ბრძანება N 10724

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 15.05.2023
№ დოკუმენტი 10724
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 10724

15.05.2023

შპს „---ის“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2015 წლის 02 ოქტომბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 აპრილის სხდომაზე (ოქმი №42) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 27 ოქტომბრის №17972/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2015 წლის 02 ოქტომბრის №166641/21-14 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 3 სექტემბრის №005-202 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

სალაროს ნაშთისა და საკასო ხარჯის 10%-ს შორის სხვაობაზე დარიცხული პროცენტის დაქირავებული პირის სარგებლად განხილვა.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 25 მაისის №18005 და 9 ივნისის №20108 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2010 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 აპრილამდე, წლიური მოგების და ქონების გადასახადების ნაწილში 2010, 2011, 2012, 2013, 2014 წლების საანგარიშო პერიოდები. აგრეთვე, შერწყმული შპს „---ს“ (ს/ნ ---) დამოუკიდებლად ფუნქციონირების ნაწილში შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2010 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 16 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო შერწყმული შპს „--ს“ (ს/ნ ---) დამოუკიდებლად ფუნქციონირების ნაწილში შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2010 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 22 დეკემბრამდე, წლიური მოგების და ქონების გადასახადების ნაწილში კი 2010, 2011, 2012 და 2013 წლების საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2015 წლის 31 აგვისტოს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2015 წლის 3 სექტემბრის №33258 ბრძანება და ამავე თარიღის №005-202 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 164 371 ლარი, მათ შორის, გადასახადი 75 636 ლარი, ჯარიმა 69 223 ლარი, საურავი 19 512 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2015 წლის 18 დეკემბრის №48901 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გადამხდელი არ დაეთანხმა შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 18 დეკემბრის №48901 ბრძანებას და საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს, რომლის 2016 წლის 4 მაისის №11823/2/16 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებები გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 თებერვლის №-- გადაწყვეტილებით შპს „---ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის №--- გადაწყვეტილებით შპს „---ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება, სალაროს ნაშთისა და საკასო ხარჯის 10%-ს შორის სხვაობაზე დარიცხული პროცენტის დაქირავებული პირის სარგებლად განხილვის შესახებ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის ნაწილში და დაევალა დავების განხილვის საბჭოს, ამ ნაწილში გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში. შპს „---ს“ სარჩელი შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 3 სექტემბრის №005-202 საგადასახადო მოთხოვნის, 2015 წლის 3 სექტემბრის №33258 ბრძანებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 18 დეკემბრის №48901 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 13 იანვრის №ბს-855(2კ-19) განჩინებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებულ იქნა 2022 წლის 27 ოქტომბრის №17972/2/2022 გადაწყვეტილება, რომლითაც საჩივარი, სადავო საკითხის ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: „შემოწმების აქტის თანახმად, საწარმო საანგარიშო პერიოდში სალაროში აფიქსირებს დიდი ოდენობით ფულად სახსრებს რომელზედაც არსებობს შესაბამისი ბუღალტრული გატარებები. ამავე დროს აღნიშნულ პერიოდში კერძო კომერციული ბანკიდან ხდება სესხის აღება, ასევე ფიქსირდება საბანკო ანგარიშებიდან სალაროში თანხების შემოტანა. თვეების მიხედვით გაანგარიშებულ უძრავ ნაშთსა და საკასო ხარჯის 10%-ს შორის სხვაობაზე დარიცხული პროცენტის თანხა განხილულია დაქირავებული პირის მიერ საწარმოსაგან მიღებულ სარგებლად (ხელფასის სახით განაცემად) რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. მომჩივანი განმარტავს, რომ სალაროში ნაღდი ფულის მოცულობის არც მინიმალური და არც მაქსიმალური ოდენობა კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული და გაუგებარია აქტში გამოყენებული ტერმინი სალაროს გონივრული ფულადი ნაშთი.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე, №--- საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმო საანგარიშო პერიოდში სალაროში აფიქსირებს დიდი ოდენობით ფულად სახსრებს რომელზედაც არსებობს შესაბამისი ბუღალტრული გატარებები. ამავე დროს აღნიშნულ პერიოდში კერძო კომერციული ბანკიდან ხდება სესხის აღება, ასევე ფიქსირდება საბანკო ანგარიშებიდან სალაროში თანხების შემოტანა.

თვეების მიხედვით გაანგარიშებულ უძრავ ნაშთსა და საკასო ხარჯის 10%-ს შორის სხვაობაზე დარიცხული პროცენტის თანხა განხილულ იქნა დაქირავებული პირის მიერ საწარმოსაგან მიღებულ სარგებლად (ხელფასის სახით განაცემად), რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ 2015 წლის 3 სექტემბრის №005-202 საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2015 წლის 18 დეკემბრის №48901 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მონაწილეობით შეესწავლა სალაროში არსებული ფულადი ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირება და სარგებლის განსაზღვრის შესაბამისობა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს“ №1817 სიტუაციურ სახელმძღვანელოსთან და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული 2016 წლის 27 იანვრის დასკვნის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტმა დეტალურად გაიარა სალაროში არსებული ფულადი ნაშთის ოდენობა და მისი საჭიროების საკითხი და მიიჩნია, რომ აღნიშნულ საკითხში განხორციელებული დარიცხვა უნდა გაუქმდეს შპს „---ის“ შემთხვევაში, ხოლო შპს ,,---ის“ შემთხვევაში (შეერწყა შპს „---ს“ 2014 წლის 22 დეკემბერს) განხორციელებული დარიცხვა არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ მიუთითა როგორც გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, ისე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის №--- გადაწყვეტილებაში ასახულ მსჯელობაზე, რომლის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში, ოპერაციის შინაარსის შეცვლის საფუძველი გახდა სალაროში ნაშთის არსებობის პარალელურად სესხის აღების ფაქტი.

სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ კანონმდებლობა სალაროში არსებული თანხების ოდენობას არ განსაზღვრავს და გადამხდელს ვერ შეეზღუდება სესხის გატანის უფლება. აღნიშნულის განხორციელება მხოლოდ მის გადაწყვეტილებას წარმოადგენს, გადასახადის გადამხდელს, კანონმდებლობით არ ეკრძალება სესხის აღება იმ პირობებში, როდესაც მას გააჩნია ფულადი ნაშთი სალაროში. თუმცა პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც საწარმოს აქვს უძრავი ნაშთი და მაინც ხდება სესხის აღება, აღებული სესხის მიზნობრიობის დადგენასთან და სალაროს სამეურნეო დანიშნულებისათვის საჭირო თანხების მოძრაობასთან მიმართებაში, სწორედ მოსარჩელეა ის პირი, რომელიც ვალდებულია და რომელსაც აქვს რეალური შესაძლებლობა, დაადასტუროს უძრავი ნაშთის არსებობა და მიუთითოს სესხის მიზნობრიობაზე.

ამასთან, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენება საგადასახადო ორგანოს მხრიდან საჭიროებს სათანადო მტკიცებულებებისა და დასაბუთების მაღალ სტანდარტს, ვინაიდან ამ მუხლის გამოყენების შედეგად, არსებობს ალბათობა, გადასახადის გადამხდელის მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით განხორციელებული ოპერაციები შედეგობრივად შეფასდეს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით განხორციელებულად. ამდენად, შეფასება არ უნდა ემყარებოდეს მხოლოდ შემმოწმებელთა მოსაზრებას, იმ კონკრეტულ ნორმაზე მითითების გარეშე, რომელიც სავარაუდოდ დარღვეულია. მხოლოდ ის ფაქტი, რომ სალაროს ნაშთის არსებობის პირობებში აღებულია სესხი, არ უნდა იქნეს საკმარისად მიჩნეული, იმისთვის, რომ მოსარჩელის მიერ განხორციელბული ოპერაციები შეფასდეს კანონსაწინააღმდეგოდ და მის მიმართ წარმოიშვას საგადასახადო ვალდებულება, ვინაიდან აღნიშნული სახის ოპერაციები ეფუძნება ცალკეული კომპანიის ეკონომიკურ გათვლას, მათ რისკს, ამასთანავე, ამ ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა კანონი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, შესაბამისად, სადავო საკითხთან დაკავშირებით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 27 ოქტომბრის №17972/2/2022 გადაწყვეტილების მიხედვით, დამატებით შეისწავლოს სალაროს ნაშთისა და საკასო ხარჯის 10%-ს შორის სხვაობაზე დარიცხული პროცენტის დაქირავებული პირის სარგებლად განხილვის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 27 ოქტომბრის №17972/2/2022 გადაწყვეტილების მიხედვით, დამატებით შეისწავლოს სალაროს ნაშთისა და საკასო ხარჯის 10%-ს შორის სხვაობაზე დარიცხული პროცენტის დაქირავებული პირის სარგებლად განხილვის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სალაროს ნაშთისა და საკასო ხარჯის 10%-ს შორის სხვაობაზე დარიცხული პროცენტის დაქირავებული პირის სარგებლად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის №--- გადაწყვეტილებით შპს „---ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება, სალაროს ნაშთისა და საკასო ხარჯის 10%-ს შორის სხვაობაზე დარიცხული პროცენტის დაქირავებული პირის სარგებლად განხილვის შესახებ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის ნაწილში და დაევალა დავების განხილვის საბჭოს, ამ ნაწილში გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, შესაბამისად, სადავო საკითხთან დაკავშირებით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 27 ოქტომბრის №17972/2/2022 გადაწყვეტილების მიხედვით, დამატებით შეისწავლოს სალაროს ნაშთისა და საკასო ხარჯის 10%-ს შორის სხვაობაზე დარიცხული პროცენტის დაქირავებული პირის სარგებლად განხილვის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

302 (2, 6); 306 (2); 136; 73 (4, 9); 101(1,2); 154.