ბრძანება N 33691

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 28.12.2023
№ დოკუმენტი 33691
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 33691

28 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------ის“ (ს/ნ -------------------)

(მის.: ---------------------------------------)

2023 წლის 26, 27 ნოემბრის და 5 დეკემბრის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №130) განიხილა შპს „----------ის“ (ს/ნ -------------------) №85360/1/2023, №85377/1/2023, №85382/1/2023, №85835/1/2023 და №85836/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 ოქტომბრის №081-273 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ანგარიშვალდებულ პირზე მივლინების დანიშნულებით გაცემული თანხების, ასევე, კომპანიებზე გადახდილი ავიაბილეთების საფასურისა და სასტუმრო მომსახურების ხარჯის შემოწმებით დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საერთაშორისო გადაზიდვებზე გაწეული ხარჯის შემოწმებით დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 ნოემბრის №29261 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------ის“ (ს/ნ -------------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 23 ოქტომბრის №26109 ბრძანება და 24 ოქტომბრის №081-273 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 028 357 ლარი, მათ შორის, გადასახადი 618 024 ლარი, ჯარიმა 318 331 ლარი და საურავი 92 002 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. შპს „--------ის“ საქმიანობის სფეროა უკრაინიდან იმპორტირებული მზესუმზირის მარცვლებით ზეთის წარმოება ურთიერთდამოკიდებული პირისგან იჯარით აღებულ საამქროში და შემდგომ ამ ზეთების ჩამოსხმა 1 ლიტრიან და 5 ლიტრიან ბოთლებში, ეტიკეტირება და ადგილობრივ ბაზარზე მიწოდება. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს აქვს ექსპორტზე გატანილი პოლიპროპილენის გრანულები, რომელიც საბაჟო საწყობში ჰქონდა შენახული. გადამხდელი არ თანამშრომლობდა, არ არის წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, სასამართლოს გზით ბანკებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია მოვიდა ნაწილობრივ (არ არის „----ი“ ბანკის დოკუმენტაცია მოწოდებული). გადასახადის გადამხდელი დაჯარიმებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70- ე მუხლის საფუძველზე გამოთხოვილი ინფორმაციის წარუდგენლობაზე. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდით. საბანკო ანგარიშებიდან გაცემულია ანგარიშვალდებულ პირებზე მივლინების დანიშნულებით თანხები, ასევე, კომპანიებზე გადახდილია ავიაბილეთების საფასური, სასტუმრო მომსახურების ხარჯი. ჯამში ზემოაღნიშნულმა უსაბუთო ხარჯმა შეადგინა 614 831 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის თანახმად, შემოწმების მიერ აღნიშნული დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი დაბეგრილ იქნა მოგების გადასახადით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად.

2. შემოწმების ხელთ არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე ირკვევა, რომ შპს „--------ის“ იჯარით ქირაობს გემს და ეწევა საერთაშორისო გადაზიდვას. აღნიშნული დგინდება მესამე პირისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე (შპს „-------“ უწევს გადამხდელს გემის პორტში აგენტირების მომსახურებას). საბანკო ამონაწერებით არარეზიდენტი და რეზიდენტი კომპანიებისაგან ჩარიცხულია საერთაშორისო გადაზიდვების საფასური, ხოლო გემის იჯარის საფასური არარეზიდენტებზე გადახდილია ჯამში 804 635 ლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნულ ოპერაციებზე ახსნა-განმარტება ან შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ არის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის თანახმად, გაიზარდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის ნაწილში. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

3. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ შემოსავალსა და ხარჯს შორის სხვაობა (შემოწმების მიერ მიღებულ ფულად ნაშთს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, სახელფასო და მივლინების დანიშნულებით გადარიცხული თანხები, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები, ბანკის ხარჯი, ლიზინგის და კომუნალური გადასახადების და სხვა ხარჯები), დარჩენილი ფულადი ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ სარგებლად. შესაბამისად, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება:

ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.

ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება; საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელი ერთი და იგივე პიროვნებაა და იგი გახლავთ უკრაინის მოქალაქე. დირექტორის მიერ საქართველოში ვიზიტი ხორციელდებოდა მივლინების ფარგლებში და მივლინების მიზნობრიობით გადახდილი თანხების დაბეგვრა მოგების გადასახადით არასწორია. მომჩივანი აცხადებს, რომ მივლინების ხარჯთან დაკავშირებით, წარმოადგენს დამატებით მტკიცებულებებს.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს უკრაინიდან იმპორტირებული მზესუმზირის მარცვლებით ზეთის წარმოება. შესაბამისად, საერთაშორისო გადაზიდვებზე გაწეული ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრის საფუძველი არ არსებობს, ეს ხარჯი სწორედ, რომ უკავშირდება კომპანიის ძირითად საქმიანობას.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებზე, რომლის თანახმად, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ შემოსავალსა და ხარჯს შორის სხვაობით (შემოწმების მიერ მიღებულ ფულად ნაშთს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, სახელფასო და მივლინების დანიშნულებით გადარიცხული თანხები, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები, ბანკის ხარჯი, ლიზინგის და კომუნალური გადასახადების და სხვა ხარჯები), დარჩენილი ფულადი ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ სარგებლად. შესაბამისად, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საკმარისი მტკიცებულებების არქონის გამო არასწორად იქნა განსაზღვრული ფულის ნაშთი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე პირველი და მეორე სადავო საკითხების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი და განახორციელოს შემოწმებით გაანგარიშებული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ სარგებლად დაკვალიფიცირების საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------ის“ (ს/ნ -------------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი და განახორციელოს შემოწმებით გაანგარიშებული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ სარგებლად დაკვალიფიცირების საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება:

1.ანგარიშვალდებულ პირზე მივლინების დანიშნულებით გაცემული თანხების, ასევე, კომპანიებზე გადახდილი ავიაბილეთების საფასურისა და სასტუმრო მომსახურების ხარჯის შემოწმებით დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.

2.საერთაშორისო გადაზიდვებზე გაწეული ხარჯის შემოწმებით დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.

3.შემოწმებით განსაზღვრული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №29261 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №26109 ბრძანება და №081-273 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 028 357 ლარი, მათ შორის, გადასახადი 618 024 ლარი, ჯარიმა 318 331 ლარი და საურავი 92 002 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით,1.გადასახადის გადამხდელი დაჯარიმებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70- ე მუხლის საფუძველზე გამოთხოვილი ინფორმაციის წარუდგენლობაზე. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდით. საბანკო ანგარიშებიდან გაცემულია ანგარიშვალდებულ პირებზე მივლინების დანიშნულებით თანხები, ასევე, კომპანიებზე გადახდილია ავიაბილეთების საფასური, სასტუმრო მომსახურების ხარჯი. ჯამში ზემოაღნიშნულმა უსაბუთო ხარჯმა შეადგინა 614 831 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის თანახმად, შემოწმების მიერ აღნიშნული დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი დაბეგრილ იქნა მოგების გადასახადით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად.

2.საბანკო ამონაწერებით არარეზიდენტი და რეზიდენტი კომპანიებისაგან ჩარიცხულია საერთაშორისო გადაზიდვების საფასური, ხოლო გემის იჯარის საფასური არარეზიდენტებზე გადახდილია ჯამში 804 635 ლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნულ ოპერაციებზე ახსნა-განმარტება ან შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ არის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის თანახმად, გაიზარდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის ნაწილში. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

3.არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ შემოსავალსა და ხარჯს შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ სარგებლად. შესაბამისად, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე პირველი და მეორე სადავო საკითხების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი და განახორციელოს შემოწმებით გაანგარიშებული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ სარგებლად დაკვალიფიცირების საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 982 (1); 101(1); 154(1 „ა“);