ბრძანება N 11584

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 27.05.2026
№ დოკუმენტი 11584
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 11584

27 მაისი 2026

ბრძანება

შპს „--------“ (ს/ნ „--------“)

(ფაქტ. მის.: „--------“)

2026 წლის 31 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 7 მაისის სხდომაზე (ოქმი №37) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2026 წლის 31 მარტის №101556/1/2026 საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 მარტის №054-2 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას და აცხადებს, რომ გადასახადის გადამხდელს დანერგილი ჰქონდა პროგრამა, რომლის მიხედვითაც კლიენტებზე გაიცემოდა დაგროვებითი ბარათები, რომლებზეც ავტომობილში ჩატუმბულ თითოეულ კუბურ მეტრზე კლიენტს უგროვდებოდა 5 თეთრი და დაგროვილი თანხით ავტომანქანას გაზით „უფასოდ“ ტუმბავდა. მიუთითებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში აღნიშნული სახით ფასდაკლებამ შეადგინა 26 428 ლარი, რომელიც ამორიცხული უნდა ყოფილიყო დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვიდან და შემოსავლიდან. აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარადგინა აღნიშნული პროგრამა, მაგრამ შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა ბონუსის გათვალისწინების გარეშე და არც საგადასახადო შემოწმების აქტში დაასაბუთა ბონუსის გაუთვალისწინებლობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას, კერძოდ, შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობის სახელფასო განაცემად დაკვალიფიცირებას. მიაჩნია, რომ აღნიშნული სხვაობა უნდა დაიბეგროს მოგების გადასახადით. ასევე, აცხადებს, რომ სხვაობის თანხის სახელფასო განაცემად დაკვალიფიცირების შემთხვევაში აღნიშნული თანხა უნდა განხილულიყო დასარიცხ თანხად, კერძოდ, აგროსვას არ უნდა დაქვემდებარებოდა, რადგან კომპანია ვერ დაარიცხავდა იმ სახელფასო თანხას, რომელიც რეალურად არ გააჩნდა. განმარტავს, რომ ვინაიდან, თანხა არ არის სახეზე და გახარჯვის კავშირი ეკონომიკურ საქმიანობასთან არ დგინდება, სხვაობა უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც გაწეული ხარჯი, რომელიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 3 თებერვლის №2110 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 14 აგვისტოდან 2026 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 26 თებერვალს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 2 მარტის №4748 ბრძანება და ამავე თარიღის №054-2 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 551 848 ლარი, მათ შორის, გადასახადი 335 912 ლარი, ჯარიმა 167 747 ლარი, საურავი 48 188 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

1. საწარმოს მიერ, შესამოწმებელ პერიოდზე წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ჯამურად შეადგენდა 892 852 ლარს (დღგ-ის გარეშე). შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით (გამოწერილი/მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები), შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს სულ შეძენილი ჰქონდა 1 120 796 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი, აქედან 2 981 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი რეალიზებული იყო პირველადი საგადასახადო დოკუმენტებით (გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით) და მიწოდებული იყო შპს „------ -ზე“, ხოლო დანარჩენი 1 117 815 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი საწარმოს დირექტორის ახსნა-განმარტებით მიწოდებული იყო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის გაზგასამართი სადგურიდან საწვავის სახით საცალოდ, პირველადი დოკუმენტების გარეშე. საწარმოს წარმომადგენლის განმარტებით შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას ბუღალტრული აღრიცხვა არ ჰქონდა, აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში საწარმო ახორციელებდა გაზგასამართი სადგურებიდან ბუნებრივი აირის (აირისებრ მდგომარეობაში) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის საწვავის სახით მიწოდებას საცალოდ (დოკუმენტების გარეშე), ვინაიდან საწარმოს უფიქსირდებოდა მცირე რაოდენობის საქონლის დოკუმენტური რეალიზაცია (ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის საწვავის სახით მიწოდების ნაწილში საქონლის დოკუმენტური რეალიზაცია არ ფიქსირდება), არ ყოფილა ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებები და 2025 წლის ოქტომბრის შემდეგ ეკონომიკურ საქმიანობას აღარ ახორციელებს, შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების შესაბამისად, საწარმოს მიერ საცალოდ რეალიზებულ საქონელზე გავრცელებული იქნა ტერიტორიული ნიშნით შერჩეულ მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ სავაჭრო ობიექტებზე ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების დროს დაფიქსირებული საქონლის სარეალიზაციო ფასი (1 კუბური მეტრი 1.50 ლარის ოდენობით), შედეგად აღნიშნულ ნაწილში გაანგარიშებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 420 951 ლარი (დღგ-ის გარეშე), რომელსაც დაემატა დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავალი 2 526 ლარი (დღგ-ის გარეშე). შემოწმების შედეგად დადგენილი სხვაობით 530 625 ლარით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საწარმოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტაციის მიხედვით შესწავლილი იქნა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობა და დადგინდა შესამოწმებელი პერიოდის ფულადი სახსრების ნაშთი 260 000 ლარის ოდენობით. შემოწმების მიმდინარეობისას შესამოწმებელ პერიოდში ნაღდი ფულის ნაშთის ცვლილებაზე (ზრდა/შემცირება) გავლენის მოხდენის მიზნებისთვის, დამატებით დოკუმენტაცია/ინფორმაცია საწარმოს უფლებამოსილ პირს არ წარმოუდგენია. აგრეთვე, საწარმოს უფლებამოსილი პირის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით, საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნდა, საწარმო 2025 წლის ოქტომბრის შემდეგ ეკონომიკურ საქმიანობას აღარ ახორციელებდა, აღარ უფიქსირდებოდა უძრავ/მოძრავი ქონების იჯარა, ასევე რეგისტრაციიდან მოხსნილი ჰქონდა საკონტროლო-სალარო აპარატები და საბანკო ტერმინალები. შემოწმების შედეგად დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი 260 000 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე მუხლების და აღნიშნულ საკითხზე არსებული შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების შესაბამისად განხილულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვეში დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე და 81-ე მუხლების შესაბამისად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს სულ შეძენილი ჰქონდა 1 120 796 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი, აქედან 2 981 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი რეალიზებული იყო პირველადი საგადასახადო დოკუმენტებით და მიწოდებული იყო შპს „------- -ზე“, ხოლო დანარჩენი 1 117 815 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი საწარმოს დირექტორის ახსნაგანმარტებით მიწოდებული იყო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის გაზგასამართი სადგურიდან საწვავის სახით საცალოდ, პირველადი დოკუმენტების გარეშე. საწარმოს წარმომადგენლის განმარტებით შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას ბუღალტრული აღრიცხვა არ ჰქონდა, აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში საწარმო ახორციელებდა გაზგასამართი სადგურებიდან ბუნებრივი აირის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის საწვავის სახით საცალო მიწოდებას, ვინაიდან საწარმოს უფიქსირდებოდა მცირე რაოდენობის საქონლის დოკუმენტური რეალიზაცია, არ ყოფილა ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებები და 2025 წლის ოქტომბრის შემდეგ ეკონომიკურ საქმიანობას აღარ ახორციელებდა, ამდენად, საწარმოს მიერ საცალოდ რეალიზებულ საქონელზე გავრცელებული იქნა ტერიტორიული ნიშნით შერჩეულ მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ სავაჭრო ობიექტებზე ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების დროს დაფიქსირებული საქონლის სარეალიზაციო ფასი (1 კუბური მეტრი 1.50 ლარის ოდენობით), რის შედეგადაც განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

ასევე, შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობა და დადგინდა შესამოწმებელი პერიოდის ფულადი სახსრების ნაშთი, რაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვეში განხილულ იქნა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტთან მიმართებით, რომ შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა მომხმარებლების მიერ შესაბამის ბარათზე დაგროვებული ბონუსების გათვალისწინების გარეშე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იყო გახარჯული ბონუსების ამონაწერის სკანირებული ვერსია, „პრომეთე ქარდის“ სახელწოდებით და ვერ დგინდებოდა აღნიშნული ბონუსების დაგროვებისა და გახარჯვის კავშირი მომჩივანთან. გარდა ამისა, გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია წარდგენილი იყო შემოწმების პროცესშიც, შესწავლილია შემოწმების მიმდინარეობისას და გავლენას არ ახდენს საგადასახადო შემოწმების შედეგებზე.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის მხრიდან დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონით დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, საწარმოს მიერ საცალოდ რეალიზებულ საქონელზე ტერიტორიული ნიშნით შერჩეულ მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ სავაჭრო ობიექტებზე ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების დროს დაფიქსირებული საქონლის სარეალიზაციო ფასის გამოყენება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას.

2.გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.შესამოწმებელ პერიოდში საწარმო ახორციელებდა გაზგასამართი სადგურებიდან ბუნებრივი აირის (აირისებრ მდგომარეობაში) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის საწვავის სახით მიწოდებას საცალოდ (დოკუმენტების გარეშე), ვინაიდან საწარმოს უფიქსირდებოდა მცირე რაოდენობის საქონლის დოკუმენტური რეალიზაცია არ ყოფილა ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებები და 2025 წლის ოქტომბრის შემდეგ ეკონომიკურ საქმიანობას აღარ ახორციელებს, საწარმოს მიერ საცალოდ რეალიზებულ საქონელზე გავრცელებულ იქნა ტერიტორიული ნიშნით შერჩეულ მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ სავაჭრო ობიექტებზე ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების დროს დაფიქსირებული საქონლის სარეალიზაციო ფასი, შედეგად აღნიშნულ ნაწილში გაანგარიშებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 420 951 ლარი, რომელსაც დაემატა დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავალი 2 526 ლარი (დღგ-ის გარეშე). შემოწმების შედეგად დადგენილი სხვაობით 530 625 ლარით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საწარმოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

2.შესწავლილი იქნა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობა და დადგინდა შესამოწმებელი პერიოდის ფულადი სახსრების ნაშთი 260 000 ლარის ოდენობით.

საწარმოს უფლებამოსილი პირის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით, საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნდა, საწარმო 2025 წლის ოქტომბრის შემდეგ ეკონომიკურ საქმიანობას აღარ ახორციელებდა, აღარ უფიქსირდებოდა უძრავ/მოძრავი ქონების იჯარა, ასევე რეგისტრაციიდან მოხსნილი ჰქონდა საკონტროლო-სალარო აპარატები და საბანკო ტერმინალები. შემოწმების შედეგად დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი 260 000 ლარი სსკ-ის 73-ე, 101-ე მუხლების და აღნიშნულ საკითხზე არსებული შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების შესაბამისად განხილულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვეში დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან სსკ-ის 154-ე და 81-ე მუხლების შესაბამისად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5,9),101,154,163,164.