გადაწყვეტილება №26240/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26240/2/2025
13 იანვარი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,-------”-ის 1.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26240/2/2025).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2025 წლის №081-266 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.11.2025 წლის №24942 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 61 360,35 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 37 432,49
დღგ - 27 432,49
საშემოსავლო გადასახადი - 10 000
ჯარიმა - 18 632,90
საურავი - 5 294,96
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა საყოფაცხოვრებო ავეჯით ვაჭრობა -------, -------, იჯარით აღებულ ფართში.
აუდიტის დეპარტამენტის 24.09.2025 წლის საგადასახდო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 20.02.2023 წლიდან 1.07.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2025 წლის №081-266 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 13.11.2025 წლის №24942 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 311 108 ლარს. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, საწარმოს სამეურნეო ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა არ გააჩნია. 2025 წლის აპრილში მიმდინარე კონტროლის ღონისძიების ჩატარებისას უნაღდო ანგარიშსწორებისთვის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელს საწარმოს დირექტორმა მიაწოდა საქართველოს ბანკის პირადი ანგარიშის ნომერი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ:
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება მცირე რაოდენობის დოკუმენტური რეალიზაცია. ამასთან, ვერ ხერხდება დოკუმენტით რეალიზებული საქონლის თვითღირებულების კალკულაცია, რადგანაც საქონლის შეძენის და რეალიზაციის დოკუმენტების მიხედვით ვერ განხორციელდა საქონლის იდენტიფიცირება, აღნიშნულის შესახებ წარმოდგენილია საწარმოს დირექტორის ახსნა-განმარტება. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის ობიექტზე ჩატარდა მიმდინარე კონტროლის პროცედურები (საკონტროლო შესყიდვა), შემოწმების შედეგად შესამოწმებელ პერიოდში საცალოდ რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა მიმდინარე კონტროლის პროცედურების (საკონტროლო შესყიდვა) შესაბამისად გაანგარიშებული ფასნამატი, რომელიც გადასახადის გადამხდელთან ერთად იქნა განსაზღვრული. აღნიშნულის შედეგად, დადგინდა საცალოდ რეალიზებული საქონლისგან მიღებული შემოსავალი, რომელსაც დაემატა დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავალი, სულ შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 476 281 ლარს (დღგ-ის გარეშე). გამოვლენილი სხვაობა 165 177 ლარი (დღგ-ის გარეშე) დაიბეგრა დღგ-ის 18%- იანი განაკვეთით.
შემოწმებით დადგენილ მიღებულ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი. შედეგად, განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთი, 40 000 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), რომლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს უფლებამოსილ პირს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია, ასევე, საწარმოს დირექტორის განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გააჩნდა ნაღდი ფულის ნაშთი 5 500 ლარის ოდენობით. შემოწმებით დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 158- ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საკონტროლო შესყიდვისას დაფიქსირებული ფასნამტის გავრცელება სრულ პროდუქციაზე არარელევანტურია იმ მიზეზის გამო, რომ სხვადასხვა პროდუქციას სხვადასხვა ფასნამატი გააჩნია. როგორც საგადსახადო შემოწმების აქტშია აღნიშნული განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, რომლის ფარგლებშიც დადგენილი საშუალო ფასნამატი 108% გავრცელდა კომპანიის მიერ რეალიზებულ სრულ პროდუქციაზე.
წარმოადგენს გაანგარიშებას, რომლის მიხედვითაც საშუალო დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს 45%-ს. საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში არ უნდა მოხდეს ფასნამატის გავრცელება. მაგალითისთვის, თუ საძინებლის ავეჯზე დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს 216%-ს ცალკე საწოლი რეალიზებულია 17%-იანი ფასნამატით. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს ჩამოყალიბებული ერთიანი ფასის სისტემა და ხშირად კლიენტის "არ დაკარგვის" მოტივით ხდება დაბალი ფასნამატით რეალიზაცია. გამოყენებულ უნდა იქნას დოკუმენტური და ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი, რომლის ოდენობა შეადგენს 45% (დოკუმენტური) და 44%-ს (ინვენტარიზაციის).
აღნიშნულ ფასნამატთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურში პოზიცია იქნა წარმოდგენილი, რომ ინვენტარიზაციის ფასნამატი მხოლოდ ნაშთის დასათვლელად იქნა დადგენილი. ფასნამატის დადგენისას გამოიცემა შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რაც ადასტურებს კონკრეტულ გარემოებებს.
წარდგენილ გაანგარიშებით ვერ ახდენენ საქონლის შეძენის და რეალიზაციის დამაკავშირებელი დოკუმენტის იდენტიფიცირებას. ამ ნაწილშიც გაუგებარია აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია თუ რისი დაკავშირება ვერ ხდება. დანართად მომჩივანი წარმოადგენს გაანაგარიშების ცხრილებს შესაბამის ზედნადების და შესყიდვის დოკუმენტის ნორმის მითითებით.
გარდა ამისა, სსიპ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო და მეთოდოლოგიურ ბაზაში არსებული ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 26.11.2025 წლის N26130/2/2025 გადაწყვეტილების მიხედვით მსგავსი საქმიანობის კომპანიის მიმართ მონიტორინგის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციით საშუალო ფასნამატი დადგინდა 37,5%-ის ოდენობით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების და მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები. პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში
საბჭოს სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია თითქოს ჩატარდა მხოლოდ საბოლოო ნაშთების დადგენის გამო. შესაბამისად, შემოწმებამ არ გაითვალისწინა ინვენტარიზაციის ფასნამატი 44% და გავრცელდა საკონტროლო შესყიდვის ფასნამატი 108%. ასევე, არ არის გათვალისწინებული დოკუმენტური ფასნამატი.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გადასახადის გადამხდელის არგუმენტებთან დაკავშირებით განმარტა, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დადგინდა მხოლოდ აღწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი და არა ფასნამატი. რაც შეეხება დოკუმენტური ფასნამატის გამოყენებას, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ჰქონდა მცირე რაოდენობის დოკუმენტური რეალიზაცია, რომლის ფარგლებშიც რეალიზებული საქონლის თვითღირებულება ვერ დადგინდა, რადგან საქონლის შეძენისა და რეალიზაციის დოკუმენტების მიხედვით ვერ განხორციელდა საქონლის იდენტიფიცირება.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი. შესაბამისად, სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი ამ ნაწილში გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2025 წლის №081-266 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხულია გადასახადი - 37 432,49 ლარი, ჯარიმა - 18 632,9 ლარი და საურავი - 5 294,96 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისა და საურავისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილების თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება მცირე რაოდენობის დოკუმენტური რეალიზაცია. ამასთან, ვერ ხერხდება დოკუმენტით რეალიზებული საქონლის თვითღირებულების კალკულაცია, რადგანაც საქონლის შეძენის და რეალიზაციის დოკუმენტების მიხედვით ვერ განხორციელდა საქონლის იდენტიფიცირება, აღნიშნულის შესახებ წარმოდგენილია საწარმოს დირექტორის ახსნა-განმარტება. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის ობიექტზე ჩატარდა მიმდინარე კონტროლის პროცედურები (საკონტროლო შესყიდვა), შემოწმების შედეგად შესამოწმებელ პერიოდში საცალოდ რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა მიმდინარე კონტროლის პროცედურების (საკონტროლო შესყიდვა) შესაბამისად გაანგარიშებული ფასნამატი, რომელიც გადასახადის გადამხდელთან ერთად იქნა განსაზღვრული. აღნიშნულის შედეგად, დადგინდა საცალოდ რეალიზებული საქონლისგან მიღებული შემოსავალი, რომელსაც დაემატა დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავალი. გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ის 18%- იანი განაკვეთით.
შემოწმებით დადგენილ მიღებულ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი. შედეგად, განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთი, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს უფლებამოსილ პირს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია, ასევე, საწარმოს დირექტორის განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გააჩნდა ნაღდი ფულის ნაშთი. შემოწმებით დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადახადო კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი ამ ნაწილში გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159; 269(7)