გადაწყვეტილება №86972/1/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.04.2024
№ დოკუმენტი 86972/1/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№86972/1/2024

04 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ ------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 22.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №86972/1/2024).

 

დავის საგანი:

დღგ-ში და საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 8 ნოემბრის №081-279 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 დეკემბრის №33587 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 312 424 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 194 373

დღგ - 77 192

მოგების გადასახადი - (-8 086)

საშემოსავლო გადასახადი - 125 268

ჯარიმა - 103 475

საურავი - 14 576

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ტექნიკური და იოდიზირებული მარილით.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის №13830 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ოქტომბრამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 31 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდზე არ არის წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების შესახებ მონაცემები, წარდგენილია მხოლოდ საბანკო ამონაწერი, ჩგდ-ები და ახსნა-განმარტება საქონლის საწყისი ნაშთის შესახებ. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14126 ბრძანების საფუძველზე, საწარმოს ჩაუტარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია, რის საფუძველზეც აღირიცხა საქონლის საბოლოო ნაშთი. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების მიერ ინვენტარიზაციის შედეგებისა და პირველადი დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე განისაზღვრა სმფ-ების ოდენობა, რომლის ნაშთში არსებობა ან/და რეალიზაცია არ დადგინდა. აღნიშნული ჩაითვალა საწარმოს მხრიდან შესაბამის პერიოდებში რეალიზებულად. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით საწარმოს გამოუვლინდა სმფ-ები 500 343 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე), რომელიც დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, არ არის რეალიზებული და არც ფაქტობრივ ნაშთში ფიქსირდება. შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღნიშნული განხილული იქნა მიწოდებად (შემოწმებამ გამოიყენა საწარმოს იმავე პერიოდში დაფიქსირებული დოკუმენტური ფასი კატეგორიების მიხედვით), რის საფუძველზეც კომპანიას დამატებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 499 313 ლარის ოდენობით. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის (საბანკო ამონაწერების) და ახსნა-განმარტებების საფუძველზე განხორციელდა ნაღდი ფულის მოძრაობა. მიღებული შემოსავალი შემცირდა იმ პერიოდისთვის საწარმოს მიერ გაწეული დანახარჯებით (რომელიც გაანგარიშდა პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, ვინაიდან საქართველოს ფარგლებს გარეთ შეძენილი საქონლისთვის გადახდილი ფულის ოდენობა არ დადგინდა, გადახდილად ჩაითვალა პერიოდების მიხედვით მინიმალური ფასით გაანგარიშებული საქონლის ღირებულება) და საანგარიშო პერიოდის ბოლოს არსებული ფულის ნაშთის ოდენობით. ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად, 2023 წლის ივნისის ბოლოს გამოვლინდა 501 075 ლარის ნაღდი ფულის დანაკლისი, რომელიც საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 8 ნოემბრის №27587 ბრძანება და №081-279 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 312 424 ლარი

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 7 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 28 დეკემბრის №33587 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, მე-2, 161-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის არ აქვს წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების შესახებ მონაცემები, ასევე განხორციელებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგებისა და პირველადი დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე განსაზღვრული სმფ-ების, რომლის ნაშთში არსებობა ან/და რეალიზაცია არ დადგინდა, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, მიწოდებად განხილვა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა, აგრეთვე, ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად გაანგარიშებული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შესამოწმებელ პერიოდში მოგების გადასახადი შემცირებულია, ხოლო დღგ დარიცხულია 77 192 ლარი. წარმოუდგენელია ასეთი მიდგომა. გარდა ამისა, დარიცხულია საშემოსავლო გადასახადი, მაშინ როცა მომწოდებლებთან დავალიანება არ გააჩნიათ.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ დარღვეული იქნა შემოწმების ვადა.

მომჩივანი ითხოვს საშემოსავლო გადასახადის - 125 268 ლარის და დღგ-ის - 48 794 ლარის შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების შესახებ მონაცემები, წარდგენილია მხოლოდ საბანკო ამონაწერი, ჩგდ-ები და ახსნა-განმარტება საქონლის საწყისი ნაშთის შესახებ. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგებისა და პირველადი დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე განისაზღვრა სმფ-ების ოდენობა, რომელიც დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, არ არის რეალიზებული და არც ფაქტობრივ ნაშთში ფიქსირდება, რაც ჩაითვალა საწარმოს მხრიდან შესაბამის პერიოდებში რეალიზებულად (შემოწმებით გამოყენებულია იმავე პერიოდში დაფიქსირებული დოკუმენტური ფასი კატეგორიების მიხედვით). ამასთან, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად, მიღებული შემოსავლების და გაწეული ხარჯების შეპირისპირებით, საანგარიშო პერიოდის ბოლოს არსებული ფულის ნაშთის გათვალისწინებით, განსაზღვრული ფულის ნაშთი განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი.

ამასთან, დავის წარმოების ეტაპზე, მომჩივანს არ წარმოუდგენია იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დღგ-ში და საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა,გადასახადის გადამხდელს არ აქვს წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების შესახებ მონაცემები, წარდგენილია მხოლოდ საბანკო ამონაწერი, ჩგდ-ები და ახსნა-განმარტება საქონლის საწყისი ნაშთის შესახებ. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგებისა და პირველადი დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე განისაზღვრა სმფ-ების ოდენობა, რომელიც დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, არ არის რეალიზებული და არც ფაქტობრივ ნაშთში ფიქსირდება, რაც ჩაითვალა საწარმოს მხრიდან შესაბამის პერიოდებში რეალიზებულად (შემოწმებით გამოყენებულია იმავე პერიოდში დაფიქსირებული დოკუმენტური ფასი კატეგორიების მიხედვით). ამასთან, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად, მიღებული შემოსავლების და გაწეული ხარჯების შეპირისპირებით, საანგარიშო პერიოდის ბოლოს არსებული ფულის ნაშთის გათვალისწინებით, განსაზღვრული ფულის ნაშთი განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 101(1).