ბრძანება N 1718

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.02.2024
№ დოკუმენტი 1718
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 1718

01 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს “------“ (ს/ნ -----)

(მის.: --------)

2024 წლის 12 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 17 იანვრის სხდომაზე (ოქმი №3) განიხილა შპს “------ს“ (ს/ნ -----) №86702/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 დეკემბრის №039-24 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებულ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვას. განმარტავს, რომ საქმიანობას ეწეოდა იჯარით აღებულ ფართში, დირექტორის/დამფუძნებლის გარდაცვალების შემდეგ კომპანიამ აღნიშნულ ფართში იფუნქციონირა 7-8 თვე და შემდგომ მეიჯარესთან არსებული დავის გამო შეაჩერა საქმიანობა და მოახდინა საქონლის დასაწყობება იჯარით აღებულ ფართში. აღნიშნულ ფართში მოხდა ქურდობა, რის საფუძველზე, მათი ვარაუდით მოპარულია 50 000 ლარის ღირებულების საქონელი. ამავე პერიოდში სავაჭრო ფართის მფლობელის მიერ მოხდა საკეტების შეცვლა და სასამართლო დავის დაწყება კომპანიის მიერ ფართის გამონთავისუფლებაზე, რაც შემოწმების პროცესშიც გრძელდებოდა. ამდენად, მათ მიერ ვერ მოხდა საწყობში არსებული საქონლის ნაშთების შემოწმებისთვის მიწოდება. დღეის მდგომარეობით მოხდა საქონლის დათვლა და დადგინდა, რომ საწყობში ინახება 10-15 ათასი ლარის ღირებულების საქონელი, თუმცა მათი უმეტესობა ვადაგასული, დაზიანებული და გაფუჭებულია. გადამხდელი განმარტავს, რომ მათ გააჩნიათ საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამა ორისი, სადაც აღრიცხულია ყველა დოკუმენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 სექტემბრის №23298 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს “------ს“ (ს/ნ -----) საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 7 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 13 დეკემბრის №31337 ბრძანება და ამავე თარიღის №039-24 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 42 958 ლარი, მათ შორის, გადასახადი 24 022 ლარი, ჯარიმა 12 011 ლარი, საურავი 6 925 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შპს “------ს“ (ს/ნ -----) საქმიანობის საგანს წარმოადგენს სამშენებლო სარემონტო მასალების შეძენა რეალიზაცია, რასაც ახორციელებდა ------ს რაიონის სოფელ ------ში იჯარით აღებულ ფართში. გადამხდელს საქმიანობა შეწყვეტილი აქვს 2022 წლიდან (2021 წელს გარდაიცვალა კომპანიის ყოფილი დირექტორი და ეტაპობრივად მემკვიდრეების მიერ შეწყვეტილ იქნა საქმიანობა). კომპანიის ამჟამინდელი დირექტორის მიერ შემმოწმებელთა ჯგუფისთვის წარმოდგენილ იქნა ბუღალტრული პროგრამა „ორისი“ სადაც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოწერილია ყოველი წლის ბოლოს თანხობრივად, ამასთან, ბუღალტრული ნაშთი 2022 წლის აპრილიდან დაფიქსირებული აქვს 95 302 ლარის ოდენობით. გადამხდელმა საბოლოო ნაშთთან დაკავშირებით სიტყვიერად განმარტა, რომ ნაწილი მოპარულია (წარმოადგინა ცნობა შსს-დან, რომ მიმდინარეობს ძიება, თუმცა თანდართულ ოქმში არაა დაფიქსირებული საქონლის ღირებულებები და დადგენილი არაა ბრალეულობა), ნაწილი გაფანტულია ან გაფუჭებულია. აღნიშნულიდან გამომდინარე მოთხოვნილ იქნა წერილობითი ფორმით ბუღალტრულად დაფიქსირებული ნაშთის რეალობასთან დაკავშირებით ინფორმაცია და თუ რა მისამართზე ჰქონდა განთავსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (გადამხდელი 2022 წლიდან აღარ საქმიანობს და ფართის იჯარაც შეწყვეტილია). გადამხდელმა შემოწმების პროცესში აღნიშნული მტკიცებულებები არ წარმოადგინა. ამასთან, 2023 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი დეკლარირებული აქვს 0 ლარის ოდენობით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებამ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე იხელმძღვანელა და კომპანიის მიღებული/მისაღები შემოსავლები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი საქმიანობის შეწყვეტის ბოლოს ჩათვლილ იქნა 0 ლარის ოდენობით. ასევე შემოწმებით შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები, საბუღალტრო პროგრამა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების მონაცემები, რომელთა ანალიზითაც აღებულ იქნა საქონლის საწყისი ნაშთები. ასევე პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების საფუძველზე განსაზღვრულ იქნა საშუალო შეწონილი ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 16%, რაც გავრცელდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ კომპანიის დირექტორის მიერ წარმოდგენილ იქნა ბუღალტრული პროგრამა „ორისი“ სადაც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოწერილია ყოველი წლის ბოლოს თანხობრივად, ამასთან, ბუღალტრული ნაშთი 2022 წლის აპრილიდან დაფიქსირებული აქვს 95 302 ლარის ოდენობით. გადამხდელმა საბოლოო ნაშთთან დაკავშირებით სიტყვიერად განმარტა, რომ ნაწილი მოპარულია, ნაწილი გაფანტულია ან გაფუჭებულია. აღნიშნულიდან გამომდინარე აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილ იქნა წერილობითი ფორმით ბუღალტრულად დაფიქსირებული ნაშთის რეალობასთან დაკავშირებით ინფორმაცია და მისამართი, თუ სად იყო განთავსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. გადამხდელმა შემოწმების პროცესში აღნიშნული მტკიცებულებები არ წარმოადგინა. ამასთან, 2023 წლის მოგების დეკლარაციაში სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი დეკლარირებული აქვს 0 ლარის ოდენობით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა და კომპანიის მიღებული/მისაღები შემოსავლები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ასევე შემოწმებით შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები, საბუღალტრო პროგრამა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების მონაცემები. ასევე პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების საფუძველზე განსაზღვრულ იქნა საშუალო შეწონილი ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 16%, რაც გავრცელდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს “------“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებულ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიის დირექტორის მიერ წარმოდგენილ იქნა ბუღალტრული პროგრამა „ორისი“ სადაც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოწერილია ყოველი წლის ბოლოს თანხობრივად, ამასთან, ბუღალტრული ნაშთი 2022 წლის აპრილიდან დაფიქსირებული აქვს 95 302 ლარის ოდენობით. გადამხდელმა საბოლოო ნაშთთან დაკავშირებით სიტყვიერად განმარტა, რომ ნაწილი მოპარულია, ნაწილი გაფანტულია ან გაფუჭებულია. აღნიშნულიდან გამომდინარე აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილ იქნა წერილობითი ფორმით ბუღალტრულად დაფიქსირებული ნაშთის რეალობასთან დაკავშირებით ინფორმაცია და მისამართი, თუ სად იყო განთავსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. გადამხდელმა შემოწმების პროცესში აღნიშნული მტკიცებულებები არ წარმოადგინა. ამასთან, 2023 წლის მოგების დეკლარაციაში სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი დეკლარირებული აქვს 0 ლარის ოდენობით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა და კომპანიის მიღებული/მისაღები შემოსავლები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ასევე შემოწმებით შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები, საბუღალტრო პროგრამა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების მონაცემები. ასევე პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების საფუძველზე განსაზღვრულ იქნა საშუალო შეწონილი ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 16%, რაც გავრცელდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5"ა"), 158(1), 159(1"ა""ბ"), 163(1)(2), 164(1).