასთან შემოწმებითვე დადასტურებულია ოფისის არსებობა და შესაბამისად სავსებით ბუნებრივია საოფისე ხარჯების გაწევა. მით უფრო ისეთი ხარჯების როგორიცაა სავარძლის, მონიტორისა და ჰიგიენის ხარჯები.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქმეზე წარმოდგენილია 5.09.2024 წლის №------- წერილი, სადაც აღნიშნულია შემდეგი: „საწარმოს წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით საწარმოს არ ჰყავს დაქირავებული თანამშრომლები.
საბჭოს სხდომაზე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის განმარტებით, საწარმოს არ ჰყავს დაქირავებული თანამშრომლები, საქონლის (მინის ჭიქები, საწმენდები, სამზარეულოს ხელსახოცი და ა.შ) ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების საკითხი დადგა ეჭვქვეშ. შესაბამისად, შემოწმებით ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ საქონელზე მიღებული დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა გაუქმებას, ხოლო ბანკით და ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებულ შესყიდვებში გადახდილი თანხა, რომელიც არ იყო დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან და არც საგადასახადო დოკუმენტი იყო გამოწერილი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ მომჩივნის მიერ არც საგადასახადო შემოწმების და არც დავის არც ერთ ეტაპზე არ არის წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების, შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 6 აგვისტოს №18206 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების, შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
101,154.