ბრძანება N 17346

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.07.2023
№ დოკუმენტი 17346
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 17346

18 ივლისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (ს/ნ --------)

(მის.: -----------)

2023 წლის 23 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 ივლისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №73) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 23 მაისის №81192/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 აპრილის №007-99 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი არ ეთანხმება ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შედეგად მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებას. განმარტავს, რომ კომპანიამ 2022 წლის დეკემბერში -------ში მივლინებისას დადო დამატებითი შეთანხმება მესამე მხარესთან, რომელიც წარუდგინა აუდიტის დეპარტამენტსაც. ამასთან, მიუთითებს, რომ ამ წლის 16 მაისს --------დან მოხდა 89 120 აშშ დოლარის ღირებულების საქონლის უკან დაბრუნება და დამატებითი შეთანხმების დადება, რომლის მიხედვითაც მოხდება დავალიანების დაფარვა. მომჩივანი აღნიშნავს, რომ ორ კომპანიას შორის განხორციელდა საქონლის მიწოდება შემოსავლის მიღების მიზნით, რასაც ადასტურებს ინვოისი, საბაჟო დეკლარაციები, შეთანხმებები და ხელშეკრულებები, კომპანია ყველაფერს აკეთებს დავალიანების ამოსაღებად და არასამართლიანია დავალიანების თანხის კვალიფიკაციის ცვლილება და სესხად განხილვა. ითხოვს აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებას და აქტით დარიცხული მოგების გადასახადისა და შესაბამისი ჯარიმა/საურავების მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 აპრილის №9856 და 2022 წლის 22 ნოემბრის №29265 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 16 აპრილიდან 2022 წლის პირველ ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 26 აპრილის №9065 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №007-99 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 212 230 ლარი, მათ შორის გადასახადი 87 641 ლარი, ჯარიმა 96 007 ლარი და საურავი 28 582 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა შეძენილი თავის მოვლის საშუალებების და პარფიუმერიის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე და ექსპორტის გზით. გადასახადის გადამხდელს 2021 წლის აპრილსა და აგვისტოში არარეზიდენტ კომპანიაზე უზბეკეთში რეექსპორტის გზით მიწოდებული ჰქონდა ჯამში 733 298 ლარის საქონელი, რომლის ღირებულებაც არ იყო გადახდილი აქტის შედგენის თარიღისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი მე-9 ნაწილის თანახმად და საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, შესაბამისი ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, არარეზიდენტი საწარმოსგან გადასახდელი/მიუღებელი თანხები დაკვალიფიცირდა სესხის გაცემად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 983 მუხლის პირველი ნაწილის და ამავე კოდექსის 97-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით კომპანიას დაერიცხა მოგების გადასახადი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტების თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8 და მე−9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:

ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;

გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ" ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს 2021 წლის აპრილსა და აგვისტოში არარეზიდენტ კომპანიაზე --------ში რეექსპორტის გზით მიწოდებული ჰქონდა საქონელი, რომლის ღირებულებაც აქტის შედგენის თარიღისთვის არ იყო გადახდილი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ გადასახდელი თანხების არარეზიდენტ კომპანიაზე გაცემულ უპროცენტო სესხად კვალიფიკაცია, უპროცენტო სესხზე გაანგარიშებული საპროცენტო შემოსავლის უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა კომპანია „-------”-ზე, საქონლის პირველი მიწოდება განახორციელა 2021 წლის მაისში, ხოლო მეორე მიწოდება განხორციელდა ოთხ თვეში, 2021 წლის აგვისტოში. აღნიშნული პერიოდისთვის „--------“-ს თანხის გადახდა არ უფიქსირდებოდა. ამასთან ერთად, საგადასახადო შემოწმების აქტი შედგა 2023 წლის 30 მარტს, დავალიანების წარმოშობიდან ორი წლის შემდეგ. გადასახადის გადამხდელს დავალიანებასთან დაკავშირებით არ აქვს დაწყებული სამართლებრივი დავა, ხოლო მის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულება და შედარების აქტი არ არის დამოწმებული შესაბამისი წესით. გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ პირს გაფორმებული აქვს სამმაგი შეთანხმება და საგადასახადო შემოწმების აქტის გამოცემის შემდეგ საქონლის ნაწილი უკან აქვს დაბრუნებული, რაზეც პირმა წარმოადგინა ინვოისი და საბაჟო დეკლარაცია. ინვოისის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქონლის ფასები თითოეულ საქონელზე აღემატება რეალიზაციის ინვოისში დაფიქსირებულ საქონლის ფასებს, რაც იწვევს უკან დაბრუნებული საქონლის ღირებულების გაზრდას.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნული საკითხის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „--------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შედეგად მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა შეძენილი თავის მოვლის საშუალებების და პარფიუმერიის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე და ექსპორტის გზით. გადასახადის გადამხდელს 2021 წლის აპრილსა და აგვისტოში არარეზიდენტ კომპანიაზე რეექსპორტის გზით მიწოდებული ჰქონდა ჯამში 733 298 ლარის საქონელი, რომლის ღირებულებაც არ იყო გადახდილი აქტის შედგენის თარიღისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი მე-9 ნაწილის თანახმად და საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, შესაბამისი ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, არარეზიდენტი საწარმოსგან გადასახდელი/მიუღებელი თანხები დაკვალიფიცირდა სესხის გაცემად. კომპანიას დაერიცხა მოგების გადასახადი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნული საკითხის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43(4), 136(3), 61(3), 73(9"ბ"), 97(1), 982(3"ზ"), 983(1).