გადაწყვეტილება №22840/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.06.2024
№ დოკუმენტი 22840/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22840/2/2024

05 ივნისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 24.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 11.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22840/2/2024).

 

დავის საგანი:

1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ვალდებულებები;

2. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2023 წლის №056-60 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6027 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 276 142,15 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 155 408

დღგ - 86 007

საშემოსავლო გადასახადი - 69 401

ჯარიმა - 76 414

საურავი - 44 320,15

 

პროცედურული გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა სამშენებლო-სარემონტო და საყოფაცხოვრებო საქონლის იმპორტი, ადგილობრივ ბაზარზე შეძენა და რეალიზაცია. კომპანია საქმიანობას ეწევა, იჯარით აღებულ ფართში, -------, სოფელ -------.

2023 წლის 23 აგვისტოს №20841 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 1.01.2020 წლიდან 1.11.12023 წლამდე საანგარიშო პერიოდში. შემოწმების შედეგები აისახა 20.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2023 წლის №32388 ბრძანება და №056-60 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6027 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ვალდებულებები

ფაქტების აღწერა

საწარმოს მიერ საქონლის რეალიზაცია ხდება როგორც დოკუმენტებით, ასევე საკონტროლოსალარო აპარატის და საბანკო ჩარიცხვების გზით. გადასახადის გადამხდელმა წარადგინა საბანკო ამონაწერები და საბუღალტრო პროგრამა (ფინა), რის საფუძველზეც გაირკვა, რომ არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, კერძოდ: არ ხდება გაყიდული პროდუქციის რაოდენობრივი და სახეობრივი აღრიცხვა. წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვით საცალოდ რეალიზებული საქონელი ჩამოწერილია ჯამურად თვის ბოლოს, თუმცა შემოწმების მონაცემებით, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის ფასნამატი შესაბამისობაშია დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატთან.

ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 1.11.2023 წლის №26973 ბრძანების საფუძველზე მომჩივანთან ჩატარდა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარეობდა საგადასახადო შემოწმება ფაქტობრივი ნაშთი გადაიგზავნა აუდიტის დეპარტამენტში.

მომჩივნის მიერ წარდგენილი ბუღალტრული მონაცემების მიხედვით, 1.11.2023 წლის მდგომარეობით, ბუღალტრულ ნაშთსა და შემოწმებით დადგენილ (ინვენტარიზაციის მონაცემებით) ნაშთს შორის გამოვლინდა სხვაობა 324 448 (თვითღირებულებით) ლარის ოდენობით. შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და ვალდებულება განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სმფების სხვაობის თვითღირებულებაზე გავრცელდა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი (დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასნამატი 21%), რის შედეგადაც გამოვლინდა სხვაობა შემოწმებით დადგენილსა და მომჩივნის მიერ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით, მომჩივნის მიერ დღგ-ის დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. მომჩივანს ასევე შეეფარდა სანქცია საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 61-ე, 73-ე, მე-2, 160-ე, 161-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 43-ე მუხლებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, განმარტავს, რომ, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სმფ-ების სხვაობის რეალიზებულად განხილვა და თვითღირებულებაზე გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია დამატებითი შემოსავლის განსაზღვრა მართლზომიერია. ასევე, აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ჩაბარებია ინვენტარიზაციის ოქმი, რათა მოეხდინა ინვენტარიზაციის შედეგების გასაჩივრება. ამასთან, კომპანიისთვის უცნობია თუ რა თანხები დაერიცხა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, ითხოვს დამატებით დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. 2023 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით სმფ-ების ბუღალტრულ ნაშთსა და შემოწმებით დადგენილ (ინვენტარიზაციის მონაცემებით) ნაშთის სხვაობის თვითღირებულებაზე გავრცელდა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი (დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასნამატი 21%). აღნიშნულმა გამოიწვია სხვაობა შემოწმებით დადგენილსა და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის, რაც, დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სმფ-ების სხვაობის რეალიზებულად ჩათვლის და მის თვითღირებულებაზე გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატის გავრცელების შედეგად განისაზღვრა დამატებითი შემოსავალი.

მომჩივანი განმარტავს, რომ არ ჩაბარებია ინვენტარიზაციის ოქმი, რათა მოეხდინა ინვენტარიზაციის შედეგების გასაჩივრება. ამასთან, კომპანიისთვის უცნობია თუ რა თანხები დაერიცხა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, ითხოვს დამატებით დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 22.05.2024 წლის №46725-21-14 წერილი საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივნის საქმიანობის სახეა სამშენებლოსარემონტო და საყოფაცხოვრებო საქონლის იმპორტი, ადგილობრივ ბაზარზე შეძენა და რეალიზაცია. კომპანია საქმიანობას ეწევა იჯარით აღებულ ფართში, რომელიც მდებარეობს ------- რაიონში სოფ. -------. გადამხდელის მიერ საქონლის რეალიზაცია განხორციელებულია როგორც დოკუმენტებით, ასევე საკონტროლო სალარო აპარატისა და საბანკო ჩარიცხვების გზით.

მომჩივნის მიერ წარდგენილი საბუღალტრო პროგრამის (ფინა), შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, არ ხდება გაყიდული პროდუქციის რაოდენობრივი და სახეობრივი დეტალური აღრიცხვა. წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვით, დოკუმენტის გარეშე (სასაქონლო ზედნადები) რეალიზებული საქონელი ჩამოწერილია ჯამურად თვის ბოლოს.

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია (მომჩივნის მხრიდან შექმნილი იყო საინვენტარიზაციო კომისია ------- პ/ნ ------- თავჯდომარეობით) და იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარეობდა საგადასახადო შემოწმება ფაქტობრივი ნაშთი გადაგზავნილ იქნა აუდიტის დეპარტამენტში.

მომჩივნის მიერ წარდგენილი ბუღალტრული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით ბუღალტრულ ნაშთსა და შემოწმებით დადგენილ (ინვენტარიზაციის მონაცემებით) ნაშთს შორის გამოვლინდა სხვაობა. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სმფ-ების სხვაობის თვითღირებულებაზე გავრცელდა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი (დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასნამატი 21%), რის შედეგადაც გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილსა და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. აღნიშნული სხვაობები დაიბეგრა დღგ-ით, გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ის დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად.

ამასთან, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სმფ-ების სხვაობის რეალიზებულად განხილვა და თვითღირებულებაზე გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატის გავრცელებამ, გამოიწვია დამატებითი შემოსავლის განსაზღვრა. აღნიშნული შემოსავალი შემცირდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წერილის გათვალისწინებით (მომჩივნის მიერ აღებული სესხი ფიზიკურ პირი დამფუძნებლისგან ჩაითვალა დაბრუნებულად). დარჩენილი თანხა ჩაითვალა პასუხისმგებელ პირზე ------- (პ/ნ -------) ხელფასის სახით განაცემად.

მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება, რაც ამ ნაწილში შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ხდებოდა გაყიდული პროდუქციის რაოდენობრივი და სახეობრივი დეტალური აღრიცხვა, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დამატებით განსაზღვრული შემოსავალი შემცირდა საწარმოსა და დირექტორ/დამფუძნებელს შორის არსებული სასესხო ხელშეკრულების გათვალისწინებით, კერძოდ საწარმოს მიერ სესხი აღებულია ფიზიკურ პირ დამფუძნებლისგან (ამავე დროს დირექტორი) და მომჩივნის წერილობითი ახსნა-განმარტების საფუძველზე ჩაითვალა დაბრუნებულად. შედეგად, შემოწმებასა და დეკლარირებულ (აღიარებულ) შემოსავალს შორის სხვაობის თანხა ჩაითვალა საწარმოს მიერ მიღებულად და პასუხისმგებელ პირზე დირექტორზე/დამფუძნებელზე ------- (პ/ნ -------) ხელფასის სახით განაცემად. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგენილია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული დამატებითი შემოსავალი შემცირდა დირექტორზე/დამფუძნებელზე დაბრუნებული სესხის თანხით, ხოლო დარჩენილი თანხა ჩაითვალა პასუხისმგებელ პირზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

მომჩივანი არ წარმოუდგენს რაიმე არგუმენტს/მტკიცებულებას თუ რატომ არ არის დარიცხვა მართლზომიერი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს

1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ვალდებულებები;

2. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მომჩივნის მიერ წარდგენილი ბუღალტრული მონაცემების მიხედვით, ბუღალტრულ ნაშთსა და შემოწმებით დადგენილ (ინვენტარიზაციის მონაცემებით) ნაშთს შორის გამოვლინდა სხვაობა. შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და ვალდებულება განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. გამოვლინდა სხვაობა შემოწმებით დადგენილსა და მომჩივნის მიერ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით, მომჩივნის მიერ დღგ-ის დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად.

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული დამატებითი შემოსავალი შემცირდა დირექტორზე/დამფუძნებელზე დაბრუნებული სესხის თანხით, ხოლო დარჩენილი თანხა ჩაითვალა პასუხისმგებელ პირზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6027 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101; 154;