გადაწყვეტილება №24611/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.02.2025
№ დოკუმენტი 24611/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24611/2/2025

27 თებერვალი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------ი“ (ს/ნ -------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------ის“ 15.01.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24611/2/2025).

 

დავის საგანი:

1. არაპირდაპირი მეთოდის და დოკუმენტური ფასნამატის გამოყენებით დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერება;

2. განკარგვადი ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლის და აღნიშნულიდან გამომდინარე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 19.06.2024 წლის №006-312 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 26.12.2024 წლის №27420 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 195 487,63 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 125 093

დღგ - 90 307

საშემოსავლო გადასახადი - 34 786

ჯარიმა - 61 908

საურავი - 8 486,63

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ადგილობრივი და იმპორტირებული საკვებით (ფქვილი, ზეთი, კარაქი, რძის ფხვნილი) ვაჭრობა. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 3 ივნისს, ამავე თარიღში რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 3.06.2022 წლიდან 1.05.2024 წლამდე პერიოდის სრული, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 3.06.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც 18.06.2024 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №14279 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა 19.06.2024 წლის №006-312 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 26.07.2024 წლის №17532 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 14.11.2024 წლის №24050/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 26.07.2024 წლის №17532 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა საჩივრის ხელახლა განხილვის შედეგად 2024 წლის 26 დეკემბრის №27420 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. არაპირდაპირი მეთოდის და დოკუმენტური ფასნამატის გამოყენებით დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელთან 2024 წლის 27 თებერვალს ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სასაქონლომატერიალური მარაგები არ გააჩნდა. ამავე თარიღში გადამხდელთან ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა. გამოვლინდა, რომ აღნიშნულ პერიოდში სალაროში ფულის ნაშთი არ ფიქსირდება.

შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარადგინა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია (საბანკო ამონაწერები, სხვადასხვა ხელშეკრულებები, შედარების აქტები კრედიტორებთან). პირი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დასაბეგრი ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, ფასნამატები თითოეული შესამოწმებელი წლისთვის, სასაქონლო კატეგორიების მიხედვით განსაზღვრულ იქნა დოკუმენტური რეალიზაციიდან და გავრცელდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე. შედეგად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

შესაბამისი სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2024 წლის თებერვლის თვეში, ზემოთაღნიშნული ინვენტარიზაციის დანიშვნამდე შპს ,,------მა’’ განახორციელა სულ 701 613 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) რეალიზაცია. აღნიშნული რეალიზაცია განხორციელდა ნაღდი ანგარიშსწორებით, რისი იდენტიფიცირებაც ხდება სალარო აპარატზე ამობეჭდილი ჩეკებით. აღნიშნული რეალიზაციის დეკლარირება განხორციელდა შესაბამის თვეშივე. ასევე 2024 წლის თებერვლის თვეშივე დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით აღნიშნული შემოსავლიდან გამოწვეული ფულის ნაშთი. მიუხედავად ამისა, აუდიტორებმა იგნორირება გაუკეთეს ამ რეალიზაციას,საზოგადოების მიერ დეკლარირებულ აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებას და საზოგადოების მიერ დეკლარირებული თანხის მიუხედავად იგივე ბრუნვა მეორედ დაბეგრეს, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება.

აუდიტორების გაანგარიშების ცხრილიდან, ირკვევა, რომ 2022 წელს ფქვილის დოკუმენტური საშუალო ფასნამატი შეადგენდა 11%, თუმცა მათ მიერ გამოყენებულ იქნა 12%. აღნიშნული შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო ტექნიკური შეცდომით, მომჩივანი ითხოვს ამ საკითხის შესწავლას და დარიცხული თანხების კორექტირებას.

გარდა ზემოთ აღნიშნული არსებული ფაქტორებისა, საზოგადოებას არ აქვს არც ერთი პირობა დარღვეული, რომ შემმოწმებლებს გამოეყენებინათ 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის არამარტო „ა“ ქვეპუნქტი არამედ სხვა დანარჩენიც.

აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გაზრდილი საგადასახადო ბაზის შემცირებას და შესაბამისად დარიცხული თანხის შემცირებასაც. შემმოწმებლებს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდათ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენების.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 26.12.2024 წლის №27420 ბრძანებით მიღებულ გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ შემმოწმებელს უნდა გაეთვალისწინებინა 701 613 ლარის ღირებულების საქონლის რეალიზაციის ფაქტი, რომლიც დასტურდებოდა სალარო აპარატის მონაცემებით, ასევე მომჩივანი არ ეთანხმებოდა 12 პროცენტიანი ფასნამატის გამოყენებასაც, ვინაიდან შემმოწმებელს გაანგარიშებაში მითითებული ჰქონდა 11 პროცენტი. მომჩივანი თვლის, რომ არ არსებობდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების და სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლები.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 იანვრის №2121-21-14 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმების დანიშვნის თაობაზე ბრძანების გაცნობიდან (23.02.2024 წელი) ინვენტარიზაციის ჩატარებამდე (27.02.2024 წელი) პირმა ამობეჭდა 701 613 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ჩეკი. აღნიშნული რეალიზაცია არ იქნა გათვალისწინებული შემდეგი გარემოებების გამო:

1. პირს აღნიშნულ რეალიზაციაზე არ ჰქონდა გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რის გამოც ვერ მოხერხდა შემძენის იდენტიფიცირება;

2. პირს 2023 წლის ოქტომბრის მერე არ ჰქონდა რეალიზებული საქონელი, რაც დადგინდა მის მიერ წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციებით. (2023 წლის ნოემბერსა და დეკემბერში დღგ-ის დეკლარაციაში ნაჩვენები იყო ნულოვანი დასაბეგრი ბრუნვა);

3. გადასახადის გადამხდელს მისი რეგისტრაციიდან შემოწმების დაწყებამდე არასდროს ჰქონდა იმხელა ბრუნვა, რამდენიც საგადასახადო შემოწმების ჩატარების ბრძანების ჩაბარებიდან ინვენტარიზაციის ჩატარებამდე (3 დღეში) დააფიქსირა;

4. პირს შესამოწმებელ პერიოდში ბიუჯეტში გადახდილი ჰქონდა 19 227 ლარი, ხოლო ბიუჯეტიდან დაბრუნებული ჰქონდა 81 732 ლარი.

ფასნამატმა, შემმოწმებლის გაანგარიშებით, შეადგინა 12% და არა 11%.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 14.11.2024 წლის №24050/2/2024 გადაწყვეტილების შესაბამისად შემოსავლების სამსახურში საჩივრის ხელახლა განხილვის დროს მომჩივანს ჰქონდა შესაძლებლობა განხილვაში მიეღო მონაწილეობა და წარედგინა არგუმენტები/მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ მის მიერ სალარო შემოწმების დანიშვნის თაობაზე ბრძანების გაცნობიდან (23.02.2024 წელი) ინვენტარიზაციის ჩატარებამდე (27.02.2024 წელი) ამობეჭდილი 701 613 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ღირებულების რეალიზებული საქონლის შემძენის იდენტიფიცირების მიზნით წარედგინა შესაბამისი დოკუმენტები, რაც არც შემოსავლების სამსახურისთვის (საჩივრის ხელახლა განხილვის დროს) და არც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსთვის არ წარმოუდგენია.

ვინაიდან მომჩივანს არ ჰქონდა აქტიური სამეწარმეო საქმიანობა და 2023 წლის ბოლოს წარდგენილი დეკლარირებული მონაცემებით არ უფიქსირდებოდა ბრუნვები, ხოლო ბიუჯეტში გადახდილი თანხების ოდენობას აღემატებოდა უკან დაბრუნებული თანხების ოდენობა, საგადასახადო ორგანოს გააჩნდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების და 701 613 ლარის ღირებულების საქონლის რეალიზაციის ფაქტის გაუთვალისწინებლობის საფუძვლები.

საზოგადოების მიერ ბუღალტერიის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოების ფაქტის დამადასტურებლად, კონკრეტული არგუმენტაცია, დამატებითი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმების აქტში დაფიქსირებული გარემოებები გადამხდელის მიერ არ გაბათილებულა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი ამ ნაწილში გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. განკარგვადი ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლის და აღნიშნულიდან გამომდინარე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

შემოწმების პროცესში ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზით დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს რჩებოდა განკარგვადი თანხები, რომლის მიზნობრიობაც ვერ დადგინდა. აღნიშნული თანხები დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან

საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

შესაბამისი სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2024 წლის თებერვლის თვეში, განახორციელა სულ 701 613 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) რეალიზაცია. აღნიშნული რეალიზაცია განხორციელდა ნაღდი ანგარიშსწორებით, რისი იდენტიფიცირებაც ხდება სალარო აპარატზე ამორტყმული ჩეკებით, ასევე 2024 წლის თებერვლის თვეშივე დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით აღნიშნული შემოსავლიდან გამოწვეული ფულის ნაშთი, თუმცა როგორც დღგ-ის ნაწილში აქაც ამ შემმოწმებლებმა უგულებელყვეს და იგივე თანხა მეორედ დაბეგრეს. საგადასახადო კოდექსის მიხედვით შემმოწმებლებს არანაირი საფუძველი არ ჰქონდათ აღნიშნული თანხის დარიცხვისა, გარდა პირადი აღქმებისა. ასევე არასწორადაა გაზრდილი ბრუნვა ფქვილის რეალიზაციისას, გარდა ამისა საზოგადოება იყენებს მცირე მეწარმეების მომსახურებას ისეთ საქმიანობებში, როგორიცაა საქონლის დატვირთვა გადმოტვირთვა და მძღოლის მომსახურეობა.

მომჩივანი ითხოვს გონივრული ვადას რათა შეძლოს იმგვარი დოკუმენტაციის წარმოდგენა, რაც დაადასტურებს იმპორტზე შემოტანილი პროდუქციის ღირებულების ანაზღაურებას სრულად, ასევე მოხდება მცირე მეწარმეებისთვის გადახდილი თანხების დამადასტურებელ დოკუმენტების წარმოდგენა. ასევე საზოგადოებას კრედიტორული დავალიანება არ გაჩნია მომწოდებელთან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საჩივარში აღნიშნულია, რომ საზოგადოება მტვირთავებად და მძღოლებად იყენებდა მცირე მეწარმეებს და ითხოვს გონივრულ ვადას მათთვის თანხების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების და ასევე იმპორტირებული საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოსადგენად.

მომჩივანს, როგორც შემოწმების პროცესში, ასევე დავის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე ჰქონდა შესაძლებლობა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარედგინა საგადასახადო თუ დავის განმხილველი ორგანოებისთვის, რაც არ განუხორციელებია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან პირველი დავის საგანთან დაკავშირებით მითითებული, ფაქტობრივი გარემოებები წარმოშობს მომჩივნის მიმართ საშემოსავლო გადასახადში დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საფუძველს, მსჯელობა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების არამართლზომიერების თაობაზე საფუძველს მოკლებულია, მითუმეტეს, რომ საწინააღმდეგოს დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საჩივრის განხილვის არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა წარმოდგენილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი ამ ნაწილში გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

არაპირდაპირი მეთოდის და დოკუმენტური ფასნამატის გამოყენებით დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერება და განკარგვადი ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლის და აღნიშნულიდან გამომდინარე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 3.06.2022 წლიდან 1.05.2024 წლამდე პერიოდის სრული, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №14279 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა №006-312 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №17532 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს №24050/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №17532 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა საჩივრის ხელახლა განხილვის შედეგად №27420 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“.9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“.3„ა“); 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1 და მე-2); 164(1);