გადაწყვეტილება №25399/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.07.2025
№ დოკუმენტი 25399/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25399/2/2025

23 ივლისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 1.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25399/2/2025).

 

დავის საგანი:

სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 8.04.2025 წლის №081-62 საგადასახდო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 5.06.2025 წლის №11526 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

309 102,84 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 196 937,58

მოგების გადასახადი - 4 870,59

საშემოსავლო გადასახადი - 192 066,99

ჯარიმა - 98 456,5

საურავი - 13 708,76

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 28.03.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 9.08.2023 წლიდან 4.03.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, საბანკო ანგარიშები, დებიტორ-კრედიტორების მონაცემები და ახსნა-განმარტებები. ფულადი ნაკადების მოძრაობის ანგარიშისას გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშზე ასახული შემოსული თანხები ჩაითვალა მიღებულ შემოსავლად, ხოლო ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების მიხედვით განსაზღვრული თანხები ანაზღაურებულად. ასევე, გათვალისწინებული იქნა ბანკში გადახდილი საკომისიოები და საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა გადახდები. ხარჯების განსაზღვრისას საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოთი, რომლის მიხედვით იმ რეალიზებულ პროდუქციაზე, რომლის შეძენის დოკუმენტიც გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა, ხარჯები გაანგარიშდა იდენტური/მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური ფასის შესაბამისად. კომპანიას სალაროში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაშთის სახით უნდა ჰქონოდა 350 949,26 ლარი. აღნიშნული თანხა (აგროსილი - 438 686,58 ლარი) ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 8.04.2025 წლის №081-62 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.06.2025 წლის №11526 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, მე-8, 49-ე, 61-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 1333 მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლზე და ყურადღებას ამახვილებს სადავო საკითხთან დაკავშირებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შეძენების გარკვეული რაოდენობა განხორციელებული აქვს სასაქონლო ზედნადებების მეშვეობით, ხოლო ნაწილი შეძენილია ფიზიკური პირებისაგან. შემოწმების მიერ მონაცემების ურთიერთშედარების საფუძველზე დადგინდა, რომ გადამხდელი სრულყოფილად არ ახდენდა ფიზიკური პირებისაგან შეძენილი პროდუქციის ღირებულების 3%-იანი განაკვეთით დაბეგვრას გადახდის წყაროსთან და შესაბამისად, არ ჰქონდა შესრულებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლით დადგენილი ვალდებულება. ხარჯების განსაზღვრისას შემოწმებამ იხელმძღვანელა სიტუაციური სახელმძღვანელო №0256-ის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც იმ რეალიზებულ პროდუქციაზე, რომლის შეძენის დოკუმენტიც გადამხდელს არ გააჩნდა, ხარჯების გაანგარიშება განხორციელდა იმავე საანგარიშო წელს იდენტური/მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური ფასის შესაბამისად, ასევე, გათვალისწინებულ იქნა ბანკში გადახდილი საკომისიოები და საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა გადახდები. ამასთან, შემოწმების მიერ შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში და გაანგარიშებული ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ამასთან, აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებული შეძენების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა განპირობებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მე-2 ნაწილით და გამოყენებულია იმ შეძენებზე, რაზეც არ ყოფილა სასაქონლო ზედნადები გამოწერილი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივნის მხრიდან საგადასახადო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებული მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენდა შავი ლითონის ჯართის, შესყიდვა და რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში არ გააჩნდა ჯართის ჩამბარებელი პუნქტი, შესაბამისად არც ჟურნალი. იყო 3 შუამავალი ფირმა, ფლობდა კონტრაქტს ქარხანასთან საქონლის მიწოდების შესახებ, კომპანიის საქმიანობა წარმოადგენდა საშუამავლო საქმიანობას. იღებდა უკვე დატვირთულ მანქანებს, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებიდან და შემდგომ ახდენდა მის რეალიზებას ქარხანასთან. აუდიტორის მიერ თვის შესასყიდ ფასად აღებულ იქნა უმცირესი შესყიდვის ფასი, აღნიშნული უმცირესი ფასის ფარგლებში იქნა გამოანგარიშებული ფირმის ფულის ნაშთიც, რამაც გამოიწვია არარეალურად დიდი ფულის ნაშთი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ფირმა მუშაობდა დაახლოებით 3-3,5%-იან ფასნამატზე საშუალოდ. ფასანამატი ხშირ შემთხვევაში იყო მინუს ნიშნით, ბიზნესის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ზოგ შემთხვევაში კი 8 %-საც აღწევდა, რაც დოკუმენტური რეალიზაციით მარტივად დგინდება. წარმოდგენილია ცხრილი, სადაც დაკავშირებულია მიღებული და გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები, იშიფრება შემოსული და გასული მანქანის ნომრებითა და თარიღებით. აღნიშნული ცხრილის ანალიზით მარტივად დგინდება რეალური ფასნამატი, რომელზეც მუშაობდა კომპანია. ხოლო მეორე შემთხვევაში წარმოდგენილია საგადასახდო ორგანოს გაანგარიშების ცხრილი კორექტირებული რიცხვებით, სადაც უმცირესი ფასი დაზუსტებულია და აღებულია თვის საშუალო ფასი, რაც გაცილებით ახლოსაა როგორც რეალობასთან, ისე სამართლიან სურათთან. გაურკვეველია რის საფუძველზე არ იქნა მხედველობაში მიღებული დოკუმენტური ფასნამატის ცხრილი, რომელიც აუდიტორის მიერ უნდა ყოფილიყო მომზადებული და ეხელმძღვანელა არსებული ცხრილით. მიწოდებულ იქნა საჩივართან ერთად დოკუმენტური შესყიდვა-რეალიზაციის გაშიფვრა ცხრილის სახით, სადაც ნათლად ჩანს ფასნამატი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივანს სალაროში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უნდა ჰქონოდა 350 949,26 ლარი. კერძოდ, საბანკო ანგარიშზე ასახული შემოსული თანხები ჩაითვალა მიღებულ შემოსავლად, ხოლო ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების მიხედვით განსაზღვრული თანხები ანაზღაურებულად. ასევე, გათვალისწინებული იქნა ბანკში გადახდილი საკომისიოები და საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა გადახდები. ხარჯების განსაზღვრისას საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად. იმ რეალიზებულ პროდუქციაზე, რომლის შეძენის დოკუმენტიც გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა ხარჯების გაანგარიშება განხორციელდა იდენტური/მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური ფასის შესაბამისად. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად ხარჯების გაანგარიშებისთვის გამოყენებული იქნა საქონლის შეძენაზე დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური ფასის შესაბამისად, თვის ჭრილში.

საბჭო მიუთითებს მხარეთა არგუმენტაციაზე და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საწარმოს მიერ საქონლის შეძენა ხდებოდა როგორც იურიდიული პირებისგან, ასევე ფიზიკური პირებისგან. ფიზიკური პირებისგან საქონლის შეძენასთან დაკავშირებით, საწარმოს არ გააჩნია შესყიდვის დოკუმენტაცია. ვინაიდან შეძენილი საქონელის ნაწილზე გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია, საბჭო განმარტავს, რომ სალაროში არსებული ფულის ნაშთის გაანგარიშებისას საქონლის შეძენის ხარჯების განსაზღვრა სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენებით მართლზომიერია. ამასთან, ვინაიდან შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის არსებობა სალაროში არ დგინდება და აღნიშნული თანხის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების თაობაზე საგადასახადო ორგანოსთვის შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ ყოფილა, განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა კანონმდებლობის შესაბამისად.

საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან დავის განხილვის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივანს სალაროში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უნდა ჰქონოდა 350 949,26 ლარი. კერძოდ, საბანკო ანგარიშზე ასახული შემოსული თანხები ჩაითვალა მიღებულ შემოსავლად, ხოლო ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების მიხედვით განსაზღვრული თანხები ანაზღაურებულად. ასევე, გათვალისწინებული იქნა ბანკში გადახდილი საკომისიოები და საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა გადახდები. ხარჯების განსაზღვრისას საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად. იმ რეალიზებულ პროდუქციაზე, რომლის შეძენის დოკუმენტიც გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა ხარჯების გაანგარიშება განხორციელდა იდენტური/მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური ფასის შესაბამისად. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად ხარჯების გაანგარიშებისთვის გამოყენებული იქნა საქონლის შეძენაზე დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური ფასის შესაბამისად, თვის ჭრილში. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.06.2025 წლის №11526 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან დავის განხილვის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს : 73 (4); 101 (1); 154 (1,ა).