ბრძანება N 21695
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21695
10 ოქტომბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------ს“ (ს/ნ ---------------)
(ფაქტ. მის.: ---------------------)
(იურ. მის.: გარდაბანი, ს. კრწანისი მე–2 ქ. №33, ბ. №8)
2025 წლის 5 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 25 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №81) განიხილა შპს „-------ს“ (ს/ნ ---------------) 2025 წლის 5 აგვისტოს №------/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის პირველი ივლისის №041-33 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველზე დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ფასნამატთან დაკავშირებით აცხადებს, რომ შემმოწმებელმა ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე, რაც დაუშვებელია, ვინაიდან საქონლის თვითღირებულება არის მისი საინვოისო ღირებულება და არა აფასებული ღირებულება. ამასთან, გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია რატომ იქნა გამოყენებული აუდირებული ფასნამატი და არ გავრცელდა საცალო რეალიზაციაზე გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი. დამატებით მიუთითებს, რომ სხვა მსგავსი საქმიანობის კომპანიების შემოწმებისას აუდიტის დეპარტამენტმა გაავრცელა გაცილებით დაბალი ფასნამატი. ასევე, მომჩივანი არ ეთანხმება არასწორად გაანგარიშებული ვირტუალური ფულის ნაშთის აგროსვას და 20%-ის ნაცვლად 25%-ით დაბეგვრას გადახდის წყაროსთან.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 13 მაისის №9438 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------ს“ (ს/ნ ---------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 25 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის პირველი ივლისის №14490 ბრძანება და ამავე თარიღის №041-33 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა სულ 978 932 ლარი, მათ შორის გადასახადი 528 428 ლარი, ჯარიმა 266 180 ლარი და საურავი 184 323 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით: შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა -----დან იმპორტირებული ტანსაცმლის (რიგ შემთხვევაში ფეხსაცმელი, ჩანთა, ქოლგა) შეძენა და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. გადამხდელს შემოწმების პროცესში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, ორჯერ გაეგზავნა მოთხოვნა ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე (მათ შორის ერთ შემთხვევაში დაჯარიმებულ იქნა 400 ლარის ოდენობით). საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, 2025 წლის13 მაისს ჩატარებულ იქნა სალაროს ინვენტარიზაციის პროცედურა, რომლის მიხედვით ადგილზე მისვლისას არ მოიძებნა პასუხისმგებელი პირი, შესაბამისად სალაროს ნაშთად განსაზღვრულ იქნა ნული ლარი. გადამხდელს 2022 წლის დეკემბრის შემდეგ არ უფიქსირდებოდა საბაჟო პროცედურები, ხოლო 2023 წლის შემდეგ დეკლარარირებას ახდენდა ნულოვანი ფორმით. საკონტროლო-სალარო პარატით ბოლო ჩეკი ამოღებული იყო 2022 წლის 9 დეკემბერს. კომპანიის მხრიდან არ იქნა წარმოდგნეილი ინფრომაცია სასაქონლო ნაშთების შესახებ. გადამხდელს არ უფიქსირდებოდა საიჯარო ფართი. შემოწმებით ჩაითვალა რომ კომპანიას სასაქონლო მატერიალური ნაშთი პერიოდის ბოლოსათვის არ გააჩნდა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად გამოანგარიშებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. გადამხდელი რეალიზაციას ახორციელებდა უმეტესად სალარო აპარატის ჩეკების მეშვეობით. შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილია 14 სასაქონლო ზედნადები, სადაც ფიქსირდებოდა ჯამურად 30 საქონლის პოზიცია, ხოლო თანხობრივად ჯამური რეალიზაცია შეადგენდა - 139 577 ლარს. აქვე აღსანიშნავია, რომ ერთეული ჩეკების მიხედვით ამოღებული თანხები იყო სოლიდური, ასევე სასაქონლო ზედნადებით გამოწერილი საქონლის რაოდენობა ერთჯერადად დაფიქსირებულია დიდი ოდენობით, 200 ცალი, 800 ცალი და ა შ. ამასთან, ვერ მოხერხდა დაკავშირება შეძენილი და რეალიზებული საქონლის (სასაქონლო ზედნადებში მოცემული იყო ზოგადი დასახელება, მაგ: მაისური, ხოლო საბაჟო ინვოისებში გამიჯნული იყო ქალის მაისური, მამაკაცის მაისური და ა.შ.) რეალიზაციის დოკუმენტების სიმწირის გამო. სულ ჯამურად შედარებადი აღმოჩნდა დაახლოებით 8 ერთეული მონაცემი. სადაც ფასნამატები მერყეობდა -6 %-დან 359 %-მდე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ვერ მოხერხდა გადამხდელთან კონტაქტი და არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია როგორც ფასწარმოქმნის და საქონლის მოძრაობის შესახებ, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად და კომპანიის შემოსავალი განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ საბაზრო საცალო ფასით (აუდირებული ფასნმატი), რომელიც გავრცელდა რამოდენიმე კატეგორიაზე. ასეთი სახით აკუმულირებულმა შემოსავალმა დეკლარირეუბლ დღგ-ს გადააჭარბა 1 159 881 ლარით. კომპანიას დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275 -ე მუხლის შესაბამისად.
ამასთან, შემოწმების მიერ დადგინდა კომპანიის მისაღები ფულადი სახსრები, რასაც შეუპირისპირდა გამოსაქვითი ხარჯი (შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით). ანალიზის შედეგად მიღებულ იქნა განკარგვადი თანხა, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად, სულ 1 600 263 ლარი. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275 -ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2025 წლის 25 სექტემბერს --:-- საათზე, გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი არ მონაწილეობდა შემოწმების პროცესში და შესაბამისად არ ყოფილა წარმოდგენილი არანაირი სააღრიცხვო დოკუმენტაცია. საგადასახადო მონიტორინგის დეპატამენტის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, თუმცა გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა და შედეგად, სალაროს ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა 0 ლარის ოდენობით. შემოწმებამ პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღიებულება, საქონლის კატეგორიების მიხედვით, რაზეც გავრცელდა ახლომდებარე ტერიტორიაზე, ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიის აუდირებული ფასნამატი. შესაბამისად, გაანგარიშდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.ასევე, შემოწმებით გაანგარიშდა ფულის მოძრაობა, რომლის საფუძველზეც დადგინდა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი, რაც ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად შემოწმების პროცესში საქონლის თვითღირებულება, რომელზეც მოხდა აუდირებული ფასნამატის გავრცელება გაანგარიშდა საინვოისო ღირებულების შესაბამისად და არა საბაჟოზე აფასებული ღირებულებიდან.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს შემოწმებისათვის არ წარუდგენია სააღრიცხვო დოკუმენტაცია და შესაბამისად შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. ამასთან, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია რეალიზებული პროდუქციისა და დამატებითი შემოსავლის დადგენა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------ს“ (ს/ნ ---------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველზე დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ასევე არ ეთანხმება არასწორად გაანგარიშებული ვირტუალური ფულის ნაშთის აგროსვას და 20%-ის ნაცვლად 25%-ით დაბეგვრას გადახდის წყაროსთან.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №9438 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №14490 ბრძანება და №041-33 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა სულ 978 932 ლარი, მათ შორის გადასახადი 528 428 ლარი, ჯარიმა 266 180 ლარი და საურავი 184 323 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება,რომ გადამხდელს შემოწმების პროცესში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, ორჯერ გაეგზავნა მოთხოვნა ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე.საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ იქნა სალაროს ინვენტარიზაციის პროცედურა, რომლის მიხედვით ადგილზე მისვლისას არ მოიძებნა პასუხისმგებელი პირი, შესაბამისად სალაროს ნაშთად განსაზღვრულ იქნა ნული ლარი. გადამხდელს 2022 წლის დეკემბრის შემდეგ არ უფიქსირდებოდა საბაჟო პროცედურები, ხოლო 2023 წლის შემდეგ დეკლარარირებას ახდენდა ნულოვანი ფორმით. საკონტროლო-სალარო პარატით ბოლო ჩეკი ამოღებული იყო 2022 წლის 9 დეკემბერს. კომპანიის მხრიდან არ იქნა წარმოდგნეილი ინფრომაცია სასაქონლო ნაშთების შესახებ. გადამხდელს არ უფიქსირდებოდა საიჯარო ფართი. შემოწმებით ჩაითვალა რომ კომპანიას სასაქონლო მატერიალური ნაშთი პერიოდის ბოლოსათვის არ გააჩნდა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად გამოანგარიშებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. გადამხდელი რეალიზაციას ახორციელებდა უმეტესად სალარო აპარატის ჩეკების მეშვეობით. შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილია 14 სასაქონლო ზედნადები, სადაც ფიქსირდებოდა ჯამურად 30 საქონლის პოზიცია, ხოლო თანხობრივად ჯამური რეალიზაცია შეადგენდა - 139 577 ლარს. აქვე აღსანიშნავია, რომ ერთეული ჩეკების მიხედვით ამოღებული თანხები იყო სოლიდური, ასევე სასაქონლო ზედნადებით გამოწერილი საქონლის რაოდენობა ერთჯერადად დაფიქსირებულია დიდი ოდენობით. ამასთან, ვერ მოხერხდა დაკავშირება შეძენილი და რეალიზებული საქონლის რეალიზაციის დოკუმენტების სიმწირის გამო. სულ ჯამურად შედარებადი აღმოჩნდა დაახლოებით 8 ერთეული მონაცემი. სადაც ფასნამატები მერყეობდა -6 %-დან 359 %-მდე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ვერ მოხერხდა გადამხდელთან კონტაქტი და არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია როგორც ფასწარმოქმნის და საქონლის მოძრაობის შესახებ, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად და კომპანიის შემოსავალი განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ საბაზრო საცალო ფასით (აუდირებული ფასნმატი), რომელიც გავრცელდა რამოდენიმე კატეგორიაზე. ასეთი სახით აკუმულირებულმა შემოსავალმა დეკლარირეუბლ დღგ-ს გადააჭარბა 1 159 881 ლარით. კომპანიას დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275 -ე მუხლის შესაბამისად.
ამასთან, შემოწმების მიერ დადგინდა კომპანიის მისაღები ფულადი სახსრები, რასაც შეუპირისპირდა გამოსაქვითი ხარჯი. ანალიზის შედეგად მიღებულ იქნა განკარგვადი თანხა, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად, სულ 1 600 263 ლარი. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275 -ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს შემოწმებისათვის არ წარუდგენია სააღრიცხვო დოკუმენტაცია და შესაბამისად შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია.
ამასთან, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია რეალიზებული პროდუქციისა და დამატებითი შემოსავლის დადგენა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“.9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“ .2 „ა“ და „ბ“); 158(1); 159(1 „ა“); 163(1.2); 164(1);