ბრძანება N 20403

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.09.2025
№ დოკუმენტი 20403
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20403

17 სექტემბერი 2025

ბრძანება

შპს „--------“ (ს/ნ „--------“)

(მის.: „--------“)

2025 წლის 30 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №72) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2025 წლის 30 ივლისის №120458/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის პირველი ივლისის №006-216 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1.მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ში დარიცხვას, აცხადებს, რომ კომპანიას ავანსად მიღებული ჰქონდა 82 246 ლარი, თუმცა მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მოუწია აღნიშნული თანხის მთლიანად დაბრუნება, რის გამოც კომპანია დაზარალდა ფინანსურად. მომჩივანი ითხოვს აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.

2.მომჩივანი არ ეთანხმება სალაროში არსებული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ შემოწმებას შეცდომით წარუდგინა სალაროში ფულის არსებობის შესახებ ნაშთები და საჩივრის დანართად წარმოადგენს შესწორებულ ცნობას ნაშთების შესახებ. აგრეთვე, აცხადებს, რომ კომპანიას ჰქონდა სხვადასხვა ხარჯები, როგორებიცაა: სატენდერო მოსაკრებლები, ტენდერის გარანტიების მომსახურება, საექსპერტო მომსახურების ხარჯები, სადაზღვევო მომსახურების ხარჯი და სხვა. აგრეთვე, მიუთითებს, რომ ზოგიერთი ორგანიზაცია მოითხოვდა ნაღდ ანგარიშსწორებას და არ იწერებოდა საგადასახადო ანგარიშფაქტურები. მომჩივანი ითხოვს, რომ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა ნაცვლად 20%-სა დაიბეგროს 8-10%-ით.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 მაისის №8789 და 11 ივნისის №12095 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2025 წლის პირველი ივლისის №14474 ბრძანება და ამავე თარიღის №006-216 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 234 566 ლარი, მათ შორის გადასახადი 146 749 ლარი, ჯარიმა 80 277 ლარი და საურავი 7 539 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეს წარმოადგენდა სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერების ფარგლებში საპროექტო-სახარჯთაღირცხვო დოკუმენტაციის მომზადება და მათი მიწოდება დამკვეთებისათვის. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერების საიტზე არსებული ინფორმაციისა და ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის (საბანკო ამონაწერები) ანალიზით დადგინდა, რომ დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა განსხვავდებოდა კომპანიის მიერ დეკლარირებული მონაცემებისგან. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს სრულად არ ჰქონდა ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში განხორციელებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავლები. ამასთან, გადასახადის გადამხდელს 2023 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში ერთ-ერთი ტენდერის ფარგლებში მიღებული ჰქონდა ავანსი, ხოლო 2024 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდში „-------“ სააგენტომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შპს „-------“ (ს/ნ „-------“ ) შეუწყვიტა ხელშეკრულება და 2024 წლის ივლისის თვეში მოხდა მიღებული ავანსის უკან გადარიცხვა. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული ოპერაციების მიხედვით არ განუსაზღვრავს საგადასახადო ვალდებულებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე მუხლების თანახმად, შემოწმების მიერ დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. გადასახადის გადამხდელი ახორციელებდა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ ბაზაში გამოცხადებული ტენდერების შესაბამისად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას და მათ მიწოდებას დამკვეთებისათვის. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული მომსახურების გასაწევად მიღებული ჰქონდა საექსპერტო მომსახურებები. კომპანია ელექტრონული ფორმით არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. ანგარიშსწორებები ძირითადად განხორციელებული იყო უნაღდო ფორმით. 2025 წლის 2 მაისის №8503 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის საფუძველზეც 2025 წლის 6 მაისს შედგა ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმი და ნაღდი ფულის ნაშთად დაფიქსირდა 0 ლარი. გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილი იყო ახსნა-განმარტება, სადაც დაფიქსირებული იყო სალაროს საწყისი და საბოლოო ნაშთები, ასევე დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშდა კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოწმებით დადგენილ შემოსავლებს გამოაკლდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები. დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების და საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთების გათვალისწინებით დაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში არსებული ფულის ნაშთი, რისი არსებობაც გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა. ამდენად, შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, მიღებული ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე მუხლების საფუძველზე გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში – საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის მიხედვით:

1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.

2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

4. დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევებს, აგრეთვე დოკუმენტის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. დღგ-ის დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა გარემოებები/ფაქტორები, რის საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.

2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

3. დასაბეგრი ოპერაციის თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:

ა) გაუქმდა დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;

ბ) შეიცვალა დასაბეგრი ოპერაციის სახე (მათ შორის, შეიცვალა დაბეგვრის რეჟიმი);

გ) მხარეთა შეთანხმებით, შეიცვალა დაბეგვრის მომენტში განსაზღვრული ანაზღაურების თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;

დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერების საიტზე არსებული ინფორმაციისა და ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის (საბანკო ამონაწერები) ანალიზით დადგინდა, რომ დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა განსხვავდებოდა კომპანიის მიერ დეკლარირებული მონაცემებისგან. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს სრულად არ ჰქონდა ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში განხორციელებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავლები. ამასთან, გადასახადის გადამხდელს 2023 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში „--------“ სააგენტოსგან ერთ-ერთი ტენდერის ფარგლებში მიღებული ჰქონდა ავანსი, ხოლო 2024 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შპს „--------“ შეუწყვიტეს ხელშეკრულება და 2024 წლის ივლისის თვეში მოხდა მიღებული ავანსის უკან გადარიცხვა. გადასახადის გადამხდელს აღნიშნულ ოპერაციების მიხედვით არ განუსაზღვრავს საგადასახადო ვალდებულებები. შემოწმების მიერ ავანსი, მიღების პერიოდში, დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას, ხოლო მიღებული ავანსისი დაბრუნების პერიოდში მოხდა დღგ-ის ბრუნვის კორექტირება.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში გადასახადის გადამხდელის მხირდან არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმებით მართლზომიერად განისაზღვრა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და შესაბამისი ჯარიმის ოდენობა. შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ახორციელებდა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ ბაზაში გამოცხადებული ტენდერების შესაბამისად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას და მათ მიწოდებას დამკვეთებისათვის. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული მომსახურების გასაწევად მიღებული ჰქონდა საექსპერტო მომსახურებები. კომპანია ელექტრონული ფორმით არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და ანგარიშსწორებები ძირითადად განხორციელებული იყო უნაღდო ფორმით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, 2025 წლის 6 მაისს შედგა ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმი და ნაღდი ფულის ნაშთად დაფიქსირდა 0 ლარი. გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილი იყო ახსნა-განმარტება, სადაც დაფიქსირებული იქნა სალაროს საწყისი და საბოლოო ნაშთები, ასევე დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებები. შემოწმების მიერ, არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშდა კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობა, შემოწმებით დადგენილ შემოსავლებს გამოაკლდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები და დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების და საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთების გათვალისწინებით, დაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში არსებული ფულის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ხარჯების ნაწილში გათვალისწინებულია ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, მათ შორის საბანკო გადარიცხვით განხორციელებული ოპერაციები, ასევე, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებების და ინვოისების საფუძველზე გაწეული ისეთი ხარჯებიც, რაზეც არ ყოფილა გამოწერილი ელექტრონულად დოკუმენტი. შესაბამისად, შემოწმების მიერ სრულადაა გათვალისწინებული საჩივარში აღნიშნული ხარჯები (სატენდერო მოსაკრებლები, ტენდერის გარანტიების მომსახურებები, საექსპერტო მომსახურების ხარჯები, დაზღვევის ხარჯები). ასევე აღსანიშნავია, რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იყო ახსნაგანმარტება სალაროს ნაშთებთან დაკავშირებით, სადაც დაფიქსირებული იყო სალაროს საწყისი ნაშთიც. შემოწმების მიერ, აღნიშნული ნაშთის მართლზომიერება შესწავლილია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით და ფინანსურ ანგარიშგებაში დაფიქსირებულ მონაცემებით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ, დამატებით მიღებული ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა მართლზომიერია, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ში დარიცხვას.მომჩივანი ითხოვს აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.

2.მომჩივანი არ ეთანხმება სალაროში არსებული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.მომჩივანი ითხოვს, რომ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა ნაცვლად 20%-სა დაიბეგროს 8-10%-ით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა განსხვავდებოდა კომპანიის მიერ დეკლარირებული მონაცემებისგან.სსკ-ის 158-ე, 159-ე მუხლების თანახმად, შემოწმების მიერ დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2.გადამხდელი ახორციელებდა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ ბაზაში გამოცხადებული ტენდერების შესაბამისად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას და მათ მიწოდებას დამკვეთებისათვის.2025 წლის 2 მაისის №8503 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის საფუძველზეც 2025 წლის 6 მაისს შედგა ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმი და ნაღდი ფულის ნაშთად დაფიქსირდა 0 ლარი. ამდენად, შემოწმების მიერ სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, მიღებული ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. სსკ-ის 101-ე, 154-ე მუხლების საფუძველზე გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმებით მართლზომიერად განისაზღვრა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და შესაბამისი ჯარიმის ოდენობა. შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

2.შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ, დამატებით მიღებული ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა მართლზომიერია, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5,9),101,154,173,164,179.