ბრძანება N 6403
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 6403
25 მარტი 2024
ბრძანება
შპს „-------- -ის “ (ს/ნ "--------")
(მის.:"--------")
2023 წლის 11 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 7 მარტის სხდომაზე (ოქმი №25) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 24 იანვრის №20828/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „------- -ის “ (ს/ნ "--------") 2023 წლის 11 იანვრის №77951/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 დეკემბრის №094-114 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილ გაწეულ ხარჯსა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის მოგების გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ საგადასახადო ორგანოს არ გააჩნია ერთგვაროვანი ჩამოყალიბებული პოზიცია №"-------" საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 6 244 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ოპერაციაზე. კერძოდ განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 26 დეკემბრის №46394 ბრძანებისა და მის საფუძველზე გამოცემული 2019 წლის 26 დეკემბრის №094-257 საგადასახადო მოთხოვნის კანონიერების საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი, რომლის მიხედვით 2016 წლის 3 ოქტომბრის უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით და 2021 წლის 23 აგვისტოს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოპერაცია საგადასახადო ორგანოს მიერ დაკვალიფიცირდა დამფუძნებელზე სესხის გაცემად, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა ზემდგომ ორგანოში და შემდეგ სასამართლოში. ამ ეტაპზე დავა დასრულებული არ არის და თანმდევი აქტების კანონიერების საკითხი იხილება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. ხოლო სადავო ბრძანებით იგივე ოპერაცია დაკვალიფიცირდა ურთიერთდმოკიდებულ პირზე მოგების განაწილებად. შესაბამისად, კომპანიის მიმართ ერთი და იმავე ქმედებისათვის ორი სხვადასხვა ნორმის საფუძველზე გამოყენებულ იქნა საგადასახადო სანქცია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას. გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმების პროცესში საგადასახადო ორგანოს დავალების საფუძველზე 2022 წლის 23 აგვისტოს მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომლითაც მოითხოვა მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების დადგენა 2020 წლის თებერვლის თვის მდგომარეობით. 2022 წლის 6 სექტემბრის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №"--------"წერილით გადამხდელს ეცნობა, რომ შესაფასებელი მიწის ნაკვეთის საორიენტაციო საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, ექსპერტები გაეცნენ უძრავი ქონების ადგილობრივ ბაზარზე, იმავე ტერიტორიაზე სატყეო ზონაში არსებულ მიწის ნაკვეთების ყიდვა/გაყიდვის/შეთავაზებების შესახებ მონაცემებს. ანალოგი/შესადარისი მიწის ნაკვეთების სიმწირის, ობიექტის სპეციფიურობისა და დაფიქსირებულ ღირებულებებს შორის დიდი დიაპაზონის გამო, ექსპერტების მიერ მიმდინარე ეტაპზე ვერ მოხერხდა საკვლევი უძრავი ქონების მსგავსი შესადარისი ობიექტის მოძიება, შესაბამისად №"-------" საქმე დაბრუნდა შეუსრულებლად. გადამხდელი განმარტავს, რომ აღნიშნული წერილი წარედგინა საგადასახადო ორგანოს, თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, მათ საკუთარი შეხედულებით და სუბიექტური შეფასებით ჩაატარეს ექსპერტიზა, რომლის არც ჩატარების საფუძველი, არც თარიღი, არც კვლევითი ნაწილი, არც ექსპერტის ვინაობა და კვალიფიკაცია არ არის გადმოცემული საგადასახადო შემოწმების აქტში, რაც ადასტურებს ექსპერტიზის ჩატარების პროცესისა და დასკვნის უკანონობას.
გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის, მის საფუძველზე გამოცემული 2022 წლის 27 დეკემბრის №33137 ბრძანების, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 დეკემბრის №094-114 საგადასახადო მოთხოვნის, ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №32345 ბრძანების საფუძველზე შპს „-------- -ს “ (ს/ნ "--------") ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ფ/პ „------- სგან“ (პ/ნ "--------") 2021 წლის 23 აგვისტოს შეძენილი უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით: "--------", ნაწილში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 26 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 დეკემბრის №33137 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №094-114 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 461 754 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 266 294 ლარი, ჯარიმა 133 147 ლარი და საურავი 62 313 ლარი.
ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 11 იანვარს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 აგვისტოს №21468 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 24 იანვრის №20828/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 აგვისტოს №21468 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 24 იანვრის №20828/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს“.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით: შპს „------- ს“ 2021 წლის 23 აგვისტოს დამფუძნებელი ფიზიკური პირისგან "-------"-სგან (პ/ნ "-------"), რომელიც ფლობს კომპანიის 33,3%-ს, შეძენილი აქვს უძრავი ქონება, მიწა. საკადასტრო კოდით 72.13.33.204. აღნიშნული საკადასტრო კოდი მოიცავს მიწას და შენობანაგებობებს, მიწის ფართობი 8 144 კვ.მ და შენობა-ნაგებობების საერთო ფართით 2 066,17 კვ.მ. ნასყიდობის ხელშეკრულებით შეძენილია აღნიშნული საკადასტრო კოდიდან მხოლოდ მიწა 6 244 კვ.მ. ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით მიწის ღირებულება შეადგენს 2 000 000 ლარს, რომელიც გადახდილია სრულად (აქედან 1 160 000 გადახდილია 2019 წლის აგვისტომდე, ხოლო დანარჩენი თანხა 840 000 ლარი გადახდილია 2022 წლამდე სრულად). ნასყიდობის ხელშეკრულება შედგენილია 2021 წლის 23 აგვისტოს, რომლის მიხედვით მიწის ღირებულება განისაზღვრა 2 000 000 ლარით. აღნიშნული ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით დაინიშნა სასაქონლო ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნასყიდობის მომენტში, ქონების საბაზრო ფასი შეადგენს 491 000 ლარს. 2021 წლის 23 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებით საკუთრების უფლება გადაეცა შპს „------ -ს “. ხელშეკრულების მიხედვით 1 950 000 ლარი გადახდილია აღნიშნულ თარიღამდე, ხოლო დანარჩენის გადახდა განხორციელდა 2021 წლის 25 აგვისტოს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19, 97-ე, 981 და 136-ე მუხლების თანახმად, ვინაიდან კომპანიის მიერ ხარჯის გაწევა განხორციელდა 2021 წლის 23 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებით მიხედვით, შესაბამისად, სხვაობა გაწეულ ხარჯსა და საბაზრო ღირებულებას შორის 1 509 000 ლარი, დაიბეგრა მოგების გადასახადით 2021 წლის აგვისტოს საანგარიშო პერიოდში.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად:
1.გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული.
2.საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.
7. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.
11. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი:
ა) თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს გარიგების შედეგად გაწეულ ხარჯსა და გარიგების საბაზრო ფასს შორის სხვაობას, თუ გარიგების შედეგად გაწეული ხარჯი აღემატება გარიგების საბაზრო ფასს.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 981−984 მუხლებით გათვალისწინებული გადახდების/განაცემების არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, ხოლო თუ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი დამატებული ღირებულების გადასახადს მოიცავს − საბაზრო ფასით, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ 2021 წლის 23 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებით შეძენილია მიწა 6 244 კვ.მ., რომლის ღირებულება გადახდილია სრულად და შეადგენს 2 000 000 ლარს. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნასყიდობის მომენტში, ქონების საბაზრო ფასი შეადგენს 491 000 ლარს. ამასთან, ხარჯის გაწევა განხორციელდა 2021 წლის 23 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმებით გაწეულ ხარჯსა და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დადგენილ საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის მოგების გადასახადით დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------- - ს“ (ს/ნ "---------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის, მის საფუძველზე გამოცემული 2022 წლის 27 დეკემბრის №33137 ბრძანების, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 დეკემბრის №094-114 საგადასახადო მოთხოვნის, ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანს დამფუძნებელი ფიზიკური პირისგან,რომელიც ფლობს კომპანიის 33,3%-ს, შეძენილი აქვს უძრავი ქონება, მიწა. აღნიშნული უძრავი ქონება მოიცავს მიწას და შენობა ნაგებობებს, მიწის ფართობი 8 144 კვ.მ და შენობა-ნაგებობების საერთო ფართით 2 066,17 კვ.მ. ნასყიდობის ხელშეკრულებით შეძენილია აღნიშნული საკადასტრო კოდიდან მხოლოდ მიწა 6 244 კვ.მ. ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით მიწის ღირებულება შეადგენს 2 000 000 ლარს, რომელიც გადახდილია სრულად.ნასყიდობის ხელშეკრულება შედგენილია 2021 წლის 23 აგვისტოს, რომლის მიხედვით მიწის ღირებულება განისაზღვრა 2 000 000 ლარით. აღნიშნული ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით დაინიშნა სასაქონლო ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნასყიდობის მომენტში, ქონების საბაზრო ფასი შეადგენს 491 000 ლარს. 2021 წლის 23 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებით საკუთრების უფლება გადაეცა მომჩივანს.ვინაიდან კომპანიის მიერ ხარჯის გაწევა განხორციელდა 2021 წლის 23 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებით მიხედვით, შესაბამისად, სხვაობა გაწეულ ხარჯსა და საბაზრო ღირებულებას შორის 1 509 000 ლარი, დაიბეგრა მოგების გადასახადით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
18,19,73(9),97,981