გადაწყვეტილება №27196/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27196/2/2026
16 ივლისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------ი (ს/ნ -----------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------ის 17.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27196/2/2026).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის №056-111 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 26.03.2026 წლის №6645 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 253 549,02 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 826 807,38
დღგ - 276 928,13
საშემოსავლო გადასახადი - 549 879,25
ჯარიმა - 295 910
საურავი - 130 831,64
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მეწარმის საქმიანობაა იმპორტირებული (--დან, --დან და --დან) პროდუქციით (ტანსაცმლით, ავტონაწილებით, ზეთებით, ფეხსაცმელებით და სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტებით) ვაჭრობა, ძირითადად საბითუმოდ. მეწარმედ რეგისტრირებულია 11.03.2004 წელს, დღგ-ის გადამხდელად 1.04.2007 წელს. საქმიანობის განხორციელების ადგილია ---ის რაიონი, სოფ. -----.
აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე პერიოდი, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნებისთვის 26.11.2025 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი.
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს არ აქვს ადგილობრივი შეძენები. ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ აქვს, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე, არ ხდება რეალიზებული საქონლის ჩამოწერის აღრიცხვა, შესაბამისად სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესამოწმებელ პერიოდში ძირითადად რეალიზება ხდება საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით. დოკუმენტური ფასნამატი 2022, 2023 და 2024 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების მიხედვით შეადგენს 3%-ს. შესამოწმებელ პერიოდში, იმპორტირებული პროდუქციის თვითღირებულება შეადგენს 4 262 587 ლარს. იმპორტით შემოტანილი პროდუქცია წილობრივად შედგება შემდეგნაირად: ტანსაცმელი 60,1%, ავტომობილის ნაწილები 16,22%, ზეთები 13,28%, ფეხსაცმელები 3,55% და დანარჩენი 7%-მდე შედგება სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციისგან. გადასახადების ადმინისტრირების სისტემაში და საბაჟო დეპარტამენტში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, შესწავლილი იქნა იმპორტირებული პროდუქციასთან დაკავშირებული ხარჯის დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, მეწარმის მიერ იმპორტირებულ პროდუქციაზე საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელებულია საქონლის ღირებულების განსაზღვრა (აფასება), ასევე იკვეთება, რომ ზოგიერთ პროდუქციაზე მეწარმეს არ აქვს ინვოისი/ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. პროდუქციაზე თანდართული დოკუმენტებზე დაყრდნობით დადგენილი იქნა პროდუქციის თვითღირებულება. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 25 ნოემბრის №25830 ბრძანების შესაბამისად 2025 წლის 26 ნოემბერს ჩატარებული იქნა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, რომლის მიხედვითაც გამოვლინდა 146 835 ლარის სარეალიზაციო ნაშთი თვითღირებულებით 85 392,82 ლარი (აუდირებული ფასნამატის მიხედვით). შემოწმების პროცესში დახარისხებული იქნა იმპორტირებული საქონლის კატეგორიები, რომელზეც მოძიებული იქნა შესაბამისი კატეგორიის აუდირებული ფასნამატები და შესამოწმებელ პერიოდში მოხდა აღნიშნული ნაშთის რეალიზება აუდირებული ფასნამატის შესაბამისად.
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მოხდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ შემოწმებით განხორციელდა რეალიზებული საქონლის დაყოფა კატეგორიებად, რომელზეც გავრცელდა აუდირებული ფასნამატები შესაბამისი კატეგორიების მიხედვით (საშუალოდ 49%), ნაცვლად დეკლარირებული ფასნამატისა, რომელიც შეადგენს 3%-ს. შესაბამისად მეწარმეს განესაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც დაიბეგრა შესაბამისი პერიოდის მიხედვით. აღნიშნულის გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადასახადების ადმინისტრირების სისტემაში, არსებული ინფორმაციის შესწავლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი აქვს საშემოსავლო გადასახადის ყოველწლიური დეკლარაციები, რომლის მიხედვით შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობიდან გამოანგარიშებულია 3%-იანი ფასნამატის მიხედვით, ასევე გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან, კერძოდ შეძენილი საქონლის, მასალების და ნედლეულის ნაწილში არ შეესაბამება საბაჟო მონაცემებში ასახულ საინვოისო თვითღირებულებას. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ აქვს, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე, არ ხდება რეალიზებული საქონლის ჩამოწერის აღრიცხვა, შესაბამისად სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-80 მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მოხდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, რომლის შესაბამისადაც შესამოწმებელ პერიოდში წლიურ დეკლარაციაში შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობიდან განისაზღვრა, აუდირებული ფასნამატის (საშუალოდ 49%) შესაბამისად რეალიზებული პროდუქციის მიხედვით თითოეულის წლის შესაბამისად. ხარჯები, რომლებიც არ დასტურდებოდა პირველადი დოკუმენტებით, გამოყენებული იქნა შემოსავლების სამსახურის №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო და შესაბამისად გათვალისწინებული იქნა გამოსაქვით ხარჯებში წლების შესაბამისად. „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების მიხედვით ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას დაექვემდებარა სამივლინებო ხარჯები. აღნიშნულის გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის №056-111 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 26.03.2026 წლის №6645 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, არ ხდებოდა კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე, არ ხდებოდა რეალიზებული საქონლის ჩამოწერის აღრიცხვა, შესაბამისად სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ამასთან, 2022, 2023 და 2024 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების მიხედვით, პირის მიერ დეკლარირებული ფასნამატი შეადგენდა 3%-ს. აქედან გამომდინარე, შემოწმება დაეყრდნო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლს და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, განხორციელდა რეალიზებული საქონლის დაყოფა კატეგორიებად, რომელზეც გავრცელდა აუდირებული ფასნამატი 49%, შესაბამისი კატეგორიების მიხედვით. ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემასა და საბაჟო დეპარტამენტში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, შესწავლილი იქნა იმპორტირებულ პროდუქციასთან დაკავშირებული ხარჯის დოკუმენტები. ხარჯებზე, რომლებიც არ დასტურდებოდა პირველადი დოკუმენტებით, შემოწმების მიერ გამოყენებული იქნა შემოსავლების სამსახურის №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო და შესაბამისად გათვალისწინებული იქნა გამოსაქვით ხარჯებში წლების შესაბამისად. „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების მიხედვით კი ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას დაექვემდებარა სამივლინებო ხარჯები.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა ბუღალტრული აღრიცხვა და შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, კომპანიის მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება კატეგორიების შესაბამისად, რამაც გამოიწვია მიღებული შემოსავლების გაანგარიშება, დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის პროპორციულად და შედეგად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის პირველი-22 ნაწილებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატს. აღიარებს, რომ დეკლარირებული 3%-იანი ფასნამატი არ შეესაბამება რეალობას, თუმცა აღნიშნული გამოწვეულია საგადასახადო კანონმდებლობის სათანადო არ ცოდნით და შემოწმების პროცესში ნაკლები ჩართულობით. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, არც შემოწმებით განსაზღვრული 49%-იანი ფასნამატი არის სწორი.
ძირითადი საქმიანობის სახეს წარმოადგენს ტანსაცმლით/ფეხსაცმელით ვაჭრობა, კერძოდ იმპორტირებულ საქონელში აღნიშნული შეადგენს 63%-ს. ის ფაქტი, რომ ვაჭრობს საბითუმოდ, დასტურდება ამობეჭდილი ჩეკებით, კერძოდ რიგ შემთხვევაში ერთი ჩეკი აჭარბებს 50 000 ლარს.
შემოწმებით გამოყენებული უნდა იქნას საბითუმო ვაჭრობის აუდირებული ფასნამატი და მეწარმე საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ აქვს, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე, არ ხდება რეალიზებული საქონლის ჩამოწერის აღრიცხვა, შესაბამისად სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ძირითადად რეალიზება ხდება საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით. დოკუმენტური ფასნამატი 2022, 2023 და 2024 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების მიხედვით შეადგენს 3%-ს. იმპორტით შემოტანილი პროდუქცია წილობრივად შედგება შემდეგნაირად: ტანსაცმელი 60,1%, ავტომობილის ნაწილები 16,22%, ზეთები 13,28%, ფეხსაცმელები 3,55% და დანარჩენი 7%-მდე შედგება სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციისგან. მეწარმის მიერ იმპორტირებულ პროდუქციაზე საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელებულია საქონლის ღირებულების განსაზღვრა (აფასება). ზოგიერთ პროდუქციაზე მეწარმეს არ აქვს ინვოისი/ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. პროდუქციაზე თანდართული დოკუმენტებზე დაყრდნობით დადგენილი იქნა პროდუქციის თვითღირებულება. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 25 ნოემბრის №25830 ბრძანების შესაბამისად 2025 წლის 26 ნოემბერს ჩატარებული იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, რომლის მიხედვითაც გამოვლინდა 146 835 ლარის სარეალიზაციო ნაშთი თვითღირებულებით 85 392,82 ლარი (აუდირებული ფასნამატის მიხედვით). შემოწმებით განხორციელდა რეალიზებული საქონლის დაყოფა კატეგორიებად, რომელზეც გავრცელდა აუდირებული ფასნამატები შესაბამისი კატეგორიების მიხედვით (საშუალოდ 49%), ნაცვლად დეკლარირებული ფასნამატისა, რომელიც შეადგენს 3%-ს.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ საგადასახადო შემოწმების ფარგლებში საკითხი შესწავლილია სრულყოფილად, განსაზღვრულია იმპორტირებული საქონლის თვითღირებულება, საქონლის კატეგორიები, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დროს საქონლის ფაქტობრივი ნაშთი, დეკლარირებული ფასნამატი და აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაბამისი კატეგორიის აუდირებული ფასნამატების გამოყენებით განისაზღვრა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები.
მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მათ შორის გაანგარიშების ცხრილები) რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები.
საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს გამოყენებული ფასნამატის კორექტირების საფუძვლები.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე პერიოდი, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნებისთვის 26.11.2025 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი.
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს არ აქვს ადგილობრივი შეძენები. ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ აქვს, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე, არ ხდება რეალიზებული საქონლის ჩამოწერის აღრიცხვა, შესაბამისად სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესამოწმებელ პერიოდში ძირითადად რეალიზება ხდება საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით. დოკუმენტური ფასნამატი 2022, 2023 და 2024 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების მიხედვით შეადგენს 3%-ს. შესამოწმებელ პერიოდში, იმპორტირებული პროდუქციის თვითღირებულება შეადგენს 4 262 587 ლარს. გადასახადების ადმინისტრირების სისტემაში და საბაჟო დეპარტამენტში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, შესწავლილი იქნა იმპორტირებული პროდუქციასთან დაკავშირებული ხარჯის დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, მეწარმის მიერ იმპორტირებულ პროდუქციაზე საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელებულია საქონლის ღირებულების განსაზღვრა (აფასება), ასევე იკვეთება, რომ ზოგიერთ პროდუქციაზე მეწარმეს არ აქვს ინვოისი/ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. პროდუქციაზე თანდართული დოკუმენტებზე დაყრდნობით დადგენილი იქნა პროდუქციის თვითღირებულება. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №25830 ბრძანების შესაბამისად ჩატარებული იქნა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, რომლის მიხედვითაც გამოვლინდა 146 835 ლარის სარეალიზაციო ნაშთი თვითღირებულებით 85 392,82 ლარი (აუდირებული ფასნამატის მიხედვით). შემოწმების პროცესში დახარისხებული იქნა იმპორტირებული საქონლის კატეგორიები, რომელზეც მოძიებული იქნა შესაბამისი კატეგორიის აუდირებული ფასნამატები და შესამოწმებელ პერიოდში მოხდა აღნიშნული ნაშთის რეალიზება აუდირებული ფასნამატის შესაბამისად. საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მოხდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, შესაბამისად მეწარმეს განესაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც დაიბეგრა შესაბამისი პერიოდის მიხედვით. აღნიშნულის გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადასახადების ადმინისტრირების სისტემაში, არსებული ინფორმაციის შესწავლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი აქვს საშემოსავლო გადასახადის ყოველწლიური დეკლარაციები, რომლის მიხედვით შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობიდან გამოანგარიშებულია 3%-იანი ფასნამატის მიხედვით, ასევე გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან.შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ აქვს, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე, არ ხდება რეალიზებული საქონლის ჩამოწერის აღრიცხვა, შესაბამისად სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-80 მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მოხდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, რომლის შესაბამისადაც შესამოწმებელ პერიოდში წლიურ დეკლარაციაში შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობიდან განისაზღვრა, აუდირებული ფასნამატის (საშუალოდ 49%) შესაბამისად რეალიზებული პროდუქციის მიხედვით თითოეულის წლის შესაბამისად. ხარჯები, რომლებიც არ დასტურდებოდა პირველადი დოკუმენტებით, გამოყენებული იქნა შემოსავლების სამსახურის №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო და შესაბამისად გათვალისწინებული იქნა გამოსაქვით ხარჯებში წლების შესაბამისად. „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების მიხედვით ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას დაექვემდებარა სამივლინებო ხარჯები. აღნიშნულის გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №056-111 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის 645 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“); 102(1 „ა“); 159(1 „ა“); 269(7); 275(2);