ბრძანება N 4082

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 26.02.2024
№ დოკუმენტი 4082
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 4082

26 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს ---ის“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2023 წლის 25 დეკემბრის და 2024 წლის პირველი თებერვლის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 17 იანვარს და 8 თებერვალს გამართულ სხდომებზე (ოქმები №3 და №12) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2023 წლის 25 დეკემბრის №86297/1/2023 და 2024 წლის პირველი თებერვლის №87369/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ნოემბრის №022-48 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ შეძენილი თხევადი სათბობის (მაზუთის) ადგილობრივ რეალიზაციად მიჩნევას, აღნიშნული საფუძვლით, დღგ-ს და საშემოსავლო გადასახადების დარიცხვას. აცხადებს, რომ 2020 წლის 8 იანვარს გაფორმდა ხელშეკრულება ----სთან თხევადი სათბობის (მაზუთის) ექსპორტის რეჟიმით მიწოდებაზე, მიუთითებს, რომ 2020 წლის 22 იანვარს 2 სარკინიგზო ვაგონი, 25 იანვარს 3 სარკინიგზო ვაგონი და 30 იანვარს 3 სარკინიგზო ვაგონით, ზემოთ ხსენებული თხევადი სათბობი (მაზუთი) ---ს სარკინიგზო სადგურიდან სრულად იქნა გადატვირთული (ტრანსპორტირებული) ---ის საბაჟო ტერმინალში დასასაწყობებლად, კერძოდ, თხევადი სათბობი DAP ---- კოდით, 571405 INCOTERMS 2010 წესებით. ----თან გაგზავნილი იქნა შეტყობინება გემზე ჩატვირთვის მზადყოფნის შესახებ, რაზედაც გაფორმდა სამი საბაჟო ექსპორტის დეკლარაცია (ნომრით და თარიღით: ----), რომელთა მიხედვით დგინდება, რომ თხევადი სათბობი მოქცეული იყო საბაჟო კონტროლის ზონაში და ----ს წარედგინა შესაბამისი ინვოისი №---, რის შემდეგაც მის მიერ მოხდა თანხის ანგარიშსწორება შპს „----ის" საბანკო ანგარიშზე. ---ის ნავთობტერმინალის რეზერვუარიდან გემზე მოწოდება, დოკუმენტების გაფორმება და სხვა შეასრულა შპს „----მა“.

შპს „---მა“ 2020 წლის 19 აგვისტოს შემოიყვანა ----და ჩატვირთა შპს „----ის“ მიერ ექსპორტის რეჟიმში გაშვებული 449 842 კგ თხევადი სათბობი (მაზუთი).

შპს „----კის“ მიერ შედგენილ იქნა საბაჟო შეტობინება ნომრებით----, სადაც მითითებულია ექსპორტიორი შპს ------ იმპორტიორი ---- და საბაჟოს მიერ დასრულებული იქნა ---- დეკლარაციები, რითაც დასტურდება რომ შპს „---ის“ მიერ დაწყებული ექსპორტის ოპერაცია, კერძოდ, თხევადი სათბობის (მაზუთის) მიწოდება ----ზე სრული კანონის დაცვით დასრულდა. გადამხდელი ითხოვს, აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საბაჟო დეპარტამენტთან ერთად შესწავლილ იქნას სრულყოფილად შპს „---ს“ მიერ განხორციელებული ექსპორტის ოპერაცია, რომლის შედეგად ზემოთ ხსენებული ტვირთი გადაიტვირთა უცხოურ გემზე და გაიგზავნა საზღვარგარეთ.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 სექტემბრის №22558 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ს“ (ს/ნ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 14 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 27 ნოემბრის №29053 ბრძანება და ამავე თარიღის №022-48 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 323 630 ლარი, მათ შორის გადასახადი 200 328 ლარი, ჯარიმა 100 164 ლარი და საურავი 23 138 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივრებში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

● შპს „---ს“ საქმიანობის საგანს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა ნავთობით. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს შეძენილი აქვს 482 800 კილოგრამი თხევადი საწვავი (მაზუთი). აღნიშნული რაოდენობიდან გადამხდელს ადგილობრივად რეალიზებული აქვს მხოლოდ 20 694 კილოგრამი. კომპანიას დანარჩენი საქონლის დოკუმენტური რეალიზაცია არ უფიქსირდება და არც ფაქტობრივ ნაშთად აქვს. გადამხდელის მიერ წარმოდგენილია საბანკო ამონაწერები შესაბამისი ანგარიშებიდან, ასევე, ხარჯის და შემოსავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები (ინვოისები, ხელშეკრულებები). გადასახადის გადამხდელს დაბეგვრასთან დაკავშირებული სხვა სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია არ აქვს/არ წარმოუდგენია, შესაბამისად ვერ ხერხდება დაბეგვრის ობიექტის დადგენა. გადამხდელი წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს, რომ შეძენილი თხევადი საწვავი (მაზუთი) გაყიდული აქვს ექსპორტის გზით, რაზეც წარმოადგინა ექსპორტის დეკლარაციები (----). აღნიშნული ექსპორტის დეკლარაციები გაუქმებულია რითაც დასტურდება, რომ საექსპორტო ოპერაციები არ შესრულებულა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ შეძენილი თხევადი საწვავი ჩაითვალა ადგილობრივ რეალიზაციად. კერძოდ, გადამხდელის მიერ შეძენილი თხევადი საწვავის (მაზუთის) რაოდენობაზე გავრცელდა დოკუმენტურად რეალიზებული მაზუთის ერთეული ფასი, რის შედეგადაც გაიზარდა დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა.

● გადამხდელთან ჩატარებულია სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვითაც გადამხდელს სალაროში ნაღდი ფული არ გააჩნია. შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავლების და ხარჯების, საგადასახადო შემოწმების პროცესში ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციის გათვალისწინებით, აგრეთვე, საბანკო ამონაწერების, პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ინფორმაციის ან/და სხვა ინფორმაციის გათვალისწინებით, მიღებულია განკარგვადი თანხა. აღნიშნული თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, საწარმოს განესაზღვრა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან -შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების მიერ შეძენილი თხევადი სათბობის (მაზუთის) ადგილობრივ რეალიზაციად მიჩნევას. აცხადებს, რომ აღნიშნული საქონელი 2020 წლის 8 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ექსპორტის რეჟიმით არის მიწოდებული ----სთან. მიუთითებს, რომ ---ის ნავთობტერმინალის რეზერვუარიდან გემზე მოწოდება, დოკუმენტების გაფორმება და სხვა შეასრულა შპს „---იკმა“. შპს „----მა“ 2020 წლის 19 აგვისტოს შემოიყვანა --- და ჩატვირთა შპს „---ის“ მიერ ექსპორტის რეჟიმში გაშვებული 449 842 კგ თვეხადი სათბობი (მაზუთი). შპს „---ს“ მიერ შედგენილ იქნა საბაჟო შეტყობინება, სადაც მითითებულია ექსპორტიორი შპს „---“ და იმპორტიორი ---- და საბაჟოს მიერ დასრულებული იქნა დეკლარაციები, შესაბამისად, შპს „---ის“ მიერ დაწყებული ექსპორტის ოპერაცია, კერძოდ, თხევადი სათბობის (მაზუთის) მიწოდება ---ზე სრული კანონის დაცვით დასრულდა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული), ასევე, სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით საბაჟო დეპარტამენტიდან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული), ასევე, სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით საბაჟო დეპარტამენტიდან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ შეძენილი თხევადი სათბობის (მაზუთის) ადგილობრივ რეალიზაციად მიჩნევას, აღნიშნული საფუძვლით, დღგ-ს და საშემოსავლო გადასახადების დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 14 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 27 ნოემბრის №29053 ბრძანება და ამავე თარიღის №022-48 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 323 630 ლარი, მათ შორის გადასახადი 200 328 ლარი, ჯარიმა 100 164 ლარი და საურავი 23 138 ლარი.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 ( 4,5,9); 101; 154.