გადაწყვეტილება №87154/1/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№87154/1/2024
10 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ ------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,29.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------------“ 26.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №87154/1/2024).
დავის საგანი:
შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ოქტომბრის №002-233 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 დეკემბრის №32036 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 80 446 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 52 275
დღგ - 41 829
საშემოსავლო გადასახადი - 10 446
ჯარიმა - 26 138
საურავი - 2 033
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 ივნისის №18141 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2021 წლის 12 ივლისიდან 2023 წლის 1 ივლისამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, საწარმო 2022 წლის მაისის თვიდან ახორციელებს დღგ-ით დასაბეგრი საქონლის (---------) შეძენა/რეალიზაციას. ბუღალტრულ აღრიცხვას ახორციელებს არასრული/არაზუსტი მონაცემებით, დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები, რის საფუძველზეც, შემოწმების პროცესში, დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის, გამოყენებულ იქნა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, გაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტურად შეძენილი საქონლის თვითღირებულება (305 090 ლარის ღირებულების მალფუჭებადი საქონელი), დადგინდა დოკუმენტურად განხორციელებული რეალიზაციისას თითოეული კატეგორიის საქონლის ფასნამატი (კვერცხი 0 კატეგორიაზე - 6%; 1 კატეგორიაზე - 8% და 2 კატეგორიაზე - 9%), შესაბამისად დადგინდა საცალოდ განხორციელებული რეალიზაციის ღირებულება. გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული სარეალიზაციო პროდუქციის რეალური ნაშთის ღირებულება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის. შესწავლილი მასალების საფუძველზე, დადგინდა შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს (ბრუნვა 91 025 ლარი).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
საგადასახადო შემოწმების ფარგლებში კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობა გაანგარიშდა ფაქტობრივად დადგენილი შემოსავლისა და დოკუმენტურად დაფიქსირებული ხარჯების ურთიერთშეპირისპირებით. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ფულის ინვენტარიზაციის ამსახველი ინფორმაციით, კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 873 ლარს (25.07.2023 წელი). დოკუმენტური მტკიცებულება დებიტორულ/კრედიტორული დავალიანების შესახებ გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი.
შესწავლილი მასალების საფუძველზე, შესამოწმებელ პერიოდში მიღებული და გადახდილი ფულადი სახსრების ურთიერთშედარებით, დადგინდა განკარგვადი ფულადი თანხების ოდენობა 2022 წლის ბოლოსა და 2023 წლის შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, რომელიც საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერით ფიქსირდება დაუდეკლარირებელი გაცემული ხელფასი 200 ლარის ოდენობით, რაც დაიბეგრა შესაბამის პერიოდში და გათვალისწინებულია ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშებაში.
შემოწმებით შედეგად, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს განესაზღვრა დამატებითი საგადასახადო ვალდებულება საშემოსავლო გადასახადში და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 ოქტომბრის №24976 ბრძანება და 10 ოქტომბრის №002-233 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 80 446 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 11 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 19 დეკემბრის №32036 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, მე-8, 49-ე, 61-ე, 73-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 145-ე, 101-ე, 154-ე და 43-ე მუხლებზე.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას ახორციელებს არასრული/არაზუსტი მონაცემებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, გაანგარიშებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტურად შეძენილი საქონლის თვითღირებულება, დადგენილ იქნა დოკუმენტურად განხორციელებული რეალიზაციისას თითოეულ კატეგორიის საქონლის ფასნამატი. შესაბამისად, დადგენილ იქნა საცალოდ განხორციელებული რეალიზაცია. გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული სარეალიზაციო პროდუქციის რეალური ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის. შესწავლილი მასალების საფუძველზე, შემოწმების მიერ დადგენილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. ასევე, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად, გაანგარიშებული განკარგვადი თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სახელფასო განაცემად.
გადამხდელის პრეტენზიაზე, 2022 წლის ივლისის თვეში რეალიზებული საქონლის ორმაგად დაბეგვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა დეკლარირებული მონაცემების/ბრუნვის გათვალისწინებით. აგრეთვე, პირს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აქვს ჩამოწერილი ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება, შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიამ საქმიანობა დაიწყო 2022 წლის მაისის თვეში. ვინაიდან მაღაზია იყო საბითუმო, აუცილებლად უნდა შეეტანათ არანაკლებ 110 ყუთი (39 600 ცალი) კვერცხი. ვინაიდან ახალი გახსნილი იყო და მომხმარებლების რაოდენობა არ იყო საკმარისი, ვერ მოხერხდა რეალიზაცია საჭირო რაოდენობის კვერცხის. კვერცხს ჰქონდა მხოლოდ ერთი თვის ვარგისიანობა, უკან დაბრუნებაც არ შეიძლებოდა, რადგან ხელშეკრულების საფუძველზე არ ექვემდებარებოდა დაბრუნებას და გაფუჭდა 30 ყუთი (10 800 ცალი) და მოხდა მისი გადაყრა. არ იცოდნენ, რომ საჭირო იყო შესაბამისი ორგანოსთვის შეტყობინება, ჩამოწერეს შიდა აქტით. კვერცხი არის მალ ფუჭებადი და მსხვრევადი, მთლიანი რაოდენობიდან საშუალოდ 5%-ის ჩამოწერა გააკეთეს, რამაც შეადგინა 27 250 ლარი. რაც შეეხება 16,21,27 ივნისს მიღებულ კვერცხს, მისი რეალიზაცია მოხდა ივლისის თვეში. დარიცხული არის დღგ 1 813 ლარი. აღნიშნულის დარიცხვა მოხდა როგორც დეკლარაციით, ასევე შემოწმების აქტით და ითხოვს გათვალისწინებას. რაც შეეხება მოგების გადასახადს, 27 250 და 11 887 ლარის შეადგენს 4 971 ლარს და პარალელურად ითხოვს მის ჩამოწერას. ამასთან, ითხოვს გასწორდეს საურავის და ჯარიმის თანხა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას ახორციელებს არასრული/არაზუსტი მონაცემებით. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტურად შეძენილი საქონლის თვითღირებულება, დადგინდა დოკუმენტურად განხორციელებული რეალიზაციისას თითოეულ კატეგორიის საქონლის ფასნამატი. შესაბამისად, დადგინდა საცალოდ განხორციელებული რეალიზაცია. გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული სარეალიზაციო პროდუქციის რეალური ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის. შემოწმებით დადგინდა შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. ასევე, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად, გაანგარიშებული განკარგვადი თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი.
აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აქვს ჩამოწერილი ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მოსაზრებით, კომპანიის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე (მალფუჭებადი საქონლის შეძენა ხორციელდება მომხმარებელთა შეკვეთების მიხედვით), ალოგიკურია ყოველ თვე დიდი რაოდენობის სარეალიზაციო პროდუქციის „გადაყრა“ ხდებოდეს.
აგრეთვე, აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დასადგენად გათვალისწინებულია გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული სარეალიზაციო პროდუქციის რეალური ნაშთის ღირებულება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, რაც იმას გულისხმობს, რომ 2023 წლის ივნისის თვეში შეძენილი პროდუქციიდან, ნაწილი რეალიზებული იყო იმავე თვეში და ნაწილი დარჩა ნაშთად, რომლის რეალიზაცია და შესაბამისი დეკლარირებაც მოხდებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ ივლისის თვეზე წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში. ამ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, კომპანიის განაცხადი რომ რეალიზაცია ორმაგად დაბეგრილი გამოდის, უსაფუძვლოა. საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშებულია დეკლარირებული და ფაქტობრივი მონაცემების სხვაობაზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას ახორციელებს არასრული/არაზუსტი მონაცემებით. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმებით დადგინდა შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. ასევე, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად, გაანგარიშებული განკარგვადი თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი.
აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აქვს ჩამოწერილი ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 73(5,9);159(1);163(1);164(1):101(1);154(1);