ბრძანება N 14891

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.06.2023
№ დოკუმენტი 14891
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 14891

27 ივნისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 15 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №79135/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 დეკემბრის №006-648 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ დღგ-ს და აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმებით მოცული პერიოდიდან დასრულებულია მხოლოდ 2019 წლის დეკემბრის თვის შემოწმება. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულია წინა პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება 2019 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით. შემოწმება ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ადგილზე დოკუმენტაციისა და ინფორმაციის დეტალური შესწავლით. იმ დროისათვის დარიცხული ვალდებულებების აბსოლუტური რაოდენობა გამოწვეული იყო დღგ-ის ავანსის განაშთვის არასწორი (არასრული) წარმოებით. პრობლემა იყო როგორც დაბეგვრასთან, ასევე ჩათვლასთან. აცხადებს, რომ კომპანიის საქმიანობა თითქმის სრულად არის დაკავშირებული სახელწიფო შესყიდვებთან, ტენდერებთან. საბიუჯეტო ორგანიზაციების ბიუჯეტის დაგეგმვის სტრუქტურიდან გამომდინარე, ტენდერის წესით შესყიდული სამშენებლო სამუშაოების დასრულება/შესრულება უფრო მეტად ხდება წლის მეორე ნახევარში. 2019 წლის დეკემბრის თვეში დასრულდა ათზე მეტი საბიუჯეტო შესყიდვა, რომლებიც დაიწყო დეკემბრამდე პერიოდში (მ.შ. 2018 წელს). აქედან უმრავლესობას თან ახლდა საავანსო გადახდები. რადგან ორგანიზაცია პროექტებზე ხშირად იყენებს ქვეკონტრაქტორებს, ამ საავანსო გადახდების მიმართვაც ხდებოდა შესაბამის კონტრაქტორებზე. ეს იწვევდა ორივე მხარის ავანსის წარმოქმნას. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე შემოწმება ეხებოდა მხოლოდ 2019 წლის დეკემბრის თვეს, შემმოწმებელიც და კომპანიის წარმომადგენელიც იძულებული გახდნენ გაევლოთ წლის ბოლოს დასრულებული ყველა პროექტი მისი წარმოშობის თარიღიდან, ანუ წინა საგადასახადო შემოწმებით დახურული პერიოდი ნაწილობრივ თავიდან იქნა გავლილი. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ პროცესი არაკომფორტულთან ერთად იყო არასამართლიანიც, რადგან შემმოწმებელი ხელმძღვანელობდა იმ ინფორმაციით, რაც ტექნიკურად ჩანს ელექტრონულ სისტემაში. დეკემბერში დასრულებული პროექტების საგადასახადო ვალდებულების უტყუარად მტკიცება შეუძლებელია წინა საგადასახადო ჯგუფის მიერ დარიცხული ვალდებულებების დოკუმენტური გავლის გარეშე, ანუ რომელ პროექტს, რომელ ელექტრონულ საბუთს „მიება“ მათ მიერ გაზრდილი დასაბეგრი ბრუნვით გამოწვეული დარიცხვა ან რომელი საბუთით მიღებული ჩათვლა შემცირდა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ ორჯერ არ დაიბეგროს ერთი და იგივე ვალდებულება, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 ივლისის №20082 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. 2019 წლის 1 დეკემბრიდან 2020 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდების საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 26 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, გამოიცა 2022 წლის 27 დეკემბრის №33054 ბრძანება და ამავე თარიღის №006-648 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით განესაზღვრა სულ 59 051 ლარი, მათ შორის გადასახადი 32 056 ლარი, ჯარიმა 15 992 ლარი და საურავი 11 003 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

● შპს „-------“ (ს/ნ -------) დაფუძნდა 2013 წლის 7 ნოემბერს, ხოლო დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2013 წლის 11 ნოემბერს. ეკონომიკური საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოდგენს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ სამშენებლო ტენდერებში მონაწილეობის მიღება და გამარჯვების შემთხვევაში სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესრულება ძირითადად ქვეკონტრაქტორების დახმარებით. შესამოწმებელ პერიოდში სრულყოფილად არ წარმოდგენილა საწარმოს მიერ გამოწერილი ავანსის ანგარიშფაქტურების განაშთვები.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების, ხელშეკრულებებისა და მიღებაჩაბარებების შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმების შედეგად დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის გათვალისწინებით გაიზარდა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით მიხედვით.

● გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ შპს „-------“ მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურა დანიშნულებით „ავანსი“, თუმცა ვერ მოხდა აღნიშნული ოპერაციის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირება და შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენა. შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე და 174-ე მუხლების გათვალისწინებით შესწავლილი იქნა პირველადი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლის სისწორე და გამოვლინდა სხვაობები გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა და ფაქტობრივ მონაცემებს შორის. შედეგად დაკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი შეეხო 2019 წელს, თუმცა შესწავლილი იქნა წლის ბოლოს დასრულებული ყველა პროექტი მისი წარმოშობის თარიღიდან. თუმცა, იმის გამო, რომ ელექტრონულად ავანსების განაშთვა ხდებოდა არასწორად, შეუძლებელი იყო მათი ზუსტად განაშთვა და შესაბამის პერიოდში ასახვა. გადასახადის გადამხდელის მხრიდანაც ვერ მოხდა აღნიშნული პროექტების და მათი შემადგენელი საგადასახადო დოკუმენტების ერთმანეთთან დაკავშირება. შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდის და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით და განსაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით დამატებული ღირებულების გადასახადში განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმებით დარიცხულ დამატებითი ღირებულების გადასახადს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოდგენს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ სამშენებლო ტენდერებში მონაწილეობის მიღება და გამარჯვების შემთხვევაში სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესრულება, ძირითადად ქვეკონტრაქტორების დახმარებით. შესამოწმებელ პერიოდში სრულყოფილად არ წარმოდგენილა საწარმოს მიერ გამოწერილი ავანსის ანგარიშფაქტურების განაშთვები. შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმების შედეგად დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის გათვალისწინებით გაიზარდა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით მიხედვით.

ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ ორგანიზაციას მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურა დანიშნულებით „ავანსი“, თუმცა ვერ მოხდა აღნიშნული ოპერაციის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირება და შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენა. შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა პირველადი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული დღგ-ს ჩათვლის სისწორე და გამოვლინდა სხვაობები გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა და ფაქტობრივ მონაცემებს შორის. შედეგად დაკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით დამატებული ღირებულების გადასახადში განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 275; 2021 წლამდე მოქმედი - 161; 173; 174;