გადაწყვეტილება №17985/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.12.2022
№ დოკუმენტი 17985/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№17985/2/2022

9.12.2022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ ---------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“ის 10.10.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17985/2/2022).

 

დავის საგანი:

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 10.06.2022 წლის №047-16 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 16.09.2022 წლის №23895 ბრძანება. დარიცხული თანხა: 99 967 ლარი.

 

მათ შორის: გადასახადი - 61 910

საშემოსავლო გადასახადი - 61 537

ქონების გადასახადი - 373

ჯარიმა - 31 055

საურავი - 7 002

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობა. ასევე, სხვადასხვა საქონლის შეძენა-რეალიზაცია. შეძენას და რეალიზაციას ახდენს ადგილობრივ ბაზარზე. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.08.2019 წლიდან 1.11.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 27 აგვისტოს №25580 ბრძანებით მოცული საკითხებისა. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 24 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: გადასახადის გადამხდელს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის იჯარით აქვს აღებული კომერციული ფართები. 2021 წლის 15 ნოემბრის №35453 ბრძანებით გადასახადის გადამხდელის ობიექტზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა აღურიცხველი და პირვანდელი სააღრიცხვო დოკუმენტაციის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, ასევე, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი.

შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, შემოწმების პროცესში არ იქნა წარდგენილი საჭირო სააღრიცხვო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ასევე, ინფორმაცია ფულადი სახსრების მოძრაობისა და კრედიტორული/დებიტორული დავალიანებების შესახებ.

შედეგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შესწავლილ იქნა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, დადგინდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული თანხები, ამასთან, ჩაითვალა რომ გაწეული ხარჯი სრულად იყო ანაზღაურებული შესაბამის პერიოდებში (საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი), მომზადდა ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ცხრილი, რომლის ანალიზის შედეგად დადგინდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაღდი ფულის ნაშთი, რომელმაც შეადგინა 246 146 ლარი.

აღნიშნული ნაშთი, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალა ანგარიშვალდებული პირის მიერ მიღებულ სარგებლად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 9.06.2022 წლის №14531 ბრძანება და 10.06.2022 წლის №047-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 16.09.2022 წლის №23895 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, განმარტავს, რომ შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო შემოწმების აქტი, საგადასახადო მოთხოვნა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები მიღებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესების დარღვევით, ვინაიდან მიაჩნია, რომ სათანადოდ არ არის გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, აქედან გამომდინარე ასაჩივრებს აღნიშნულ აქტებს. ამასთან, უახლოეს დღეებში წარმოადგენს ზემოთ ნახსენების დამადასტურებელ არგუმენტებსა და მტკიცებულებებს. ამასთან, 24.10.2022 წელს ხარვეზის გამოსწორების, კერძოდ მოთხოვნის არსის დაზუსტების მიზნით, მომჩივანმა წარმოადგინა არგუმენტი და მტკიცებულებები, რაც წარმოდგენილია საჩივრის რეგისტრაციის დროს, მიუთითებს შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულ საკანონმდებლო ნორმებზე და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია მოკლებულია საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს. მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ არასწორად და უსაფუძვლოდ იქნა გამოყენებული საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვის მიზნით არაპირდაპირი მეთოდი და უნდა გაუქმდეს, აღნიშნულთან დაკავშირებით, საქმის ზეპირ მოსმენამდე წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს.

ენამდე წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საფუძველი განსახილველ საქმეში სახეზე არ არის, ამიტომ, შემოსავლების სამსახურს უფლება არ ჰქონდა გამოეყენებინა გადასახადის დარიცხვის მიზნით არაპირდაპირი მეთოდი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-4, მე-5 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

5. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:

ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას.

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს.

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა.

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ იქნა წარდგენილი საჭირო სააღრიცხვო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ფულადი სახსრების მოძრაობის და კრედიტორულ/დებიტორული დავალიანებების შესახებ ინფორმაცია.

ამგვარად, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, რამაც არსებული პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი გახადა დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადასახადის გადამხდელის რეალური შემოსავლების და კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია, ასევე მართებულია, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ნაღდი ფულის ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვის მიზნით უსაფუძვლოდ იქნა გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდი და უნდა გაუქმდეს. უახლოეს დღეებში წარმოადგენს ზემოთ ნახსენების დამადასტურებელ არგუმენტებსა და მტკიცებულებებს ან/და საქმის ზეპირ მოსმენამდე წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს.

მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს და გაურკვეველია რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნევს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს კანონშეუსაბამოდ. ამდენად მომჩივნის არგუმენტი დაუსაბუთებელია.

საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.