გადაწყვეტილება №25330/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25330/2/2025
01 ივლისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 17.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25330/2/2025).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით;
2. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 10.04.2025 წლის №081-69 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 30.05.2025 წლის №11131 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 5 903 504.57 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 3 841 183
დღგ - 2 041 183
საშემოსავლო გადასახადი - 1 800 000
ჯარიმა - 1 920 690
საურავი - 141 631.57
პროცედურული გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა ხილ-ბოსტნეულის იმპორტი, ადგილობრივ ბაზარზე შეძენა და რეალიზაცია. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2.08.2024 წლიდან 1.02.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 10.04.2025 წლის №6862 ბრძანება და №081-69 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 30.05.2025 წლის №11131 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით
ფაქტების აღწერა:
შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 8 425 574 ლარს (დღგ-ის გარეშე). საწარმოს დირექტორის განმარტებით, საწარმოს არ გააჩნია სამეურნეო ოპერაციების პროგრამული აღრიცხვა. შედეგად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ:შესამოწმებელ პერიოდში, თითოეულ თვეში შეძენილი და რეალიზებული საქონლის რაოდენობების მიხედვით გაანგარიშდა საქონლის სახეობების მიხედვით დოკუმენტების გარეშე თვის ბოლოს არსებული საქონლის ნაშთის რაოდენობა, რომელიც ჩაითვალა იმავე თვეში რეალიზებულად (მომდევნო თვეში შეძენილი/რეალიზებული საქონლის რაოდენობების გათვალისწინებით, საწარმოს მიერ შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ნებართვით ვადაგასული საქონლის ჩამოწერების შესახებ განცხადება არ ფიქსირდება) კონკრეტული თვის დოკუმენტური საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასით. აღნიშნულის შედეგად დადგინდა დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი, რომელსაც დაემატა დოკუმენტებით დადგენილი შემოსავალი.
შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დადგენილი საქონლის რეალიზაციიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ჯამურად განისაზღვრა 19 765 506 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე). გამოვლენილი სხვაობა, 11 339 932 ლარი, დაიბეგრა დღგ-ით. საწარმოს, ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და აღნიშნა, რომ ვინაიდან გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მართლზომიერია. ამასთან, დოკუმენტის გარეშე თვის ბოლოს არსებული საქონლის ნაშთის რაოდენობაზე კონკრეტული თვის დოკუმენტური საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასის გავრცელება, რამაც გამოიწვია რეალიზებული პროდუქციისა და დამატებითი შემოსავლის განსაზღვრა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოწმებით დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი (საკასო ხარჯის და საკასო შემოსავლის 10%-ის გათვალისწინებით), ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემმოწმებლებმა საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტების მიხედვით და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.
როგორც აუდიტორი აღნიშნა შესამოწმებელ პერიოდში, თითოეულ თვეში შეძენილი და რეალიზებული საქონლის რაოდენობების მიხედვით დაანგარიშებული იქნა, საქონლის სახეობების მიხედვით დოკუმენტების გარეშე თვის ბოლოს არსებული საქონლის ნაშთის რაოდენობა, რომელიც ჩაითვალა იმავე თვეში რეალიზებულად (მომდევნო თვეში შეძენილი/რეალიზებული საქონლის რაოდენობის გათვალისწინებით, საწარმოს მიერ შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ნებართვით ვადაგასული საქონლის ჩამოწერების შესახებ განცხადება არ ფიქსირდება).
როგორც ცნობილია საზოგადოების საქმიანობაა ხილისა და ბოსტნეულის საბითუმო ვაჭრობა, რომელის ხარისხიანად მიტანა მომხმარებლამდე მნიშვნელოვან რისკებთანაა დაკავშირებული, ეს მოიცავს როგორც სუბიექტურ ასევე ობიექტურ კომპონენტს (გულისხმობს მალფუჭებადობას), შესაბამისად აისახება კიდეც მის ფასებზე. ანუ ის პროდუქტები რომლის რეალიზაცია სწრაფად ხდება, ბუნებრივია მისი ფასიც მაღალია. შენიშნავს, რომ გარდა მალფუჭებადობისა მის ხარისხზე მოქმედებს ტრანსპორტირებაც, როგორც მალფუჭებადი საქონელი მისი შენახვის წესების დაცვის შემთხვევაშიც კი სიახლე ეკარგება, განსხვავებით სხვა პროდუქტებისაგან. აქედან გამომდინარე, შენიშნავს, რომ საზოგადოება შედარებით დაბალი ხარისხის პროდუქციას რეალიზაციას უკეთებდა საცალოდ, იმაზე დაბალი ფასით ვიდრე ეს ბითუმი ვაჭრობისას ხდებოდა მაღალი ხარისხის პროდუქციის რეალიზაციის შემთხვევაში. როგორც ცნობილია ხილ-ბოსტნეულის რეალიზაციას აწარმოებდა ძირითადად სატვირთო ავტომანქანებიდან ბათუმის, თბილისის, ქუთაისის, გორის ბაზრების ტერიტორიაზე. აქ ყურადღება უნდა მიაქციოს რამოდენიმე გარემოებას:
1. იმპორტით მიღებული საქონელი, მომწოდებლების არაკეთილსინდისიერების თუ სხვა გარემოების გამო ყოველთვის დაზიანებული იყო სხვადასხვაგვარად, ასევე გარდა დაზიანებისა, მთლიანობაში პროდუქცია არ იყო ერთგვაროვანი შესაბამისად შეუძლებელი იყო ის ერთნაირ ფასად გაყიდვა, თუმცა საგადასახადო აქტით ეს ასეა ასახული.
2. ვინაიდან მომხმარებელი იყო რამოდენიმე კატეგორიის, ბუნებრივია მცდელობაც იყო რაც შეიძლება მაქსიმალურად სრულად მოეხდინა პროდუქციის სრულად რეალიზება ამიტომ ცდილობდა ყველა კატეგორიის მომხმარებლის დაკმაყოფილებას, რის გამოც ადგილზე ხდებოდა პროდუქციის გადარჩევა პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე ხარისხის კატეგორიებად, შესაბამისად ფასებიც მნიშვნელოვნად განსხვავებული იყო. ძირითადად კი დოკუმენტალურად დადასტურებას ანუ სასაქონლო ზედნადებს ითხოვდა პირველი ხარისხის მომხმარებელი.
3. მიუხედავად მცდელობისა საკმაოდ მოცულობით რჩებოდა სარეალიზაციოდ უვარგისი პროდუქციაც რაც არ იყიდებოდა და ნადგურდებოდა, თუმცა იმის გამო, რომ არსებული საგადასახადო ბიუროკრატია არ იძლეოდა სწრაფად ამ ფაქტის დაფიქსირებას (მით უმეტეს საველე მდგომარეობაში), ამიტომ ვერ სარგებლობდა იმ შეღავათით, რასაც საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში.
სრულიად გასაგებია, რომ აუდიტის დეპარტამენტი არ არის ჰუმანიტარული ორგანიზაცია და არ თხოულობს მისგან რაიმე კანონგარეშე შეღავათებს თუმცა ის ასტრონომიული თანხა 5 903 504 ლარი საჭიროებს გადახედვას, შეიძლებოდა თუ არა ასეთი მოგების მიღება ამ ბიზნესში რომ ძირითადი გადასახადი 4 მილიონი ყოფილიყო. ეს ხომ წარმოუდგენელია, ანუ ამ ოდენობის გადასახადი რომ გადაიხადო მინიმუმ 12 მილიონი უნდა მიეღო კომპანიას მოგება. ამიტომ მისი აზრით სრულიად მართებულად მიაჩნია გადახედოთ მის მიერ წარდგენილი ფასნამატის ცხრილს და ასევე ზოგიერთ მის თხოვნას რომელიც არ ცდება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ როგორც მისთვის ცნობილია ამ ბიზნესში საშუალო ფასნამატი შეადგენს 20%-დან 30%-მდე, მისთვის ხელმისაწვდომია ბაზები აუდირებული მსგავსი ბიზნესის კომპანიებისა და სავსებით ლოგიკური იქნება ამ სიტუაციაში იმ ფასნამატის გავრცელება იმ დარჩენილ ბრუნვაზე, რომელიც კომპანიაში არ არის დოკუმენტალურად დადასტურებული გაყიდვები. თუმცა ამის საჭიროება არ დადგება თუ მოხდება გაზიარება მისი გაანგარიშებული ფასნამატის ცხრილის, რომელსაც დანართის სახით წარმოადგენს.
გარდა ზემოთ აღნიშნული არსებული ფაქტორებისა, საწარმოს არ აქვს არც ერთი პირობა დარღვეული, რომ შემმოწმებლებს გამოეყენებინათ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის არამარტო „ა“ ქვეპუნქტი, არამედ სხვა დანარჩენიც.
აქედან გამომდინარე, სამართლიანად მოითხოვს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გაზრდილი საგადასახადო ბაზის შემცირებას და შესაბამისად დარიცხული თანხის შემცირებასაც.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
შემოწმებისას დადგინდა, რომ საწარმო არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. შესაბამისად, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შესამოწმებელ პერიოდში, თითოეულ თვეში შეძენილი და რეალიზებული საქონლის რაოდენობების მიხედვით გაანგარიშდა საქონლის სახეობების მიხედვით დოკუმენტების გარეშე თვის ბოლოს არსებული საქონლის ნაშთის რაოდენობა, რომელიც ჩაითვალა იმავე თვეში რეალიზებულად (მომდევნო თვეში შეძენილი/რეალიზებული საქონლის რაოდენობების გათვალისწინებით, საწარმოს მიერ შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ნებართვით ვადაგასული საქონლის ჩამოწერების შესახებ განცხადება არ ფიქსირდება) კონკრეტული თვის დოკუმენტური საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასით. აღნიშნულის შედეგად დადგინდა დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი, რომელსაც დაემატა დოკუმენტებით დადგენილი შემოსავალი. შედეგად განისაზღვრა საქონლის რეალიზაციიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
მომჩივანმა საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას ზოგადად ისაუბრა და ვერ წარმოადგინა სათანადო არგუმენტები ან დოკუმენტურად დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებები, რაც მის მიერ დასახელებული არგუმენტების გათვალისწინების, შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა. ამასთან, მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ფოტო სურათები საქონლის (ხილ-ბოსტნეული) გაფუჭებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია, ვინაიდან აღნიშნული რეგულირდება საგადასახადო კანონმდებლობით და პროდუქტის გაფუჭების ფაქტი საჭიროებს შესაბამის აღრიცხვას და დადასტურებას შესაბამისი ორგანოების მიერ, რაც წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მომჩივანი საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა, მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და დადგენილი ფასნამატით დღგ-ის განსაზღვრის შესახებ და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა
ფაქტების აღწერა
შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავალს დააკლდა დოკუმენტურად დადასტურებული და დეკლარირებული ყველა ხარჯი. შედეგად, დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი 7 200 000 ლარის ოდენობით (საკასო ხარჯის და საკასო შემოსავლის 10%-ის გათვალისწინებით), რომლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს უფლებამოსილ წარმომადგენელს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარუდგენია, ასევე, არ დადასტურდა აღნიშნული ფულის სალაროში არსებობის ფაქტი. შედეგად, ფულის ნაშთი, 7 200 000 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. ასევე, საწარმოს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლებით განსაზღვრული ჯარიმები.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
ისევე როგორც დღგ-ის ნაწილში, აქაც ითხოვს გათვალისწინდეს მის მიერ წარდგენილი არგუმენტები და დოკუმენტურად დაუდასტურებელ რეალიზაციაზე გავრცელდეს მსგავსი ბიზნესის ფასნამატი. თუმცა მის მიხედვითაც დარიცხული გადასახადებიც არარეალური იქნება, მაგრამ არა ისეთი რაც ახლაა, რომელიც საერთოდ დაშორებულია რეალობას. აქვე ითხოვს გათვალისწინდეს, მისი მდგომარეობა სარეალიზაციოდ უვარგისი საქონლის ჩამოწერის საკითხში, კონკრეტულად კი 10%-ის ფარგლებში, რადგან ძირითადად საველე მდგომარეობაში უწევდა მუშაობა და ის შეღავათი, რასაც ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსი ვერ სარგებლობდა, არსებული კანონის ბიუროკრატიის გამო.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად, არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
პირველი დავის საგნიდან გამომდინარე, ვინაიდან არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავალი მომჩივანს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად და არც ფაქტიურად გააჩნდა, საბჭოს მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ფულის ნაშთის საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გაზრდილი საგადასახადო ბაზის შემცირებას და შესაბამისად დარიცხული თანხის შემცირებასაც.
2.გადამხდელი ითხოვს გათვალისწინდეს მის მიერ წარდგენილი არგუმენტები და დოკუმენტურად დაუდასტურებელ რეალიზაციაზე გავრცელდეს მსგავსი ბიზნესის ფასნამატი.
ფაქტობრივი გარემოებები
1.შესამოწმებელ პერიოდში, თითოეულ თვეში შეძენილი და რეალიზებული საქონლის რაოდენობების მიხედვით გაანგარიშდა საქონლის სახეობების მიხედვით დოკუმენტების გარეშე თვის ბოლოს არსებული საქონლის ნაშთის რაოდენობა, რომელიც ჩაითვალა იმავე თვეში რეალიზებულად კონკრეტული თვის დოკუმენტური საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასით. აღნიშნულის შედეგად დადგინდა დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი, რომელსაც დაემატა დოკუმენტებით დადგენილი შემოსავალი.
შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დადგენილი საქონლის რეალიზაციიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ჯამურად განისაზღვრა 19 765 506 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე). გამოვლენილი სხვაობა,დაიბეგრა დღგ-ით. საწარმოს, ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2.შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავალს დააკლდა დოკუმენტურად დადასტურებული და დეკლარირებული ყველა ხარჯი. შედეგად, დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი 7 200 000 ლარის ოდენობით,რომლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს უფლებამოსილ წარმომადგენელს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარუდგენია, ასევე, არ დადასტურდა აღნიშნული ფულის სალაროში არსებობის ფაქტი. შედეგად, ფულის ნაშთი,ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. ასევე, საწარმოს დაეკისრა სსკ-ის 275-ე და 291-ე მუხლებით განსაზღვრული ჯარიმები.
გადაწყვეტილება
1.საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მომჩივანი საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა, მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და დადგენილი ფასნამატით დღგ-ის განსაზღვრის შესახებ და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2.საბჭოს მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ფულის ნაშთის საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5),101,154.