გადაწყვეტილება №19511/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.07.2023
№ დოკუმენტი 19511/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№19511/2/2023

27 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 25.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19511/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 7.09.2022 წლის №23114 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 8.02.2023 წლის №047-4 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 5.04.2023 წლის №7332 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 40 040 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 28 164

დღგ - 14 094

საშემოსავლო გადასახადი - 14 070

ჯარიმა - 11 876

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სწრაფი კვების ობიექტის მეშვეობით მომსახურების მიწოდება.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2016 წლიდან 1.06.2019 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 27.12.2019 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ:

გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულად არ აღრიცხავდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენას, ჩამოწერას და ნაშთებს. 2019 წლის 6-12 აგვისტოს ჩატარებული ქრონომეტრაჟიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 6 438 ლარი. მეწარმეს მენიუში გააჩნდა და რეალიზებული აქვს ისეთი პროდუქცია, რომლის დამზადებისთვისაც აუცილებელი ნედლეული (მაგ. ლობიო და ნიგოზი) შეძენილი არ აქვს. ამასთან, მომჩივანი შესამოწმებელ პერიოდში დაჯარიმებულია საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობაზე და დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ვადის დარღვევისათვის. გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა არ აქვს ნაწარმოები და შემოწმებისათვის წარდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის შესწავლით დგინდება, რომ შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა პირდაპირი მეთოდით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მეწარმე სრულად არ ახდენს შემოსავლების დეკლარირებას მის მიერ მიღებული/მისაღები ერთობლივი შემოსავალი, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, 2019 წლის 6-12 აგვისტოს ჩატარებული ქრონომეტრაჟის შედეგებიდან გამოიყო უქმე და სამუშაო დღეებში მიღებული შემოსავლები და შეუდარდა გასულ წელს ანალოგიურ პერიოდში საკონტროლო-სალარო აპარატით დაფიქსირებულ შემოსავლებს. შედეგად, ქრონომეტრაჟით უქმე დღეებში მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 290%-ით მეტი, ხოლო სამუშაო დღეებში 241%-ით. ქრონომეტრაჟის შედეგად მიღებული პროცენტული სხვაობით გაიზარდა შესამოწმებელი პერიოდის ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 282-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 30.12.2019 წლის №47569 ბრძანება და ამავე თარიღის №047- 45 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 12.02.2020 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.07.2020 წლის №21425 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

- საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საჩივარში მოყვანილი არგუმენტებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, ანალოგიური/მსგავსი ბიზნესის მწარმოებელი აუდირებული კომპანიების მიმართ დადგენილი მონაცემებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლში 14.07.2020 წლის №6817-რს კანონით განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, უნდა გაუქმდეს დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში, დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა;

- საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმები განხილულ იქნას ერთ სამართალდარღვევად და გადამხდელს 1 300 ლარის ნაცვლად განესაზღვროს ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 28.07.2020 წლის №21425 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 10.12.2020 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით:

- საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დამატებით განხორციელდა საკითხის შესწავლა, თუმცა ვერ იქნა მოძიებული ანალოგიური/მსგავსი ბიზნესის მწარმოებელი (ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით) აუდირებული კომპანიების მიმართ (შესაბამის საანგარიშო პერიოდებში) დადგენილი მონაცემები. საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას),- საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლში 2020 წლის 14 ივლისის №6817-რს კანონით განხორციელებული ცვლილების საფუძველზე გაუქმდა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში, დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

- საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმები განხილულია ერთ სამართალდარღვევად და 1 300 ლარის ნაცვლად განესაზღვრა ჯარიმა 100 ლარით.

აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2020 წლის №38625 ბრძანება და ამავე თარიღის №047-76 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 12.02.2021 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 9.03.2021 წლის №6078 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შემოსავლების სამსახურის 28.07.2020 წლის №21425 ბრძანების აღსრულების მიზნით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 9.03.2021 წლის №6078 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 14.07.2021 წლის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დამატებით განხორციელდა საკითხის შესწავლა, აუდიტის დეპარტამენტმა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელა ანალოგიური/მსგავსი ბიზნესის მწარმოებელი აუდირებული კომპანიების მიმართ დადგენილი მონაცემებით. თუმცა მეწარმეს მენიუში გააჩნია და რეალიზებული აქვს ისეთი პროდუქცია, რომლის დამზადებისთვისაც აუცილებელი ნედლეულს (მაგ. ლობიო და ნიგოზი) შეძენა არ უფიქსირდება. ასევე, გადასახადის გადამხდელს სადავო საკითხზე დამატებით დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.

აღნიშნულზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.07.2021 წლის №23687 ბრძანება და ამავე თარიღის №047-46 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 25.08.2021 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 19.10.2021 წლის №32958 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 4.02.2022 წლის №14960/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 19.10.2021 წლის №32958 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 7.09.2022 წლის №23114 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შემოსავლების სამსახურის 9.03.2021 წლის №6078 ბრძანების აღსრულების მიზნით, დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 7.09.2022 წლის №23114 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 1.02.2023 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით:

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დამატებით განხორციელდა საკითხის შესწავლა. აუდიტის დეპარტამენტმა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელა ანალოგიური/მსგავსი ბიზნესის მწარმოებელი აუდირებული კომპანიების მიმართ დადგენილი მონაცემებით. შემოწმების მიერ დადგენილ და მსგავსი ბიზნესის აუდირებული კომპანიის მონაცემებს შორის არსებითი სხვაობა არ გამოვლინდა. ასევე, გადასახადის გადამხდელს სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით დოკუმენტაცია არ წარუდგენია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.02.2023 წლის №2053 ბრძანება და 8.02.2023 წლის №047-4 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 12.03.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 5.04.2023 წლის №7332 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. შემოწმებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით დამატებით განხორციელდა საკითხის შესწავლა. შემოწმებამ იხელმძღვანელა ანალოგიური/მსგავსი ბიზნესის მწარმოებელი აუდირებული კომპანიების მიმართ დადგენილი მონაცემებით. შემოწმების მიერ დადგენილ და მსგავსი ბიზნესის აუდირებული კომპანიის მონაცემებს შორის არსებითი სხვაობა არ გამოვლინდა. ამასთან, გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოება, რაც არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ობიექტი არის სწრაფი კვების ობიექტი. ჩატარებული ქრონომეტრაჟის საფუძველზე განხორციელდა 2018 წლის აპრილის თვიდან 2019 წლის აგვისტოს თვის პერიოდზე ხელახალი გადაანგარიშება ყოველდღიური შემოსავლის და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღად 24.01.2019 წლის ნაცვლად დადგინდა 19.08.2018 წელი, რასაც არ ეთანხმება ნაწილობრივ, რადგან ვაჭრობა არის სეზონური ძირითადად სეზონი არის 15 ივლისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით (ობიექტი მდებარეობს ცენტრალურ მაგისტრალზე). მოითხოვს დარიცხული თანხის ხელახალი გადაანგარიშებას იმ მტკიცებულებით, რომ წარდგენილი ბანკის ამონაწერებიდან, სადაც დაფიქსირებულია არა სეზონურ თვეებში ტერმინალებით მიღებული შემოსავალი და რომელიც თითქმის მესამედია შემოსავლის.

ასევე, წარმოადგენს თვეების მიხედვით (ჩატარებული ქრონომეტრაჟის საფუძველზე) მის მიერ გადაანგარიშებულ შემოსავლებს, რაზე დაყრდნობითაც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი 19.08.2018 წლის ნაცვლად უნდა იყოს 2.11.2018 წელი. ერთობლივი შემოსავალი 2018 წელს 157 462 ლარის ნაცვლად უნდა იყოს 116 546 ლარი. დღგ-ის გადასახადში 2018 წელს დამატებით უნდა დარიცხულიყო 2 980 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადში 3 217 ლარი. ასევე, გასათვალისწინებელია რომ სამეწარმეო საქმიანობა დაწყებული აქვს 2018 წლის აპრილის თვეში და მეწარმე სანამ ბაზარზე ადგილს დაიმკვიდრებს საწყის თვეებზე წლინახევრის შემდეგ ჩატარებული ქრონომეტრაჟით არ უნდა მომხდარიყო დაბეგვრა.

ითხოვს აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით დარიცხული თანხის კორექტირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 28.07.2020 წლის №21425; 9.03.2021 წლის №6078 და 7.09.2022 წლის №23114 ბრძანებებით საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საჩივარში მოყვანილი არგუმენტებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეესწავლა სადავო საკითხი, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას ეხელმძღვანელა ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, ანალოგიური/მსგავსი ბიზნესის მწარმოებელი აუდირებული კომპანიების მიმართ დადგენილი მონაცემებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

ამასთან, საბჭოს 4.02.2022 წლის №14960/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, ვიანიდან აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით ანალოგიური/მსგავსი ბიზნესის მწარმოებელი აუდირებული კომპანიები უახლოესი ტერიტორიული პრინციპის მიხედვით ვერ მოიძებნა, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა მეწარმეს მენიუში გააჩნია და რეალიზებული აქვს ისეთი პროდუქცია, რომლის დამზადებისთვის აუცილებელი ნედლეულის შეძენა არ უფიქსირდება. აუდიტის დეპარტამენტს კი ევალებოდა საჩივარში მოყვანილი არგუმენტებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეესწავლა სადავო საკითხი, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას ეხელმძღვანელა ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, ანალოგიური/მსგავსი ბიზნესის მწარმოებელი აუდირებული კომპანიების მიმართ დადგენილი მონაცემებით და მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული არ განხორციელებულა შესაბამისად.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ სამივე შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დამატებით განხორციელდა საკითხის შესწავლა. აუდიტის დეპარტამენტმა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელა ანალოგიური/მსგავსი ბიზნესის მწარმოებელი აუდირებული კომპანიების მიმართ დადგენილი მონაცემებით. შემოწმების მიერ დადგენილ და მსგავსი ბიზნესის აუდირებული კომპანიის მონაცემებს შორის არსებითი სხვაობა არ გამოვლინდა. ასევე, გადასახადის გადამხდელს სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით დოკუმენტაცია არ წარუდგენია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.

საბჭოს სხდომაზე 29.06.2023 წელს საჩივრის განხილვისას მომჩივანმა განმარტა რომ აუდიტის დეპარტამენტს შეუძლია მიაწოდოს სეზონურობის, საბანკო ჩარიცხვების გათვალისწინებით თვეების მიხედვით გაანგარიშების ცხრილი, რომლითაც მცირდება დარიცხული თანხა. გასათვალისწინებელია, რომ ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, ანალოგიური/მსგავსი ბიზნესის მწარმოებლებთან ქრონომეტრაჟი ჩატარებული არ არის. შესაბამისად, საგადასახადო ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს შემოსავლით, რომელიც მიღებულია საბანკო ბარათით გადახდის შემთხვევაში, ვინაიდან ოპერატორის არაკომპეტენტურობის გამო საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემები არ არის ზუსტი. ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლთან ერთად საკითხის დამატებით შესწავლას.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლმა განმარტა, რომ გადამხდელთან ქრონომეტრაჟი ჩატარდა აგვისტოს თვეში, მომჩივანი არ ახორციელებდა მიღებული შემოსავლის დაფიქსირებას საკონტროლოსალარო აპარატის მეშვეობით, შემოწმებით ქრონომეტრაჟის შედეგები შეუდარდა გასულ წელს ანალოგიურ პერიოდში საკონტროლო-სალარო აპარატით დაფიქსირებულ შემოსავლებს და აღნიშნულს დაემატა საბანკო ჩარიცხვები (რაზეც არ არის გავრცელებული ქრონომეტრაჟის შედეგები). ასევე, მეტი სიზუსტისთვის დღეები დაყოფილია სამუშაო და არასამუშაო დღეებად.

საბჭოს მიერ მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელთან ერთად შეესწავლა სადავო საკითხი.

საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოხდა გადასახადის გადამხდელთან ერთად საკითხის დამატებით შესწავლა და ვერ შეთანხმდნენ, რომ მხოლოდ საბანკო ჩარიცხვებით მიღებული შემოსავლები გათვალისწინებულიყო და მხედველობაში არ მიეღო საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემები. რაც შეეხება, შემოსავლების სამსახურის 7.09.2022 წლის №23114 ბრძანებების აღსრულებას, მოძიებულ იქნა ტერიტორიული პრინციპით ანალოგიური/მსგავსი ბიზნესის მწარმოებელი აუდირებული კომპანიების მიმართ დადგენილი მონაცემები. შედეგად შემოწმების მიერ დადგენილ და მსგავსი ბიზნესის აუდირებული კომპანიის მონაცემებს შორის არსებითი სხვაობა არ გამოვლინდა. ამასთან, მეწარმე სრულად არ ახდენდა შემოსავლების დეკლარირებას და მის მიერ მიღებული/მისაღები ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს გააჩნდა საფუძველი ეხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა არ აქვს ნაწარმოები და შემოწმებისათვის წარდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, რომ შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა პირდაპირი მეთოდით. ამასთან, მომჩივანი შესამოწმებელ პერიოდში დაჯარიმებულია საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობაზე და დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ვადის დარღვევისათვის. მეწარმეს მენიუში გააჩნდა და რეალიზებული ჰქონდა ისეთი პროდუქცია, რომლის დამზადებისთვისაც აუცილებელი ნედლეული (მაგ. ლობიო და ნიგოზი) შეძენილი არ ჰქონდა. შესაბამისად, შეუძლებელი იყო ფასნამატის დადგენა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 7.09.2022 წლის №23114 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 7.09.2022 წლის №23114 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სწრაფი კვების ობიექტის მეშვეობით მომსახურების მიწოდება. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2016 წლიდან 1.06.2019 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. ვინაიდან მეწარმე სრულად არ ახდენს შემოსავლების დეკლარირებას მის მიერ მიღებული/მისაღები ერთობლივი შემოსავალი, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

შემოსავლების სამსახურის 7.09.2022 წლის №23114 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 1.02.2023 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით: შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დამატებით განხორციელდა საკითხის შესწავლა. აუდიტის დეპარტამენტმა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელა ანალოგიური/მსგავსი ბიზნესის მწარმოებელი აუდირებული კომპანიების მიმართ დადგენილი მონაცემებით. შემოწმების მიერ დადგენილ და მსგავსი ბიზნესის აუდირებული კომპანიის მონაცემებს შორის არსებითი სხვაობა არ გამოვლინდა. ასევე, გადასახადის გადამხდელს სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით დოკუმენტაცია არ წარუდგენია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა. დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.02.2023 წლის №2053 ბრძანება და 8.02.2023 წლის №047-4 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 12.03.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 5.04.2023 წლის №7332 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 7.09.2022 წლის №23114 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(1"გ").