გადაწყვეტილება №22882/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22882/2/2024
27 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ---------ი (ს/ნ ------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს-----ის 16.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22882/2/2024).
დავის საგანი:
მიღებული თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №007-434 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 10.04.2024 წლის №8039 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 259 872. 21 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 126 949
ჯარიმა - 63 475
საურავი - 69 448.21
ფაქტების აღწერა
2023 წლის 28 დეკემბრის №33427 ბრძანებით დაინიშნა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდებში, შპს „------“-სგან (------) მიღებული თანხიდან წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დასადგენად. შემოწმების შედეგები აისახა 28.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:
საბუღალტრო პროგრამის მიხედვით შპს ------ოს მიერ 2020 წლის ივლისის თვეში სალაროდან გაცემულია 507 797 ლარი შპს -------ისთვის დავალიანების დასაფარად.
შპს ----ი და შპს ------ო ურთიერთდამოკიდებული კომპანიები არიან. ამასთან, ელექტრონული ბაზების მიხედვით, მომჩივანს 2020 წლის მეორე კვარტლიდან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება აღარ უფიქსირდება.
შპს ------სგან 2023 წლის აგვისტოში გამოთხოვილია ურთიერთშედარების აქტი, იმის შესახებ, რომ მას დაფარული აქვს მომჩივნის დავალიანება. ამასთან, 2023 წლის დეკემბერში მომჩივნისგან საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია შპს ------ოდან მიღებული თანხის გამოყენების შესახებ, შემდგომი მტკიცებულების მიზნით. მომჩივანმა წარადგინა 2023 წლის 23 ივლისის სალაროს ორდერი და პარტნიორთა საერთო კრების ოქმი 507 797 ლარით კაპიტალის შემცირების შესახებ. შემოწმების პროცესში, გადამოწმდა მომჩივნის წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებები, სადაც კაპიტალი არ უფიქსირდება, არც წინა პერიოდებზე.
მომჩივნის საქმიანობის მანძილზე განხორციელებული ოპერაციების ანალიზით, მათ შორის დეკლარირებული მონაცემების და ელექტრონულ ბაზებში დაფიქსირებული ინფორმაციის შესწავლისას დადგინდა, რომ კომპანიის მიმდინარე ხარჯების დასაფარად არ გამოიკვეთა კაპიტალის გაზრდის საჭიროება.
შესაბამისად, შპს -------სგან მიღებული თანხით არ მომხდარა კაპიტალის შემცირება, მიღებული თანხა 507 797 ლარი, ჩაითვალა დირექტორზე ----------ზე (პ/ნ ----------) გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან, ასევე შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევის, დეკლარაციაში თანხის შემცირებისთვის.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №33673 ბრძანება და №007-434 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 10.04.2024 წლის №8039 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 491 -ე, 61-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მართლზომიერად მიიჩნევს, რომ შპს ,,------დან“ მიღებული თანხის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას. ამასთან, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
შესაბამისად, მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიისთვის ცნობილი არ ყოფილა შემოწმების შესახებ. შემოწმება დაეყრდნო მხოლოდ საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით მოთხოვნილ ინფორმაციას, რომელიც ეხებოდა მხოლოდ შპს „-----“-დან დებიტორული დავალიანების დაფარვის დადასტურებასა და აღნიშნული თანხის შემდგომი გამოყენების საკითხს. მათ დეტალური ინფორმაცია არ ჰქონდათ საზოგადოებაში კაპიტალის ფორმირების, ან მიმდინარე კრედიტორების შესახებ, თუმცა თუ დარიცხვის საფუძვლად გამოიყენეს რეპორტალზე ატვირთული საზოგადოების ბალანსი, შეიძლება ემსჯელათ კრედიტორული დავალიანების შესახებ 1884389 ლარზე. საიდანაც, 1553757.10 ლარი წარმოადგენდა დამფუძნებლების წინაშე წარმოშობილ დავალიანებას. მიღებული დებიტორული დავალიანების ხელფასად დაბეგვრა, როცა საზოგადოებას დამფუძნებლის მიმართ კრედიტორული დავალიანება ერიცხება, ყოველგვარ ლოგიკურ მსჯელობას მოკლებულია.
რეალურად საზოგადოების დამფუძნებლებმა 2020 წლის 30 ივნისს მიიღეს გადაწყვეტილება საზოგადოების წინაშე წარმოშობილი მოთხოვნიდან 700514 ლარი გადაეტანათ საწესდებო კაპიტალში და 2020 წლის 1 და 23 ივლისს შეემცირებინათ აღნიშნული კაპიტალი, შესაბამისად შინაარსით საზოგადოება პირდაპირ დამფუძნებლის წინაშე წარმოშობილ კრედიტორულ დავალიანებას დაფარავდა თუ საწესდებო კაპიტალს გაზრდიდა აღნიშნული კრედიტორული (დამფუძნებლის მხრიდან დებიტორული) დავალიანების ხარჯზე, არ ცვლის ოპერაციის შინაარსს.
ამასთან, კომპანიას 2020 წლამდე პერიოდებში წარმოდგენილი ანგარიშგებებით არ უფიქსირდებოდა საწესდებო კაპიტალი და თუნდაც რომ გაეზარდა კაპიტალი ფულის საჭიროება არ იყო კომპანიაში, ყოველგვარ აზრს მოკლებულია, იმიტომ რომ საზოგადოების კაპიტალი გაიზარდა 2020 წლის 30 ივნისს (და აღნიშნული თარიღის უკანა საანგარიშო პერიდებზე ბუნებრივია ასახვას ვერ ჰპოვებდა და კაპიტალში შეტანილ იქნა არა ფული არამედ დამფუძნებლის დებიტორული დავალიანება კომპანიის მიმართ) და 2020 წლის 23 ივლისს კაპიტალი შემცირდა და გატანილ იქნა ------დან მიღებული დებიტორული დავალიანების დაფარვით მიღებული ფულადი თანხა. შესაბამისად შემდგომ პერიოდებზეც კაპიტალის მუხლში ასახვას ვერ ჰპოვებდა წარდგენილ ანგარიშგებებში, ასევე ის მსჯელობა რომ 2020 წლის მეორე კვარტლის შემდგომ საზოგადოება აქტიურ ეკონომიკურ აქტივობას არ ახორციელებს არანაირ ლოგიკურ კავშირში არ არის განსახილველ სამეურნეო ოპერაციის ფორმასა და შინაარსთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემმოწმებლებს არ ჰქონდათ არანაირი სამართლებრივი საფუძველი ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილებისა, რამეთუ არც სრულყოფილი ინფორმაცია გააჩნდათ სამეურნეო ოპერაციის ირგვლივ და არც დამდგარა შინაარსის ფორმაზე აღმატების რაიმე ნიშანი, შესაბამისად, ადმინისტრაციული აქტი დარიცხვის ამ ნაწილში ერთმნიშვნელოვნად ვერ აკმაყოფილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნებს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამ მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 23.04.2024 წლის №39122-21-14 წერილიდან ირკვევა, რომ შპს ---------ს (ს/ნ --------) შემოწმებისას დაინიშნა მისი ურთიერთდამოკიდებული კომპანიის შპს ------ის (------) შემხვედრი შემოწმება. შპს ------ოს კრედიტორული დავალიანება 507 797 ლარი დაფარული იყო სალაროდან 1.07.2020 წელს.
ვინაიდან მომჩივანი აღარ ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას, გაეგზავნა წერილი საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, თუ რაში იქნა გამოყენებული შპს -------დან“ მიღებული თანხა. აღნიშნულზე კი აცნობეს, რომ თანხა გატანილი იყო სალაროდან კაპიტალის შემცირების გზით.
გადამოწმდა მომჩივნის მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშგება, სადაც კომპანიას კაპიტალი საერთოდ არ უფიქსირდება, ასევე არაპირდაპირი მეთოდით გაანალიზდა ფულის ნაშთი. ეს ანალიზი ჩატარდა მომჩივნის დაფუძნების დღიდან, საიდანაც დადგინდა ფულის დადებითი ნაშთი (დაახ. 500 000 ლარი) შესაბამისად, კაპიტალში თანხის შეტანის საჭიროება არ დადგინდა.
რაც შეეხება მომჩივნის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ მსჯელობას, რომ კომპანიას ჰქონდა დამფუძნებლის ვალი 1 533 757 ლარი და ეს ვალი შემცირდა, თანხა შევიდა სალაროში, გაიზარდა საწესდებო კაპიტალი და შემდეგ კაპიტალიდან გავიდა მისი შემცირების გზით, არასრული ინფორმაციაა, ვინაიდან არ ჩანდა სხვა სამეურნეო ოპერაციები. ასევე, კაპიტალის შემოსავლად გათვალისწინებით შემთხვევაში აღნიშნული თანხა შემოსავალსაც დაემატებოდა, რაც გაზრდიდა საბოლოო სალაროს ნაშთს და ამ თანხის ისევ კაპიტალიდან გატანა საბოლოო შედეგს არ შეცვლიდა.
ამასთან, დანართის სახით წარდგენილია 3160 ანგარიშის ბარათი, სადაც ჩანს, რომ 3160 კრედიტის მხარის ჩანაწერები, რომელიც გაზრდილია უარყოფითი საკურსო სხვაობებით და ბანკში შეტანილი თანხით. საკურსო სხვაობით 3160 ანგარიშის კრედიტის ზრდა ბუნდოვანია, ამავე დროს, ანგარიშის ნაშთი სულ იზრდება ბანკში ჩარიცხვებით და მხოლოდ შემცირების დროს არის გამოყენებული სალაროს ოპერაცია.
აღსანიშნავია, რომ დამფუძნებლისთვის ვალი დაიფარა მას შემდეგ, რაც შპს -----ომ დაფარა ვალდებულება და გაიტანა სალაროდან ზუსტად ის თანხა, მაშინ როცა მომჩივნის ინფორმაციით გაცილებით დიდია დამფუძნებლის დავალიანება და სალაროს ნაშთის თანხა.
მომჩივანს მიაჩნია, რომ შემმოწმებელთა მიერ სრულიად არამართლზომიერად და არაკანონზომიერად მიენიჭა საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის კვალიფიკაცია და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნავს რომ შემოწმება დაეყრდნო მხოლოდ საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით მოთხოვნილ ინფორმაციას, რომელიც ეხებოდა მხოლოდ შპს „------“-დან დებიტორული დავალიანების დაფარვის დადასტურებასა და აღნიშნული თანხის შემდგომი გამოყენების საკითხს. მათ დეტალური ინფორმაცია არ ჰქონდათ საზოგადოებაში კაპიტალის ფორმირების, ან მიმდინარე კრედიტორების შესახებ, თუმცა თუ დარიცხვის საფუძვლად გამოიყენეს რეპორტალზე ატვირთული საზოგადოების ბალანსი, შეიძლება ემსჯელათ კრედიტორული დავალიანების შესახებ 1884389 ლარზე. საიდანაც, 1553757.10 ლარი წარმოადგენდა დამფუძნებლების წინაშე წარმოშობილ დავალიანებას. მიღებული დებიტორული დავალიანების ხელფასად დაბეგვრა, როცა საზოგადოებას დამფუძნებლის მიმართ კრედიტორული დავალიანება ერიცხება, ყოველგვარ ლოგიკურ მსჯელობას მოკლებულია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 აპრილის №8039 ბრძანება;
3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მიღებული თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება.
ფაქტობრივი გარემოებები
2023 წლის 28 დეკემბრის №33427 ბრძანებით დაინიშნა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდებში, ურთიერთდამოკიდებული პირისგან მიღებული თანხიდან წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დასადგენად. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ საბუღალტრო პროგრამის მიხედვით ურთიერთდამოკიდებული პირის მიერ 2020 წლის ივლისის თვეში სალაროდან გაცემულია 507 797 ლარი მომჩივანისთვის დავალიანების დასაფარად. ამასთან, ელექტრონული ბაზების მიხედვით, მომჩივანს 2020 წლის მეორე კვარტლიდან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება აღარ უფიქსირდება.
ამასთან, 2023 წლის დეკემბერში მომჩივნისგან საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია მიღებული თანხის გამოყენების შესახებ, შემდგომი მტკიცებულების მიზნით. მომჩივანმა წარადგინა სალაროს ორდერი და პარტნიორთა საერთო კრების ოქმი 507 797 ლარით კაპიტალის შემცირების შესახებ. შემოწმების პროცესში, გადამოწმდა მომჩივნის წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებები, სადაც კაპიტალი არ უფიქსირდება, არც წინა პერიოდებზე.მომჩივნის საქმიანობის მანძილზე განხორციელებული ოპერაციების ანალიზით, მათ შორის დეკლარირებული მონაცემების და ელექტრონულ ბაზებში დაფიქსირებული ინფორმაციის შესწავლისას დადგინდა, რომ კომპანიის მიმდინარე ხარჯების დასაფარად არ გამოიკვეთა კაპიტალის გაზრდის საჭიროება.
შესაბამისად, მიღებული თანხით არ მომხდარა კაპიტალის შემცირება, მიღებული თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან, ასევე შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევის, დეკლარაციაში თანხის შემცირებისთვის.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №33673 ბრძანება და №007-434 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.შემოსავლების სამსახურის №8039 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4.9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“);