გადაწყვეტილება №21610/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21610/2/2023
19 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „შპს ----------“ 16.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21610/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით:
ა) ოპერაციის დაკვალიფიცირება მომსახურების გაწევად;
ბ) რეალურად გადახდილ და შესყიდვის აქტებში დაფიქსირებულ თანხას შორის სხვაობის ჩათვლა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 11.09.2023 წლის №063-18 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 27.11.2023 წლის №29033 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 2 920 756.68 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 1 692 136
დღგ - 47 005
საშემოსავლო გადასახადი - 1 645 131
ჯარიმა - 846 168
საურავი - 382 452.68
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის საქმიანობაა ცოცხალი პირუტყვის შეძენა/რეალიზაცია.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის 11.05.2023 წლის №10669 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის 25.05.2021 წლიდან 1.05.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 5.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა შემდეგი:
- საწარმოს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ---------- და ---------- კომპანიებთან, რომლის თანახმად ---------- კომპანია ---------- კომპანიისაგან ყიდულობს ცოცხალ პირუტყვს და საქართველოს გავლით (ტრანზიტის სასაქონლო რეჟიმით) გაჰყავს ----------დან ----------ში. აღნიშნული კომპანიები ანგარიშსწორებისათვის იყენებენ საწარმოს საბანკო ანგარიშებს. კერძოდ, ---------- კომპანია ---------- (ს/ნ ----------) რიცხავს პირუტყვის ღირებულებას, რომელიც შემდეგ ირიცხება ---------- კომპანიაში ---------- (ს/ნ ----------). გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია ხელშეკრულება, სადაც საწარმო მოხსენიებულია, როგორც ერთ-ერთი მხარე და პასუხისმგებელი პირი საქონლის მიწოდებაზე. შესამოწმებელ პერიოდში სულ ჩარიცხულია 3 125 407.43 ლარი და გადარიცხულია 2 817 255.81 ლარი.
გადასახადის გადამხდელის განმარტებით აღნიშნული საქმიანობა არ ხორციელდებოდა მოგების მიღების მიზნებისათვის და მხოლოდ საწარმოს საბანკო ანგარიშის გამოყენება ხდებოდა, რადგან ----------დან შეზღუდული იყო ----------ში თანხების გადარიცხვა, ხოლო თანხებს შორის წარმოშობილი სხვაობა წარმოადგენს ავანსს, რომელიც შემდეგ უნდა გადარიცხულიყო ----------ში.
შემოწმებით დგინდება, რომ საბანკო ანგარიშზე ბოლო ჩარიცხვა განხორციელებულია 31.01.2023 წელს და შემოწმების ბოლო თარიღისათვის 31.04.2023 წლისთვის არ არის გადარიცხული ---------- კომპანიაში. საბანკო ამონაწერის ანალიზიდან ირკვევა, რომ ბოლო ჩარიცხული თანხა გამოტანილია საწარმოს დირექტორის მიერ და ბუღალტრული პროგრამაში ასახული ინფორმაციის თანახმად, ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილია მომწოდებლებისათვის. გამომდინარე იქიდან, რომ საწარმო ხელშეკრულებაში ჩართულია ერთ-ერთ მხარედ და ანგარიშსწორება ხდება მისი საბანკო ანგარიშების მეშვეობით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, შემოწმების შედეგად აღნიშნული დაკვალიფიცირდა როგორც მომსახურების გაწევა, ხოლო მომსახურების ანაზღაურებად მიჩნეული იქნა ჩარიცხვებსა და გადარიცხვებს შორის სხვაობა 308 151.62 ლარი.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
- გადასახადის გადამხდელი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის შეძენას ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე ფიზიკური პირებისაგან, რაზეც წარდგენილია შესყიდვის აქტები, ხოლო რეალიზაციას ძირითადად ახდენს ექსპორტის გზით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალებიდან ირკვევა, რომ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული მონაცემები რიგ შემთხვევაში არასწორია, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში მითითებულ ფიზიკურ პირებს საერთოდ არ განუხორციელებიათ საქონლის რეალიზაცია. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ხარჯების გაანგარიშებისათვის გამოყენებულია შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული 2012 წლის 2 თებერვლის №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო, რომლის მიხედვით, რეალიზებული საქონლის თვითღირებულება შეფასებულია 25%-იანი რენტაბელობით. პირველ ეტაპზე თითოეული რეალიზაციისათვის დათვლილია რპთ FIFO მეთოდით და სმფ-ების მარაგები. ასევე, შეფასებულია FIFO მეთოდით გადასახადის გადამხდელის მიერ შესყიდვის აქტში დაფიქსირებული ფასებით, შემდეგ მიღებული ღირებულებები შემოწმების მიერ დაკორექტირდა 25%- იანი რენტაბელობიდან გამომდინარე. აღნიშნული გაანგარიშებით გამოვლინდა სხვაობა რეალურად გადახდილ და შესყიდვის აქტებში დაფიქსირებულ თანხებს შორის. აღნიშნული თანხების საწარმოში არსებობა ან რაიმე ეკონომიკური საქმიანობისათვის გახარჯვა არ დასტურდება.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, სხვაობა ჩათვლილია საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლებით.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.09.2023 წლის №21992 ბრძანება და 11 სექტემბრის №063-18 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 14.10.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.11.2023 წლის №29033 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საკანონმდებლო ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი შემოწმების აქტში არ არის დასაბუთებული. აუდიტორის მიერ მითითებულია საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი. სააღრიცხვო დოკუმენტაცია; ბუღალტერია; საგადასახადო სამართალდარღვევა და სხვა გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის წესზე; კოდექსის თანახმად ამ მუხლებიდან ორი ან მეტი სახის გადაცდომა უნდა ყოფილიყო, რომ გამოეყენებინა არაპირდაპირი დარიცხვის მეთოდი.
სააღრიცხვო დოკუმენტაცია სრულად ჰქონდა და წარუდგინა აუდიტორს. ამასთან, შესყიდვის დოკუმენტებს გარდა საბაჟო დეპარტამენტისა ამოწმებს სოფლის მეურნეობის სამინისტროც, ისე ვერ აიღებს წარმოშობის სერთიფიკატს თუ შესყიდვის დოკუმენტაცია არ არის სრულყოფილად შევსებული. წარმოშობის სერთიფიკატის გარეშე კი ექსპორტს ვერ განახორციელებს. ბუღალტერია ნაწარმოები აქვს საბუღალტრო აღრიცხვის ლიცენზირებული პროგრამით „ინფო ბუღალტერი“. საგადასახადო სამართალდარღვევის ორი ან მეტი შემთხვევა არ აქვს. სხვა გარემოებაში კი რა იგულისხმა აუდიტორმა გაურკვეველია.
თანხების დარიცხვას საფუძვლად დაედო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოპოვებული მასალები (რასაც არ იცნობს). აქტის შინაარსიდან ირკვევა რომ „მოსახლეობიდან განხორციელებული საქონლის შეძენა დადგა ეჭვქვეშ, შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული მონაცემები არ არის სწორი, ან დასახელებულ ფიზიკურ პირებს საერთოდ არ განუხორციელებიათ საქონლის რეალიზაცია“. მათთვის ცნობილია, რომ ის მეურნე პირები, ვინც ყიდიან საქონელს შემოწმებული იქნა საგადასახადო ორგანოს მიერ და დაერიცხათ საკმაოდ სერიოზული თანხები, ეს ინფორმაცია გავრცელდა სოფლებში და კანონმდებლობის უცოდინრობისა და საგადასახადო პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით გარკვეულმა პირებმა უარი განაცხადეს საქონლის გაყიდვის თაობაზე, არადა კომპანიას მათგან აქვს ნაყიდი საქონელი. შესყიდვის აქტები დგებოდა მათი თანამონაწილეობით, შესყიდვას ახორციელებდა დამკვეთის წარმომადგენელი, უცხოეთის მოქალაქე, რომელიც მივლინებით იმყოფებოდა შესყიდვების პერიოდში საქართველოში. კომპანია ფაქტიურად უცხოელი კომპანიისათვის იყო ნდობით აღჭურვილი პირი, რომელსაც ურიცხავდა თანხებს და მისი ხარჯვა ხდებოდა ისევ მათივე წარმომადგენლის მეშვეობით. შესყიდვის აქტებზე არის გამყიდველის საიდენტიფიკაციო მონაცემები, ხელმოწერა და თითის ანაბეჭდი, გამარტივებული შესყიდვის აქტის უფრო მეტად გამყარებისათვის სხვა ვეღარაფერი მოიფიქრეს.
კომპანიის მიმართ არაპირდაპირი დარიცხვის მეთოდის გამოყენებას არ ეთანხმება, რადგან არ დაურღვევია კანონი.
რაც შეეხება, მომსახურების თანხის დაბეგვრას, თანხა არის გაზრდილი. არ არის გათვალისწინებული გადარიცხვის საკომისიოები, ვალუტის კურსთა შორის სხვაობა, პირუტყვის კვების ხარჯი და სხვა, რაც საკმაოდ სერიოზული თანხაა.
აუდიტორის მიერ რეალიზებული საქონლის შეფასება განხორციელდა FIFO მეთოდით, როდესაც მატერიალური ფასეულობებისა და მარაგების შეფასებას კომპანია თავის სააღრიცხვო პოლიტიკით აწარმოებს, საშუალო შეწონილი ღირებულებით და საბუღალტრო ჟურნალი გადაცემული აქვს აუდიტორისათვის.
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების სამოტივაციო ნაწილში არის ჩანაწერი, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის პროცესშიც არ იქნა წარდგენილი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტში რაიმე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ საკითხზე წარდგენილია საბუღალტრო აღრიცხვის ჟურნალი, შესყიდვის აქტები, რომელსაც ეჭვქვეშ აყენებს აუდიტორი, როგორც ზემოთ აღინიშნა კომპანიას თავის დამცავი სხვა რაიმე რეგულაცია არ აქვს, სიმართლის დასადგენად ხომ არის შესაძლებელი შესყიდვის აქტებზე არსებული თითის ანაბეჭდების გადამოწმება და იმის დამტკიცება, რომ ნამდვილად ამ პიროვნებებისაგან არის შესყიდული საქონელი და მათთვის სწორედ შესყიდვის აქტში დაფიქსირებული თანხა აქვს გადახდილი.
შემოსავლების სამსახურმა მათი წარმომადგენლის დაუსწრებლად განიხილა საჩივარი, რომლითაც კომპანიას 2 900 000 ლარი დაერიცხა 25%-იანი რენტაბელობის გათვალისწინებით, საქართველოში არ ეგულება ბიზნესი, რომელსაც სუფთა მოგება შემოსავლის 25% რჩებოდეს. ითხოვს, გამოკითხული მომწოდებლები დაიკითხონ კომპანიის წარმომადგენლის თანდასწრებით, ვინაიდან ბრალად ედება დოკუმენტების გაყალბება, ხომ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ დაამტკიცოს სიმართლე. მოცემული ბიზნესიდან ასეთი დიდი მოგება რომ მიეღო ხომ უნდა დასტყობოდა მას და მისი ოჯახის წევრების ქონებას? შეეძინა სახლები, გაეხსნა ანაბრები, სად აქვს დაგროვილი ქონება?
ითხოვს განხილულ იქნას მის მიმართ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლიანობა, ბათილად იქნას ცნობილი სადავო აქტები და გადაანგარიშდეს დარიცხული თანხები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
მომჩივანი კომპანიის მიმართ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას არ ეთანხმება, რადგან შესყიდვის დოკუმენტებს გარდა საბაჟო დეპარტამენტისა ამოწმებს სოფლის მეურნეობის სამინისტროც, ისე ვერ აიღებს წარმოშობის სერთიფიკატს თუ შესყიდვის დოკუმენტაცია არ არის სრულყოფილად შევსებული. წარმოშობის სერთიფიკატის გარეშე კი ექსპორტს ვერ განახორციელებს. ბუღალტერია ნაწარმოები აქვს საბუღალტრო აღრიცხვის ლიცენზირებული პროგრამით „ინფო ბუღალტერი“, საგადასახადო სამართალდარღვევის ორი ან მეტი შემთხვევა არ აქვს. შესყიდვის აქტებზე არის გამყიდველის საიდენტიფიკაციო მონაცემები, ხელმოწერა და თითის ანაბეჭდი. რაც შეეხება, მომსახურების თანხის დაბეგვრას, არ არის გათვალისწინებული გადარიცხვის საკომისიოები, ვალუტის კურსთა შორის სხვაობა, პირუტყვის კვების ხარჯი და სხვა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებულ მასალებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული მონაცემები, რიგ შემთხვევაში არ არის სწორი, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში, მითითებულ ფიზიკურ პირებს საერთოდ არ განუხორციელებიათ საქონლის რეალიზაცია. ამასთან, ბანკის ამონაწერის ანალიზიდან ირკვევა, რომ ბოლო ჩარიცხული თანხა გამოტანილია კომპანიის დირექტორის მიერ და ბუღალტრული პროგრამაში ასახული ინფორმაციით ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილია მომწოდებლებისათვის.
ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს ჰქონდა უფლება გამოეყენებინა მისთვის მინიჭებული უფლება და გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განესაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ საწარმო ხელშეკრულებაში ჩართულია ერთ-ერთ მხარედ და ანგარიშსწორება ხდება მისი საბანკო ანგარიშების მეშვეობით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემოწმების შედეგად აღნიშნულის დაკვალიფიცირება მომსახურების გაწევად მართებულია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით:
ა) ოპერაციის დაკვალიფიცირება მომსახურების გაწევად;
ბ) რეალურად გადახდილ და შესყიდვის აქტებში დაფიქსირებულ თანხას შორის სხვაობის ჩათვლა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის შეძენას ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე ფიზიკური პირებისაგან, რაზეც წარდგენილია შესყიდვის აქტები, ხოლო რეალიზაციას ძირითადად ახდენს ექსპორტის გზით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალებიდან ირკვევა, რომ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული მონაცემები რიგ შემთხვევაში არასწორია, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში მითითებულ ფიზიკურ პირებს საერთოდ არ განუხორციელებიათ საქონლის რეალიზაცია. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ხარჯების გაანგარიშებისათვის გამოყენებულია შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული 2012 წლის 2 თებერვლის №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო, რომლის მიხედვით, რეალიზებული საქონლის თვითღირებულება შეფასებულია 25%-იანი რენტაბელობით. პირველ ეტაპზე თითოეული რეალიზაციისათვის დათვლილია რპთ FIFO მეთოდით და სმფ-ების მარაგები. ასევე, შეფასებულია FIFO მეთოდით გადასახადის გადამხდელის მიერ შესყიდვის აქტში დაფიქსირებული ფასებით, შემდეგ მიღებული ღირებულებები შემოწმების მიერ დაკორექტირდა 25%- იანი რენტაბელობიდან გამომდინარე. აღნიშნული გაანგარიშებით გამოვლინდა სხვაობა რეალურად გადახდილ და შესყიდვის აქტებში დაფიქსირებულ თანხებს შორის. აღნიშნული თანხების საწარმოში არსებობა ან რაიმე ეკონომიკური საქმიანობისათვის გახარჯვა არ დასტურდება.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს ჰქონდა უფლება გამოეყენებინა მისთვის მინიჭებული უფლება და გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განესაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ საწარმო ხელშეკრულებაში ჩართულია ერთ-ერთ მხარედ და ანგარიშსწორება ხდება მისი საბანკო ანგარიშების მეშვეობით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემოწმების შედეგად აღნიშნულის დაკვალიფიცირება მომსახურების გაწევად მართებულია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა,ბ“); 1601; 275.