გადაწყვეტილება №25740/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25740/2/2025
01 ოქტომბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: -------------ი (ს/ნ ------------------)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --------------ის 27.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25740/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 8.08.2025 წლის №17876 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 18.08.2025 წლის №000-303 საგადასახდო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 27.08.2025 წლის №19051 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 17 890,09 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივანმა 28.07.2025 წელს საგადასახადო ორგანოს წარუდგინა ID:---- განაცხადი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ (ავტომატური +), პირობა - სავალდებულო, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ძალაში შესვლის თარიღი - 1.07.2023 წ. გადასახადის გადამხდელი დაგვიანებით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და განახორციელა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა 1.07.2023-28.07.2025 წწ პერიოდში, რაზეც მომსახურების დეპარტამენტის 31.07.2025 წლის №011-306 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა და საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 1 865,89 ლარის ოდენობით (2025 წლის ივლისის განცხადებაში მითითებული თანხის 37 317,8*5%=1 865,89).
გადასახადის გადამხდელმა 1.08.2025 წელს წარადგინა 2023 წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, 2024 წლის იანვრიდან დეკემბერის ჩათვლით და 2025 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით თვეების დღგის დეკლარაციები. აღნიშნულის გათვალისწინებით, მომსახურების დეპარტამენტის 4.08.2025 წლის №011- 306/1/1 ბრძანებით (საგადასახადო მოთხოვნა №000-285) და გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა 17 532,97 ლარი, ხოლო ჯარიმა განისაზღვრა 19 398,86 ლარით, ნაცვლად 1 865,89 ლარისა.
მომჩივანმა მოგვიანებით წარადგინა 2024 წლის დეკემბერის, 2025 წლის თებერვლის და 2025 წლის ივნისის თვის დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაციები, რომლითაც შემცირებას დაექვემდებარა 1 508,77 ლარი (განისაზღვრა ჯარიმა თანხით 17 890,09 ლარი, ნაცვლად 19 398,86 ლარისა), რაზეც 15.08.2025 წელს გამოიცა მომსახურების დეპარტამენტის №011-306/2 ბრძანება (საგადასახადო მოთხოვნა №000-302).
მომსახურების დეპარტამენტის 31.07.2025 წლის №011-306 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და 4.08.2025 წლის №011-306/1 ბრძანება (№000-285 საგადასახადო მოთხოვნა) გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 8.08.2025 წლის №17876 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მომსახურების დეპარტამენტს დაევალა შემოსავლების სამსახურის უფროსის 11.04.2022 წლის №9021 ბრძანების გათვალისწინებით სადავო საკითხის შესწავლა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, სადავო ოქმით დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 8.08.2025 წლის №17876 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა მომსახურების დეპარტამენტის 15.08.2025 წლის №011-306/3 ბრძანება (საგადასახადო მოთხოვნა №000-303 18.08.2025 წ), რომლითაც მომჩივნის მიმართ პასუხისმგებლობის ზომად დარიცხული ჯარიმის თანხა დარჩა უცვლელი (საგადასახადო მოთხოვნა №000-303 18.08.2025 წ), ვინაიდან მომსახურების დეპარტამენტის №011-306 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე (31.07.2025 წ) წარდგენილი არ ყოფილა დღგ-ის შესაბამისი დეკლარაციები 2023 წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, 2024 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით და 2025 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით.
მომსახურების დეპარტამენტის 18.08.2025 წლის №000-303 საგადასახადო მოთხოვნა (15.08.2025 წლის №011-306/3 ბრძანება) გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 27.08.2025 წლის №19051 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ პირი არ აკმაყოფილებდა 11.04.2022 წლის №9021 ბრძანების დანართი №2-ის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 8.08.2025 წლის №17876 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
დღემდე საქმიანობდა როგორც მცირე მეწარმე. საქმიანობა ტურისტულ სექტორს მიეკუთვნება და არის მკაცრად სეზონური, ანუ მუშაობა შესაძლებელია საშუალოდ 5 თვე - ძირითადად ზაფხულის პერიოდში. ამით განპირობებულია შემოსავლის არასტაბილურობა. სამწუხაროდ, საქმიანობისთვის არ ჰყავდა ბუღალტერი და ფინანსურ აღრიცხვას აწარმოებდა თავად და როგორც აღმოჩნდა, არასწორად - საანგარიშო პერიოდად მიიჩნევდა კალენდარულ წელს. 2023 წლის ივლისში, აღმოჩნდა, რომ სწორი დაანგარიშებით - ბრუნვამ გადააჭარბა 100 000 ლარს. ინფორმაციის არქონისა და რეგულაციის არასწორი გაგების გამო, ვერ განახორციელა დროული რეგისტრაცია დღგ-ის გადამხდელად. როგორც კი ამის შესახებ გაიაზრა პასუხისმგებლობა, თანამშრომლობის სრული მზაობა გამოიჩინა.
რამდენადაც არ ჰყავდა ბუღალტერი და არის საქმიანობისთვის დატვირთული სეზონი, 31 ივლისამდე ვერ მოასწრო, მაგრამ მალევე განახორციელა დეკლარაციების დაზუსტება და დღევანდელი მოცემულობით, ძირითადი დავალიანება, რომელიც შეადგენდა 76 206,39 ლარს, სრულად დაფარულია. ერიცხება ჯარიმა - 17 918,31 ლარი. ჯარიმის პატიებაზე მომსახურების დეპარტამენტს მიმართა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველით. 27 აგვისტოს მიიღო №011-306/4 ბრძანება, საგადასახადო მოთხოვნა №000-317, გადაწყვეტილება საჩივარზე - საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი აძლევს უფლებას, წარმოადგინოს საჩივარი დაკისრებული ჯარიმის მოხსნის თხოვნით, რადგანაც ეს შემთხვევა გამოწვეულია სწორედ არცოდნით. არის კეთილსინდისიერი გადამხდელი: დეკლარაციები დაზუსტებულია მომჩივნის ინიციატივით, არ ყოფილა განზრახ დამალვა ან გადასახადის თავიდან არიდება და როგორც მცირე მეწარმის ბრუნვა მხოლოდ სეზონურ პერიოდს მოიცავს და წელიწადში საშუალოდ, შვიდი თვე ბიზნესს ფაქტობრივად ვერ ახორციელებს.
სახელმწიფოს პოლიტიკა ყოველთვის ეფუძნებოდა მცირე მეწარმეების მხარდაჭერას და თვითდასაქმებულთა წახალისების პრინციპს - ასეთი ოდენობის ჯარიმა იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადი დავალიანებაც საკმაოდ მოცულობითი იყო, საქმიანობას სერიოზულ ზიანს მიაყენებს. სამართალდარღვევის შემთხვევა პირველი და უკანასკნელია და სერიოზული გაკვეთილია, გაერკვია საქმიანობის საგადასახადო დეტალებში. ბიუჯეტის წინაშე დაშვებული შეცდომა გამოასწორა.
უნდა მიეცეს უფლება, თავისი საქმიანობით გააგრძელოს ოჯახის რჩენა (დავალიანება დაფარა ნაწილობრივ ვალით) და ქვეყნის სამსახური.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
„საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 11.04.2022 წლის №9021 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე და 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმისაგან ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე პირის გათავისუფლების ღონისძიებების“ (დანართი №2) მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად წარმოდგენილი საჩივრის საფუძველზე, მომსახურების დეპარტამენტი უფლებამოსილია პირი გაათავისუფლოს ამავე კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმისაგან, თუ კმაყოფილდება შემდეგი პირობები:
ა) დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა გამოვლენილია უშუალოდ გადასახადის გადამხდელის მიერ, საგადასახადო ორგანოსთვის შესაბამისი განცხადებით მიმართვის საფუძველზე;
ბ) გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის ან ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ჯარიმისაგან გათავისუფლების შესახებ მომსახურების დეპარტამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის, პირადი აღრიცხვის ბარათზე არ უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება/აღიარებული მოსაკრებელი;
გ) დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თაობაზე პირის მიერ საგადასახადო ორგანოში განცხადების წარდგენის შემდგომ, მაგრამ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტზე შესაბამისი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გამოცემამდე, პირს წარდგენილი აქვს დღგ-ის შესაბამისი დეკლარაცია;
დ) დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თაობაზე საგადასახადო ორგანოში წარდგენილ განცხადებაში პირმა დააფიქსირა ამ განცხადების წარდგენის თვეში (მიმართვის თვის დასაწყისიდან მიმართვის მომენტამდე) განხორციელებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა.
შემოსავლების სამსახურის 8.08.2025 წლის №17876 ბრძანებით მომსახურების დეპარტამენტს დაევალა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 11.04.2022 წლის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
მომსახურების დეპარტამენტის 9.09.2025 წლის №------21-11 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 11.04.2022 წლის №9021 ბრძანების დანართი №2-ით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, ვინაიდან მომსახურების დეპარტამენტის №011-306 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე (31.07.2025 წ) წარმოდგენილი არ არის დღგ-ის შესაბამისი დეკლარაციები 2023 წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, 2024 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით და 2025 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, არ არსებობდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმისაგან მომჩივნის საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად გათავისუფლების საფუძველი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხი შესწავლილია სრულყოფილად, შემოსავლების სამსახურის 8.08.2025 წლის №17876 ბრძანების შესაბამისად და ვინაიდან მომსახურების დეპარტამენტის №011-306 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე (31.07.2025 წ) წარმოდგენილი არ არის დღგ-ის შესაბამისი დეკლარაციები, არ არსებობდა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის ჯარიმისგან გათავისუფლების საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო აქტები გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მათი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის №17876 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელი დაგვიანებით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და განახორციელა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა 1.07.2023-28.07.2025 წწ პერიოდში, რაზეც მომსახურების დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა და საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 1 865,89 ლარის ოდენობით.
გადასახადის გადამხდელმა წარადგინა 2023 წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, 2024 წლის იანვრიდან დეკემბერის ჩათვლით და 2025 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით თვეების დღგის დეკლარაციები. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა 17 532,97 ლარი, ხოლო ჯარიმა განისაზღვრა 19 398,86 ლარით, ნაცვლად 1 865,89 ლარისა.
მომჩივანმა მოგვიანებით წარადგინა 2024 წლის დეკემბერის, 2025 წლის თებერვლის და 2025 წლის ივნისის თვის დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაციები, რომლითაც შემცირებას დაექვემდებარა 1 508,77 ლარი , რაზეც გამოიცა მომსახურების დეპარტამენტის ბრძანება.აღიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №17876 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მომსახურების დეპარტამენტს დაევალა შემოსავლების სამსახურის უფროსის №9021 ბრძანების გათვალისწინებით სადავო საკითხის შესწავლა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, სადავო ოქმით დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის №17876 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა მომსახურების დეპარტამენტის ბრძანება , რომლითაც მომჩივნის მიმართ პასუხისმგებლობის ზომად დარიცხული ჯარიმის თანხა დარჩა უცვლელი , ვინაიდან მომსახურების დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე (31.07.2025 წ) წარდგენილი არ ყოფილა დღგ-ის შესაბამისი დეკლარაციები 2023 წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, 2024 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით და 2025 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით.
მომსახურების დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №19051 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო აქტები გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მათი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 165(1.2); 269(7); 282(1);