ბრძანება N 8586

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 20.04.2023
№ დოკუმენტი 8586
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 8586

20.04.2023

შპს „------------“ (ს/ნ ------------)

(მის.: ------------------)

2022 წლის 8 ნოემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 მარტს გამართულ სხდომაზე (ოქმი №30) განიხილა შპს „-----------“ (ს/ნ ----------) 2022 წლის 8 ნოემბრის №76122/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 10 ოქტომბრის №127-35 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. მომჩივნის განმარტებით, არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისას არ იქნა გათვალისწინებული დარგის ტექნიკური მახასიათებლები და წარმოების სპეციფიკა, კერძოდ, ადგილობრივად შეძენილი ქათმების გამოსავლიანობა (პროდუქტიულობა) იყო დაბალი - 36%, რადგან მათ უკვე გავლილი ჰქონდათ კვერცხდების ორი ციკლი. ხოლო იმპორტირებული ქათმების შემთხვევაში, რომელთა ფასნამატი საშუალოდ შეადგენდა 59%-ს, საჭიროა გარკვეული დრო და მომზადება, რაც არ არის გათვალისწინებული აუდიტის დეპარტამენტის მიერ. მომჩივანი ასევე აღნიშნავს, რომ საწარმოსთან ახლოს არის ქვიშა-ხრეშის საბადო და დატვირთული მოძრაობა უკიდურესად ნეგატიურად მოქმედებს ქათმების კვერცხდების მაჩვენებელზე. ამასთან, ვეტერინარული დასკვნის მიხედვით, ექიმის მიერ დადასტურებულია ქათმებში დაავადების არსებობა და კომპანიის მიერ შეძენილია მედიკამენტები.

2. გადამხდელი აცხადებს, რომ კომპანიას გააჩნდა საწესდებო კაპიტალი 68 466 ლარის ოდენობით, რაც არ არის გათვალისწინებული ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზისას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 თებერვლის №3234 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ---------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 2 ივლისიდან 2022 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 14 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 10 ოქტომბრის №25766 ბრძანება და ამავე თარიღის №127-35 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 256 111 ლარი, მათ შორის, გადასახადი 153 824 ლარი, ჯარიმა 74 814 ლარი და საურავი 27 473 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიამ 2020 წლის აგვისტოს თვეში შეიძინა ფერმა 7000 ფრთა ქათმით (ლოჰანის ჯიშის) სოფელ ----ში. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო პროგრამის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში პერიოდულად ხდება ქათმების შეძენა, თუმცა, ფიქსირდება დიდი ოდენობით „დაცემა“ და კვერცხის მდებლად გამოუსადეგარი ქათმების რეალიზაცია მინიმალურ ფასად. ამასთან, წარმოდგენილი სააღრიცხვო პროგრამის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს არასრულად აქვს ნაწარმოები აღრიცხვა, კერძოდ, ვერ დგინდება კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში წარმოებული კვერცხის ოდენობა, არ ახორციელებს „დაცემული“ ქათმების რაოდენობის ყოველდღიურ აღწერას. ასევე, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შემოწმებამ იხელმძღვანელა მსგავსი საქმიანობის განმახორცილებელი აუდირებული პირის მონაცემებით. დაანგარიშებულ იქნა წარმოებული კვერცხის ოდენობა საშუალოდ 59%-იანი გამოსავლიანობით ფრინველის მწარმოებლურობის ოპტიმალური ვადების გათვალისწინებით. ამასთან, გათვალისწინებულ იქნა შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული კვერცხის მტვრევის დანაკარგი 3%-ის ოდენობით. შედეგად, დათვლილ იქნა 2020- 2021 წლებში წარმოებული კვერცხის ოდენობა, რაზეც გავრცელდა ამავე პერიოდის ყოველთვიური დოკუმენტური საშუალო ფასები. აღნიშნულის შესაბამისად განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. საგადასახადო შემოწმების მიერ ჩატარებულ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი მეთოდური მითითების შესაბამისად. გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილი შემოსავლები, საბანკო ამონაწერები და ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, ასევე, ხარჯის ნაწილში გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული შეძენები, კრედიტორებზე გადახდილი თანხები, სახელფასო განაცემები და ბიუჯეტში გადახდილი თანხები. დარჩენილი ფულადი ნაშთი 276 188 ლარის ოდენობით ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლებით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

ამავე კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ პერიოდულად ხდება ქათმების შეძენა, თუმცა ფიქსირდება დიდი ოდენობით „დაცემა“ და კვერცხის მდებლად გამოუსადეგარი ქათმების რეალიზაცია მინიმალურ ფასად. ამასთან, გადამხდელს არასრულად აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, კერძოდ, ვერ დგინდება წარმოებული კვერცხის ოდენობა, არ ხორციელდება „დაცემული“ ქათმების რაოდენობის ყოველდღიური აღწერა და არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოწმებამ იხელმძღვანელა მსგავსი საქმიანობის განმახორცილებელი აუდირებული პირის მონაცემებით, კერძოდ, დაანგარიშებულ იქნა წარმოებული კვერცხის ოდენობა საშუალოდ 59%-იანი გამოსავლიანობით ფრინველის მწარმოებლურობის ოპტიმალური ვადების გათვალისწინებით. ასევე, გათვალისწინებულ იქნა კვერცხის მტვრევის დანაკარგი 3%-ის ოდენობით. შედეგად, დათვლილ იქნა 2020-2021 წლებში წარმოებული კვერცხის ოდენობა, რაზეც გავრცელდა ამავე პერიოდის ყოველთვიური დოკუმენტური საშუალო ფასები.

გადასახადის გადამხდელმა საჩივრის ზეპირი განხილვისას განაცხადა, რომ ადგილობრივად შეძენილი ქათმები იყო დაბალი გამოსავლიანობის მქონე. მისი განმარტებით, აღნიშნული ქათმები შეძენილია შპს „----------გან“, სადაც ქათმებს უკვე გავლილი ჰქონდათ კვერცხდების 2 ციკლი. ამაზე მიუთითებს ქათმების შეძენის დაბალი ფასიც. ხოლო რაც შეეხება იმპორტირებულ ქათმებს, ამ შემთხვევაში ქათმებს კვერცხდების დასაწყებად ესაჭიროებათ გარკვეული მომზადება და დრო დაახლოებით 90 დღის ოდენობით, რაც არ არის გათვალისწინებული შემოწმების მიერ.

წარმოდგენილ საჩივარზე თანდართულია საწარმოს და მისი მიმდებარე ტერიტორიის ფოტოსურათები, ვეტერინარული დასკვნა და მედიკამენტების შეძენის დამადასტურებელი სასაქონლო ზედნადები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, საჩივარში მითითებული არგუმენტების და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს/დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები (მ.შ. იხელმძღვანელოს აუდიტის დეპარტამენტში მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების მონაცემებით) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზისას გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილი შემოსავლები, საბანკო ამონაწერები და ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, ასევე, ხარჯის ნაწილში გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული შეძენები, კრედიტორებზე გადახდილი თანხები, სახელფასო განაცემები და ბიუჯეტში გადახდილი თანხები. ხოლო დარჩენილი ფულადი ნაშთი ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშებისას არ იქნა გათვალისწინებული საწესდებო კაპიტალი 68 466 ლარის ოდენობით.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება, ასევე, გაითვალისწინოს საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „--------------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, საჩივარში მითითებული არგუმენტების და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს/დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები (მ.შ. იხელმძღვანელოს აუდიტის დეპარტამენტში მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების მონაცემებით) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება, ასევე, გაითვალისწინოს საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. მომჩივნის განმარტებით, არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისას არ იქნა გათვალისწინებული დარგის ტექნიკური მახასიათებლები და წარმოების სპეციფიკა.

2. გადამხდელი აცხადებს, რომ კომპანიას გააჩნდა საწესდებო კაპიტალი 68 466 ლარის ოდენობით, რაც არ არის გათვალისწინებული ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზისას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

1. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს არასრულად აქვს ნაწარმოები აღრიცხვა, კერძოდ, ვერ დგინდება კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში წარმოებული კვერცხის ოდენობა, არ ახორციელებს „დაცემული“ ქათმების რაოდენობის ყოველდღიურ აღწერას. ასევე, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შედეგად, დათვლილ იქნა 2020- 2021 წლებში წარმოებული კვერცხის ოდენობა, რაზეც გავრცელდა ამავე პერიოდის ყოველთვიური დოკუმენტური საშუალო ფასები. აღნიშნულის შესაბამისად განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. საგადასახადო შემოწმების მიერ ჩატარებულ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი მეთოდური მითითების შესაბამისად. გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილი შემოსავლები, საბანკო ამონაწერები და ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, ასევე, ხარჯის ნაწილში გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული შეძენები, კრედიტორებზე გადახდილი თანხები, სახელფასო განაცემები და ბიუჯეტში გადახდილი თანხები. დარჩენილი ფულადი ნაშთი 276 188 ლარის ოდენობით ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლებით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, საჩივარში მითითებული არგუმენტების და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს/დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები (მ.შ. იხელმძღვანელოს აუდიტის დეპარტამენტში მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების მონაცემებით) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურმა მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება, ასევე, გაითვალისწინოს საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 61(3), 73(4)(5)"ა"(9)"ბ", 101(1), 136(3), 154(1)"ა", 158(1), 159(1)"ა", 163, 164(1), 168(1).

2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი: 160"ა", 161(1), 171(1).