ბრძანება N 3174

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.02.2024
№ დოკუმენტი 3174
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 3174

15 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

სს „------------ის“ (ს/ნ -----------------)

(მის.: -------------------------------------)

2024 წლის 16 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის პირველი თებერვლის სხდომაზე (ოქმი №9) განიხილა სს „------------ის“ (ს/ნ -----------------) 2024 წლის 16 იანვრის №6439/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №094-99 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკური პირების მიერ მითვისებული კომპანიის კუთვნილი თანხების კომპანიის მიერ დაქირავებულ პირებზე გაცემულ უპროცენტო სესხად კვალიფიკაციას, გაანგარიშებული სარგებლის ხელფასის სახით განაცემად განხილვას და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ თანამშრომლების მიერ დაუფლებულ თანხებზე კომპანიას გააჩნია მოთხოვნა, რომელიც ასახულია საბუღალტრო ჩანაწერებში, აგრეთვე, განმარტავს, რომ კომპანია აწარმოებს სამართლებრივ პროცესებს კუთვნილი თანხების დაბრუნების მიზნით. გადასახადის გადამხდელი შემოწმების მიერ განსაზღვრულ სარგებელთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ოპერაციის უსასყიდლო მომსახურების გაწევისას მნიშვნელოვანია არსებობდეს მხარის ნება მომსახურების გაწევის თაობაზე, ხოლო მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს კომპანიის ნება ფიზიკური პირების მიერ მითვისებული ფულადი სახსრებით სარგებლობასთან დაკავშირებით. აღნიშნულის დასადასტურებლად მიუთითებს, რომ კომპანია აწარმოებს სამართლებრივ პროცესებს სადავო თანხის დაბრუნების მიზნით, აქედან გამომდინარე, გაურკვეველია შემოწმების მიერ სესხად კვალიფიცირებულ თანხებთან მიმართებით სარგებლის განსაზღვრა და გადახდის წყაროსთან დაკავების საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა.

გადასახადის გადამხდელი ასევე მიუთითებს, რომ თანხების მითვისება მოხდა 2016-2020 წლებში, ხოლო მითვისებულ თანხებთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა სრულად 2020 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდზე. განმარტავს, რომ აღნიშნულის მოგების გადასახადით დაბეგვრის დრო უკავშირდება სესხად კვალიფიცირებული თანხების ფიზიკური პირის მიერ მითვისების პერიოდს, რომელიც მიმდინარე საგადასახადო შემოწმებისთვის წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდს.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით მომჩივანი მიუთითებს შემოსავლების სამსახურის კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, ასევე, უზენაესი სასამრთლოს გადაწყვეტილებებზე და აცხადებს, რომ არ არსებობს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები კომპანიის კუთვნილი თანხების უპროცენტო სესხის სახით განაცემად განხილვასთან დაკავშირებით და აღნიშნულის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ექვემდებარება სრულად გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 აგვისტოს №18991 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სს „------------ის“ (ს/ნ -----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდებში დაქირავებული პირების მიერ მიზნობრობის დადასტურების გარეშე სალაროდან გატანილ თანხებზე (მათ შორის 2020 წლის პირველი იანვრისთვის არსებულ ნაშთებზე) წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 26 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 27 დეკემბრის №33195 ბრძანება და ამავე თარიღის №094-99 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 838 989 ლარი, მათ შორის, გადასახადი 478 406 ლარი, ჯარიმა 153 841 ლარი, საურავი 206 742 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

საგადასახადო შემოწმების პროცესში კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით დგინდება, რომ 2016-2020 წლებში საწარმოში ფინანსური კონტროლიორის პოზიციაზე მუშაობდა ფ/პ ------ძე. აღნიშნული პირის მიერ სისტემატურად ხდებოდა სალაროდან თანხების გატანა შესაბამისი დანიშნულების, მიზნობრიობის და გახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე. შემოწმებისთვის მოწოდებული განცხადების მიხედვით, ჯამში მითვისებულია კომპანიის კუთვნილი 1 421 000 ლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ შემმოწმებლებისთვის ასევე მოწოდებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილი, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე სს „-------ის“კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე. საგადასახადო შემოწმების პროცესში პირს მოეთხოვა სალაროდან გატანილი თანხების მოძრაობის შესახებ დეტალური ინფორმაციის წარდგენა და ასევე, მოეთხოვა სისხლის სამართლის საქმის ისეთი ინფორმაცია, სადაც უშუალოდ გამოჩნდებოდა კავშირი გადამხდელის მიერ მოწოდებულ განცხადებასა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში არსებულ მასალებს შორის. აღნიშნული მასალები შემოწმებისთვის მოწოდებული არ ყოფილა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემების მონაცემებით, ფ/პ ------ძე 2020 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდის ჩათვლით იღებს სახელფასო ანაზღაურებას კომპანიისგან.

ამასთან, შემოწმების მასალებით დგინდება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2023 წლის 21 ივლისს დარეგისტრირდა სარჩელი სამოქალაქო საქმეზე, რომლის მიხედვითაც სს „-----------ი“ ფ/პ --------სგან ითხოვს 40 960 ლარის დავალიანების დაფარვას. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ფ/პ ---------ძე 2020 წლის პირველი აგვისტოდან დასაქმებული იყო კომპანიაში სხვადასხვა თანამდებობებზე. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ფიზიკური პირის მიერ მოხდა დებიტორებისგან კომპანიის კუთვნილი თანხების აღება პირადი სარგებლობისთვის 43 532 ლარის ოდენობით, რომლისგანაც დაბრუნებას დაექვემდებარა მხოლოდ 2 572 ლარი. შემოწმებისთვის წარმოდგენილია ფ/პ ---------ის 2023 წლის 11 ივლისის მოხსენებითი ბარათი,რომლის მიხედვით ირკვევა, რომ პირი ადასტურებს კომპანიის მიმართ დავალიანებას, რომლის დაფარვაც შეთანხმებისამებრ უნდა მომხდარიყო ყოველთვიურად 3 000 ლარის ოდენობით და ამასთან, ითხოვს გადახდის ვადის გადავადებას.

კომპანიის მიერ დაქირავებულების მიმართ მოთხოვნა (ფ/პ ------ძე და ფ/პ -------ძე) ასახულია სააღრიცხვო მონაცემებში პერიოდების ჭრილში უძრავად. ამასთან, აღნიშნულ მოთხოვნებზე საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული და დეკლარირებული არ არის.

შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის და 982 მუხლის საფუძველზე, ასევე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, კომპანიის მიერ ფიზიკურ პირებზე არსებული მოთხოვნები დაკვალიფიცირდა დაქირავებულ პირებზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით წარმოადგენს მიღებულ სარგებელს. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, საწარმოში მომუშავე ფ/პ ------ის მიერ ხდებოდა სალაროდან თანხების გატანა დანიშნულების, მიზნობრიობის და გახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემების მონაცემებით, ფ/პ ------ძე 2020 წლის ივნისის ჩათვლით იღებს სახელფასო ანაზღაურებას კომპანიისგან. ამასთან, დგინდება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში რეგისტრირებულია სარჩელი სამოქალაქო საქმეზე, რომლის მიხედვითაც სს „--------ი“ ფ/პ -------გან ითხოვს დავალიანების დაფარვას. შემოწმებით ირკვევა, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ფიზიკური პირის მიერ მოხდა დებიტორებისგან კომპანიის კუთვნილი თანხების აღება პირადი სარგებლობისთვის. კომპანიის მიერ დაქირავებულების მიმართ მოთხოვნა ასახულია სააღრიცხვო მონაცემებში პერიოდების ჭრილში უძრავად, აღნიშნულ მოთხოვნებზე საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული და დეკლარირებული არ არის. შედეგად, კომპანიის მიერ ფიზიკურ პირებზე არსებული მოთხოვნები დაკვალიფიცირდა დაქირავებულ პირებზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რაზეც გაანგარიშებული სარგებელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით, წარმოადგენს მიღებულ სარგებელს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის/განმარტების და ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საწარმოს მიერ დაქირავებული პირების მიმართ არსებული მოთხოვნები სააღრიცხვო მონაცემებში პერიოდების ჭრილში ასახულია უძრავად და ამასთან, აღნიშნულ მოთხოვნებზე საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული და დეკლარირებული არ არის, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საწარმოს მიერ ფიზიკური პირების მიმართ არსებული მოთხოვნების დაქირავებულ პირებზე გაცემულ სესხად კვალიფიკაცია, გაანგარიშებული სარგებლის ხელფასის სახით განაცემად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. სს „------------ის“ (ს/ნ -----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკური პირების მიერ მითვისებული კომპანიის კუთვნილი თანხების კომპანიის მიერ დაქირავებულ პირებზე გაცემულ უპროცენტო სესხად კვალიფიკაციას, გაანგარიშებული სარგებლის ხელფასის სახით განაცემად განხილვას და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №18991 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდებში დაქირავებული პირების მიერ მიზნობრობის დადასტურების გარეშე სალაროდან გატანილ თანხებზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №33195 ბრძანება და №094-99 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 838 989 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო შემოწმების პროცესში კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ 2016-2020 წლებში საწარმოში ფინანსური კონტროლიორის პოზიციაზე დაქირავებული პირის მიერ სისტემატურად ხდებოდა სალაროდან თანხების გატანა შესაბამისი დანიშნულების, მიზნობრიობის და გახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემების მონაცემებით, აღნიშნული ფიზიკური პირი 2020 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდის ჩათვლით იღებს სახელფასო ანაზღაურებას კომპანიისგან.

ამასთან, შემოწმების მასალებით ასევე დგინდება, რომ ფიზიკური პირის მიერ მოხდა დებიტორებისგან კომპანიის კუთვნილი თანხების აღება პირადი სარგებლობისთვის . შემოწმებისთვის წარმოდგენილია ფ/პ -ის 2023 წლის 11 ივლისის მოხსენებითი ბარათი,რომლის მიხედვით ირკვევა, რომ პირი ადასტურებს კომპანიის მიმართ დავალიანებას, რომლის დაფარვაც შეთანხმებისამებრ უნდა მომხდარიყო ყოველთვიურად და ამასთან, ითხოვს გადახდის ვადის გადავადებას.კომპანიის მიერ დაქირავებულების მიმართ მოთხოვნა ასახულია სააღრიცხვო მონაცემებში პერიოდების ჭრილში უძრავად. ამასთან, აღნიშნულ მოთხოვნებზე საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული და დეკლარირებული არ არის.

შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის და 982 მუხლის საფუძველზე, ასევე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, კომპანიის მიერ ფიზიკურ პირებზე არსებული მოთხოვნები დაკვალიფიცირდა დაქირავებულ პირებზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით წარმოადგენს მიღებულ სარგებელს. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“ ); 982 (3 „ზ“); 101(,2 „ბ“); 154(1 „ა“, 2 „ა“ და „ბ“);