ბრძანება N 13278

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 05.06.2024
№ დოკუმენტი 13278
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 13278

05 ივნისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---“-ის (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის.: ---) 2024 წლის 2 მაისის

საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული სალაროს ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის ოდენობას და შესაბამისად, აღნიშნულის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის შედეგად განსაზღვრულ საშემოსავლო გადასახადს.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირებისთვის მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი თანხების ხელფასად დაკვალიფიცირებას და წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ მომსახურების გამწევი პირები რეგისტრირებულნი არიან ინდივიდუალურ მეწარმეებად და თავად ადეკლარირებენ მიღებულ შემოსავალს. პირი უფლებამოსილი იყო მეტი შემოსავლის მისაღებად არ შესულიყო კონკრეტულ დამსაქმებელთან შრომით ურთიერთობაში ან ყოფილ დამსაქმებელთან შრომითი უფლებების დათმობის სანაცვლოდ გადასულიყო სანარდო ურთიერთობაზე, ამ პირობებში მიეღო მეტი დაკვეთა სხვადასხვა პირისგან და შესაბამისად, მეტი შემოსავალი. აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის დადებულია მომსახურების ხელშეკრულებები, გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტები, საბანკო გადარიცხვებში მითითებულია მომსახურების საფასური და არა ხელფასი/შრომის ანაზღაურება. გადასახადის გადამხდელი ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი დოკუმენტაცია და შესაბამისად, განხორციელდეს დარიცხული თანხების კორექტირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 თებერვლის №2572 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---.“-ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 29 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 17 აპრილის №8931 ბრძანება და №127-8 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 144 350 ლარი, მათ შორის გადასახადი 87 639 ლარი, ჯარიმა 42 157 ლარი და საურავი 14 554 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. შპს „---“-ის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების მომსახურების მიწოდება. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას უფიქსირდება სალაროს მზარდი ნაშთი. საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას გაანალიზდა საწარმოს სალაროს გონივრული ნაშთი „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის N22708 ბრძანების „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ (დანართი N9) მეთოდური მითითების მიხედვით. დადგინდა, რომ ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის, 2023 წლის დეკემბრის თვის ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 102 120 ლარს, ხოლო შესაბამისი პერიოდის „გონივრული ნაშთი“ – 0 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, გამოვლენილი არაგონივრული ნაშთი, 102 120 ლარი, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შპს „---.“-ის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების მომსახურების მიწოდება. საქმიანობის პროცესში კომპანია იყენებს როგორც დაქირავებულ პირთა შრომას (4 ფიზიკური პირი), ასევე, „მომსახურებას მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირებისაგან“.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ხელფასები საერთოდ არაა გაცემული სამშენებლო სამუშაოების უშუალოდ შემსრულებელ ფიზიკურ პირებზე. შემოწმებამ შეისწავლა ხსენებული მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების საქმიანობები და მათი კავშირი შპს „---.“-სთან და ზოგიერთი მათგანის (სულ 21 პირი) მიერ შესრულებული სამუშაო განიხილა დაქირავებით მუშაობად.

შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილისა და 154-ე მუხლის საფუძველზე, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის თანახმად, კომპანიას დამატებით გააჩნია სამშენებლო მასალების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია - შესყიდვის აქტები, რაც არ არის გათვალისწინებული სალაროს ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის გაანგარიშებისას (წარმოდგენილია საჩივრის დანართად) და ითხოვს შემოწმებისთვის დოკუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობას.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, საჩივრის დანართად წარმოდგენილი, და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, კომპანია საქმიანობის პროცესში იყენებს როგორც დაქირავებულ პირთა შრომას (4 ფიზიკური პირი), ასევე, „მომსახურებას მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირებისაგან“.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, შემოწმების პროცესში გაანალიზდა კომპანიის მიერ გაცემული თანხები. დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ხელფასები გაცემულია მხოლოდ 4 ფიზიკურ პირზე და საერთოდ არაა გაცემული სამშენებლო სამუშაოების უშუალოდ შემსრულებელ ფიზიკურ პირებზე. შემოწმებამ შეისწავლა ხსენებული მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების (სულ 35 პირი) საქმიანობები და მათი კავშირი შპს „---.“-სთან, რაშიც გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის ვებ. პორტალზე (www.rs.ge) არსებული კითხვარი სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კლასიფიცირების შესახებ და ზოგიერთი მათგანის (სულ 21 პირი) მიერ შესრულებული სამუშაო განიხილა დაქირავებით მუშაობად. შესაბამისად, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე ოპერაციაზე კვალიფიკაციის ცვლილება და შპს „---.“-ის მიერ ფიზიკური პირებისათვის გადახდილი თანხის შემოწმებით ხელფასის სახით განაცემად განხილვა მართლზომიერია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, საჩივრის დანართად წარმოდგენილი, და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული სალაროს ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის ოდენობას და შესაბამისად, აღნიშნულის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის შედეგად განსაზღვრულ საშემოსავლო გადასახადს.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირებისთვის მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი თანხების ხელფასად დაკვალიფიცირებას და წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგინდა, რომ ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის, 2023 წლის დეკემბრის თვის ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 102 120 ლარს, ხოლო შესაბამისი პერიოდის „გონივრული ნაშთი“ – 0 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, გამოვლენილი არაგონივრული ნაშთი, 102 120 ლარი, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

საქმიანობის პროცესში კომპანია იყენებს როგორც დაქირავებულ პირთა შრომას, ასევე, „მომსახურებას მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირებისაგან“. შემოწმებამ შეისწავლა ხსენებული მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების საქმიანობები და მათი კავშირი საწარმოსთან და ზოგიერთი მათგანის მიერ შესრულებული სამუშაო განიხილა დაქირავებით მუშაობად.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4, 9); 101; 154 ; 72; 105.