გადაწყვეტილება №19443/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.06.2023
№ დოკუმენტი 19443/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19443/2/2023

09 ივნისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 18.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19443/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის19.09.2022 წლის №042-24 საგადასახადო მოთხოვნა.

2. შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7043 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 124 797,08 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 71 146

დღგ - 26 962

საშემოსავლო გადასახადი - 44 184

ჯარიმა - 35 397,4

საურავი - 18 253,68

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 9.09.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 19.09.2022 წლის №042- 24 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7043 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსზღვრა არაპირდაპირი მეთოდით

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 977 690 ლარს. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები აქვს სააღრიცხვო პროგრამა ორისში, თუმცა ბუღალტრულ ჩანაწერებში საქონლის ჩამოწერისას დოკუმენტური და საცალო რეალიზაციის ნაწილში ვერ მოხერხდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა. კერძოდ, ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით ვერ მოხერხდა დოკუმენტური და საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დადგენა, ასევე ბუღალტრულ ჩანაწერებში არ ხდება დოკუმენტური და საცალოდ რეალიზებული საქონლის იდენტიფიცირება (რასაც ადასტურებს წერილობითი განმარტებით საწარმოს წარმომადგენელი).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები საქონლის რეალიზაციის ნაწილში განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტურ რეალიზაციაზე დაყრდნობით გაანგარიშდა ფასნამატი, რომელიც გავრცელდა საწარმოს დოკუმენტების გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, შესაბამისად, დადგინდა დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლისგან მიღებული შემოსავალი, რასაც დაემატა დოკუმენტური შემოსავალი.

შედეგად საქონლის რეალიზაციიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 1 127 467 ლარის ოდენობით. დადგენილი სხვაობა 149 777 ლარი (დღგ-ის გარეშე) 2021 წლამდე მოქმედის საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა დღგ-ით. გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

საწარმოს დაუდგინდა დამატებითი შემოსავალი 176 737 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), რომელიც წარმოდგენილ საბუღალტრო პროგრამაში არ ჰქონდა აღრიცხული. დამატებით დადგენილი შემოსავლის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება გადამხდელს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარუდგენია. შესაბამისად დამატებით დადგენილი შემოსავალი ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე და 81-ე მუხლების შესაბამისად. საწარმოს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების საფუძველზე

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს სამშენებლო მასალებით ვაჭრობა. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები აქვს სააღრიცხვო პროგრამა ორისში, პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც დოკუმენტურად ასევე საცალოდ, თითოეული რეალიზებული საქონელი იდენტიფიცირდება ყოველდღიური რეალიზაციის ჩანაწერებიდან, შესაბამისად ყოველი საანგარიშო თვის ბოლოს ხდება საქონლის ჩამოწერა ყოველდღიურ ჩამოწერების ჩანაწერებზე დაყრდნობით და ასევე ყოველი თვის ბოლოს ინვენტარიზაციის შედეგებზე დაყრდნობით, როგორც აუდიტორი შეფასებაში ხსნის: „შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტურ რეალიზაციაზე დაყრდნობით გაანგარიშებული იქნა ფასნამატი, რომელიც გავრცელებული იქნა საწარმოს დოკუმენტების გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, შესაბამისად დადგენილი იქნა დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლისგან მიღებული შემოსავალი“, მომჩივანი არ ეთანხმება, ვინაიდან თუ არაპირდაპირი მეთოდის გაანგარიშების დროს შემმოწმებელი დაეყრდნო დოკუმენტურ ფასნამატს გაურკვეველია საიდან მიიღო 30%-იანი ფასნამატი ვინაიდან, გადამხდელის გაანგარიშებით დოკუმენტური რეალიზაციის საშუალო შეწონილი ფასნამატი არაუმეტეს 12 %-ია. ამ ნაწილში ტექნიკური შეცდომაა.

შეძენა-რეალიზაცია უხეშად დაკავშირებულია, სულ ჯამში-100 მდე პოზიცია და გამოყვანილია საშუალო არითმეტიკული ფასნამატი. აუდიტორს ფასნამატის გაანგარიშების მიზნისთვის პროდუქცია უნდა ჩაეშალა კატეგორიებად, სადაც თითოეული კატეგორიის საქონელზე განისაზღვრებოდა ჯგუფის ფასნამატი დოკუმენტური რეალიზაციის მიხედვით, შესაბამისად, თითოეული (ჯგუფის/საქონლის) შეძენის მოცულობის პროპორციულად უნდა გავრცელებულიყო შესაბამისი ჯგუფის ფასნამატი, რაც აუდიტორის ფასნამატის გაანგარიშების ცხრილში ფაქტობრივად არ არის (ცხრილი დანართის სახით). მომჩივნის მოთხოვნაა გავრცელებული იყოს დოკუმენტური ფასნამატი საშუალო შეწონილი ფასნამატის პრინციპით.

საწარმოს დღგ-ის საკითხი №1-ის შესაბამისად დაუდგინდა დამატებითი შემოსავალი 176 737 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), რომელიც წარმოდგენილ საბუღალტრო პროგრამაში არ ქონდა აღრიცხული. მომჩივანი არ ეთანხმება ზემოთაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას, ვინაიდან უკავშირდება პირველ საკითხს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საბჭო მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით, ვერ მოხერხდა დოკუმენტური და საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დადგენა, ასევე ბუღალტრულ ჩანაწერებში არ ხდება დოკუმენტური და საცალოდ რეალიზებული საქონლის იდენტიფიცირება. შემოწმება დაეყრდნო გადამხდელის მიერ გამოწერილ ელექტრონულ დოკუმენტაციას. დასახელებების მიხედვით, იდენტიფიცირებული შეძენილი საქონლის დაკავშირება მოხდა რეალიზაციასთან. ამგვარად გაანგარიშებული ფასნამატის გავრცელება განხორციელდა საცალო რეალიზაციის ნაწილზე.

იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7043 ბრძანება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის19.09.2022 წლის №042-24 საგადასახადო მოთხოვნით მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა - 35 397,4 ლარი და საურავი - 18 253,68 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269- ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლზე, 291- ე მუხლზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ითხოვს საბჭომ ისარგებლოს მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებით და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადამხდელი დამატებით დარიცხული სანქციებისგან (ჯარიმა/საურავი).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას. კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას), ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირი მოქმედებდა თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით არ შეიძლება გათავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან.

უხისმგებლობისგან. საბჭო ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების და მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელის არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსზღვრას არაპირდაპირი მეთოდით; ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები აქვს სააღრიცხვო პროგრამა ორისში, თუმცა ბუღალტრულ ჩანაწერებში საქონლის ჩამოწერისას დოკუმენტური და საცალო რეალიზაციის ნაწილში ვერ მოხერხდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა, არ ხდება დოკუმენტური და საცალოდ რეალიზებული საქონლის იდენტიფიცირება. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების შედეგად გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდით.

შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7043 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7043 ბრძანება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების და მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 101; 154; 159; 269(7); 275; 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161;