გადაწყვეტილება № 28104/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.10.2026
№ დოკუმენტი 28104/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 28104/2/2026

26 ოქტომბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე:აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----- 2024“- ის 10.09.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28104/2/2026).

 

დავის საგანი:

ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვის შედეგად დარიცხული

საშემოსავლო გადასახადის ოდენობა გარკვეული ხარჯების გაუთვალისწინებლად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2026 წლის №001-151 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 19.08.2026 წლის №18758 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 97 859.75 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 63 299.00

ჯარიმა - 31 649.00

საურავი - 2 911.75

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა ხილით და ბოსტნეულით სპეციალიზებულ მაღაზიებში.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 23.01.2023 წლიდან 1.04.2026 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2026 წლის 26 ივნისის შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, კერძოდ: ტერმინალის ტრანზაქციების, სალაროს ამონაწერის, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების და შესყიდვის აქტების, ასევე, მიღებული სასაქონლო ზედნადების და მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესწავლა/ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში, კომპანიას შესყიდვის აქტებით შეძენილი აქვს 1 145 376 ლარის საქონელი, ხოლო სალაროსა და პოს-ტერმინალით მიღებული შემოსავლის ოდენობა შეადგენს 1 250 337 ლარს. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით გამოყენებულ იქნა აუდირებული ფასი, მსგავსი დასახელებისა და იდენტურ სარეალიზაციო ბაზარზე არსებული საქონლის ფასნამატები. აღნიშნული საქონლის (ხილ-ბოსტანი) კატეგორიებად დაყოფის შედეგად, სადაც ვერ მოხერხდა კონკრეტული საქონლის დაჯგუფება, გავრცელდა საშუალო შეწონილი ფასნამატი 27.61%. შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონლის თვითღირებულებაზე აუდირებული ფასნამატის გამოყენებით გაიზარდა მიღებული შემოსავლის ოდენობა და კომპანიის მიერ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 1 467 467 ლარი.

შემოწმებით განსაზღვრულ შემოსავალსა და დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის გამოვლინდა სხვაობა 316 497 (აგროსილი) ლარის ოდენობით, ნაღდი ფულის ანგარიშით, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 30 ივნისის №14601 ბრძანება და პირველი ივლისის №----- საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.08.2026 წლის №18758 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა ჩანიშნული იყო გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით 2026 წლის 31 ივლისს --- სთ-ზე. გადასახადის გადამხდელის 2026 წლის 29 ივლისის №103737/1/2026 განცხადების საფუძველზე, საკითხის განხილვა გადაიდო 2026 წლის 12 აგვისტოს, თუმცა წარმომადგენელი არ გამოცხადდა, ასევე, არ ყოფილა წარდგენილი საჩივრის განხილვის გადადების თაობაზე განცხადება.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, რომ შემოწმებისას გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. მათ შორის: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დადასტურებული ელექტროენერგიის საფასური 4 770 ლარის ოდენობით, საიჯარო მომსახურების საფასური 25 070 ლარის ოდენობით. ინტერნეტის მომსახურების საფასური, საბანკო ამონაწერით, 205 ლარის ოდენობითაა გადახდილი. რაც შეეხება ავტომობილსა და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს, კომპანიის სახელზე ავტომობილის საკუთრების უფლება არ ფიქსირდება. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა საბანკო ამონაწერები, რომელთა შესწავლის შედეგად არ დადასტურდა ბანკის მიერ სესხის სახით თანხის გაცემის ფაქტი. ხოლო, კერძო მევახშისგან სესხად აღებულ თანხაზე გადასახადის გადამხდელს ინფორმაცია არ მიუწოდებია შემოწმების მიმდინარეობისას. გარდა ამისა, საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად სრულად იქნა გათვალისწინებული სამეურნეო ხარჯი 11 879 ლარის ოდენობით, საკომისიო თანხა 1 019 ლარი და თანამშრომელზე გაცემული ხელფასი 1 200 ლარი. ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა საქონლის შეძენა შესყიდვის აქტით 1 145 376 ლარის ოდენობით და დოკუმენტური შეძენა 24 955 ლარი. შედეგად, 1 214 269 ლარის ოდენობით ხარჯი სრულად გაითვალისწინა შემოწმებამ, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში ნახსენები ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებული არ წარდგენილა შემოწმების მიმდინარეობისას.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიიდან გატანილი თანხები გამოიყენებოდა პირველ ყოვლისა იჯარაზე, რომელიც ფაქტიურად არ იქნა გათვალისწინებული. ასევე, იჯარის ნაცვლად გარკვეული თანხა დირექტორს გადაეცა, რითაც შეკეთდა მანქანა, რომელიც უსასყიდლოდ ემსახურებოდა კომპანიას. რადგან პროდუქციის მოწოდება ხდებოდა ავტომობილით, გაწეული იქნა საწვავის, ტექნიკური დათვალიერების, ასევე ნაწილების შეკეთების ხარჯები. სოფლიდან პროდუქციის მოწოდება პირველ ეტაპზე ხდებოდა ტაქსით, რის ხარჯსაც ასევე სწევდა კომპანია. ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასი, მსგავსი დასახელებისა და იდენტურ სარეალიზაციო ბაზარზე არსებული საქონლის ფასნამატები. ამასთან, საქონლის (ხილ-ბოსტანი) კატეგორიებად დაყოფის შედეგად, სადაც ვერ მოხერხდა კონკრეტული საქონლის დაჯგუფება, გავრცელდა საშუალო შეწონილი ფასნამატი 27.61%. შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონლის თვითღირებულებაზე აუდირებული ფასნამატის გამოყენებით გაანგარიშდა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი. შემოწმებით განსაზღვრულ შემოსავალსა და დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

აუდიტის დეპარტამენტი 6.10.2026 წლის №------ წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით არ წარმოადგენს დარიცხვის ფაქტობრივ გარემოებებში დაფიქსირებულისგან განსხვავებულ გარემოებებს.

ამასთან, ფაქტობრივ გარემოებებზე დამატებით, საყურადღებოა შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში დაფიქსირებული აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაცია, რომ შემოწმებისას გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. მათ შორის: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დადასტურებული ელექტროენერგიის საფასური 4 770 ლარის ოდენობით, საიჯარო მომსახურების საფასური 25 070 ლარის ოდენობით, ინტერნეტის მომსახურების საფასური, საბანკო ამონაწერით, 205 ლარის ოდენობითაა გადახდილი. რაც შეეხება ავტომობილსა და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს, კომპანიის სახელზე ავტომობილის საკუთრების უფლება არ ფიქსირდება. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა საბანკო ამონაწერები, რომელთა შესწავლის შედეგად არ დადასტურდა ბანკის მიერ სესხის სახით თანხის გაცემის ფაქტი. ხოლო, კერძო მევახშისგან სესხად აღებულ თანხაზე გადასახადის გადამხდელს ინფორმაცია არ მიუწოდებია შემოწმების მიმდინარეობისას. გარდა ამისა, საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად სრულად იქნა გათვალისწინებული სამეურნეო ხარჯი 11 879 ლარის ოდენობით, საკომისიო თანხა 1 019 ლარი და თანამშრომელზე გაცემული ხელფასი 1 200 ლარი. ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა საქონლის შეძენა შესყიდვის აქტით 1 145 376 ლარის ოდენობით და დოკუმენტური შეძენა 24 955 ლარი. შედეგად, 1 214 269 ლარის ოდენობით ხარჯი სრულად იქნა გათვალისწინებული შემოწმების მიერ, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებული ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებული არ წარდგენილა შემოწმების მიმდინარეობისას.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ გაწეული იქნა იჯარის ხარჯი, რომელიც ფაქტიურად არ იქნა გათვალისწინებული, ასევე გარკვეული ხარჯები მომსახურე მანქანის შეკეთებაზე და რომ გაწეული იქნა საწვავის, ტექნიკური დათვალიერების, ასევე ნაწილების შეკეთების ხარჯები, ტაქსის მომსახურების ხარჯი და ითხოვს მათ გათვალისწინებას, თუმცა აღნიშნული ხარჯების ოდენობების თაობაზე ინფორმაციას და მათი გაწევის დამადასტურებელ დოკუმენტურ მტკიცებულებას არ წარმოადგენს.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ ყველა ხარჯი, რომლის გაწევა დოკუმენტურად დასტურდებოდა გათვალისწინებული იქნა, მათ შორის იჯარის ხარჯი, რაც იყო დოკუმენტურად დადასტურებული და საბანკო ანგარიშებით რაც დასტურდებოდა, ასევე შემოწმების ბოლოს წარმოდგენილი იქნა შესყიდვის აქტები რომელთა გათვალისწინებაც მოხდა სრულად, ხოლო რაც შეეხება ავტომობილს მისი საკუთრებაში მფლობელობა ან/და იჯარით აღება არ დასტურდებოდა.

ამგვარად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ირკვევა, რომ გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი, მათ შორის საიჯარო მომსახურების საფასური 25 070 ლარის ოდენობით და რომ 1 214 269 ლარის ოდენობის ხარჯი სრულად იქნა გათვალისწინებული, ხოლო არ იქნა გათვალისწინებული ის ხარჯები, რომელთა გაწევა დოკუმენტურად დადასტურებული არ ყოფილა. მომჩივანს დავის წარმოების არცერთ ეტაპზე არ წარუდგენია და არც ამჟამად წარმოადგენს რაიმე დოკუმენტს/მტკიცებულებას, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვის შედეგად დარიცხული საშემოსავლო გადასახადის ოდენობა გარკვეული ხარჯების გაუთვალისწინებლად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა ხილით და ბოსტნეულით სპეციალიზებულ მაღაზიებში.

საწარმოს საქმიანობაში გამოვლინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში შესყიდვის აქტებით შეძენილი საქონლის ღირებულება შეადგენდა 1 145 376 ლარს, ხოლო სალაროთი და პოს-ტერმინალით მიღებული შემოსავალი 1 250 337 ლარს. შემოწმებამ არაპირდაპირი მეთოდით გამოიყენა აუდირებული ფასი და მსგავსი საქონლის ფასნამატები იდენტურ სარეალიზაციო ბაზარზე. საქონლის კატეგორიებად დაყოფისას, სადაც კონკრეტული საქონლის დაჯგუფება ვერ მოხერხდა, გავრცელდა საშუალო შეწონილი ფასნამატი 27.61%. შეძენილი საქონლის თვითღირებულებაზე ამ ფასნამატის გამოყენებით შემოსავალი გაიზარდა და განისაზღვრა 1 467 467 ლარით.

შემოწმებით განსაზღვრულ შემოსავალსა და დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის გამოვლინდა 316 497 ლარის სხვაობა ნაღდი ფულის ანგარიშით, რომელიც ჩაითვალა ხელმძღვანელზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც საჩივარი არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც დავა გასაჩივრებულია ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;101;154;105;