გადაწყვეტილება №19528/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 19528/2/2023
09 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ -------------26.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19528/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 12.10.2022 წლის №007-264 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7528 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 124 597 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 78 674
დღგ - 32 761
საშემოსავლო გადასახადი - 45 913
ჯარიმა - 28 286
საურავი - 17 637
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 28 სექტემბრის შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული ფასნამატია 19%, 2021 წლის ბოლოს დეკლარირებული აქვს 1 911 420 ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. 2021 წლის 17 მარტს გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა ინვენტარიზაცია, შედეგად დადგინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი საბაზრო ფასით 2 585 035 ლარი (აღნიშნული ემთხვევა ბუღალტერიაში დაფიქსირებულ ნაშთს 17 მარტისთვის). გადასახადის გადამხდელთან ჩატარებულია სამი საკონტროლო შესყიდვა და სალარო აპარატის გამოუყენებლობისთვის დაჯარიმებული არ არის. რეალიზაციების 35%- ზე მეტი დოკუმენტურია, გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს ბუღალტრული პროგრამა ორისის ასლი, მაგრამ როგორც სასაქონლო ზედნადებებში, ასევე პროგრამაში შეუძლებელი გახდა შეძენილი და რეალიზებული პროდუქციის დაკავშირება (მაგ.: არსებობს ერთი და იგივე დასახელების 3 პროდუქტი (კაბა, ქურთუკი, შარვალი და ა.შ.) განსხვავებული ფასით, როგორც შეძენაში, ისე რეალიზაციაში). ასევე, ინვენტარიზაციის შედეგებითაც შეუძლებელი გახდა ფასნამატის გამოთვლა აღნიშნული პრობლემის გამო. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციით ვერ ხერხდება საქონლის მოძრაობის აღრიცხვა. კერძოდ, ვერ ხდება რეალიზებული საქონლის სახეობის და თვითღირებულების იდენტიფიკაცია. საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე და 73-ე მუხლების გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ვინაიდან, შემოწმებით ვერ განხორციელდა დოკუმენტური და ინვენტარიზაციის ფასნამატის დადგენა საქონლის იდენტიფიცირების პრობლემის გამო, აღებული იქნა მსგავსი ტიპის აუდირებული პირის საცალო რეალიზაციის ფასნამატი 40% და გავრცელდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ პროდუქციაზე. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 12 ოქტომბრის №26048 ბრძანება და №007-264 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7528 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესის შესაბამისად, საგადასახადო შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, მართლზომიერად იქნა მსგავსი ტიპის აუდირებული პირის საცალო რეალიზაციის ფასნამატის გავრცელება დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ პროდუქციაზე. ამასთან, აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს პროგრამა ორისში, ახორციელებს სასაქონლო ზედნადებებით რეალიზაციას, რაც მთლიანი ბრუნვის 35%-ს შეადგენს. 2021 წელის ნოემბრიდან შემოწმების პერიოდის ბოლომდე სასაქონლო ზედნადებით რეალიზაციას ახორციელებს ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხული სასაქონლო კოდებით და საშუალო ფასნამატი ამ პერიოდის სასაქონლო ზედნადებების მიხედვით არ აღემატება 15-16%-ს. ასევე, სრული შესამოწმებელი პერიოდის სასაქონლო ზედნადებების მიხედვით რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფასნამატი საშუალოდ შეადგენდა 16-17%-ს, ხოლო საცალო რეალიზაციის ფასნამატი საშუალოდ 19-21%-ს. საშუალო ფასნამატის მიხედვით (საცალო + სასაქონლო ზედნადებები) 19%-ია. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდამდე და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩატარებულია ინვენტარიზაცია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ და არსებითი სხვაობა არ გამოვლენილა ბუღალტრულ ნაშთსა და ფაქტიურ ნაშთს შორის. ასევე, საშუალო ფასნამატი ორივე შემთხვევაში არ აღემატებოდა 19%-ს, რაც ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საშუალო ფასნამატის იდენტურია. ბუღალტრულ ნაშთი ინვენტარიზაციამდე შეადგენდა 2018 წლის აგვისტოში 1 190 257 ლარს, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის
ბოლოს 2022 წლის 17 მარტს 1 902 542 ლარს, რაც შემოწმებისთვის მიწოდებული ბუღალტრული ნაშთის თვითღირებულებისა და სარეალიზაციო ფასების იდენტურია. სრული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სარეალიზაციო ფასი 2 585 035 ლარია. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი და ბუღალტრული მონაცემები ერთმანეთს ემთხვევა, ასევე ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი 2018 წელს არ აღემატება დეკლარირებულ ფასნამატს. შემოწმებისთვის მიწოდებული იქნა საცალო და დოკუმენტებით რეალიზებული საქონლის ცხრილი, სადაც მითითებული იყო პერიოდების მიხედვით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დასახელება, რაოდენობა, თვითღირებულება და სარეალიზაციო ფასები, რაც ედრება ბუღალტრულ პროგრამაში რეალიზებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების რაოდენობას, დასახელებას და თვითღირებულებას.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ობიექტში ჩატარებულია სამი საკონტროლო შესყიდვა და სალარო აპარატის გამოუყენებლობისათვის არ ყოფილა დაჯარიმებული, რაც აღნიშნულია ასევე შემოწმების აქტში. ამდენად გაურკვეველია შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საჭიროება და სხვა აუდირებული მეწარმის 40%-იანი ფასნამატის გამოყენება, ვინაიდან რამდენადაც აუცილებელი არ უნდა ყოფილიყო არაპირდაპირი მეთოდით ერთობლივი შემოსავლის დადგენა, შემმოწმებელს ქონდა მათ მიერ დეკლარირებული და წარდგენილი, ინდივიდუალურად აღრიცხული, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი (დასახელების, თვითღირებულების, რაოდენობის) და ასევე ქონდა იგივე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დადგენილი საბაზრო ფასები 2018 და 2022 წლებში.
ითხოვს, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებებზე დაყრდნობით ჯგუფური ფასნამატის არაპირდაპირი მეთოდის გათვალისწინებით დადგენას, განსაზღვრას (სახეობების მიხედვით) და შესაბამისად საცალო რეალიზაციებზე გავრცელებას. წარმოდგენილი არგუმენტების და მტკიცებულებების გათვალისწინებას, საკითხის დამატებით შესწავლას და დარიცხული თანხების გადაანგარიშება/შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი გახდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის, ასევე სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, შეუძლებელი გახდა შეძენილი და რეალიზებული პროდუქციის დაკავშირება (არსებობს ერთი და იგივე დასახელების 3 პროდუქტი (კაბა, ქურთუკი, შარვალი და ა.შ.) განსხვავებული ფასით, როგორც შეძენაში, ისე რეალიზაციაში). ასევე ინვენტარიზაციის შედეგებითაც შეუძლებელი გახდა ფასნამატის გამოთვლა. აღნიშნულის გამო. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციით ვერ ხერხდებოდა საქონლის მოძრაობის აღრიცხვა, კერძოდ, რეალიზებული საქონლის სახეობის და თვითღირებულების იდენტიფიკაცია.
ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესით საკმარისი საფუძველი არსებობდა, გადასახადის გადამხდელის რეალური შემოსავლების და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, გამოყენებულიყო არაპირდაპირი მეთოდი.
მომჩივანი, არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, ასევე ფასნამატის ოდენობას, აღნიშნავს, რომ 2021 წელის ნოემბრიდან შემოწმების პერიოდის ბოლომდე სასაქონლო ზედნადებით რეალიზაციას ახორციელებს ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხული სასაქონლო კოდებით და საშუალო ფასნამატი ამ პერიოდის სასაქონლო ზედნადებების მიხედვით არ აღემატება 15-16%-ს. ასევე, სრული შესამოწმებელი პერიოდის სასაქონლო ზედნადებების მიხედვით რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფასნამატი საშუალოდ შეადგენდა 16-17%-ს, ხოლო საცალო რეალიზაციის ფასნამატი საშუალოდ 19-21%-ს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით ბუღალტრულ ნაშთსა და ფაქტიურ ნაშთს შორის არსებითი სხვაობა არ გამოვლენილა. ასევე, საშუალო ფასნამატი ორივე შემთხვევაში არ აღემატებოდა 19%-ს, რაც ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საშუალო ფასნამატის იდენტურია. ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი 2018 წელს არ აღემატება დეკლარირებულ ფასნამატს. ჩატარებულია სამი საკონტროლო შესყიდვა და სალარო აპარატის გამოუყენებლობისათვის არ ყოფილა დაჯარიმებული, ამდენად გაურკვეველია შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საჭიროება და სხვა აუდირებული მეწარმის 40%-იანი ფასნამატის გამოყენება. ითხოვს, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებებზე დაყრდნობით ჯგუფური ფასნამატის არაპირდაპირი მეთოდის გათვალისწინებით დადგენას, განსაზღვრას (სახეობების მიხედვით) და შესაბამის საცალო რეალიზაციებზე გავრცელებას, წარმოდგენილი არგუმენტების და მტკიცებულებების გათვალისწინებას, საკითხის დამატებით შესწავლას და დარიცხული თანხების გადაანგარიშება/შემცირებას.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურმა მომჩივნის მონაწილეობის გარეშე განიხილა საჩივარი და მიიღო გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც გააჩნიათ მყარი მტკიცებულებები, არგუმენტები, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ უნდა გამოყენებულიყო არაპირდაპირი მეთოდი და არ უნდა გავრცელებულიყო აუდირებული კომპანიის ფასნამატი. ფაქტია, რომ ორი ინვენტარიზაციაა ჩატარებული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, პირველი შემოწმების დაწყებამდე ორი თვით ადრე, მეორე შემოწმების პერიოდში და არცერთხელ არ გამოვლენილა არსებითი სხვაობა. შესაბამისად, ის ფასნამატია დადგენილი ინვენტარიზაციის შედეგებიდან გამომდინარე, რაც ფაქტიურად იყო სასაქონლო რეალიზაციის და ასევე საცალო რეალიზაციის დროს. კერძოდ, ფასნამატი სასაქონლო ზედნადებით რეალიზაციით 15-16%, ხოლო საცალოს დროს 19-21%. აღსანიშნავია ასევე, რომ ჩატარებულია საკონტროლო შესყიდვა 3 ჯერ და არცერთხელ არ არის დაჯარიმებული სალარო აპარატის გამოუყენებლოსათვის, ხოლო საკონტროლო შესყიდვით ფასნამატი იგივეა, რაც ინვენტარიზაციით დადგენილი და მათ მიერ შემოწმებისათვის მიწოდებული. შემმოწმებელს მიეწოდა სასაქონლო ზედნადებებით რეალიზაციის და ფასნამატით რეალიზაციის გაშიფვრა (თვითღირებულებით, რაოდენობით და სარეალიზაციო ფასებით), ანუ საქონლის ბრუნვა, მაგრამ არ იქნა გათვალისწინებული იმ არგუმენტით, რომ ყოველდღიური აღრიცხვა არ ქონდა ნაწარმოები. გადასახადის გადამხდელს აქვს დიდი რაოდენობის საქონელი და ფაქტიურად აღნიშნულის განხორციელება ყოველდღიურად შეუძლებელია, თუმცა ბუღალტერს მიეწოდება რა გაიყიდა და თვის ჭრილში კეთდება ინვენტარიზაცია, რომლის საფუძველზეც ხდება საქონლის ჩამოწერა. აქ საცალო რეალიზაცია გულისხმობს, თორემ 2021 წლის ნოემბრიდან სასაქონლო ზედნადებით რეალიზაცია აღრიცხულია სასაქონლო კოდებით და სასაქონლო ზედნადებით ფასნამატი აქაც 18-19%-ია. ამდენად, გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა მოწესრიგებული აქვს, 2021 წლის ნოემბრიდან სასაქონლო კოდებით აღრიცხავს რეალიზაციას, 35% დოკუმენტურად რეალიზებულია, ყოველ თვე ინვენტარიზაციას ატარებს და მის საფუძველზე ჩამოწერს საქონელს, ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს ორისში და დეტალურად აქვს გაწერილი ყოველივე, ორი ინვენტარიზაცია ჩატარდა და არცერთ შემთხვევაში დანაკლისი ან ზედმეტობა არ გამოვლენილა, მათი თხოვნა იქნება, თუ არაპირდაპირი მეთოდი უნდა იქნეს გამოყენებული, მაშინ მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებებზე დაყრდნობით ჯგუფური ფასნამატი მაინც იქნეს გამოყენებული, ყველა მონაცემი/ინფორმაცია წარდგენილი აქვთ, ამდენად სხვა პირის აუდირებული ფასნამატის გამოყენებას არ ეთანხმება.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2023 წლის №--------- წერილი, სადაც დაფიქსირებული გარემოებები, ფაქტობრივ გარემოებაში დაფიქსირებული ინფორმაციის ანალოგიურია, ამასთან მომჩივნის არგუმენტზე, რომ 2021 წლის ნოემბრიდან კომპანია აღრიცხავს საქონელს სპეციალურად მინიჭებული კოდებით, აღნიშნავს, რომ აღნიშნულ მეთოდით დათვლილია შემოწმებით მოცული პერიოდის ბოლო 2 თვე და ძირითადად, რაც შეძენილია ამ 2 თვეში დაფიქსირებულია ნაშთად. გადასახადის გადამხდელს დაუდგინდა 1 900 000 ლარის ოდენობით ნაშთი, არ ფიქსირდება რეალიზაცია, შესაბამისად შეუძლებელია შემოწმება დაყრდნობოდა ამ 2 თვის მონაცემებს.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რაოდენობრივ მოძრაობაზე პრობლემა არ ქონიათ, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დადგინდა საქონლის რაოდენობა, პრობლემა რეალიზებული საქონლის სახეობის და თვითღირებულების იდენტიფიცირებაშია, შეუძლებელი გახდა შეძენილი და რეალიზებული პროდუქციის დაკავშირება მაგალითად არსებობს ერთი და იგივე დასახელების სამი საქონელი - შარვალი განსხვავებული ფასით, როგორც შეძენაში, ისე რეალიზაციაში, გადასახადის გადამხდელს შეუძლია უფრო მეტი თვითღირებულებით ჩამოწეროს, მაგრამ რა გაყიდა ვერ ხდება იდენტიფიცირება. რისი იდენტიფიცირებაც არ ხდებოდა იმაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი, მომჩივანი თავადვე აპელირებს, რომ 2021 წლის ნოემბრიდან ხდება სასაქონლო კოდებით აღრიცხვა, ზემოაღნიშნული პრობლემის გამო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგებით ვერ დადგინდა ფასნამატი, ინვენტარიზაცია ჩატარებულია შემოწმების პერიოდში, მაგრამ შედეგები შემოწმების მიერ იქნა გამოყვანილი, გადასახადის გადამხდელს თვითონ აქვს ფასები მიწერილი, მაგრამ ფასნამატის გამოყვანა ვერ მოხერხდა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, რომ ჩატარებულია სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ორი ინვენტარიზაცია, საქონლის რეალიზაციის 35% დოკუმენტური რეალიზაციაა და რომ დადგენილია დოკუმენტური ფასნამატი, რომელიც საცალოდ რეალიზებულზე დადგენილ ფასნამატზე მეტია.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ ფასნამატის გავრცელების საკითხი მოითხოვს დამატებით შესწავლას. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ორივე ინვენტარიზაციის და დოკუმენტური ფასნამატის ანალიზის საფუძველზე, ფასნამატის განსაზღვრა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და სათანადო საფუძველის არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7528 ბრძანება;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ორივე ინვენტარიზაციის და დოკუმენტური ფასნამატის ანალიზის საფუძველზე, ფასნამატის განსაზღვრა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და სათანადო საფუძველის არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
4. ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტმა უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატი.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. დადგენილი წესით საკმარისი საფუძველი არსებობდა, გადასახადის გადამხდელის რეალური შემოსავლების და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, გამოყენებულიყო არაპირდაპირი მეთოდი.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;136(3);61(3);73(5);100(3);102(1);161(1);159(1);163(2);164(1);